(კონცეფცია დაბეჭდილია მნიშვნელოვანი შემოკლებით)

ავტორები: დემურ გიორხელიძე, საპარლამენტო ფრაქცია “ახალი აფზახეთი და ქრისტიან დემოკრატების” წევრი 1999-2003 წლებში და პაატა შეშელიძე, ეკონომისტი და პუბლიცისტი, ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს პრეზიდენტი

აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ორი შესაძლო გზა არსებობს:
*
სტრატეგია პირველი: კონფლიქტის გაღრმავება და დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია, საომარი მოქმედების მომზადებისა და განხორციელების მიზნით. შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მომქმედი სეპარატისტული ხელისუფლების დამხობა და ტერიტორიული მთლიანობის ძალადობრივი გზით აღდგენა, რაც ქართულ მხარეს მისცემს შესაძლებლობას დამარცხებულ აფხაზებს თავს მოახვიოს მმართველობის ის ფორმა, ის მოდელი, რასაც ჩათვლის საჭიროდ.

ამ სტრატეგიის მთავარი ნაკლი არის ის, რომ ის გულისხმობს მსხვერპლს. ამასთან, აფხაზეთში ერთიანი ქართული სახელმწიფოს ძირითად სამხედრო მოწინააღმდეგედ გვევლინება არა თავად სოხუმის ფაქტობრივი რეჟიმის მიერ ნებით თუ იძულებით მობილიზებული ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ რუსეთის სახელმწიფო მანქანა და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაში, მომქმედი გასამხედროებული დაჯგუფებები.
ამრიგად, სამხედრო გადაწყვეტა ყველა შემთხევაში ნიშნავს საერთაშორისო კონფლიქტს. მინიმუმ, ამის შედეგი იქნება კავკასიური დაძაბულობის ცენტრის ჩეჩნეთიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე გადმოტანა, შესაბამისად დიდძალი მსხვერპლი და ნგრევა.

იმის განხილვა, შედის თუ არა მოვლენათა ასეთი განვითარება საქართველოს ინტერესებში და არის თუ არა საქართველო მზად, რომ ამისაგან თავი დაიცვას, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით, ამ სტატიის მიზანი არ არის. ამჯერად ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ალტერნატიული სტრატეგიის წარმოჩენა, რომელიც ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, სინდისისა და ღირსების, მისი საკუთრების დაცვის ფუნდამენტური უფლებების გარანტიების შექმნაზეა ორიენტირებული. მითუმეტეს, რომ ჯერჯერობით ასეთი მასშტაბური მშვიდობიანი სტრატეგიის განხორციელების მცდელობა ჯერ არ ყოფილა.

საქართველოში ყველამ უნდა გაიაზროს, რომ აფხაზეთის პრობლემა სადღეისოდ უკვე არსებობს რუსული ფაქტორისაგან დამოუკიდებლად. ამდენად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კონფლიქტის მოწესრიგების მშვიდობიანი ვარიანტებს (განსაკუთრებით თვით აფხაზებთან მიმართებაში), იმის გათვალისწინებით, რომ ადრე თუ გვიან რუსეთში ბაზირებული ე. წ. აფხაზური სეპარატიზმის მხარდამჭერები იძულებული იქნებიან უარი თქვან თავიანთ გეგმებზე და დატოვონ აფხაზეთი, ხოლო იქ აფხაზებთან თანაცხოვრება და თანამშრომლობა მოუწევს საქართველოს ყველა სხვა კუთხის შვილებს. რასაც, თავის მხრივ, პრობლემები აღარ უნდა სდევდეს.

*
სტრატეგია მეორე: აფხაზეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების მკვიდრთა, განსაკუთრებისთ კი, – აფხაზთა და დანარჩენ ქართველთა შორის უნდობლობის დაძლევა, საომარი განწყობილებების შესუსტება და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით ყველა სადაო საკითხზე შეთანხმების მიღწევა.
1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად აფხაზები უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. _ ე.წ. გამარჯვებამ მათ ვერ მოუტანა ვერც დამოუკიდებლობა და ვერც ეკონომიკური აღმავლობა, მეტიც ისინი სრული ფიზიკური გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ.

