“ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო”, – ასე სწამდა ილია ჭავჭავაძეს, რომლის ლიბერალურ შეხედულებებზეც უნდა ვისაუბროთ დღევანდელ ლექციაზე, ვერწმუნოთ მას და ჩვენც შესავლით დავიწყოთ. უპირველესად, განვმარტოთ სიტყვის ეტიმოლოგია და შემდეგ განვსაზღვროთ, რამდენად მისდევს ლიბერალიზმის ილიასეული აღქმა მის კლასიკურ დეფინიციას.

ლიბერალიზმი (ფრანგ. ) — ეს არის იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა. იდეოლოგია დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში იღებს დასაბამს, თუმცა ტერმინი ამჟამად გაცილებით მრავალფეროვან პოლიტიკურ ნააზრევს მოიცავს.

ვრცელი გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდუალური უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს თაფისუფალ კერძო მეწარმეობას, და მთავრობის გამჭვირვალე სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე საზოგადოებაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის.

მონოგრაფიის “ილია დღეს” შესავალში, ავტორი ომარ გოგიაშვილი წერს: “ნაშრომის უმთავრეს ნიშანს და ამავდროულად მიზანს წარმოადგენს ილიას პოლიტიკური ფილოსოფიის, იდეოლოგიის, თეორიებისა და კონცეფციების მის თანადროულ და წინა პერიოდების უდიდეს მოაზროვნეებთან ურთიერთდამოკიდებულების ხასიათის, იდეური ნათესაობის კვლევა, რათა მკითხველისთვის საცნაური გახდეს მისი აზროვნების სიღრმე და მასშტაბურობა. მკითხველისთვის უთუოდ საინტერესო უნდა იყოს იმჟამინდელი (და ამჟამინდელი) ცივილიზებული საზოგადოების “აზრთა მპყრობელი” პოლიტიკური იდეოლოგიებიდან – ლიბერალიზმიდან, კონსერვატივიზმიდან, ტრადიციონალიზმიდან, სოციალ-დემოკრატიის ორი მიმდინარეობიდან (დასავლეთ-ევროპული და რუსული), რომელი იდეები იყო ილიასთვის მისაღები და აქედან გამომდინარე, ის კონცეპტუალური წანამძღვრები, რომლებზეც დაფუძნდა მისი ეროვნული იდეოლოგია.

ასევე იმის ჩვენება, რამდენად თანამედროვეა და გამოყენებითი მნიშვნელობისა დღევანდელი ტრანსფორიმირებადი საზოგადოებისა და პერმანენტული “ახლად შენების” ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ილიას პოლიტიკური ნააზრევი”, რაც მის სახელწოდებაშიც აისახა”. შემდეგ ის აგრძელებს: მთელ საკაცობრიო პროგრესში ყველაზე მნიშვნელოვნად, ყველაზე არსებით მოვლენად, ილიას, დემოკრატიული და ჰუმანური იდეების დამკვიდრება მიაჩნდა. ადამიანის უფლებების და თავისუფლების ზოგადკაცობრიული პრინციპების პოლიტიკურ ცხოვრებაში თანდათანობითი შეღწევის მეთოდურმა პროცესმა, ილიას დიდი იმედები ჩაუსახა, იგი წერდა: “ერთი დიდი და სახელიანი საქმე მეცხრამეტე საუკუნისა, სხვათა შორის, ის არის, რომ მაგარს საფუძველზე დააყენა და ფრთა გააშლევინა იმ კაცთმოყვარულს მოძღვრებას, რომ ყოველი ადამიანი, რა წოდებათა კიბის საფეხურებზედაც გინდ იდგეს, მაინც ადამიანია, და ვითარცა ადამიანი – ყველასთან თანასწორი, თანასწორად შესაწყნარებელი და გულშემატკივარი”.

ინდივიდუალიზმზე და პირად თავისუფლებაზე დამყარებული პოლიტიკური იდეოლოგიები კონფრონტაციულად დაუპირისპირდა ფეოდალური სახელმწიფოს პოლიტიკურ და რელიგიურ ლეგიტიმაციას.

