მადლმოფენილი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის მთელი მოღვაწეობა, მთელი მისი მზერა, დიდი და მცირე გონება, მარად და ყველგან თანამდევი მისი სულიერება ყოველთვის თავს დაგვტრიალებს და თითოეული ადამიანის “განღმრთობის”, მისი კეთილდღეობის და ბედნიერების მისაღწევ სწორ გზებს გვიკვალავს. დღესდღეობით მოძიებული მისი თხზულებებით შედგენილი ტომეულთა შინაარსი ასეთია: ტომი I პოეზია, ტომი II პროზაული და დრამატული თხზულებები, ტომი III-IV მხატვრული თარგმანები, ტომი V-VI კრიტიკა, ტომი VII-XVI პუბლიცისტიკა, ტომი XVII-XVIII პირადი წერილები, ტომი XIX საარქივო მასალები და დოკუმენტები, ტომი XX ილია ჭავჭავაძის ცხოვრების მატიანე, საძიებლები.

ილიას ნაწერების დიდი ნაწილი, პირდაპირ და არაპირდაპირ, ევროპასაც ეხება. ასეთი შეხება ყველგან რაღაც მნიშვნელოვან იდეაზე, ჩვენთვის გასათვალისწინებელ ფასეულობებზე მიგვანიშნებს. ილია ოჯახის დიდ როლზე წერს და გაანალიზებული აქვს “ზნეობრივი სიწმინდის მნიშვნელობა ერის მერმისისათვის”, “რა არის თავისუფლება”, “სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა”, “ინგლისში შექმნილ დამხმარე საზოგადოებათა სიკეთე”, სამართლიანად მიგვანიშნებს “საერთაშორისო სასამართლოს შემოღების აუცილებლობაზე”, ეხება ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს ნაწარმოებში “ქალების არჩევნების უფლება ინგლისის პარლამენტი,” აღნიშნავს რომ “საფრანგეთის ზნეობრივი ძალ-ღონე მამულის სიყვარულშია”, ფუნდამეტურად არჩევს საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობისთვის ადამიანის უფლებების დაცულობის მნიშვნელობას “ცხოვრება და კანონში”, არკვევს “მუშათა ყოფა-ცხოვრების საქმეს ევროპაში,” საკუთრების საკითხის მნიშვნელობას და მის სამართლიან გადაწყვეტას ეხება წერილში “ირლანდია და ინგლისი”, ეხება “მილიტარობას ევროპაში” და ა.შ. და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ 1877 წელს ილიას, თავის მიერ დაარსებულ “ივერიაში”, შემოღებული ჰქონდა რუბრიკები: “შინაური მიმოხილვა”, “საპოლიტიკო მიმოხილვა” და სხვა. აანალიზებდა რა უცხო ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების საკითხებს, მის წარმატებას და წარუმატებლობას, ილია ჭავჭავაძე ეძებდა ევროპელთა გამოცდილებიდან ჩვენი ქვეყნისთვისაც რაიმე სასარგებლოს და პოულობდა კიდევაც. 1881 წელს მაისის შინაურ მიმოხილვაში იგი მიგვანიშნებდა, როგორ შეძლეს “ჩეხელებმა” თავიანთი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, გვმოძღვრავდა, რომ “კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია”, წერდა, რომ მეტად მნიშვნელოვანია “კანონს ცოდნა და მისი ფარად გამოყენებოს აუცილებლობა”, რომ “ერის ჯანმრთელობა სახელმწიფოს ერთი უდიდესი საზრუნავია”, რატომ არის “შეუწყნარებელი გულგრილობა საზოგადო საქმისადმი”, რომ არსებობს “ისეთი დაწესებულების საჭიროება, სადაც შესაძლებელი იქნება გართობა, გასაუბრება, დასვენება”. ევროპის გამოცდილების გაზიარების მიზნით ილია მხოლოდ უშუალოდ ევროპის ქვეყნებით არ კმაყოფილდებოდა და ეძიებდა, თუ რა მოუტანა მათს ღირებულებებზე ორიენტირებამ სხვა ქვეყნებს, კერძოდ კი ბრაზილიას, იაპონიას, ირანს, ჩინეთს და სხვებს.

წინამდებარე სტატიაში ჩვენს მიზანს შეადგენს გამოვარკვიოთ სამი მთავარი საკითხი. პირველი, რატომ არის ევროპული ფასეულობები ყველაზე მოწინავე. მეორე, რომელი ფასეულობებია მათგან უმთავრესი. მესამე, როგორ შეიძლება ჩვენს სინამდვილეში ევროპული ფასეულობების გათვალისწინება.

ილიამ თავის მოძღვრებაში დაასაბუთა, რომ ევროპული ფასეულობები ჩვენთვის ყველაზე ღირებულია. მას მიაჩნდა, რომ ევროპული ღირებულებები უნივერსალური ხასიათისაა და ყველასთვის ერთნაირად არის მისაღები, რადგან საშუალებას გვაძლევს, ეკონომიკური პროგრესი შეუქცევადი გავხადოთ. ეს ფასეულობები მიგვანიშნებენ, რომ ვინაიდან ჩვენ, ყველა ერთად, და თითოეული ცალ-ცალკე, განუყოფელი ნაწილი ვართ “მთელის ერისა”, ჩვენს კეთილდღეობას უნდა ვეძებდეთ ‘მარტო მთელის ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე”. მხოლოდ ასე შეიძლება “ჩვენი ცხოვრება წარმოადგენდეს ერთს დიდებულს დენას შეერთებულის ძალისას”, და “სიკეთე ერთობისა და ყველასათვის სახეიროდ გაიშალოს”. (ჭავჭავაძე ი. წოდებათა თანასწორობა, თხზ., ტ.4, გვ.314).