აფხაზების და მათი სუბ-კულტურის გადაგვარება და შესაძლო გაქრობა, უპირველესად არის უდიდესი დარტყმა საქართველოზე, მის ქართულ კულტურაზე, წარსულსა და მომავალზე. ასეთი ხარისხის დანაკარგის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ისტორია ინახავს ცნობებს ასეთი რიგის სამწუხარო გამოცდილების შესახებ საქართველოს სხვა კუთხეებთან და ტომებთან მიმართებაში.

ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ საუკუნეების განმავლობაში, სხვა ქართულ ტომებთან ერთად საერთო სახელმწიფოში ცხოვრების პირობებში, აფხაზებს არასდროს შექმნია და იგი არასდროს დამდგარა ისეთი საშიშროების წინაშე, როგორც დღესაა, საქართველოს ხელისუფლებას ეძლევა უნიკალური შანსი იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობის დასაბუთებისას გამოვიდეს იმის გარანტად, რომ როგორც მინიმუმ:
_ საქართველოს სახელმწიფო თანაბრად აღიარებს და იცავს აფხაზეთის ყველა მკვიდრის სიცოცხლეს, თავისუფლებას, ღირსებას და საკუთრებას ისევე, როგორც მისი ყველა სხვა მკვიდრისას. ერთიანი საქართველოს ყველა მკვიდრი ისარგებლებს მოქალაქის თანაბარი სტატუსით;

_ საქართველოს ერთიან სახელმწიფოში აღიარებული იქნება აფხაზთა თვითმყოფადი განვითარების ყველა უფლება და ლეგიტიმურობა, ამასთან, მომავალშიც არ დადგება კითხვის ქვეშ აფხაზთა აბორიგენობა, აფხაზურის ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის საკითხი და ამ ენაზე კულუტურული (ფართო გაგებით) განვითრების პერსპექტივები;

_ საქართველო ისევე ეკუთვნის აფხაზს, როგორც ყველა სხვა ქართველს;

_ საქართველოს ერთიანი სახელმწიფოებრიობის აღდგენისთანავე შეჩერდება უნიკალური აფხაზური ეთნოსისა და კულტურის (ფართო გაგებით) განადგურება, რომელიც ქართული კულტურის სისხლხორცეულად შემადგენელ და ისტორიულად განპირობებულ ნაწილს წარმოადგენს;

_ საქართველო ერთიან სახელმწიფოში რეინტეგრაცია მოუხსნის აფხაზეთის მკვიდრებს ალყაშემორტყმულის სინდრომს. ხელი შეუწყობს აფხაზური კულტურის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე. დაეხმარება აფხაზებს საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში გლობალურ ინტეგრაციულ პროცესებში;

_ საქართველოს სახელმწიფოს მიზანია არა აფხაზეთის ტერიტორიის მექანიკური “დაბრუნება” (ძალადობით დაპყრობა და აფხაზთა დასჯა), არამედ ქართულ მიწების მკვიდრთა შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მშვიდობიანი და ღირსეული თანაცხოვრების აღდგენა;

_ საქართველოს სახელმწიფოს მიერ არასოდეს მოხდება აფხაზთა პირადი და საზოგადო ინტერესების შელახვა და მათი სოციალურ-კულტურული იზოლაცია;

_ საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთს, როგორც ტერიტორიალურ-ადმინისტრაციულ ერთეულს, ექნება თანამედროვე ცივილიზებული სამყაროსათვის მისაღები უმაღლესი ხარისხის თვითმმართველობა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო არ იქნება უნიტარული სახელმწიფო. ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება აფხაზთა სრული ინტეგრაცია საქართველოს პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, მისი ტერიტორიის მთელი მასშტაბით;

_ აფხაზეთის ტერიტორია ჩაერთვება ყველა იმ გლობალურ პროექტში, რომელიც საქართველოში ამჟამად ხორციელდება და ან განხორციელდება მომავალში. გზა გაეხსენა სხვა დამოუკიდებელი ადგილობრივი პროექტებს;

_ განხორციელდება აფხაზეთში ომით გამოწვეული ნგრევისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საგანგებო პროგრამა, საერთაშორისო მონაწილეობით;

_ უზრუნველყოფილი იქნება აფხაზეთის ყველა მცხოვრების ანაბრების კომპენსაციის, პენსიებისა და ხელფასების საკითხების გადაწყვეტა;