ფ. ჰაიეკს ინდივიდუალიზმზე დაფუძნებული საზოგადოების მთავარ ღირსებად, ადამ სმიტის დამოწმებით, მიაჩნდა ის, რომ ასეთ საზოგადოებაში ძალიან მცირეა უგონო ხალხისგან მიყენებული ზიანი.

პოლიტიკური მეცნიერებების მეორე ავტორიტეტულ წარმომადგენელს. კ. პოპერს, ლიბერალიზმის პრინციპებზე აგებული პოლიტიკური სისტემის უპირატესობად ის მიაჩნდა, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოებას უმთავრესად ინსტიტუტები მართავენ და არა პიროვნებები.

ორტეგა ი გასეტი: ლიბერალიზმის სიმართლე აღიქმება არა განყენებულად, თეორიულად, არამედ როგორც ბედისწერის სიმართლე.

საზოგადოებრივ ცნობიერებაში ლიბერალიზმის ეკონომიკური ასპექტების დამკვიდრების საქმეში უდიდესი როლი შეასრულა “დიდი შოტლანდიელის”, ადამ სმიტის 1776 წელს გამოქვეყნებულმა ნაშრომმა “გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ”, რომელშიც პირველად ავტორმა დაასაბუთა ეკონომიკის სფეროში ხელისუფლების ჩაურევლობის პრინციპი, უფრო ზუსტად, მისი ჩარევის სფეროები და ზღვარი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო კერძო საკუთრებისა და თავისუფალი კონკურენციის დაცვა.

ლიბერალური იდეოლოგიის ცენტრში ინდივიდია და დანარჩენი ყველაფერი, სოციალური და ყოველგვარი სხვა ჯგუფები, კლასები, ერთიანობაში აღებული მთელი სოციუმი, აზროვნების თავისუფლებასა და პასუხისმგებლობებზე აშენებული კატეგორიებია.

ლიბერალიზმის თეორიაში ადამიანის მრავალგანზომილებიან უფლებებსა და თავისუფლებებში კერძო საკუთრებას განმსაზღვრელი როლი ეკისრება, რადგან ის განიხილება როგორც თავისუფლების გარანტი და საფუძველი. ლიბერალიზმმა თავისუფლება და კერძო საკუთრება ორ ურთიერთდაკავშირებულ ღირებულებად აღიარა და ამავე დროს დაასაბუთა, რომ ისინი ერთმანეთს განაპირობებენ. ჰეგელისთვის საკუთრება იყო “ადამიანის თავისუფლება, რომელიც მოვლენათა სამყაროში რეალიზდება, მხოლოდ კერძო საკუთრებაა ინდივიდუალური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პირობა. მხოლოდ კერძო საკუთრება ხდის პიროვნებას თავისუფალს და ამასთან ერთად უყალიბებს ინდივიდუალიზმს.

კერძო საკუთრების ეფექტიანობა და სარგებლიანობა ყველაზე სრულად და თანმიმდევრულად დაასაბუთა ადამ სმიტმა. მან აუხსნა იმდროინდელ საზოგადოებას, რომ კერძო საკუთრების უპირატესობა ყველა სხვა ფორმასთან, წარმოების ზრდის, ეფექტიანობის და მწარმოებლური პროდუქციის სიუხვის ხელშეწყობაში მდგომარეობს. მონის შრომა არ შეიძლება იყოს მწარმოებლური, რადგან მას არ შეუძლია შეიძინოს საკუთრება და ერთადერთი ინტერესი მისი მუშაობისა არის, რაც შეიძლება მეტი ჭამოს და ნაკლები იმუშაოს”, – წერდა სმიტი.