ილია თვლიდა, რომ ევროპული ღირებულებების განხორციელებით ჩვენ შევძლებთ დავიცვათ მთელი ერი, თითოეული ადამიანი, ოჯახი. მათი ბედნიერება, კეთილდღეობა, სახელმწიფოს უპირველეს საზრუნავად გადაიქცევა. მიიღწევა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მისი სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების დაცულობა, თანასწორობა და ჰარმონია. ნებისმიერ ადგილობრივ საკითხს, დიდსა თუ მცირეს, “ადგილობრივ წვრილმანებს”, ყველაფერს ადგილობრივი თვითმმართველობები გადაწყვეტენ. სახელმწიფო კი, მხოლოდ “საყოველთაო კანონმდებლობის წარმოებას”, ანუ საერთო კანონშემოქმედებით საქმიანობას, “საყოველთაო ფინანსთა(შემოსავალ-გასავალის) მოძრაობას”, ანუ საბიუჯეტო მოწყობას და ერის ინტერესებისათვის საჭირო ფინანსებით უზრუნველყოფას და “საყოველთაო მხედრობის გაწყობილებას”, ანუ ქვეყნიოს თავდაცვას უნდა განაგებდეს.

ილია ჭავჭავაძის ნათელმხილველი გონება დღენიადაგ რუდუნებით თავს დასტრიალებდა საზოგადოების წინსვლა-გამარჯვებას, მის პროგრესს. მისტვის ყოველთვის ცვენი ქვეყნის “ტკივილების” განკურნება და “ფათერაკების” თავიდან აცილება იყო უმთავრესი. იგი წერდა, რომ ჩვენი ბრძოლის საგანი უნდა ყოფილიყო “ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზე დაყენება და დაცვა ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან”. (თხზ., ტ.5, გვ.95) ბატონი ილია ბრძოლის ამ მიმართულებას “ჭეშმარიტ საქმედ” და ბრძოლის უმთავრეს მიმართულებად მიიჩნევდა და აღნიშნავდა: “ეგ მიმართულება იქნება ახალი იმ დრომდე, მინამ ჩვენი ვინაობა თავის შესაფერს და კუთვნილს ადგილს არ დაიჭერს ჩვენს ცხოვრებაში და საზოგადო საქმეთა სათავეში არ მოეწცევა. სხვა საგანი ამაზედ უმძიმესი, ამაზედ უსაჭიროესი არა აქვს ეხლანდელს საქართველოს შვილს. ყველამ, ვისაც რამ შეუძლიან, ამ მიმართულების ქვეშ უნდა მოიყაროს თავი და ერთად ძმურად იმოქმედოს. ყოველივე საქმე, ყოველივე საგანი, რაც ჩვენის ცხოვრების მიმავლობაში თავისით თუ სხვისით აღმოჩნდება, სულ ყოველისფერი ჩვენს ვინაობის საქმეს უნდა შევურჩიოთ, ქვეშ დავუყენოთ. სკოლაა, ბანკია, თუ თეატრი, ყველაფერს სულ მაგისაკენ უნდა მივუბრუნოთ თავი. ვაყენებთ სადმე კაცს მარშლად, თუ ბანკის გამგებლად, თუ მასწავლებლად, თუ რადმე სხვად, – მაგ მიმართულების სასწორზედ უნდა ავწონოთ”. (ტ.5, გვ.95)

ილია ჭავჭავაძეს მოჰყავს “სლავიანების” მაგალითი, უფრო ზუსტად მათი გამოცდილება, რომლებმაც, კერძოდ კი “ჩეხელებმა” – “თავის ვინაობას აღსადგენად და ქვეყნის დასანახავად – თავისი წარსული ხელახლად ააყენეს საფლავიდამ, გამოსჩხრიკეს, მისხლობით ასწონეს, გოჯით გაზომეს ყოველისფერი, რაც ძველად ჰქონდათ, რაც მათს ეროვნებას, მათს ვინაობას, ნაციონალობას შეადგენდა და სარჩულად ედვა. გაუცოცხლეს თავიანთ ერს პოეზიის შემწეობით დიდებულნი სახენი ძველის გმირებისა, ქვეყნისათვის თავდადებულებისა, ძველის ქველობისა, ძველის კაცურ-კაცობისა. მოაგონეს, ისტორიის შემწეობით, დავიწყებული სახელოვანნი დღენი წარსულისა, აღადგინეს, გასწმინდეს, გააძლიერეს დედაენა, ჟამთა ვითარებისაგან გარყვნილი და შელახული. ამ გზით გამოაბრუნეს, გამოაცოცხლეს თითქმის სასიკვდილოდ გადადებული ერი. ერმა თავისი ვინაობა გაიგო, შეიტყო რა ყოფილა, რა არის და რის იმედი უნდა ჰქონდეს, შეიტყო და ფეხზე დადგა, ფრთა შეისხა”. (ტ.5, გვ.95)

უმთავრესი ფასეულობები ჩვენთვის სწორედ ის უნდა იყოს, რომლის გარეშეც `ჩვენ~, `ჩვენ~, არ ვიქნებოდით. ასეთებად ილია ჭავჭავაძეს მიაჩნდა მამული, ენა და სარწმუნოება, რომლებსაც `სამ ღვთაებრივ საუნჯეს~ უწოდებდა. იგი აღნიშნავდა: `სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?~ (ი. ჭავჭავაძე, თხზ., ტ.3, გვ. 26-27). ამ მარადიულ ზეფასეულობებს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რომ ჩვენი მთლიანობა და თვითმყოფადობა არ დავკარგოთ. მთავარია ასევე ვიცოდეთ როგორ, რა გზებით უნდა დავიცვათ ჩვენი მამული, ენა და სარწმუნოება.