_ უზრუნველყოფილი იქნება 1992 წლიდან მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში ყველა მონაწილის სამედიცინო რეაბილიტაცია და იმ პირების იურიდიული ამნისტია, რომლებიც არ იმსახურებენ ურთიერთშეთანხებით დადგენილ სასჯელს. შედეგად, დადგენილ იქნება იმ პიროვნებების სიები, რომლებიც შემჩნეულნი არიან კონკრეტულ ამნისტიას არადასაქვემდებარებელ დანაშაულში და უზრუნველყოფილი იქნება მათი ადექვატური დასჯა.
*

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ერთიანი სახელმწიფოებრიობა რეალიზებადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის უზრუნველყოფს მის მკვიდრთა ურთიერთთანამშრომლობის სამართლიანობასა და სარგებლიანობას, კულტურულ თვითიდენტურობას და ეკონომიკურ ეფექტურობას. ამრიგად, საჭიროა ურთიერთობათა აღდგენა გრძელვადიანი ინტერესების საფუძველზე. ეს ინტერესები ყველაზე რელიეფურად და ნათლად სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებში იკვეთება.

არ არსებობს იმაზე უფრო მყარი ურთიერთობები, ვიდრე რეალურ ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა. ყველაზე უფრო მიმზიდველი, სასარგებლო და საიმედო ურთიერთობები კი, – ღია და თავისუფალ საბაზრო ტრანსაქციებზე დამყარებული თანამშრომლობაა. ამდენად, ტერიტორიალური მშვიდობიანი რეინტეგრაციის სტრატეგია უნდა დაეფუძნოს დოქტრინაზე, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს “ინტეგრაცია საქმიან დონეზე”.

პოლიტიკური იდეა გულისხმობს, რომ აფხაზები არიან საქართველოს ისეთივე სრულუფლებიანი და მკვიდრი მოსახლეობა, როგორც ყველა სხვა ქართული ტომის შვილები და მათი ეკონომიკური ბლოკადა და მათ მიმართ ტერორისადმი შეგუება (პასუხისმგებლობა შესაძლებელია მხოლოდ საკუთარ საქციელზე!) არის ტოტალიტარული აზროვნების შედეგი.

დოქტრინის პრაქტიკული ნაბიჯები ძირითადად გულისხმობს აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა იმ ადამიანის საკუთრებითი უფლებების უპირობო აღდგენას და მიუკერძოებელი დაცვას, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ აფხაზეთი; მრ. ენგურის ორივე ნაპირის მიმართულებით საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის მოქალაქეთა და ლეგალურ უცხოელ ვიზიტორთა თავისუფალი გადაადგილების და საქმიანი, შემოქმედებითი თუ სხვა სახის მოღვაწეობის შესაძლებლობის უპირობო აღიარებას და უზრუნველყოფას; სამურნეო ურთიერთოებებში სახელისუფლო სტრუქტურების ჩაურევლობას და გადასახადების გაუქმებას.

ამის საფუძველზე: აფხაზეთისადმი ე.წ. ეკონომიკური ბლოკადის გაუქმებას და უპირველეს ყოვლისა, დანარჩენი საქართველოს მხრიდან სამეურნეო საქმიანობის თავისუფლების აღდგენას; “ჩრდილოვანი” სამეურნეო ურთიერთობების ლეგალიზაციას; საქმიანი ურთიერთობების დაცვას შეიარაღებული ფორმირებებიდან; ტერორისტული ქმედებების აღკვეთა და დამნაშავეთა დასჯა; ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით ტერორიზმისა და ძალადობის პროპაგანდის აღმოფხვრა და ა.შ.

ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტს ალტერნატივა არ გააჩნია! მხოლოდ ასე შეიძლება გადაიდგეს სერიოზული ნაბიჯი წინ მორიგებისაკენ და მოხდეს ჩამოყალიბებული კონფლიქტორიენტირებული სტერეოტიპების რღვევა.