ლიბერალიზმი, როგორც ეკონომიკური თეორია, კერძო საკუთრებისა და საბაზრო ეკონომიკის იდეოლოგიაა, ხოლო პოლიტიკურ ასპექტში სახელმწიფოს მართვის ფუნქცია მინიმუმამდეა დაყვანილი და ამის გამო, მას მინიმალურ სახელმწიფოსაც უწოდებენ. ეკონომიკური თავისუფლების გარეშე პოლიტიკა ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს იმ მდგომარეობამდე, რომელსაც ფონ ჰაიეკმა მართებულად უწოდა “გზა ყმობისკენ”.

რ. პაიპსი თავის ნაშრომში “საკუთრება და თავისუფლება” წერს: “მაშინ, როცა შესაძლებელია საკუთრების ამა თუ იმ ფორმის არსებობა თავისუფლების გარეშე, თავისუფლების არსებობა საკუთრების გარეშე სრულიად წარმოუდგენელია”.

ილიამ კარგად იცის, რომ ლიბერალიზმის უმაღლესი იდეები და ღირებულებები იმდროინდელ საქართველოში ვერ განხორციელდება თუნდაც იმის გამო, რომ “პოლიტიკური თავისუფლება პირადი თავისუფლების გარანტიაა” (ბ. კონსტონი).

ილიას ამ მოაზროვნის მეორე დებულებაც გააზრებული აქვს – “პოლიტიკურ თავისუფლებას არ შეუძლია შეცვალოს პირადი თავისუფლება”.

საყურადღებოა, რომ XX ს-ის ლიბერალურ-კონსერვატიული “სინთეზის” ისეთი წარმომადგენელი, როგორიც ფრიდრიხ ფონ ჰაიეკია, ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, რაც უპირველესად საკუთრების ფლობასა და განკარგვის უფლებაში აისახება, პოლიტიკური თავისუფლების საფუძვლად თვლიდა. ილიას მოღვაწეობის დროს პოლიტიკური თავისუფლება მიუღწეველია, ყოველ შემთხვევაში, პროგნოზირებად პერსპექტივაში, მაგრამ ილია უკან არ იხევს: “ხელშეუხებლობა პირადი საკუთრებისა მერმისის ქვაკუთხედად აღიარებულია და ყოველს რაც ჰბღალავს და ჰხუთავს ამ ხელშეუხებლობას, რჯული ძნელად იშვნევს, ძნელად იწყნარებს”. ბუნებრივია, რომ კერძო საკუთრებამ და მისგან გამომდინარე პრობლემატიკამ ილიას პოლიტნააზრევში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

ილიას სტატიების ციკლი – “ცხოვრება და კანონი”, ერთი უმნიშვნელოვანესი დებულების ანალიზით იწყება, რომელსაც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაც აქვს, მაგრამ საქართველოსთვის მაშინაც და ახლაც, განსაკუთრებით აქტუალური იყო და არის. ლაპარაკია იმაზე, რომ ქვეყანა როგორი ბუნებრივი სიმდიდრეებით და პირობებით განებივრებული არ უნდა იყოს, ხალხის კეთილდღეობისთვის ეს საკმარისი არ არის. მთავარი და გადამწყვეტი თვით ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების ხასიათია, ე. ი. საზოგადოებრივი წყობა, სოციალ-ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა.

“კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე, ვერცა სიკეთე ჰაერისა, ვერცა სიმსუქნე მიწისა, ვერც შეიძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორის უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისთვის, ხალხთა კეთილდღეობისთვის, ეს უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყანაზედ”.

ილიას დროსაც და დღესაც იყო და არის ქვეყნები, რომლებიც ღმერთმა დიდი სიმდიდრით დააჯილდოვა, მაგრამ არსებული პოლიტიკური რეჟიმები მოსახლეობის უმრავლესობას გაჭირვებაში ამყოფებს.

