ცუდია იყო უმცირესობის მიერ დაჩაგრული,

მაგრამ უარესია უმრავლესობის მიერ იყო დაჩაგრული.

ლორდი აქტონი

კარგად მესმის რა უკმაყოფილების ტალღასაც გამოიწვევს დემოკრატიის კრიტიკა და ბევრი ადამიანი სერიოზულ კონსპირაციის თეორიასაც შეთხზავს. ამიტომ თავიდან ვიტყვი, რომ მიუხედავად ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულებისა დემოკრატიის მიმართ, ამ სტატიის მიზანი მხოლოდ მთავრობის შეზღუდვის აუცილებლობის საკითხის დაყენებაა. ეს არის პირადი ჩემი მოსაზრება.

რამდენიმე წლის წინ არჩევნების წინ ვწერდი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს ერთი დილემა, რომელიც განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს ეხება: ძნელია რაიმე სხვა უკეთესი მექანიზმის მოძებნა, ვიდრე დემოკრატიაა, რომელიც პოლიტიკურ ძალთა ისეთ კონკურენციას გამოიწვევს (პარტიების, ხელისუფლების შტოებისა და ხელისუფლების დონეების), რომელიც ადამიანის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს. მეორე მხრივ, დემოკრატიული სისტემის უუნარობა – გადაწყვეტილება დროულად მიიღოს და განახორციელოს – ხშირად ეჭვის ქვეშ აყენებს მის ეფექტიანობას.

ასეთი მოსაზრების გამოთქმის შემდეგ, იმ არგუმენტთა მოგროვება დავიწყე, რომელიც დემოკრატიის ეფექტიანობას უარყოფითად წარმოაჩენს. ამ თემაზე ორი ეკონომიკური სკოლა მუშაობს, რომელთა მოსაზრებების სიმძლავრეზე ისიც მიუთითებს, რომ მიუხედავად აკადემიურ წრეებში არაპოპულარობისა, რამდენიმე ნობელი აქვთ მოპოვებული. ეკონომიკის ავსტრიული სკოლის ბევრი მიმდევარი, მთავრობის როლს საერთოდ უარყოფს და დემოკრატია ღმერთად მიაჩნია – „რომელმაც არ გაამართლა”. საზოგადოებრივი არჩევანის სკოლა თვლის, რომ მიუხედავად ბაზრის არასრულყოფილებისა, მთავრობის საქმიანობა გაცილებით არაეფექტიანია და მისი საქმიანობის შეზღუდვა აუცილებელია.

ზემოთ აღვნიშნე, რომ დემოკრატია გადაწყვეტილების მიღების ნელი ტემპით ხასიათდება. ამავდროულად, ვინც დემოკრატიას დადებითად აფასებს, აღნიშნავს, რომ შენელების მიზეზი – საკითხების განხილვა პლურალიზმისა და ყველას აზრის გათვალისწინების პირობებში – მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

ეკონომისტები, საზოგადოებრივი არჩევანის სკოლიდან, ფიქრობენ, რომ დემოკრატია არის მექანიზმი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტიანობის ზრდას და დანახარჯების შემცირებას უზრუნველყოფს. წარმოვიდგინოთ 50-კომლიანი სოფელი, სადაც არაერთი ყოველდღიური გადაწყვეტილებაა მისაღები, მაგალითად – გზის შეკეთება. შესაძლებელია სოფლის მთავარი გზა ყველასთვის მნიშვნელოვანი იყოს, სხვა გზები კი მხოლოდ რამდენიმე ოჯახს ეხებოდეს. სოფლის თანხმობა ამ მარტივ საქმეზე ადვილი არ იქნება. საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე გამოკითხვის მცდელობის შემდეგ მიიღებენ და, შესაბამისად, ძვირი დაჯდება. ადვილად წარმოსადგენია, რამდენად გართულდება კოლექტიური გადაწყვეტილების მიღება 5-მილიონიან საზოგადოებაში. კონსენსუსის მიღწევაზე საუბარი თეორიულადაც კი შეუძლებელია. ამიტომ გამოცდილებამ კაცობრიობას უკარნახა არჩევითი დემოკრატიის გამოყენება – ჯერ კერძო სექტორში და შემდეგ სახელმწიფოშიც.

