ამ მოკლე წერილში შევეცდები ამ საკითხის წმინდა ეკონომიკურ მხარეს შევახედო ის, ვისაც ჯერ ამის შესახებ არ უფიქრია. ზოგი იტყვის: რა შუაშია ეკონომიკური მხარე, ზოგიც მზა პასუხებს დამახვედრებს – თითქოს აქ ყველაფერი უკვე გარკვეულია. მაგრამ გარწმუნებთ, ყველაფერი გარკვეული ნამდვილად არ არის.

საქართველოს არმიის შექმნა, არც მეტი, არც ნაკლები, ქართული სახელმწიფოს შექმნის ტოლფასია. ვინ არ იცის ეს? ყველამ იცის. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არმიის მიმართ ჩვენი მიდგომის პიკი სადღეგრძელოებს არ სცდება. მეორე დღეს ნაბახუსევზე ვინმეს არმია რომ უხსენო… თუმცა, ჯობია ეს არ ქნა.
ადამიანების უმრავლესობა, ვისაც ამ მომენტში, ან უახლოეს მომავალში წინ არ უდგას თავისი ან ახლობლის ჯარში წასვლის პრობლემა, თვლის, რომ ეს საკითხი მთავრობის თავის სატკივარია და პლუს იმათი, ვინც ამჟამად ჯარში მიდის. საღამოსაც, როდესაც ტელევიზიით ჩვენი არმიის სავალალო მატერიალურ მდგომარეობაზე საუბრობენ, არავის უჩნდება გრძნობა, რომ ეს ყველას პრობლემაა და არა მარტო მთავრობის. მთავრობა, თავის მხრივ, ზუსტად იმავე ზომის პასუხისმგებლობით პასუხობს; სხვაგვარად ვერც მოხდება – ეს არის ის, რასაც მას მისი ამომრჩეველი უკვეთავს. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ასეთი დონის სახელმწიფოებრივი ცნობიერება გვაქვს. სახელმწიფოს მშენებლობა კი სწორედ ცნობიერებაზე გადის და არა ძალადობაზე. ჯარის მშენებლობა სახელმწიფოს არსებობის მხოლოდ ერთი ნაწილია, ხოლო სახელმწიფოებრივი ცნობიერება – მთავარი.

რჩება მხოლოდ საგარეო დაწოლა. ისევე, როგორც საბანკო-სავალუტო სფეროში, სადაც გარკვეული სტაბილურობა და მცირე წარმატებები ძირითადად საერთაშორისო ინსტიტუტების მოთხოვნით მოხერხდა. ქართული არმიის მშენებლობაც დიდად დამოკიდებული გახდა იმაზე, თუ ამას რამდენად მკაცრად მოგვთხოვენ უცხოელები. არ მგონია საზოგადოება ვერ ხვდებოდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ პრობლემის ასეთი გადაწყვეტა არასასურველია, რადგანაც:

ზემოთაც აღვნიშნეთ, ეს ჩვენი სახელმწიფოს შექმნასთან პირდაპირ კავშირშია – უცხოელების დაფინანსებითა და მოთხოვნით შემდგარი არმია მათსავე კონტროლს ქვეშ იქნება და ასევე დაემართება ჩვენს სახელმწიფოსაც.

ერთხელაც ეს უცხოელები მიგვატოვებენ და შეგვრჩება აწყობილი ფეიერვერკი, რომლის მოხმარებაც არ ვიცით.