ამ პრობლემაზე მსჯელობისას, ილიას ლოგიკურად უნდა გამოეთქვა თავისი მოსაზრება უმნიშვნელოვანეს დილემაზე – რა არის ის საფუძველი, რომელიც ღარიბ ქვეყნებს საშუალებას აძლევს თავისი მოქალაქეები ღირსეულად აცხოვროს . ილიას მიაჩნია, რომ საკუთრების გამიჯვნა საზოგადოების აუცილებელი პირობაა და ამ საკითხს ილია განსაკუთრებული აქტიურობით აყენებდა ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, რადგან ამ რეფორმამ ბევრი პრობლემა წარმოშვა: “განმეორება იქნება ასჯერ თქმულისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ყოფა-ცხოვრების წარსამატებლად ერთი უდიდესი ძარღვი – მამულების გამიჯვნაა, ე.ი. მამულების იმ მდგომარეობაში მოყვანა, რომ ყველამ იცოდეს თავისი კუთვნილება და სხვისგან შეუცალებად ჰპატრონობდეს და უვლიდეს საკუთარ მიწა-წყალსა”.

თავისუფალი კერძო ბაზარი ისეთი მექანიზმია,რომელიც ადამ სმითისსეული უხილავი ხელით თავისთავად წინასწარი განსაზღვრის გარეშე წარმოშობს თანამშრომლობის რთულ სტრუქტურას. თავისუფლ კერძო ბაზარზე გამორიცხულია ყოველგვარი იძულება.

კერძო საკუთრებაა ის საფუძველი, რომელზეც უნდა აშენდეს ადამიანებს შორის ურთიერთობა, კერძო საკუთრება განსაზღვრავს ადამიანის თავისუფლების ხარისხს, არეგულირებს საზოგადოებაში პიროვნების უფლებებსა და მოვალეობებს, მიაჩნდა ილიას და ყოველივე ამის შემდეგ, ლიბერალიზმის პრინციპის “ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება” მსგავსად, გვთავაზობს აღნიშნული საკითხის მისეულ დეფინიციას: “რაც სხვისია, ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია, – ეგ ჩემი უფლებაა”.

საყურადღებოა, ილიასეული კანონისადმი პატივისცემისა და საზოგადოებისგან მხარდაჭერისადმი დამოკიდებულება. კანონის პატრონობას ილია იმაში ხედავს, რომ თუ კანონი ირღვევა, მართლმსაჯულებას უდიერად ექცევიან და ფეხქვეშ თელავენ, “მაშინ მე ვიჩაგრები ამისგან თუ სხვა, მაინც მოვალე ვარ, თავი გამოვიდო, კანონის სახელი ძირს არ დავცე და არ გავაქელვინო. იმიტომ რომ კანონი ყველას ფარ-ხმალია და მაშასადამე ჩემიცა”. კანონის დაცვას უნივერსალური ხასიათი უნდა ჰქონდეს და საქმის მასშტაბები, მისი სიდიდე, მნიშვნელობას არ უნდა იძენდეს.

ილია როდესაც სახელმწიფოს მნიშვნელობაზე ლაპარაკობს თუ წერს, იქვე დასძენს, რომ “ამასთანავე, კერძო საკუთრების შეურყევლობაც დიდს განძად მიაჩნია სახელმწიფოს თვითონ საზოგადოების დღეგრძელობისა და წესიერი ცხოვრებისათვის”. სახელმწიფომ ყველა უფლება ისე უნდა გამოიყენოს, რომ კერძო საკუთრების პატრონი არ დაზარალდეს, მაგრამ რადგან კანონი იმ დროს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვეოდა, ილია მოუწოდებდა მოსახლეობას, შეესწავლათ კანონები, თავისი უფლებების დასაცავად და ამ კანონებს ის სისტემატურად აქვეყნებდა გაზეთ “ივერიაში”.