სამეურნეო ურთიერთობების ხელისშეწყობით უპირველეს ყოვლისა აღდგენილი იქნება ნდობა და სადღეისოდ დაპირისპირებული ადამიანები აღმოაჩენენ, რომ მათი ბედი და ინტერესები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ყოველივე ამის დადებითი მხარეებია:

1. ადამიანები იწყებენ ურთიერთანამშრომლობას ურთიერთსასარგებლო პროექტების რეალიზებისათვის, ეს ხდება ნებაყოფილობით, რეალური ინტერესებისა და ნდობის საფუძველზე;

2. ურთიერთგარიგებებში მონაწილეები იწყებენ ერთმანეთის გაფრთხილებასა და დაცვას, რადგან ერთ-ერთი მხარის გადაკეტვას მეორისათვის სარგებელი არ მოაქვს;

3. სრულად ლეგალიზდება ეკონომიკური ურთიერთობები, ისპობა კონტრაბანდა და ენგურზე წყდება შეიარაღებული ხალხის მიერ ეკონომიკური საქმიანობის გაკონტროლება;

4. შესაძლებელი ხდება დევნილების გაცილებით ინტენსიურად და მშვიდ ვითარებაში თვითდაბრუნება გალის და ოჩამჩირის რაიონებში, ისევე როგორც თანდათან სხვა ადგილებშიც;

5. დევნილ მოსახლებას გაუჩნდება მეტი შანსი, რომ აღადგინონ პიროვნული ურთიერთობები აფხაზეთში სადღეისოდ მცხოვრებ საკუთარ მეზობლებთან, ყოფილ თანამშრომლებთან, ნათესავებთან თუ მეგობრებთან. მოახერხონ მათთან შეთანხმებების მიღწევა მათი კარ-მიდამოს და სხვა საკუთრების, წინაპრების საფლავების თუ სხვა მათთვის ძვირფასი ადგილების დაცვისა და მოვლის შესახებ;

6. აფხაზეთის მკვიდრები იწყებენ ამ ურთიერთობიდან რეალური შემოსავლების მიღებას. ეს შემოსავლები იწყებს აფხაზეთში კეთილდღეობის მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებას, გაჩნდება ამ შემოსავლების გაზრდის სურვილი და შესაბამისად თანამშრომლობის გაინტენსიურება;

7. სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონების ჩიხიდან გამოყვანა და ამ მხარეების მცხოვრებთა ინტენსიური კონტაქტების აღდგენა აფხაზებთან, რაც რეინტეგრაციის პროცესზე აუცილებლად მოახდენს კეთილისმყოფელ გავლენას;

8. მეზობელი სახელმწიფოები (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი) მიიღებენ ურთიერდაკავშირებისა და სავაჭრო-სატრანსპორტო ურთიერთმიმოსვლის კიდევ ერთ საშუალებას, რაც გაზრდის ამ რეგიონში მშვიდობისა და წესრიგის მომხეთა რიცხვს და პოლიტიკურ გავლენას.

მოსალოდნელი დადებითი შედეგების ჩამონათვალი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ აუცილებელია, რომ ზოგიერთ კრიტიკულ მოსაზრებასაც გაეცეს პასუხი. კერძოდ, მიიჩნევა, რომ სეპარატისტული რეჟიმი შემოსავლების მიღებით გააძლიერებს საკუთარ მდგომარეობას და უარს იტყვის რეინტეგრაციაზე. მაგრამ ზემოაღნიშნული პროცესის დაწყება მნიშვნელოვნად შეცვლის სეპარატისული ხელისუფლების სოციალურ საფუძვლებს, წარმოიშვება ახალი ინტერესები, სასიცოცხლო კავშირები, რომლებიც ისე ადვილად აღარ მისცემენ აფხაზეთის დღევანდელ მკვიდრებს, რომ აყვნენ სეპარატისტთა ნებას. ამასთან, ბლოკადა ნებისმიერ დროს შეიძლება აღდგეს.

ზოგიერთის შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ დევნილები ჩავლენ აფხაზეთში და ჩაეწერებიან აფხაზებად, რაც გააძლიერებს სეპარატისტულ რეჟიმს. მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ამას ვერ ექნება დიდი მასშტაბი, რადგან აფხაზები ასე ხელაღებით არ დაარღვევენ მოსახლეობის დემოგრაფიულ ბალანსს.
არის აზრი, რომ სამშვიდობო ინიციატივები უკმაყოფილებას გამოიწვევს დევნილთა გარკვეულ წრეებში. სინამდვილეში დევნილებში არა რევანშისტული, არამედ მორიგება-შერიგების განწყობილებები სჭარბობს. არის გადამოწმებული ინფორმაცია, რომ სეპარატიზებულ ტერიტორიებზე დარჩენილთა უმრავლესობაშიც ანალოგიური განწყობილებებია.
*
სამშვიდობო პროცესის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებისა და ამ მხარის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები პრონციპულად ახლებული ფორმატით გაგრძელებაზე. სადღეისოდ, დიალოგი მიმდინარეობს გაეროს შუამავლობით და ფორმულით “აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება _ თბილისი-ცენტრი”. ანუ პროცესში მხოლოდ სახელისუფლებო ეშელონები და საერთაშორისო ბიუროკრატიაა ჩართული.