ზემოაღწერილი სოფლის შემთხვევაში ადამიანს, რომელიც კენჭისყრით და არჩევითი ინსტიტუტის საშუალებით საკუთარი ინტერესის დაცვას ვერ უზრუნველყოფს, შეუძლია საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს. მაგალითად, ისეთ სოფელში გადავიდეს, სადაც ცხოვრება უფრო იაფია და გადაწყვეტილებაზე მეტი გავლენა აქვს. დაახლოებით ასევე ხდება კერძო სექტორშიც – ნებისმიერ აქციონერს, ვინც ხედავს, რომ მისი ძალაუფლება სააქციო საზოგადოებაში მცირეა და ვეღარ ახდენს გავლენას მისი გაუმჯობესების მიზნით, შეუძლია აქციები გაყიდოს და გაერიდოს. ქვეყნის მასშტაბით დემოკრატიის პირობებში ასეთი მოქმედება ძალიან ძვირია, რადგან სხვა სახელმწიფოს ამომრჩევლად გახდომა, გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება

კერძო სექტორს, სახელმწიფოსგან განსხვავებით, გააჩნია ეფექტიანობის შეფასების უნივერსალური მექანიზმი – მოგება. დღევანდელ მსოფლიოში საჯარო სექტორს იმდენად დიდი ზომა აქვს და გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, რომ მისი არაეფექტიანობა ქვეყნის კონკურენტუნარიანობისათვის სერიოზულ ბარიერად შეიძლება იქცეს.

სამწუხაროდ, დემოკრატიის პრობლემები ამით არ თავდება. მისი ყველაზე მოკლე ჩამონათვალი ასეთია:

1. უმცირესობის აზრი არ არის წარმოდგენილი: არჩევნების ორივე ძირითადი სისტემა – პროპორციული და მაჟორიტარული, ხმების სრულყოფილად გამოყენების თვალსაზრისით სცოდავს. საარჩევნო სისტემის გართულება ამ პროცესს მხოლოდ აძვირებს.

2. პარლამენტი ზრდის ხარჯებს, ქმნის დეფიციტს და ვალებს. პარლამენტის წევრებს სურვილი აქვთ უფრო მეტი გააკეთონ საკუთარი ამომრჩევლებისათვის. ამიტომ მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერი სხვა ფრაქციის წევრებთან ხარჯების მხარდასაჭერად, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ასეთი ხარჯების დასაფარი წყარო დღეს.

3. პარლამენტი იგონებს სახელმწიფოს ახალ ფუნქციებს (რეგულირება, რეგისტრაცია და ა.შ.). პარლამენტის წევრებს, როგორც წესი, ყველაზე მეტად შესტკივათ გული ხალხზე. ამიტომ ფიქრობენ, რომ ეკონომიკა აუცილებლად უნდა დაარეგულირონ. მარეგულირებლად და შემმოწმებლად, მათ პარტიის წევრები და მეგობრები უნდა დაასაქმონ, რადგან სხვას არ ენდობიან).

4. პარლამენტი ვაჭრობს რესურსებით და ძალაუფლებით. მე შენ მოგეხმარები, შენ მე მომეხმარე და მხარი დამიჭირე ჩემს პროექტში. შენს კაცს მე მივეხმარები, სანაცვლოდ – შენ მიეხმარე ჩემსას, შენს მოთხოვნას ლიცენზიის დაწესებისას მე გავითვალისწინებ და შენც დამიბრუნე შემდგომში „მხარდაჭერა”.

5. რესურსები არაეფექტიანადაა გამოყენებული და გაფლანგული – სხვისი გადახდილი გადასახადები ვის ადარდებს? „სად შეიძლება კიდევ ხიდის აშენება” და არა „სად არის კიდევ ხიდი საჭირო” (ჰენრი ჰაზლითი). პარლამენტი კოლექტიური ორგანოა და პასუხისმგებლობა გაფანტულია, კონკრეტული პასუხისმგებელი პირის მოძებნა იშვიათადაა შესაძლებელი.

6. დემოკრატია ციკლური სისტემაა და უკვე არჩეულ მთავრობას საკმაოდ მოკლე ვადა აქვს უფრო გრძელვადიან საქმეებზე საფიქრელად. ის უფრო შემდეგი არჩევნების მოგებაზეა კონცენტრირებული. მოკლევადიანი გადაწყვეტილებები არამხოლოდ სახელმწიფო სექტორისათვისაა ცუდი. უმრავლესი პროექტების/რეფორმების შედეგები პოლიტიკური ციკლის ვადაზე გვიან დგება. ეს სერიოზული მოქმედების მოტივაციას არ ტოვებს. ამგვარი მოკლევადიანი ქცევა ცუდ გავლენას ახდენს კერძო ინვესტორებზეც. ისინიც იძულებული არიან, საკუთარი მოქმედებები ამ ციკლის ტენდენციას დაუქვემდებარონ და შედეგებს დაელოდონ – მთლიანად სისტემა კი არასტაბილურია.

7. კორუფცია – რაც მეტია სახელმწიფოს ფუნქციები, ბიუროკრატიის უფლებები, მით მეტია კორუფციის საშიშროება.

8. ლობირება და ინტერესჯგუფები. ინტერესჯგუფები და ლობისტები მთავრობასთან ცდილობენ თანამშრომლობას, რადგან იგი ფულს და უფლებებს არიგებს, რომელიც თვითონვე წაართვა კერძო სექტორს/პირებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი მობილიზებული ჯგუფების მოქმედების გარეშე, კანონის მიღება რთულია – მხოლოდ მათი ყურადღება და კონცენტრაცია განაპირობებს კანონის მიღებას და გარკვეული ხარისხის უზრუნველყოფას. სარგებელი ლობირებისაგან (სუბსიდირებისაგან, სახელმწიფო მხარდაჭერისაგან) ვიწრო ჯგუფისაა, ხოლო დანახარჯი გაბნეულია მილიონებზე. ამ უკანასკნელთ მათი რესურსების განიავების გამო ბრძოლის დიდი მოტივაცია არ აქვთ.

9. ძალაუფლების გადამეტება – კანონებით მანიპულირება. სცადეთ საკუთარი ინტერესების დაყენება პარლამენტის დღის წესრიგში, მისი ხელმძღვანელობის და ადგილობრივი ბიუროკრატიის მხარდაჭერის გარეშე ეს ვერ მოხდება. ამავე დროს, პარლამენტის წევრთა უყურადღებობის პირობებში, წამყვანმა შესაძლებელია ისეთი საკითხი გააპაროს, რომლისთვის ხმა „არავის მიუცია”.

10. სახელმწიფო ინტერესები კერძო ინტერესების საწინააღმდეგოდ. პარლამენტს აქვს ტენდენცია, ხალხის სახელით და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ანგარიში არ გაუწიონ მოსახლეობის, ინდივიდების რეალურ ინტერესებს, რაც დემოკრატიის ლოგიკის საწინააღმდეგოა – „არავითარი გადასახადები წარმომადგენლობის გარეშე” (ამერიკის რევოლუციის მოთხოვნა).

11. კერძო პასუხისმგებლობის გაუქმება და ჩანაცვლება. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსახლეობას უქმნის ილუზიას, რომ სხვა იხდის მის ნაცვლად და ყველაფერს უფასოდ იღებს (განსაკუთრებით დამატებულ ღირებულებაზე გადასახადის ქვეყნებში). მთავრობა აფინანსებს ჯანდაცვას, პენსიებს, განათლებას, ის ჩვენ ნაცვლად ფიქრობს, აზღვევს, აშენებს, აგროვებს.

12. არჩევნებში გამოყენებულია „ადმინისტრაციული რესურსი”. ელემენტარულად როგორ უნდა გამოარჩიო, მაგალითად, როდის ასრულებს პარლამენტის წევრი მოვალეობას და როდის გადავიდა ის აგიტაციაზე, არჩევნების დანიშვნის დღიდან. ხოლო ლობისტები არჩევნებში სწორედ იმას უჭერენ მხარს, ვინც მათ რესურსების ადვილად შოვნაში მიეხმარა ან სამომავლოდ ჰპირდება ამას.

ამის წამკითხველი, როგორც წესი, რამდენიმე საკითხს დაეთანხმება, იშვიათ შემთხვევაში – ყველაფერს, ზოგიც იფიქრებს, რომ ეს ჩვენთან არ ხდება. უმრავლესობა იტყვის – ეს კი ასეა, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკური ნების საკითხია ამ ყველაფრისაგან გათავისუფლება. უნდა გავაწბილო – ეს ყველაფერი დასავლური „სრულყოფილი” დემოკრატიის ნიმუშებია, ასეთ მწვერვალებამდე ჩვენ ჯერ არ გავზრდილვართ. ეს ყველაფერი სწორედ დასავლურ წიგნებში და სტატიებში ამოვიკითხე. ვისაც არ სჯერა, გადახედოს ყოველდღიურ პრესას, მაგალითად – Financial Times, Wall Street Journal, The Economist. ასეთ ფაქტებს ბევრს იპოვით.

ახლა, მოდი, ისევ უკან დავბრუნდეთ. არის თუ არა ასეთი ცუდი სისტემის ალტერნატივა? ყველაზე ადვილია ზემოჩამოთვლილი არგუმენტები სხვა პოლიტიკურ სისტემას მოვარგოთ და გავაანალიზოთ, თუ როგორ იმუშავებდა ის. ცხადია, რომ კონკურენციის არქონა ერთმმართველს არამართებულ პრივილეგიას მისცემს და გაირყვნება, თუმცა იშვიათად თუ შერჩება ეს. სამაგიეროდ, ერთმმართველს ვადები არ ემუქრება და შეუძლია გრძელვადიან პროექტებზე იფიქროს (ეს ხსნის საბჭოთა სისტემის გარკვეულ წარმატებას).

ამის სანაცვლოდ, დასკვნა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მამა-დამფუძნებლებმა 200 წლის წინ გამოიტანეს, უფრო მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს. მათ შესანიშნავად იცოდნენ დემოკრატიის მიდრეკილება საკუთარი ძალაუფლების გაზრდისაკენ პიროვნების თავისუფლების ხარჯზე. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ კონსტიტუციით შეექმნათ გარანტიები 1. პოლიტიკურ ძალთა კონკურენციისათვის და 2. ხელისუფლების შეზღუდვისათვის. სწორედ ასეთი გარანტიების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია იფიქრო, რომ პოლიტიკოსებს ძალაუფლების გადაჭარბება და ბოროტად გამოყენება გაუძნელდებათ (ამის განმარტებისათვის მოვიტან ჩემი ამერიკელი მეგობრის მონაყოლს, როგორ დაკარგეს ერაყულ კამპანიაში 20 მილიონი დოლარი და ვერ დადგინდა სად გაქრა – ორივე ამერიკული პარტიის და მთელი სახელმწიფო აპარატის მონდომების მიუხედავად. დასკვნა ასეთი იყო – რაც მეტი ფული აქვს მთავრობას, მით უფრო ძნელია მისი ხარჯვისა და მოქმედების კონტროლი).

ამ კონტექსტში, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების აქტი, აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. ამ აქტმა მთავრობას ბევრი ფული ხარჯვის სურვილი შეუზღუდა. საჭიროდ მიმაჩნია მისი კიდევ უფრო დახვეწა და გამკაცრება. ასევე, საჭიროა მონეტარული სისტემის პოლიტიკური კონტროლის გაუქმება და ამ სფეროში თავისუფალი საბაზრო მექანიზმების შემოტანა. აუცილებელია სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქციის მკვეთრად, კონსტიტუციურად ლიმიტირება.

მკითხველმა-ამომრჩეველმა, შესაძლოა, სერიოზული ყურადღება ვერ გამოიჩინოს ამ საკითხებისადმი, როდესაც ხმის მიცემის დრო დაუდგება – როგორ უნდა გაარკვიო, რომელი კანდიდატი არის მზად უარი თქვას დემოკრატიის მორთმეულ პრივილეგიებზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ ინსტიტუციური მოწყობის იმედზე ვყოფილვართ, რაც გვიბიძგებს, მთავრობის შეზღუდვის, რაც შეიძლება, მკაცრი ფორმები გამოვიყენოთ. თუ გადაწყვეტილების მიღების გაიაფება ვერ ხერხდება, იმ რესურსის შემცირება მაინც მოხდება, რომელიც ასეთი გადაწყვეტილებით უნდა გადანაწილდეს. ეს ყველაფერი განსაკუთრებით ახალი დემოკრატიებისათვისაა მნიშვნელოვანი. მათ არ აქვთ დემოკრატიის დადებითი მხარის გამოყენების გამოცდილება.

დაბოლოს, კითხვას ასეთს დავუსვამ მკითხველს: თუ არა მთავრობის მკვეთრად შეზღუდვა, რომელი პარტია და პოლიტიკოსი იცით, ვინც ყველა ამ ცდუნებას გაუძლებს?

კომენტარები

კომენტარი