რევოლუციის თანამდევ კერძოO საკუთრების ხელყოფასა და სხვისი საკუთრების მიტაცებასთან დაკავშირებით, ილიას პოზიცია მკვეთრად უარყოფითია. ილიას ბოლომდე გაცნობიერებული აქვს კერძო საკუთრების მნიშვნელობა საზოგადოების პროგრესისთვის. მან მრავალჯერ დაასაბუთა ფორმულა: “თავის-უფლება”, სხვისი მოვალეობა და იმაშიც ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ღარიბი თუ მდიდრის ქონებას მიიტაცებს, ამით თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოება ვერ აშენდება. “როცა კაცს სხვა საბუთი არ მიუძღვის იმის გარდა, რომ მე ცოტა მაქვს და შენ ბევრი, ამიტომ შენ უნდა წაგერთვას და მე მომერთვასო, აბა, უკიდურეს სიღატაკიდან უდიდეს სიმდიდრემდე რამდენი კიბეა, რამდენი საფეხურია, რამდენი ერთმანეთზე მეტია და მოდით და გაარჩიეთ, რომელმა რომელი უნდა სწეწოს და ჰგლიჯოს მთელ ამ მანძილზე”.

ილიას ზემოთ მოტანილი ციტატის აზრის ლოგიკურობას კომენტარი არ სჭირდება, მაგრამ ერთი კია, ვერც ილიამდე და ვერც ილიას შემდეგ, ვერც ერთი რევოლუციის პირობებში, ვერც ერთმა მოაზროვნემ ვერ დაასაბუთა ქონებრივი კიბის რამდენი დაბალი საფეხურია, რომელზეც მდგომ პიროვნებებსაც აქვთ მორალური უფლება “სწეწოს და ჰგლიჯოს” უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი მდიდრები.

ილია აღნიშნავდა: “ადამიანისათვის სულ ერთია, ცალკე კაცი ჰლახავს ადამიანის უფლებას თუ რაზმად დაწყობილი კრებული, თანაც ისეთ უფლებებს, რომელიც ბუნებრივად მინიჭებული აქვს ყოველ ადამიანს, ასეთი საქციელი შეუწყნარებელია და დაუზოგველად განსაკითხავი ყოველგან და ყოვლისგან”.

ინდივიდის უზენაესობის რწმენას ბუნებრივად მივყავართ ინდივიდის დამოუკიდებლობის აღიარებამდე, ხოლო დამოუკიდებლობა და თავისუფლება, იდენტური, ურთიერთმონაცვლე ცნებებია.

თავისუფლება, როგორც ილია იტყოდა “ჭეშმარიტი ლიბერალისთვის” უზენაესი პოლიტიკური ღირებულებაა და ამ გაგებით ლიბერალური იდეოლოგიის ამოსავალი, შემკრები პრინციპია “ეხლანდელი დრო და მასთან ერთად ყოველივე ცოტად თუ ბევრად გონებაგახსნილი კაცი და ქალი რომ ხმამაღლა ჰღაღადებს ხელშეუხებლობას ადამიანისა, განა მარტო პოლიციის მიერ ხელშეუხებლობა აქვთ სახეში, არამედ ყოველგვარი ხელშეუხებლობა და სხვათა შორის იგიცა, როცა სამარცხვინო და სახელგასატეხ ბრალს რასმე სდებს ერთი მეორეს ტყუილსა და მართალს წინასწარ გამოუძიებლად და აუწონლად”.

XIX საუკუნის 80-იანი წლებისთვის ეროვნულობის გადარჩენისთვის ილიას და მისი თანამოაზრეების ბრძოლის ოცწლიანი ეტაპი გარკვეული წარმატებით დასრულდა, მაგრამ ამ პერიოდშიც ილიას არ აკმაყოფილებდა ქართული საზოგადოების ცნობიერებაში ზოგადი, საერთო ინტერესების შეცნობის დონე. არადა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ძველი საბერძნეთის ისტორიული გამოცდილების საფუძველზე, თუკიდიდე ამტკიცებდა, რომ “ინტერესების მსგავსება ყველაზე მყარი კავშირია როგორც სახელმწიფოს, ისე ინდივიდებს შორის”.