ასეთი იდეა დაგვისახა მაშინ დიდმა ილიამ. ზუსტად ასეთია ის ამჟამადაც. ისეთივეა მისი მიღწევის გზაც, როგორიც იყო მაშინ, ერთ საუკუნეზე უფრო მეტი ხნის წინათ. ეს არის არა გაუმართლებელი ექსპერიმენტების, არამედ ცივილიზებული გამოცდილების, “ეროპიული მეცნიერების” შესწავლის და მისი მომარჯვების გზა, რომელიც სხვაგან იკვე გამოცდილი და გამოყენებულია. ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ყველაზე უფრო საიმედოა. სწორედ ამ გზით სიარული გვიანდერძა ილია ჭავჭავაძემ. იგი წერდა:”აი საგანი და აი გზაც მისდა მისაღწევად. აი რისთვის უნდა მომზადდეს ჩვენი ყმაწვილკაცობა, მთელის ევროპის მეცნიერებით და გამოცდილების ფარხმალით შეჭურვილი, აი რა მოედანი უნდა შემოიხაზოს თავისის მოქმედებისათვის და რა გზა უნდა ამოირჩიოს. ამისათვის სამყოფი არ არის კაცმა დაისწავლოს პარიზის ყავახანაში მოარული ფრაზები და იმითი თავი მოიტანოს. ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპიული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება, და ამ თოფ-იარაღით შეუდგეს ჩვენი ქვეყნის საქმეს. უამისოდ, იმ მოედანზედ, რომელიც ჩვენ ზემოტრ ვიგულისხმეთ, კაცი ერთ ნაბიჯსაც რიგიანად და სამკვიდროდ ვერ წასდგამს, და იმ საგანს და გზას, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, ვერაფერს საბოლოოდ ვერ დააჩნევს. ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს, სხვას ვერსა ვუჩვენებთ ჩვენს საიმედო ყმაწვილ-კაცობას. ეს საგანი და ეს გზა სახეში უნდა გვქონდეს სულ მუდამ, ვიდრე ესეთნი დრონი მეფობენ. “ჯერ მაცოცხლეო, მერე მაფიქრებინე, როგორ გავმდიდრდეო”, – ამბობს ერთი სლავიანი პატრიოტი. ნამდვილად გულშემატკივარმა საქართველოს შვილმა ეს სიტყვები უნდა დაიწეროს გულის-ფიცარზედ და სხვაზედ არაფერზედ არ წაიტყუოს ჭკუა და ხელი.

ყოველის ჩვენგანის მოქმედების საწყაო, საზოგადო საქმეებში, თუ ლიტერატურაში, მარტო ის უნდა იყოს, თუ ვინ რამდენად ასრულებს და მისდევს ამ ჩვენთვის მიუცილებელს საგანსა და გზას. სხვა საწყაო ტყუილია და ამაო: სხვის ბაძი იქნება და არა ჩვენის თავის საჭიროებაზედ გამოჭრილი”. (ტ.5, გვ.97-98).სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ყოველი ადამიანის თანასწორობის მიღწევა.

Aხლა, თავდაპირველად, დავსვათ ასეთი კითხვები: იქნებ ილია ჭავჭავაძეს მიაჩნდა, რომ ეროვნული ეკონომიკა მთლიანად ადგილობრივ ვითარებას უნდა ეყრდნობოდეს? ან იქნებ თვლიდა, რომ მხოლოდ ზოგადკაცობრიულ იდეებს უნდა დავეფუძნოთ და სავსებით არაა საჭირო რაიმე ადგილობრივის გათვალისწინება? ან თუ ორივეს გამოყენებაა საჭირო, როგორი თანაფარდობის დაცვაა აუცილებელი მათ შორის? ილიას შრომები გვიდასტურებს, რომ მას საზოგადოებრივი თუ ეკონომიკური ცვლილებებისათვის აუცილებლად მიაჩნდა ადგილობრივი ვითარების გათვალისწინება. ამის შესახებ ნაშრომში “ხიზნების საქმის თაობაზედ” ავტორი წერდა: “ყოველივე ცვლილება, საზოგადოებრივი თუ ეკონომიური, მაშინ არის მარგებელი და მკვიდრი, როცა ცვლილების საგანი ყოველმხრივ გასინჯულია და შუქმოფენილი. ამისათვის, რასაკვირველია, ყველაზედ უწინარეს კაცმა გონება უნდა მიაქციოს ადგილობრივს ვითარებას, რადგანაც ყოველს საგანს ამ შემთხვევაში თავის ადგილზედვე აქვს თავისი სათავე, თავისი ძირი და თავისი გზა მსვლელობისა და განვითარებისა. მაგრამ ძალიან შესცდება ის, ვინც მარტო ამას დასჯერდება და მარტო აქედამ გამოიყვანს თავის დასკვნას”.