რაც შეეხება უცხოელებს (არ მინდა, მკითხველმა არასწორად გაიგოს), რა თქმა უნდა, ამერიკელი გაცილებით უკეთესია ვიდრე სხვა ნებისმიერი, მაგრამ, ჩვენი ბოლო 2 საუკუნის გამოცდილებიდან გამომდინარე, პრობლემა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორის სწორად შერჩევაში არაა. ჩვენი უნიათობის კიდევ ერთი ფორმა არა მგონია ვინმესთვის მისაღები იყოს – არა მგონია ამერიკელებს ის მოეწონოთ, რომ ჩვენ ამ სფეროშიც წლების მანძილზე გვათრიონ.
ამ პრობლემის პოლიტიკური ნაწილიდან გადმოვინაცვლოთ წმინდა ეკონომიკურზე (როგორც დაგპირდით). ეს ნაწილი ასევე საკმაოდ კარგად აჩვენებს ჩვენს სტრატეგიულ მიმართულებასა და არჩევანს. თუ ამ მხრივ ხედვა გაუმჯობესდება, ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს შექმნამდე ცოტა დაგვრჩება.
საუბარი ეხება იმას, თუ როგორი ტიპის არმია სჭირდება საქართველოს – გამოძახებითი (სავალდებულო) თუ დაქირავებული (ნებაყოფლობითი). პასუხი, რომელიც მზად აქვს უმრავლესობას ასეთია: დაქირავებული ძვირია და გამოძახებითი იაფი. ეს არის მთავარი მცდარი იდეა. ეკონომისტებს – პოლიტიკოსების, ინჟინრების, ფიზიკოსების, ბუღალტრებისაგან და სხვა პროფესიების ადამიანებისაგან განსხვავდებით, ხარჯების ათვლის სხვა კრიტერიუმები გააჩნიათ. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც საუბარი მიდის დაქირავებული ჯარის სიძვირესა და გამოძახებითის სიიაფეზე, ეკონომისტები აუცილებლად კითხულობენ – ვისთვის? ცხადია დაქირავებული ჯარის პირდაპირი ხილვადი მატერიალური ხარჯები დიდია, ბიუჯეტი მეტს ხარჯავს; მაგრამ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გამოძახებითი ჯარის ხარჯი ასევე დიდია, ოღონდ იმ განსხვავევით, რომ ამ ხარჯის მხოლოდ ერთი ნაწილი ჩანს ღიად – ბიუჯეტის ხარჯი, ხოლო მასზე დახარჯული თუ შეწირული სხვა ასევე რეალური რესურსები არ ჩანს.

ამავე დროს ცხადია ისიც, რომ ხარჯების გაღებას უნდა მოჰყვებოდეს შედეგიც – სარგებელი, ამ შემთხვევაში – ჩვენი არმია. ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ ასეთი ზომის დაფინანსების, მით უმეტეს, ასეთი მოტივაციის პირობებში, ეს სარგებელი პრაქტიკულად 0-ს ტოლია (ანუ ეს ხარჯი წმინდა ზარალია). დაუჯერებელია ვინმეს ჩვენი არმიის ეშინოდეს ან ანგარიშს უწევდეს. არ მინდა ეს ზოგმა პირად შეურაცხყოფად ჩათვალოს – ხშირად ეს ერთადერთი რეაქციაა კრიტიკაზე. აქ სწორედ მის (ზოგის) გასამხნევებლად ვსაუბრობ, ამ პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადასაწყვეტად.

მაშ ასე, ვის უჯდება ძვირად გამოძახებითი არმია? ცხადია უპირველესად იმ ყმაწვილებს, რომლებიც დაემორჩილებიან ბედს და ჯარში წავლენ. ეს ძვირად უჯდებათ მათაც, ვისაც პირადი რესურსების გაღება უწევთ, რათა გადავადდეს ან გაუქმდეს გამოძახება. აქ ისევ საუბარია რეალურ მატერიალურ რესურსებზე, რომელიც უნდა იქნას გადახდილი. მაგრამ, სინამდვილეში, რესურსები, რომელიც იკარგება თუ იწირება არის ასევე ისიც, რომელიც მანამდე უკვე იქნა დახარჯული, ან მოსალოდნელი ზარალიც, რომელსაც ეს ჯარში გამოძახებული ყმაწვილები მიიღებენ.

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება ბიზნეს-გეგმაა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს შეადგენს კაპიტალის დაგროვების ფაზა. ამ ნაწილის გარეშე შემდგომი ცხოვრება საკმაოდ რთულდება. ადამიანი ცხოვრების მანძილზე განახორციელებს მრავალ ინვესტიციას, რომელიც ხმარდება მის საკუთარ განვითარებას – ცოდნის, ინფორმაციისა და გამოცდილების მიღებას. ამ დაგროვილი კაპიტალის მობილიზაციით ის ცდილობს მოახდინოს საზოგადოებაზე ზემოქმედება, რათა დაიმკვიდროს თავისი კუთვნილი ადგილი (კონკურენტულ) საზოგადოებაში – ბაზარზე.