ილია კატეგორიულად უარყოფდა, რომ საზოგადოებრივი ინტერესების არად ჩაგდება ქართველი ერის ისტორიული ტრადიციაა და მისი დამახასიათებელი თვისებაა. ეს რომ ასე ყოფილიყო, ქართველი ერი დიდი ხნის აღგვილი იქნებოდა პირისაგან მიწისა. ჩვენს წინაპრებს “ჯერ ჩვენ” ჰქონდათ სახეში და მერე “მე”. ილიას მით უფრო უკვირს, საიდან შემოგვეპარა ეს სენი, როგორ დაიჭირა “მემ” “ჩვენის” ადგილი და ორაზროვნად იმასაც მიუთითებს, ვინ შეუწყო ხელი ამ სენის გავრცელებას, ვის აინტერესებს ამ ავადმყოფობით ერის დაავადება: “ეგ ადვილი მისახვდომია: იმისაგან, ვისაც უძლური “მე” უფრო უნდება, ვიდრე ძლიერი და ძალგულოვანი “ჩვენ”.

ლიბერალური იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი მისი ჩამოყალიბების საწყის ეტაპზევე გახდა პლურალიზმი. ილიას აზრით: “პირველი ნიშანი საზოგადოების ასაკოვნებისა და აღმატებულობისა, სხვათა მრავალთა შორის ის არის, რომ საზოგადოება სხვისის აზრის შეწყნარებამდე ტანში იყოს გამართული”.

“შეწყნარება დაჯერებას კი არ ნიშნავს გინდა თუ არა, არამედ პატივსა, რომელითაც უნდა მოექცეთ სხვის აზრს, თუნდაც თქვენ უსიამოვნოს, თქვენს წინააღმდეგს. პატივით მოქცევა კიდევ იმას ჰქვიან, რომ მთქმელს, თუ გამკითხველს საბუთი გაუჩხრიკოთ, საბუთი აუწონოთ…”

ლიბერალურ-დემოკრატიული აზროვნება აუცილებლად გულისხმობს საზოგადოების სხვა წევრების ჯგუფების მოსაზრებების “თანხმობას რომ არ დაეთანხმო”. ილიას დამოკიდებულება ეთანხმებოდა ვოლტერის პოზიციას, რომ მე არ ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას, მაგრამ სიცოცხლეს გავწირავდი, რათა თქვენი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება გქონდეთ. განსხვავებული აზრი, ოფიციოზის კრიტიკა “ცხოველმყოფელი სისხლია ყოველგვარი რაციონალური აზროვნებისა” (კ. პოპერი).

ივ. ჯავახიშვილს ილიას უდიდეს შემოქმედებით მემკვიდრეობაში აღაფრთოვანებდა საქართველოს ეკონომიკური ისტორიის კვლევა. ის პირდაპირ მიუთითებდა, რომ ილიას ქართული აზროვნების ისტორიაში ამ პრობლემის დაყენების და კვლევის სრული პრიორიტეტი აქვს. ეს შეფასება ივანე ჯავახიშვილმა წამოაყენა და დაასაბუთა ილიას სტატიის “ძველი საქართველოს ეკონომიკური წყობის შესახებ” ანალიზის საფუძველზე. ილიას მიაჩნდა და ამას არაერთხელ მიუთითებდა, რომ ეკონომიკური კანონები, ისევე როგორც ბუნების კანონები, ადამიანებისგან დამოუკიდებლად არსებობენ. მათი ჩამოყალიბება და მოქმედება ადამიანის ნებას არ ექვემდებარება. კანონი უნდა შეიმეცნო და მას უნდა მიუსადაგო შენი მოქმედება, ხოლო თუ შეეწინააღმდეგები, აუცილებლად დამარცხდები. ილიამ პირველმა ქართველ მოაზროვნეათაგან, მიმართა თავისი ანალიტიკური გონება იმ ფაქტის კვლევისკენ, რომ ქართველ ხალხს თავისი 2000-წლიანი ცხოვრების მანძილზე ასი წელიც არ ჰქონია ისეთი პერიოდი, რომ “მტრისგან მოსვენებული ყოფილიყოს ზედმიწევნით და განუწყვეტლივ”. “საქართველო დღედაღამ იარაღით ხელში იდგა, მტერი ყოველი მხრიდან მოწოლილი იყო, ჩვენი ხალხი თითქმის ორი ათასი წელიწადი იბრძოდა, ომობდა, სისხლს ღვრიდა და ბოლოს, მე-18 საუკუნის დასასრულს, თვითმყოფადი სული ისე დალია, რომ ჩვენს ქვეყანას არავისი ვალი და ვახში არ დასდებია”. “ვთქვათ, მკლავმა და გულმა შესძლო ეს გოლიათობა – რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფასა? რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამისთანა ომებსა და სისხლისღვრასა? ეს ერთი მუჭა ხალხი თითქმის ქუდზე კაცად უნდა მდგარიყო იარაღით ხელში, რომ მტერთაგან მტვრად არ აღგვილიყო და საზრდოს ვინ აძლევდა და რა აძლევდა?”