როგორც ჩანს, ილია ჭავჭავაძეს ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებლად მიაჩნდა ადგილობრივი ვითარების გათვალისწინება, მაგრამ მარტო ამას არ სჯერდებოდა. იგი თვლიდა, რომ ხალხთა ცხოვრებაში ბევრი ზოგადი კანონებიცაა, რომლებიც ყველგან ერთნაირად მოქმედებენ. ეს რომ არ იყოს, მეცნიერებაც არ იქნებოდა. მაგრამ ვიდრე ჩვენს საკუთარ ჭირს სხვის ნაცად წამალს შევურჩევდეთ, ჯერ სწორი დიაგნოზი უნდა დავსვათ თუ რა გვჭირს. ჩვენი პრობლემის გადაჭრის ამოსავალ, საწყის მომენტად ილია ადგილობრივ ვითარებას მიიჩნევდა, რასაც პრაქტიკულადაც ასრულებდა. მან შექმნა და დაამკვიდრა “შინაური მიმოხილვის” ჟანრი ქართულ ჟურნალისტიკაში. თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ილია “შინაურ მიმოხილვებს” და როგორ შეიძლებოდა მიგვეღწია ადგილობრივისა (ეროვნულის) და ზოგადსაკასცობრიულის მეცნიერული სინთეზისთვის, ეს ჩანს მისი წერილიდან, რომელშიც აღნიშნავს: “შინაური მიმოხილვისთანა ჩვენში ძნელი საქმე ჩვენებურს მწერალს არა აქვს, იმიტომ, რომ ჩვენში შინაური საქმე ისეთი საგანია, რომლისთვისაც ჯერ ხელი სხვას არავის უხლია, რომელზედაც არავითარს მსჯელობას, არავითარს მოსაზრებას, არავითარს დასკვნას სხვა ქვეყნების ლიტერატურაში ვერ ინახულებთ, პირდაპირ და მოჭრით, რომელზედაც, მაშასადამე გინდა თუ არა, თქვენი აზრი უნდა იქონიოთ, და რომელიც თქვენის საკუთარის – ზომით უნდა გაზომოთ… ერთის სიტყვით, ჩვენი შინაური საქმეები ჯერ კიდევ გაუკეთებელი ხორბალია ხოლმე, რომელიც უნდა ჩვენ თვითონ გავანიავოთ, გავცხრილოთ, დავფქვათ, მოზილოთ და საკუთარის ჭკუის თონეში გამოვაცხოთ… ჩვენ ამითი იმისი თქმა კი არ გვინდა, ვითომც ჩვენი შინაური საქმეები, ისეთის განსაკუთრებული თვისებებისა იყოს, რომ სხვა ხალხთა ნაცადი, ნაკვლევი, ნააზრევი, არასგზით არ მიუდგებოდეს, სხვისი აზრით ჩვენი საქმე არ აიხსნებოდეს. ამ შემთხვევაში უფრო ხშირად ჰო ითქმის, ვიდრე არა, იმიტომ რომ ხალხთა ცხოვრებაში არის ბევრი ზოგადი კანონები, რომელნიც ყველგან ერთნაირად მოქმედებენ. ეს რომ არ იყოს, თვითონ მეცნიერებაც, რომელიც სხვა არ არის რა, გარდა მისი, რომ კრებაა ზოგადის კანონებისა, ფუჭი სიტყვა იქნებოდა. მაგრამ მინამ ჩვენს საკუთარ ჭირს სხვისგან ნაცადს წამალს შევურჩევდეთ, ჯერ თვითონ ჩვენ უნდა ვიცოდეთ – რა თვისების ჭირია, მისი სიგრძე-სიგანე გაზომილი უნდა გვქონდეს, მისი სიმძიმე აწონილი, ერთის სიტყვით ეს ჭირი თავიდან ფეხებამდე ჩვენ მიერ ცნობილი და გაგებული უნდა იყვეს”. (ტ.5, გვ.396).

ამ სიტყვებს ვერც ვერაფერს დაუმატებ და ვერც გამოაკლებ. მასში ჩამოყალიბებული დებულებანი აქსიომატურ ჭეშმარიტებებს წარმოადგენს. ილიას მიაჩნდა, რომ ვიდრე ჩვენი საკუთარი ჭირისათვის სხვისა ნაცად წამალს შევარჩენდეთ, ჯერ დიაგნოზი უნდა დავსვათ. ამისათვის ჯერ უნდა ყოველმხრივ შევისწავლოთ ჩვენი “ავადმყოფობის” ნიშანთვისებები, დიაგნოზის დასმის მეთოდები და პრინციპები. მხოლოდ ამის შემდეგ, ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ავადმყოფობა. თუ ასე მოვიქცევით, ნაცად წამალსაც ზუსტად შევარჩევთ. მაგრამ როგორ შევარჩიოთ ეს ნაცადი წამალი? ილია ამის შესახებაც თავისი მეთოდებით გვმოძრვრავს. მან ჩამოაყალიბა ის მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სხვა ქვეყნების შინაური ცხოვრების გამოცდილება.