როდესაც მთავრობა ახალგაზრდა ადამიანს სთავაზობს არმიაში მსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ, მისი ბიზნეს-გეგმა იშლება. მისი კაპიტალის – ცოდნის ის ნაწილი, რომელიც ჯარში სამსახურამდე ჰქონდა დაგროვილი, უვარგისი ხდება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით. ამ პერიოდში ეს კაპიტალი განიცდის ფიზიკურ და მორალურ ცვეთას. აშკარაა, რომ ჯარიდან დაბრუნებული პირი იძულებულია თავიდან გასწიოს საკმაოდ დიდი ხარჯები უწინდელი მდგომარეობის დასაბრუნებლად (ზოგი ამას უკვე ვეღარც ახერხებს!).

გამოდის, იმის გამო, რომ საზოგადოება მზად არ არის პირდაპირ დააფინანსოს დაქირავებული არმია, არსებულ დაფინანსებასა და საჭირო დაფინანსებას შორის სხვაობას აკისრებს ახალგაზრდა ადამიანებს (ეს კი ჩვენს საზოგადოებას მაინცდამაინც დადებითად არ ახასიათებს). მაგრამ თუ ჩვენ არმია არ გვინდა, უბრალოდ უარი უნდა ვთქვათ, და არა დავაკისროთ მისი ხარჯი საზოგადოების მხოლოდ ერთ ნაწილს.

თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ ამით არ თავდება. ახალგაზრდა ადამიანების ჯარამდე მომზადების ხარჯებს საზოგადოებაც ეწევა – სწორედ მათ დააფინანსეს მისი სწავლის საფასურის საკმაო ნაწილი. საზოგადოებისათვის დიდ ზარალს შეადგენს ასევე ისიც, რომ სარგებელი, რომელსაც ეს საზოგადოება ამ ახალგაზრდებისაგან ელოდა – შემცირდა.

*******

სავალდებულო ჯარის პირობებში თვითონ ჯარის ინსტიტუტიზაცია შეუძლებელია იმ დონეზე, რომ იგი ეფექტიანი იყოს. ამის მიზეზებია: თაობათა გაუთავებელი ცვლილებები, გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების შეუძლებლობა, არაკონკურენტული გარემო სამხედრო იერარქიაში, და ა.შ. სავალდებულო ჯარში დაკარგულია ყველანაირი მოტივი, იყო კარგი ჯარისკაცი. მაღალჩინოსანთა წოდებები მათ არ აძლევს არანაირ გარანტიას საზოგადოებაში ჭეშმარიტად დაფასებული ადამიანები იყვნენ – ეს მხოლოდ საშუალებაა გავლენისა და პრივილეგიების მისაღებად.

ამ პირობებში, რისი ინსტიტუტიზაციაც შეიძლება, ეს არის საბჭოური ტიპის ჯარის პრობლემები: კორუფცია, “დედოვშჩინა”, თავის არიდება, გაუცხოვება. ეს პრობლემები, ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში, ქართული არმიის მშენებლობის დროსაც ვერ ავიცდინეთ თავიდან. ამ პირობებში ჩინოვნიკები როგორც ყოველთვის სხვისკენ იშვერენ ხელს: მათი ბრალია – არც სამშობლო უყვართ და არც კანონის დაცვა-ო, ამბობენ. არც ერთს არ უნდა დაფიქრდეს იმის შესახებ, რამ გამოიწვია ეს პრობლემები და მდგომარეობის გამოსასწორებლად მხოლოდ სანქციების გაძლიერებისაკენ მოუწოდებენ საზოგადოებას.

სამხედრო სამსახური თავისი ბუნებით ჩვეულებრივი სერვისია – მასზე მოთხოვნითა და შეთავაზებით. ხელოვნური ჩარევა ამ სერვისზე მოთხოვნას ამცირებს. დაბალი ფასის შემთხვევაში მისი შესრულების მსურველი ნაკლები და ნაკლები ადამიანი ხდება. ფასის აწევის შემთხვევაში მსურველი მატულობს, მაგრამ შესაძლებლობები გზღუდავს – იძულებული ხარ რაოდენობა შეამცირო. ეს ასე ხდება ჩვეულებრივ ბაზარზეც. მაგრამ წარმოვიდგინოთ რა უნდა ქნას ბიზნესმენმა, როდესაც მან იცის, რომ ფასის აწევის არანაირი საშუალება არ არსებობს და ამავე დროს ბიზნესი უნდა გააგრძელოს? ცხადია ხარისხი უნდა გააუარესოს. ზუსტად ასე ხდება ჩვენს არმიაში. გამოდის, რომ ჩვენ გვირჩევნია, ნებისმიერი ხარისხის პირობებში, მაგრამ გვქონდეს ქართული არმია.