აი, სწორედ ეს იყო ის ახალი, ქართველი ერის თვითდამკვიდრების, თვითშენახვისა და თვითგადარჩენის შესახებ, რომელზეც ილიამდე არავინ დაფიქრებულა. მან, პირველმა, ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი წარსულის ეკონომიკური საფუძვლის გამორკვევის აუცილებლობა აღიარა. ილია ამბობდა: “მხოლოდ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამისი პასუხი ჩვენს ეკონომიკურ აგებულებასა და წყობაში უნდა მოინახებოდეს. უეჭველია, ჩვენი უწინდელი ეკონომიკური წყობა ისეთი ყოფილა, რომ ხალხს იქიდამ ჰქონია ის ქონებითი ძალ-ღონე, რომლითაც იგი გასძღოლია ამოდენა ვაივაგლახსა და ომებსა ამდენი ხნის განმავლობაში”.

მისი აზრით, საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის განმსაზღვრელი, გამუდმებული ომების პირობებშიც კი, მიწის საკუთრების ისტორიული ფორმები ყოფილა, რომელიც იმდროინდელ საქართველოში გაცილებით სამართლიანად იყო ორგანიზებული, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

შრომა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა როგორც ქვეყნის, ერისა და პიროვნების მატერიალური და სულიერი კეთილდღეობის საფუძველი ყოველთვის იყო ილიას განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის საგანი და ბუნებრივია, ამ პრობლემატიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის მსოფლგაგებაში. “ეს წუთისოფელი ისეთია, აღნიშნავდა ილია, რომ ვინც თვითონ არ მხნეობს, ვინც თვითონ არ იბრძვის დღიურის ლუკმისთვის, მისი ბედი გადაწყვეტილია, იმას შეიძლება ერთ დღეს ან რამდენიმე ხანს კაცთმოყვარეობით უშველოს კაცმა, მაგრამ მას მერე მაინც ისევ მშირეი და უპოვარი დარჩება”. როდესაც ილია გაბრიელ ეპისკოპოსის ღვაწლს ახასიათებდა, ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტზე მიუთითებდა, რომ გაბრიელ ეპისკოპოსს თავის ქადაგებებში შრომის ზნეობრიობა და მისი ქება არ გამორჩენიაო. XIX ს-ის მიწურულს, როცა საბაზრო ეკონომიკის საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელმა საზოგადოების პოლარიზაციამ და ქონებრივმა დიფერენციაციამ თავისი შედეგები რეალური გახადა, ილიას ერთი უმთავრესი მიზანი იმის საზოგადოების ცნობიერებამდე დაყვანა გახდა, რომ ყოველდღიურმა მიზანმიმართულმა შრომამ ფართო, სოციალური ფენებისთვის თვითგადარჩენის მნიშვნელობა შეიძინა. ცნობილ საახალწლო სტატიაში “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!” (1897წ.) ილიამ ქვეყნის გადარჩენის ფრონტი საბრძოლო ველზე კი არა, შრომის ველზე გაატარა და მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ ეს ფრონტი არანაკლებ ვაჟკაცურია. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს… ეხლაც ომია, ხოლო სისხლისღვრისა კი არა, ოფლისღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი”.