1886 წელს ილია ჭავჭავაძემ მიმოიხილა მუშათა ყოფა-ცხოვრების საქმე ევროპაში, კერძოდ გერმანიაში, ინგლისსა და საფრანგეთში. იგი აღნიშნავდა, რომ ეს ქვეყნები “მოწოდებულნი არიან თავ-თავიანთ ერისაგან ეს დროთა ვითარებისაგან წარმომდინარი საქმე, თითქმის ერთგვარი, ერთარსისა და ერთსახისა გადასწყვიტონ. ეჭვი არ არის, რომ ეს ერთი და იგივე საქმე ამ სამს სხვადასხვანაირ სახელმწიფოში ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას ვერ მოელოდინება. ხოლო თითონ გადაწყვეტილება ისე საინტერესო არ არის, როგორც ის საფუძველი, სისტემა, რომელსაც ამ შემთხვევაში თითოეული მათგანი დაადგება. საქმე იმისთანა თვისებისაა, რომ თეორია პრაქტიკით უნდა განახორციელონ, განყენებული აზრი ცხოვრებაში გადმოიტანონ და საფუძვლად დაუდონ”. (ჭავჭავაძე ი., თხზ., ტ.9, გვ.187)

მუშათა ყოფა-ცხოვრების საქმე საფრანგეთში დეკაზვილის არეულობამ წამოაყენა, ინგლისში – მუშათა აღრევამ დიდ ქალაქებში, და გერმანიაში სოციალ-დემოკრატების გაძლიერებამ პარლამენტში.

საფრანგეთში მუშათა საქმეს, მათი ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებას შეუძლებელი იყო საფუძვლად არ დადებოდა როგორც ბურჟუაზიის, ასევე მუშების მოსარჩელე დასის მოძღვრება. ბურჟუაზია მუშათა ყველა მოთხოვნას არ დაეთანხმებოდა, და შეეძლო კიდევაც ამის გაკეთება. ასევე მუშების მოსარჩელე დასი როგორც მთელს საფრანგეთში, ისე თვით პარლამენტში რიხიანი, ფხიანი და კარგა მოზრდილი დასი იყო, რის გამოც შეუძლებელი იყო მთავრობა მის მოძღვრებისაკენ არ გადახრილიყო. “ამ სახით, საფრანგეთი მუშათა საქმეს საფუძვლად ამათ მოძღვრებას დაუდებს, ცოტად თუ ბევრად. ეს, ჩვენის ფიქრით, უეჭველია,” წერდა ი. ჭავჭავაძე.

სულ სხვა საფუძველი უნდა ეხმარა ინგლისს. ინგლისის დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩემბერლენი ჰქადაგებდა, რომ “მუშათა უნუგეშო ყოფა უმამულობიდან წარმოსდგებაო; ამისი წამალი სოფლის მამულების წვრილ-წვრილად განაწილებაა მუშათა შორისო”. (ტ.9, გვ.188) მოიხედავად ამისა, სწორედ ჩემბერლენმავე წააღებინა უკან თავისი წინადადება ინგლისის პარლამენტის წევრს დასონს, რომელმაც შეიტანა წინადადება, რომ სახელმწიფოს აეჩინა რაიმე სამუშაო უსაქმოდ დარჩენილი მუშებისათვის. მუშათა ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესების საფუძვლად აღიარეს თვითმმართველობა, რომელიც ინგლისში ყოველი საზოგადოებრივი წყლულის წამლად მიაჩნდათ. ჩემბერლენმა “იმაზედ დააფუძნა თავისი სიტყვა და რჩევა, რომ მუშათა უსაქმურობისა და მათთვის სამუშაოს აღმოჩენა სჯობია თვითმმართველობის თაოსნობას მიენდოსო, თვითმმართველობა უკეთ მოუპოვებს საქმესაო და უკეთ დასდებს წამალსა დღევანდელს სატკივარსაო”.

სრულიად განსხვავებულ საფუძველს დაადგა Gერმანია, რასაც ი. ჭავჭავაძე ასე გადმოგვცემს:”სულ სხვა საფუძველს ადგია ბისმარკი. მისის აზრით, ყოველივე – სახელმწიფოს ძლიერს ხელში უნდა იყოსო, ყოველივე მის ინტერესებს უნდა ქვეშ ამოუდგესო. სახელმწიფო ინტერესი ითხოვს-მუშათა ხალხი მის ხელთ იყოს და ყოველთვის მისი შემყურებელიო და სახელმწიფო მონოპოლიები მოიგონა, თუმცა მარცხი მოუვიდა ამაებში, როგორც ამ უკანასკნელ დროს გვაუწყებენ გაზეთები არაყისა და სპირტის მონოპოლიის თაობაზედ. სახელმწიფო ინტერესი ითხოვსო, რომ პოლიაკები პოზნანში არ იყვნენო და გაიყვანა ის შემაძრწუნებელი კანონი პოლიაკების განდევნისა, მამა-პაპეულ მამულებიდამ ძალასდ აყრისა და გაძევებისა….” (ტ.9, გვ.189)

ევროპაში მუშათა ყოფა-ცხოვრების საქმის მიმოხილვით ავტორმა კლასიკური ფორმით დაგვანახვა, რომ აუცილებელია სხვადასხვა ქვეყნებში ერთი და იგივე საკითხების მოგვარებისადმი განსხვავებული მიდგომა. აქვე მან გვიჩვენა ის მეთოდოლოგია, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია სხვა ქვეყნების შინაური ცხოვრების გამოცდილებიდან იმის “გადმოტანა”, რაც ჩვენ გამოგვადგება. მისი მთავარი დასკვნა ასეთია: “ამ სამის თეორიისაგან რომელი დაიჭერს თავს ევროპაში, ევროპის შინაურს ცხოვრებაში, – ამას დროს გამოაჩენს. ჩვენ აქ მთელს ევროპას ვახსენებთ იმიტომ – რომ ამ შემთხვევაში ერთის ცდა მეორისათვის ჭკვაა. და ამ საბუთით გამარჯვება სამში ერთის თეორიისა მეტად საინტერესო უნდა იყოს ყველასათვის”. (ტ.9, გვ.189)