მოლაპარაკებებიდან სრულიად ამოგდებულია, როგორც დევნილების ოფიციალური და არაოფიციალური, ისე დღევანდელი აფხაზეთის რიგითი მოსახლების ინტერესების უშუალო გამომხატველი არაოფიციალური სტრუქტურები. ეს მაშინ, როცა ისინი საკუთარი ინიციატივით ნახულობენ საუბრის გზებს (ტელეფონით, ენგურის ხიდთან შეხვედრით, ფარული მიმოსვლითა და მიმოწერით, ისინი შეხვედრისას რაღაც ურთიერთ ვალდებულებებს იღებენ, საუბრობენ საკუთრებისა და საფლავების დაცვა-შენახვაზე და სხვ.). მაშასადამე საუბარია იმ ადამიანების ურთიერთობების და მიღწეული შეთანხემების გათვალისწინებაზე, რომლებმაც საბოლოო ჯამში ერთად უნდა იცხოვრონ და აშენონ საკუთარი მომავალი.

ამდენად, დიალოგის ფორმულა უნდა იქნეს წარმოდეგნილი შემდეგნაირად:

1. სეპარატიზებული ტერიტორიაზე დარჩენილები (მათ შორის გალელები და კოდორელები) + ყველა დევნილი = აფხაზეთი და მისი შიდა მოწყობა;
2. აფხაზეთი + ცენტრი = სტატუსი და უფლება-მოვალეობათა გამიჯვნა.

მნიშვნელოვანია, რომ ე. წ. “აფხაზეთის სტატუსის”, “დევნილთა დაბრუნების”, “სამეურნეო რეინტეგრაციის” და სხვა ისეთი თემები, რომლებიც საქართველოს სუვერენული გამგებლობის საკითხია, ამოღებული უნდა იქნეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ცალკეული სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან. ეს საკითხები შიდა ქართულ პრობლემად უნდა იქნეს აღიარებული და საერთაშორისო განხილვას-რევიზიას არ უნდა დაექვემდებაროს.

საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა სახელმწიფოები მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის, საერთაშორისო აგრესიისაგან დაცვის და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების გარანტად უნდა გამოვიდნენ.

*
სამშვიდო პროცესისადმი დევნილი მოსახლების განწობილების დემონსტრიების ფორმალიზება შესაძლებელია აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ორგანოების ინსტიტუციონალური რეფორმის გზით. ამისათვის აუცილებელია:

_ განხორციელდეს წარმომადგენლობითი ორგანოს რეანიმირება და მისი დაკომპლექტება დევნილების მიერ არჩეული პირებითაც. ამ ცვლილებების არსი ისაა, რომ სტრუქტურები უნდა არსებობდეს არა ფორმალურად, არამედ რეალურად გამოხატავდეს დევნილთა ინტერესებს, რაც შეარბილებს არსებულ დაძაბულობას დევნილ ხელისუფლებასა და თავდ დევნილებს შორის;

_ შეიცვალოს აღმასრულებელი ხელისუფლების ადმინისტრაციული ფუნქციები, შემცირდეს ბიუროკრატია, ხოლო ე. წ. სოციალური ფუნქციიდან მათი მოვალეობების კონცენტრაცია მოხდეს პოლიტიკურ საკითხებზე _ “დაბრუნების” პრობლემებზე, მთელი მისი სიგრძე-სიგანით;

_ ორივე ამ სტრუქტურის საქმიანობა არ უნდა შეიზღუდოს მხოლოდ დევნილებთან მუშაობით. მათ უნდა შესძლონ სეპარატიზებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლების ინტერესების გააზრებაც და შეძლებისამებრ მათი დაცვაც.

განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის დევნილი მოსახლების წარმომადგენელი პიროვნებების გაერთიანება ერთიანი სამშვიდობო პოლიტიკური პლატფორმის ირგვლივ. შესაბამისი საპარლამენტო ფრაქციის ირგვლივ შესაძლებელი და სავალდებულოა, რომ ჩამოყალიბდეს საერთო ქართული პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ძირეულად შეცვლის ქვეყანაში ამჯერად გაბატონებულ აგრესიულ-ტოტალიტარულ ტენდენციებს.

*
პრობლემის მშვიდობიანი დარეგულირების კონტექსტში, ყველა სხვა ღონისძიებასთან ერთად, მოსინჯული უნდა იქნეს შეხედულებები აფხაზეთის ყოფილი მთავრების საგვარულოს, შერვაშიძეების, ლეგიტიმურ მემკვიდრეთა როლისა და ადგილის ახლებური გააზრების შესახებ. არ უნდა გამოირიცხოს აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს მოწყობის ისეთი კონსტიტუციური ფორმების მოძებნა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინებს მემკვიდრეობითი მონარქიული მმართველობის გარკევეულ ელემენტებს.

*
განსაკუთრებული და თანმიმდევრული ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს ქრისტიანული ეკლესიის იურისდიქციისა და მღვდელთმსახურების აღდგენის საკითხს აფხაზეთში. ეს საკითხი საერთოდ არ უნდა იყოს შეხებაში ყველა სხვა მიმართულებით წარმოებული მოლაპარაკებების წარმატებებთან და უნდა გადაწყდეს დამოუკიდებლად და უპირობოდ.
*
სამშვიდობო ინიციატივების კომპლექსური გეგმის წარმოდგენის პარალელურად გაცილებით არგუმენტირებული იქნება დსთ-ს ე. წ. “სამშვიდობო ძალების” გაყვანის საკითხის გააქტიურება და გადაწყვეტაც. მისი ძირითადი ლეიტმოტივი უნდა იყოს აფხაზეთის ტერიტორიის სრული დემილიტარიზაცია, რაც მოიცავს ორ მთავარ საკითხს:

სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიიდან გუდაუთის ბაზის უპირობო გაყვანა;

აფხაზეთის ტერიტორიიდან დსთ-ს და “ეუთოს” ე. წ. “სამშვიდობო ძალების” სრულად გაყვანა და ამ ძალების მილიტარულ ჩანაცვლებაზე უარის თქმა;
საერთაშორისო დამკვირვებლები განლაგდებიან აფხაზეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე, მათ შორის საქართველო რუსეთის საზღვარზეც და გააკონტროლებენ დემილიტარიზაციის შესახებ მიღებული შეთანხმებების პაკეტის შესრულების;

აფხაზეთის ტერიტორიაზე იარაღის თავისუფალი ფლობისა და ტარების დაშვება, რომლის მიზანია ორივე მხრივ უსაფრთხოების ინდივიდუალური საშუალებების გაზრდა და ასეთი გზით პიროვნული თავისუფლების, ღირსებისა და საკუთრების დაცვა შესაძლო პროვოკაციებისაგან;

აფხაზეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფაზე და არაკონტროლირებადი შეიარაღებული დაჯგუფებების განეიტრალებაზე პასუხისმგებლობა უნდა გადავიდეს ადგილობრივ პოლიციურ დანაყოფებზე, რომლებიც უნდა შეიქმნეს პარიტეტულ საწყისებზე, სეპარატისტულ ტერიტორიაზე მხცოვრებთა და დევნილების ერთობლივი მონაწილეობით;

ამ სქემის რელიზებით კონფლიქტის დაძლევის მთელი ბერკეტები აღმოჩნდება კონფლიქტის მონაწილე მხარეების ხელში და ხსნის ფართო შესაძლებლობებს დიალოგისათვის, ურთიერთნდობის გაღრმავებისა და საკუთარი გადაწყვეტილებებისადმი პატივისცემისათვის.
*
სამშვიდობო სტრატეგიის რეალიზების კვალობაზე, სახელისუფლო პოლიტიკაში უმთავრესი ადგილი მილიტარულ-პოლიტიკური ასპექტების ნაცვლად უნდა დაიკავოს ფინანსურ-ეკონომიკურმა, საგანმანათლებლო-კულტურულმა და ინფორმაციულმა ასპექტებმა.