ეს კიდევ შეიძლება არ ჩაითვალოს ტრაგედიად, თუ მას არ მოჰყვება შემდგომი ახალი პრობლემები. ჩვენი მოსახლეობა (მ.შ. ჯარში გამოძახებულები) გრძნობს, რომ ეს სერვისი მაინცდამაინც დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერით არ სარგებლობს. აქედან გამომდინარე კიდევ უფრო არიდებს მას თავს. გაუცხოვება, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია ჯარისადმი (და საერთოდ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი) წარმოშობილია საქართველოში რუსული მმართველობის პერიოდში, მაგრამ ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო, ბოლო 12 წელიწადში მისი შემცირება ვერ მოხერხდა.

ამავე დროს, საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებშიც, ბევრი ადამიანი მოიძებნება ისეთი, რომლისათვის, საკმაო ანაზღაურების პირობებში, არმიაში მსახური საკმაოდ პრესტიჟულ და საყვარელ საქმიანობად შეიძლება იქცეს. მათი გამოუყენებლობა ქართული არმიის მშენებლობაში მცდარი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. შრომის დანაწილების ეკონომიკური კანონი, რომელიც ჯერ კიდევ 18-ე საუკუნეში აღმოაჩინა ადამ სმითმა, აქაც ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც სხვაგან. წარმოიდგინეთ ერთი წუთით სამედიცინო მომსახურება სავალდებულო რომ გავხადოთ და ყველა გვაიძულონ ექიმის თუ არა სანიტარის როლი იძულებით ვიკისროთ, რამდენ პრობლემას შევქმნით. გამოდის, იგულისხმება, რომ სამხედრო საქმეს ნიჭი და უნარი არ სჭირდება? ნიჭსა და უნარს კი იძულებით ვერ შექმნით – წარმოიდგინეთ, პიანინოზე დაკვრის ნიჭი არა გაქვთ და კონსერვატორიაში გაგზავნიან პიანინოს დაკვრის შესასწავლად – რა გამოვა? არაფერი. უბრალოდ, საბჭოთა გამოცდილებით და ინერციით ითვლება, რომ სამხედრო პროფესიას არ სჭირდება ინტელექტი, მას ნებისმიერი ბრიყვიც აითვისებს!

ასე ზის უამრავი ახალგაზრდა სახლში, ვისთვისაც ნამდვილ არმიაში სამსახური ცხოვრების მიზანია და მათ ვერ ვიყენებთ. მათ ნაცვლად ჯარში ვერეკებით ადამიანებს, რომელთაც სხვა საქმის კეთება უკეთესად შეუძლიათ. არ არის ეს ეკონომიკური ზარალი?

ზემოთ აღიწერა ამ ზარალის დაახლოებითი ფორმულა: ეს არის სხვაობა იმ თანხებს შორის, რომელიც უნდა იხარჯებოდეს სერიოზულ დაქირავებულ არმიაზე და რაც იხარჯება სავალდებულო ჯარზე. (ეს ფორმულა ორიგინალური არ არის, იგი პოლ ჰეინეს ცნობილი წიგნიდანაა – “ეკონომიკური აზროვნების გზა”). თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არსებული ხარჯების უკუგება ძალიან დაბალია, ეს სხვაობა გაცილებით იზრდება.

ამასთან ერთად, ჩვენი არსებული მოდელი მკვეთრად დისკრიმინაციულია. ეს დისკრიმინაცია გამოიხატება იმაში, რომ სავალდებულო ჯარით საზოგადოების განვითარებისათვის მიყენებული ზარალის დიდი ნაწილის გადაკისრება ხდება საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილისათვის, რომელიც ამჟამად გადის სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მეორე ნაწილი ოფიციალურად თავს არიდებს ამ ზარალს. კომპენსაცია ასეთი ზარალისათვის შეიძლება იყოს ერთი – ზარალის შესაბამისი ანაზღაურება. მაგრამ თუ ეს შესაძლებელია, არ სჯობს უარი ვთქვათ სავალდებულო ჯარზე და შევქმნათ დაქირავებული?
დისკრიმინაცია ადვილი დასანახია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ოფიციალურ ბეგარას (200 ლარი იქნება ეს, თუ 1000, სულ ერთია) აწესებენ ჯარში წაუსვლელობასა და გადავადებაზე. ამ შემთხვევაში ჯარის საფასური პირდაპირ ეკისრება მხოლოდ გარკვეულ პირებს, ხოლო დანარჩენები მშვიდად და ჩუმად შესცქერიან ამას. ასეთი ბეგარა, სპეციალური და დისკრიმინაციული ხასიათის გამო, წარმოადგენს გადასახადის ყველაზე არაცივილიზებულ ფორმას. როგორც ჩანს, მის შემთავაზებელს თვითონაც არ ესმის ამ პრეცედენტით რა დიდ პრობლემას უქმნის ქართულ საზოგადოებას სახელმწიფოს შექმნის გზაზე (სხვა თუ არაფერი ბეგარა შუა საუკუნეების შემდეგ გაუქმდა ევროპის ქვეყნებში და შეიცვალა საყოველთაო გადასახადით).

რაც შეეხება დაქირავებულ არმიას, მისი დაფინანსება პირდაპირპროპორციული უნდა იყოს ამოცანასთან. თუ ამოცანა დიდია, ბიუჯეტმა უბრალოდ მეტი სახსრები უნდა გამოყოს ამისათვის, თუ ამოცანა პატარაა – მცირე. ორივე შემთხვევაში არმიის ხარისხი პრაქტიკულად ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს. ანუ, ჯობს გვყავდეს 3-5 ათას კაციანი გაწვრთნილი და მოტივირებული დაქირავებული არმია, ვიდრე 20-30 ათასი ახალგაზრდა, რომელთაც ერთი სული აქვთ, სახლში როდის გაუშვებენ! შემდგომში კი, როდესაც ამოცანა მეტს დაგვავალდებულებს, საზოგადოებაც მზად იქნება მეტი წვლილი შეიტანოს და ბიუჯეტშიც მეტი თანხა გამოჩნდება.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი ჯარით ჩვენი შიგა სახელმწიფოებრივი პრობლემები უნდა გადავწყვიტოთ, ცდება. ამისათვის საჭიროა არა თავდაცვის სამინისტროს ძალები, არამედ ასევე კარგად გაწვრთნილი შინაგანი ჯარები – ჟანდარმერია. ჟანდარმერიის ძალები არ უნდა აღემატებოდეს 1 ათას პირს. თუ კონფლიქტი ამაზე მეტს ითხოვს, საჭიროა, მთავრობა დაფიქრდეს – თვითონ ხომ არ არის ამის მიზეზი.

ასეთია მოკლედ სავალდებულო და ნებაყოფლობითი არმიის ეკონომიკური ხედვა. დარწმუნებული ვარ, ვინც თავს დემაგოგიურად აარიდებს ამ პრობლემების გადაწყვეტას, ის თავისთავად ხელს შეუწყობს ნორმალური არმიის შექმნის გაჯანჯლების პროცესს.

რაც ჩვენ საბჭოთა კავშირიდან უნდა გვესწავლა, არის მარტივი ფორმულა: ძალადობას პერსპექტივა არა აქვს. რა წარმატებები ჰქონდა სავალდებულო (საბჭოთა) ჯარს ყველასთვის ცნობილია – უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მოგებული და წაგებული ომები.

ქართული სავალდებულო ჯარის სინამდვილე ძლიერ არის დატვირთული საბჭოთა გამოცდილებით. ეს ყველაზე კარგად თვით ჯარის მესვეურებმა იციან. მაგრამ თუ ჩვენ ამ მემკვიდრეობაზე დროულად და მკვეთრად არ ვიტყვით უარს, წინ ვერ წავალთ – დარჩება ცალკე ხალხი და ცალკე მთავრობა, სახელმწიფო კი არ გვექნება.

ამ ჭაობიდან ერთი გამოსავალია არა – ურა-პატრიოტიზმს და დიახ – დაქირავებულ არმიას.

გია ჯანდიერი
2003 წლის 14 აპრილი

კომენტარები

კომენტარი