მთავარი დასკვნა ის არის, რომ ყველა ქვეყანას არც ერთი და იგივე საკითხის ერთი და იმავე გზით გადაწყვეტა გამოადგება, და მითუმეტეს, არც ერთმანეთის გამოცდილების შაბლონის სახით გადატანა. ასეთი პრობლემების მოგვარება სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. სხვების მიერ უკვე განვლილ გზას, მათ გამოცდილებას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს და მას უეჭველად უნდა ვიყენებდეთ ადგილობრივი თავისებურებების შესწავლისა და ყოველმხრივ დასაბუთებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.

თავის მეცნიერულ გამოკვლევებში ილია ჭავჭავაძემ მოგვცა კლასიკური ნიმუშები თუ როგორ უნდა ვიხელმძღვანელოთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებით, რას უნდა მივაქციოთ უმთავრესი ყურადღება. 1889 წელს დაწერილ სტატიაში – “აზია წინათ და ეხლა”, ავტორი კლასიკურად იკვლევს, თუ რას მიჰყავს მსოფლიო წინ, რომელი ქვეყნები ჩამორჩნენ და დაწინაურდნენ და რატომ? ზოგადად რას უნდა ვითვალისწინებდეთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებიდან? როგორც ილია აღნიშნავს, აზია წინათ ცივილიზაციის აკვანი იყო და “ერთს დროს მთელის ქვეყნის ბედის წარმატებას სათავეში ედგა”, ახლა კი აზიელობა უფრო დამამცირებელი (“სამიაბრუო”) სახელია, ვიდრე თავისმოსაწონებელი. ამას ავტორი ლოგიკურად მიიჩნევს, რადგან აზიამ თავის წარსული და დღევანდელობა კრიტიკულად არ შეაფასა. იგი წერდა: “ესეც უნდა მომხდარიყო. ისტორია და წარმატება იმისი – კი არ არის, ვინც მარტო თავის-თავის ავკარგიანობის შეჰხარის, ვინც მარტო დღევანდელობას – ავია თუ კარგი – ჰკმარობს, ვითარცა ხელშეუვალს რასმე ანდერძს მამა-პაპეულს, არამედ იმისია, ვინც მას არა ჰკმარობს – რაც დღეს არის, და ვისაც დღევანდელობა მარტო ხიდად მიუჩნევია ხვალისათვის და არა ბინად, საცა კაცმა თავი უნდა შეიკეტოს, როგორც სამუდამო სადგურში, სამუდამოდ გულზე ხელ-დასაკრებად და მოსასვენებლად. ტყუილად –კი არა სთქვა ტურგენიევმა, რომ ეს ქვეყანა ტაძარი-კი არ არის, საცა კაცი უნდა ჰლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და ჰმუშაობდესო”. (ტ.9, 113-114).

ილიას აზრით, მსოფლიო ასპარეზზე ევროპის დაწინაურება განაპირობა მეცნიერებამ და მხნეობამ, ჭკუამ და ხელმა, დღევანდელობით დაუკმაყოფილებამ და უკეთესობის წყურვილმა. ავტორი აღნიშნავდა: “ისტორია და წარმატება – მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის კუთვნილია. ამისთანად აღმოჩნდა ევროპიელი, და ბურთი და მოედანიც იმას დარჩა. იგია დღეს გამგებელი ქვეყნიერობისა, იგია დღეს ქვეყნის უღლის მწეველი და იგივეა ქვეყნის სიკეთის მკრეფავი და პატრონიცა. ამა ქვეყნის მადლის თაფლსა მარტო ევროპიელიღა იღებს ქვეყნის სკისაგან, რომელსაც ხან იქით უბრუნებს პირს, ხან აქეთ, იმისდამიხედვით, როგორც და საითაც უჯობს, რადგანაც ამისათვის ბარიც ხელში აქვს და ნიჩაბიც, ესე იგი, მეცნიერება და მხნეობა, ჭკუა და ხელი. ამ მეცნიერებასა და მხნეობას, ამ ჭკუასა და ხელს ამოქმედებს დაუღალავი წყურვილი ხვალის უკეთესობისა და მწვავი უკმარობა დღევანდელობისა. ამ ორ გრძნობათაგან წარმოსდგება ის ძლევამოსილი წინმსვლელობა, ის დიადი წარმატება, რომელიც ყარმანსავით ყაფის მთას მხარებზედ დაიყენებს, რომ ქვეშ ჯარმა მშვიდობით და უწყინარად გაიაროს”. (ტ., 9, 114)