სამწუხაროდ, სადღისოდ აფხაზეთის კონფლიქტის გამშუქებელი საინფორმაციო სივრცე მოქცეულია საზიანოდ პროვოკატორული და ავანტიურისტული პოლიტიკური ძალების გავლენის სფეროში. ამის ნათელი დადასტურება იყო პანკისისა და კოდორის ხეობებში შექმნილ მდგომარეობაზე საინფორმაციო საშუალებებით (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიით) გავრცელებული ინფორმაციები. ფაქტობრივად ხდებოდა მტრულად განწყობილი ძალების საინფორმაციო საშუალებების პირდაპირი რეტრანსლიაცია, მათი ინფორმაციული პოლიტიკის შეუზღუდავი რეალიზაცია.

მტრული ძალების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული ინფორმაციული ომები, “ინფორმაციული ბატონობა” ქართულ საინფორმაციო სივრცეში, არაერთხელ გამხდარა პირდაპირი აგრესიის განხორციელების წინაპირობა. ეს ფაქტობრივად შლის საზღვრებს პროპაგანდისტულ და ტრადიციულ ომებს შორის და არსობრივად ცვლის მრავალი ჩვეული ცნების შინაარს _ მათ შორის, სახელმწიფო უშიშროების ცნების შინაარსაც.

მნიშვნელოვანია, რომ გააზრებული იქნეს: კეთილი სიტყვით და თანაგრძნობით გაზავებული საინფორმაციო პოლიტიკა გაცილებით დიდი ეფექტის მომტანი იქნება, ვიდრე გასული 8 წლის განმავლობაში წარმოებული ემოციური, აგრესიული და კონფრონტაციული ლექსიკით დატვირთული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხარდამჭერი ინფორმაციული პოლიტიკა, როგორც მინიმუმ უნდა ითვალისწინებდეს:

კონფლიქტის მონაწილეთა შორის სამშვიდობო ურთიერთობების აღდგენის და ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებთა შორის ღია, თავისუფალი, ნებაყოფილობითი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების (კერძო, მეგობრულ-ნათესაური, კულტურული, სამეცნიერო, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვ.) პროპაგანდას და მხარდაჭერას;

მას-მედიის საშუალებების დათმობას აფხაზეთის იმ მკვიდრთათვის, რომლებიც დგანან ე. წ. სეპარატისტულ და ან სხვა პოზიციებზე. მათი მოსაზრებების თავისუფალ გავრცელებას და მათი მონაწილეობით საჯარო, მათ შორის საერთაშორისო დიალოგების უზრუნველყოფას;

კულტურისა და ხელოვნების ურთიერთგავრცელებას, გამოფენების, ჩვენებების, სპექტაკლების და სხვა ღონისძიებების ინტენსიფიკაციას;

ენგურის ორივე მხარეს და თუნდაც უცხოეთში მომქმედი და აფხაზეთის თემატიკაზე აქცენტირებული, არამილიტარისტულად ორიენტირებული ცალკეული ავტორიტეტული მოღვაწეების, მეცნიერების, ხელოვანი ადამიანების, სპორტსმენების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და სხვა ჯგუფების მოსაზრებებისათვის საინფორმაციო სივრცის გახსნას;

აფხაზეთის პრობლემების გადაჭრის სტრატეგიებზე მსჯელობაზე გადასვლას და მისი საბოლოო, მაქსიმალურად მისაღები სახის ჩამოყალიბების დაჩქარებას.
ჯანსაღ საინფორმაციო პოლიტიკას შეუძლია მნიშვნელოვანი ხასიათის გარდატეხის შეტანა აფხაზთა და დანარჩენ ქართველთა შორის არსებული უნდობლობის, შიშს და ხშირად სიძულვილს დაძლევის საქმეში. რაც უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს აქამდე დაპირისპირებული ადამიანები, რაც უფრო ახლოს გაიცნობენ და ჩაწვდებიან ურთიერთის დღევანდელ აზრებს, მოსაზრებებს და დასაბუთებებს მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რაც შეიძლება ხშირად უსიამოვნო მოსასმენიც კი იყოს, მით მალე მოხდება მოვლენებში გარკვევა, სინანულის გრძნობის გაჩენა და ახალი თანამშრომლობისაკენ გზების ძიების დაწყება. კონფლიქტში ჩართულნი (თუ ჩათრეულნი) ენგურის ორივე მხარეს მიხვდებიან, რომ მათ წინაშე არ არიან ასე რადიკალურად ცუდები და მიუღებელი ადამიანები, როგორც დღეს ბევრს ეჩვენება.