ამასვე სწერდა სახელოვანი ქართველი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი, რევაზ გაბაშვილი, რომელმაც თავისი პატრიოტული და ბოლშევიზმთან შეურიგებელი პოზიციის გამო სიცოცხლე ემიგრაციაში დაასრულა, ასევე ემიგრანტ პეტრე ხვედელიძეს, რომელსაც ემიგრაციაშიც ერთი წუთით არ შეუწყვეტია საქართველოზე ფიქრი და ზრუნვა: “მე რომ ვიცნობ ქართულ ისტორიას, არამარტო სამიათასის წლისას, არამედ სულ უკანასკნელსაც, ჩემი, ჩვენი დროისას, რამდენი მართლა გმირი მინახავს თავგანწირული (და იცოდე, ჩემო პეტრე, რომ მოქალაქეობრივი თავგანწირვა უფრო ძნელია და იშვიათი, ვიდრე სამხედრო), რომ უამისოდ საქართველო იმ სახელოვან ისტორიას ვერ შექმნიდა.

როგორ ახერხებდა ილია მუდამ საკაცობრიო აზრთა ავანგარდში ყოფილიყო?იგი ძალიან ბევრს მუშაობდა იმდროინდელი ევროპის პრობლემატიკაზე. 1886 წელს ილიამ გამოაქვეყნა სტატიების ციკლი “ევროპა 1886 წელს”, 12 სტატია, რომელშიც მოცემულია ზოგადევროპული პრობლემატიკის ბრწყინვალე ანალიზი.

ილია უდიდესი სერიოზულობით ეკიდებოდა საკუთარი მოსაზრებებისა და კონცეფციების არგუმენტაციას. ამაზე მეტყველებს მის მიერ დამუშავებული უმდიდრესი ლიტერატურის, ისტორიის და ფილოსოფიის მეცნიერებების მრავალრიცხოვანი დამოწმებული, გამოჩენილი ავტორიტეტები: ფ. ბეკონი, ჯ. ს. მილი, ჰ. სპენსერი, ა. სმიტი, ლებოკი, ტეილორი, ვებერი, ლერონმანი, სეიესი, ტალბოტი, ჰინქსი, კლაპორტი, შრადერი, უსლარი, ბროკი და ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი.

დასასრულ, კიდევ ერთხელ გამოვყოთ ყველაზე უფრო გავრცელებული იდეური და სოციალურ-პოლიტიკური მიმდინარეობის, ლიბერალიზმისთვის ნიშნეული პრინციპები, ესენია: პიროვნების თავისუფლების დაცვა, ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი, საბაზრო მეურნეობა, მეწარმეობის თავისუფლება, კონკურენცია სახელმწიფოს მინიმალური ჩარევით, ზომიერი რეფორმატორობა, რაციონალიზმი, შემწყნარებლობა, პარლამენტარიზმი, ინდივიდუალიზმი.

როგორც ვნახეთ, ილია განუხრელი სიზუსტით მიჰყვება და სახელმძღვანელო-სამოქმედო პროგრამადაც აღიარებს ლიბერალური იდეოლოგიის ამ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

გოგიაშვილი ომარ: ილია დღეს, პოლიტიკური ფილოსოფია, იდეოლოგია, პოლიტიკა, პოლიტიკოსები, წიგნი მეორე, თბ. 2012წ.

მილტონ ფრიდმენი: ეკონომიკური, პიროვნული და პოლიტიკური თავისუფლება (გამოქვეყნდა 1991 წ.). ინტელექტუალები, განათლება და თავისუფლება, თავისუფლების ბიბლიოთეკა, წიგნი IV, 2006წ.

ჭავჭავაძე ილია: თხზულებანი. თბ., საბჭოთა საქართველო 1984წ.

ჯერვალიძე ციცინო: პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით, წიგნი ეძღვნება ქართველი ემიგრანტის, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, რევაზ გაბაშვილის დაბადებიდან 130 წლისთავს, თბ. პეგასი 2012წ.

ავტორი: ერეკლე უგრელიძე

კომენტარები

კომენტარი