ასე დაწინაურდა ევროპა. აზია კი ჩამორჩა. მისი უბედურობა უძრაობა და თავის ნაჭუჭში ჩაკეტვა იყო. ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა: “რამ დაჰმართა ეს ამბავი აზიას? რამ დაუხუთა მუხლი მსვლელობისა და ერთს დროს წინმავალი ქვეყანა, ეხლა ასე უკან რომ დააყენა? იმან თუ – რომ თავისი საკუთარი ძარღვები დააწყდა, თავისი საკუთარი საგზალი წინმსვლელობისათვის შემოაკლდა, თუ სხვა რამ მიზეზმა მოსჭრა სულიერი და ხორციელი მუხლი, _ ამის გამოძიებას ჩვენ არ შევუდგებით. ეს-კი აშკარაა, რომ მისი წარმატება შესდგა, შეჩერდა, და აზია დღევანდელს დღეს ანგარიშში მოსატანი არ არის, როცა ქვეყნის წინმსვლელობაზე ლაპარაკობთ. ამასთან აზიის უბედურება ის იყო, რომ ეს შედგომა, შეჩერება, თითქო ვერ იგრძნო, ვერ იცნო, -პირიქით, რაცა ჰქონდა, სასულიერო თუ სახორციელო, იმას დასჯერდა და თავმოწონებული შეჰხაროდა, თითქო იმაზე უკეთესი სხვა აღარა ეგულება-რაო ქვეყნიერობაზედ. ამით კმაყოფილმა ცალკე შეიკეტა და გარედამ აღარ მიიკარა არც ამაყვავებელი შუქი მზისა, არც გამაცოცხლებული სიო. ამ ყოფაში ჩავარდა ჩინეთი, მისი მიმყოლი იაპონია, რომელთაც არავინ აღარ მიიკარეს და ამისათვის მაგარი ზღუდე შემოავლეს თავის არემარეს. თითქმის ამ ტყულს თავმოწონებასა და კმაყოფილებას მიეცა სპარსეთიცა, საცა სასულიერო წოდებამ მოსლემინებისამ შეჰკრა და შეჰბოჭა გონება და გული მთელის ერისა და თვალები აუბა იმდენად, რომ თავისზედ უკეთესს სხვას არავის ხადიდა”. (9, 114-115).

ასე შეარყია აზია “ტყუილ თავმოწონებით ყოფნამ”. ამიტომ საჭირო იყო კარი გაეღოთ ცივილიზებული ქვეყნებისათვის. ილია ჭავჭავაძე გამოსავალს სხვისგან ჭკუის სწავლებაში ხედავდა. იგი მიიჩნევდა: “დღეს, ესე ნებიერად და ტყუილ თავმოწონებით ყოფნა შეირყა თითქმის მთელს აზიაში. აზიამ თვალდათვალ დაინახა უპირატესობა ევროპისა, იგრძნო, რომ ევროპა გაცილებით წინ წასულია, უფრო მდიდარია, უფრო ბედნიერია, უფრო ბევრის სიკეთისა და მადლის მპყრობელია, უფრო ძალოვანი და ღონიერია, და აქომამდე დაკეტილი კარი თავისის ქვეყნებისა ცოტად თუ ბევრად გაუღო ევროპას, რომ იქაურმა მზემ თავისი შუქი ცოტად თუ ბევრად აქაც მოაწვდინოს. ასე იქცევა დღეს ჩინეთიცა, იგი ჩინეთი, რომელიც ყველა სხვა ქვეყნებზე უფრო ძლიერ ეურჩებოდა ევროპიდამ შუქის შემოსევას და მოფენას და სადაც დღესაც ეს ახალი მიმართულება შიშითა და კრძალვით ფეხს იკიდებს ცოტა-ცოტად და ფრთხილად, რადგანაც იქაური ერის უფროს-ერთობა მაინც ურჩობს და ჰთაკილობს სხვისაგან ჭკუის სწავლებას, სხვის ცივილიზაციას, სხვის ავკარგიანობას”. ( ტ.9,გვ.115).

რა უნდა გადმოიღოს ამა თუ იმ ქვეყანამ უფრო მოწინავე ქვეყნებიდან, კერძოდ კი ევროპიდან? ილია ამ კითხვებს პასუხობდა და მიიჩნევდა რომ ჩინეთს, იაპონიას, ირანს ევროპიდან უნდა გადმოეღოთ “ევროპის განათლება” და თითქმის ყველაფერი. იგი იწონებდა იაპონიის მაგალითს და წერდა: “იაპონია ამ მხრით, უფრო გაბედულად ირჯება. მისი ახალი ხელმწიფე დიდი მომხრეა ევროპის განათლებისა და ჰლამის დაუცხრომელად – ყოველიფერი, ნამეტნავად მმართველობა და გამგებლობა ქვეყნისა, ევროპის წესსა და რიგს შეუფეროს. დღეს იაპონიას ბევრი ევროპიულად განათლებული, ევროპაშივე სწავლამიღებული ახალგაზრდობა ჰყავს. შინაც დიდად მოცადინენი არიან სწავლისა და განათლებისათვის. მწერლობა, ცოტად თუ ბევრად, ფრთაასხმულია და გავრცელებული, და ვინ იცის, – იქნება იაპონიამ პირველი მესვეურობა გაუწიოს აზიას ევროპის ცივილიზაციის ზემოქმედების ქვეშ წარსამატებლად და განთიადმა განათლებისამ თავისი სხივოსანი შუქი პირველ იქიდამ მოჰფინოს მთელს აზიასაც. ამბობენ, იაპონელი ამისათვის არც ნიჭს არის მოკლებული და არც უნარსო”.