კონფლიკქის მხარეებში უნდა მოხდეს აღიარება, რომ 1992-93 წლების და მას შემდეგ განვითარებული ყველა სისხლიანი მოვლენა უდიდესი შეცდომა შედეგია და რომ ეს აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს.

*
რასაკვირველია რეალურია საშიშროება, რომ სამშვიდობო პროცესის მოწინააღმდეგეები (ენგურის ორივე ნაპირზე და უცხოეთში) გააფართოებენ ტერორისტულ საქმიანობას სამშვიდობოდ განწყობილი ადამიანების, განსაკუთრებით დაბრუნებული დევნილების მიმართ, განახორციელებენ დივერსიებს აღდგენილ კომუნიკაციებზე და გაახშირებენ პიროვნენების და მათი საკუთრებისა და ტვირთების დაყაჩაღებას. შედეგად სამშვიდობო პროცესი ჩიხში მოექცევა (როგორც ეს არის დღეს) და უშედეგო აღმოჩნდება.

მაგრამ სამშვიდობო სტრატეგიის რეალიზაცია არ გულისხმობს, რომ დასაშვებია გულგრილობა მშვიდობის უარმყოფელ მოძალადეთა წინააღმდეგ. მეტიც, შეთანხმებების პირობების დარღვევა და ძალმომრეობა ლეგიტიმურს გახდის წესრიგის დამყარებისათვის საჭირო ძალის გამოყენების მუქარას და ან მის გამოყენებასაც.

*
სკეპტიკოსებმა შეიძლება გამოთქვან ეჭვი, რომ რადგან ე. წ. სეპარატისტული რეჟიმი და მისი მხარდამჭერები საჯაროდ პრინციპში არა არიან მომხრე, რომ მოხდეს აფხაზეთის რეინტეგრაცია ერთიან საქართველოში, სამშვიდობო სტრატეგია არარეალიზებადია.

სამშვიდობო სტრატეგიისადმი უპირატესობის მინიჭება არ ნიშნავს, რომ ვინმეს ავიწყდება, რომ 1992-93 წლების აფხაზეთის ომის შედეგად, ასობით ათასი ადამიანი (ანუ დღევანდელი დევნილები) მოკლებულია ფუნდამენტურ უფლებას – თავისუფლად იცხოვროს, უსაფრთხოდ გადაადგილდეს, იქონიოს საკუთრება და აწარმოოს საქმიანობა მისთვის მშობლიურ გარემოში, – აფხაზეთში. მათ მიერ საკუთარი შელახული ღირსებისა და დაკარგული საკუთრთების აღგდენის მიზნით წარმოებულ ნებისმიერ ქმედებას, მათ შორის ძალადობის გამოყენების მუქარას და გამოყენებასაც გააჩნია და ექნება ლეგიტიმური საფუძველი მანამ ისინი არ აღიდგენენ საკუთარ უფლებებს და ან ნებაყოფილობით არ იტყვიან მათზე უარს. და ეს ძალაშია, მიუხედავად იმისა თუ როგორი იქნება აფხაზეთის სტატუსი, მისი ფაქტიური ხელისუფლების პოლიტიკური ნება და ინსტიტუციონალური მოწყობა. ვერავინ დაავალდებულებს დევნილებს, რომ მათ შეწყვიტონ იმ გზების ძიება, რომელიც მათ დააბრუნებს საკუთარ სახლებში.

ამდენად, დევნილთა ძალისხმევა აფხაზეთში მშვიდობიანი დაბრუნებისათვის შეიძლება მორალური თვალსაზრისით ლეგიტიმურად იქნეს გადაზრდილ ძალისმიერ მოქმედებებში, თუ კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარესთან ვერ მოხერხდა მშვიდობიანივე გზით შეთანხმების მიღწევა.
სხვათაშორის ამასვე ითავლისწინებს გაეროს წესდების მეშვიდე მუხლი და სხვა საერთაშორისო დოკუმენტები.

კომენტარები

კომენტარი