შემდეგ იგი იწონებს აგრეთვე, რომ სპარსეთმაც კარი გაუღო ევროპის ცივილიზაციას და გენიალურად დაასკვნის: ზოგადად მოწინავე ქვეყნიდან ყველაფერი უნდა გადმოვიღოთ რასაც მოითხოვს ქვეყნის სიკეთე და ბედნიერება. ილიას მთავარი მეთოდოლოგიური დასკვნა გამოხატულია შემდეგ სიტყვებში: “არც სპარსეთი დარჩა უიმისოდ, რომ ევროპის ცივილიზაციისთვის კარი არ გაეღო. ეხლანდელის შაჰის მეფობის დროს ბევრს ძველს ჩვეულებას, რომელიც სულსა და ხორცს სპარსეთისას ასე თუ ისე ჰხუთავდა, კბილი მოეჭრა. შაჰმა, რომელმაც რამდენჯერმე მოიარა ევროპა, ბევრს რასმეზე აახილა თვალი და დაინახა თავის ქვეყანაში ბევრი უმსგავსობა და შეუფერებლობა. იგი სცდილობს ბევრი რამ ძველი განსდევნოს, ბევრი რამ ახალი შემოიღოს. ამისათვის იგი თურმე არც იმის წინაშე უკუდგებაო, რომ თავისი ნება-უფლება შეიხუთოს, თუ ამას მოითხოვს ქვეყნის სიკეთე და ბედნიერება.”

სპარსეთის თემას ილიამ მიუძღვნა აგრეთვე ცალკე სტატია – “დღევანდელი სპარსეთი”. ეს არის იმის სრულყოფილი ნიმუში, თუ როგორ უნდა ისარგებლო იმ ქვეყნის გამოცდილებით, რომელიც შენ არც კი მოგწონს, ან შეიძლება მასაც არ მოსწონდე. აქვე ნაჩვენებია, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ იმის გამორკვევას, თუ რა არის მისაღები ან უარსაყოფელი. ილია წერდა: “დღევანდელი სპარსეთი ის სპარსეთი არ არის, რაც აქამომდე იყო. დღეს სპარსეთში იქაური სასულიერო წოდება, რომელიც აქომამდე მარტო გუნდრუკს უკმევდა ყველაფერს სპარსულს და უკადრისად იხსენიებდა სხვას ყოველს, რაც სპარსული არ იყო, ცოტად თითონაც გამოფხიზლდა და დაინახა, რომ თუმცა ევროპა ურჯულო ქვეყანაა, მაგრამ იქ ბევრი იმისთანა წესი და რიგია, რომელსაც კაცმა ცხვირის მაღლა აწევით გვერდს არ უნდა გაუაროს, პირიქით, უნდა დინჯის თვალით დაუკვირდეს და აწონ-დაწონვით მოსჩხრიკოს, – რა არის იქიდამ კარგი მისაღები და შემოსატანი და არ არის უარსაყოფელი განსადევნი.”

დიდ ილიას მიაჩნდა, რომ მოწინავე, ამ შემთხვევაში ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისათვის ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს ევროპულად სწავლება და ევროპული განათლების მიღება, ევროპული მმართველობა, წესი და რიგი, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ სწორად შევაფასოთ ყველაფერი, სწორი დიაგნოზი დავსვათ და ჩვენს სატკივარს მისი წამლით ვუშველოთ. ევროპული განათლებისა და მეცნიერების, მმართველობის, წესისა და რიგის დასამკვიდრებლად, განათლებასთან ერთად საჭიროა საკანონმდებლო და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, მრეწველობის გაძლიერება, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესება.

შოთა ვეშაპიძე
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ილია ჭავჭავაძე და ევროპული ფასეულობები

რეზიუმე

დღესდღეობით მოძიებული ილია ჭავჭავაძის თხზულებებით შედგენილი ტომეულთა შინაარსი ასეთია: ტომი I პოეზია, ტომი II პროზაული და დრამატული თხზულებები, ტომი III-IV მხატვრული თარგმანები, ტომი V-VI კრიტიკა, ტომი VII-XVI პუბლიცისტიკა, ტომი XVII-XVIII პირადი წერილები, ტომი XIX საარქივო მასალები და დოკუმენტები, ტომი XX ილია ჭავჭავაძის ცხოვრების მატიანე, საძიებლები.

ილიას ნაწერების უმეტესი ნაწილი, პირდაპირ და არაპირდაპირ, ევროპასაც ეხება. ასეთი შეხება ყველგან რაღაც მნიშვნელოვან იდეაზე, ჩვენთვის გასათვალისწინებელ ფასეულობებზე მიგვანიშნებს. ილია ჭავჭავაძე თვლიდა, რომ ევროპული ფასეულობები უნივერსალური ხასიათისაა და ყველასთვის ერთნაირად არის მისაღები, რადგან საშუალებას გვაძლევს, პროგრესი შეუქცევადი გავხადოთ. მათი განხორციელებით ჩვენ შევძლებთ დავიცვათ მთელი ერის თვითმყოფადობა, თითოეული ადამიანი, ოჯახი. მათი ბედნიერება, კეთილდღეობა, სახელმწიფოს უპირველეს საზრუნავად გადაიქცევა. მიიღწევა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მისი სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების დაცულობა, თანასწორობა და ჰარმონია.

ილიას მიაჩნდა, რომ მოწინავე ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისათვის ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს ევროპულად სწავლება და ევროპული განათლების მიღება, ევროპული მმართველობა, წესი და რიგი, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ სწორად შევაფასოთ ყველაფერი, სწორი დიაგნოზი დავსვათ და ჩვენს სატკივარს მისი წამლით ვუშველოთ. ევროპული განათლებისა და მეცნიერების, სახელმწიფო მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის, წესისა და რიგის დასამკვიდრებლად ილია საჭიროდ მიიჩნევდა საკანონმდებლო და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, მრეწველობის გაძლიერებას, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი