საკუთრების ხელშეუხებლობა

საკუთრება ნებისმიერი საზოგადოებრივი წარმონაქმნის ქვაკუთხედია. პიროვნების თავისუფლება და ღირსება შეუძლებელია საკუთრების გრძნობის გარეშე. ვერანაირი ფორმის მმართველობა, გარდა წმინდა ტოტალიტარულისა არ შეიძლება განხორციელდეს საკუთრების პატივისცემის გარეშე, მესაკუთრეთა ფენის გარეშე. მესაკუთრეებს ნებისმიერ ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობა საკუთარი სიმდიდრის გაზრდის მიზნით აინტერესებთ. ამრიგად, საკუთრების წინააღმდეგ ნებისმიერი მოქმედება აღიქმება როგორც პირადად მის წინააღმდეგ მოქმედება.

კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის მოთხოვნა ნიშნავს ცივილური საზოგადოებრივი წესრიგის ჩამოყალიბებას, სადაც საკუთრების იდეის ნებისმიერი დაკნინება ან შეზღუდვა ავტომატურად აუქმებს ამ წესრიგს. ე.ი. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარდა სხვა ვითარებაში შეუძლებელია სახელმწიფო ან ნებისმიერი სხვა შეთანხმება შედგეს და შესრულდეს

პიროვნების თავისუფლება, ღირსება და პატივისცემა

პიროვნულ თავისუფლებაში ვგულისხმობთ, რომ ადამიანი თავისუფალია დაისახოს მიზნები და აირჩიოს მათი განხორციელების გზები. ამავდროულად, არავის აქვს უფლება უნებართვოდ ჩაერიოს სხვა ადამიანების ცხოვრებასა და საქმიანობაში, შეზღუდოს მათი თავისუფლება – ესწრაფვოდნენ ბედნიერებას ისე, როგორც ეს მათ სწამთ; რაიმე მოტივით ხელყოს მათი სიცოცხლე, ღირსება და საკუთრება. თავისუფლება ესაა შეუზღუდაობა გარეგანი ცდუნებებისაგან, დამოუკიდებლობა ცოდვისაგან, თავშეკავება ძალამომრეობის გამოყენებისაგან. ადამიანი, რომელიც მავნე მიდრეკილებებით და აღვირახსნილობით ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას და რეპუტაციას, ხელს უშლის ღვთისგან ბოძებული ნიჭისა გამოვლენას, აკნინებს საკუთარ ღირსებას და ქარს ატანს შესაძლებლობებს, ის ისეთივე დამნაშავეა, როგორიც ყოველი სხვა მოძალადე. თუმცა, ადამიანის მორალურ მსაჯულად ვერც სხვა ადამიანები და ვერც მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო გამოდგება. ადამიანი პირადად აგებს პასუხს საკუთარ ქმედებეზე, იღებს დაკმაყოფილებას წარმატებებისაგან და იხდის შეცდომების საზღაურს. შესაბამისად, თავისუფლება და პასუხისმგებლობა განუყოფელია.

თავისუფალი ბაზარი და ვაჭრობა

ადამიანი მოქმედებს იმისთვის, რომ სასიცოცხლო მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. მას ამ ამოცანის გადაწყვეტა ყველაზე ეფექტურად შეუძლია მაშინ, როცა ის სრულფასოვნად განკარგავს საკუთარ თავს, შრომას, დროს, ნიჭს, შესაძლებლობებს და ყველა მის ხელთარსებულ რესურსს და იმავდროულად სარგებლობს შედეგებით. ამ ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებელია, მხოლოდ შრომის დანაწილების ისეთ სოციალური სისტემაში, რომელიც დაფუძნებულია წარმოების საშუალებების კერძო საკუთრებაში არსებობით. ასეთი თვითორგანიზებადი სისტემა ყალიბდება ადამიანების ურთიერთანამშრომლობით, რომელიც აგებულია არაძალადობრივ, ნებაყოფილობით და ურთიერთსასარგებლო გარიგებებზე და სამეურნეო გაცვლებზე. ყოველივე ამას, ეკონომიკური თავისუფლება უზრუნველყოფს. ეს ყოველივე მხოლოდ ღია, თავისუფალ ბაზარზეა შესაძლებელი და მას საბაზრო ეკონომიკა ეწოდება. ამ სისტემის გენიალურ სიმარტივეს, საუკეთესოდ გადმოსცემს ლუდვიგ ფონ მიზესი – “მიუხედავად იმისა, რომ მასში თითოეული მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ინტერესებისათვის, ეს მოქმედება მიმართულია იმისაკენ, რომ საუკეთესოდ დააკმაყოფილოს, როგორც თავისი, ისე თავის გვერდით მდგომის მოთხოვნილებები. შედეგად, ბაზარი ინდივიდუმების საქმიანობას მიმართავს იქით, სადაც ისინი ყველაზე უკეთ მოემსახურებიან თავისსავე მსგავს მომხმარებლებს”. ეკონომიკური თავისუფლება გულისხმობს თავისუფალ მეწარმეობას, თავისუფალ ფასებს და ღია, საერთაშორისო კონკურენციას, რაც უზრუნველყოფს მომსახურების დონის ამაღლებას, პროდუქციის ხარისხიანობას და ხელმისაწვდომ ფასებს. საბოლოო ჯამში კი, მთელი საზოგადოების კეთილდღეობას. თუმცა ბუნებრივი განსხვავებები, როგორც თავად ადამიანებს, ისე მათი ცხოვრების გარემო პირობებს შორის, განაპირობებს იმას, რომ ღია ბაზარზე ყველა ერთნაირად წარმატებით ვერ საქმიანობს. მაგრამ ამ პრობლემას, თავად თავისუფალი ბაზარი წყვეტს. ის იძლევა გასხვავებული ინტერესებისა და შესაძლებლობების ჰარმონიზირების საშუალებას. ამიტომ დაუშვებელია რაიმენაირი შეზღუდვები და ბარიერები, რომლებიც აფერხებს ადამიანის ბაზრის მონაწილედ გადაქცევას, მისთვის უკეთესი და ხელმისაწვდომი განათლების და ინფორმაციის მიწოდებას. დავესესხებით გამოჩენილ გერმანელ ეკონომისტს, დასავლეთ გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, განხორციელებული ეკონომიკური რეფორმის ერთერთ თეორეტიკოსს, ვილჰელმ რიოპკეს და თითოეული ჩვენთაგანი მზადაა განაცხადოს: ”მე უპირატესობას ვანიჭებ ეკონომიკურ წესრიგს, რომელსაც მართავენ თავისუფალი ფასები და ბაზრები… ეს ერთადერთი ეკონომიკური წესრიგია, რომელიც თავსებადია ადამიანურ თავისუფლებასთან”.

არაძალადობა და მშვიდობა

ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, შეგვიძლია დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ მშვიდობა ხელს უწყობს ადამიანის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნებას, ხოლო ომი – სპობს ადამიანურობას, აცამტვერებს ყოველივე იმას, რაც შეუქმნია და უღირს ადამიანს. ადამიანი, რომელსაც აქვს ქონება, შრომობს, ქმნის, აწარმოებს მომხამრებლებისათვის საჭირო საქონელს და მომსახურებას, ღებულობს მოგებას და კმაყოფილია ცხოვრებით, არაფრის დიდებით არ დათანხმდება ომზე, რომელიც ძირს გამოუთხრის მის ყოფა-ცხოვრების, საფრთხეს შეუქმნის მას და მისი ახლობლების სიცოცხლეს; გაანადგურებს მის ქონებას. ადამიანების ფუნდამენტალური უფლებების დაცულობა, განსაკუთრებით კი – კერძო საკუთრება და თავისუფალი სამეურნეო ურთიერთობები, მშვიდობის გარანტიაა. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს, როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. მშვიდობა ქვეყნებს შორის, შრომის საერთაშორისო დანაწილების საშუალებით მიიღწევა. ნიშანდობლივია, რომ ხშირად ომის მიზეზი ქვეყნებს შორის ეკონომიკური კარჩაკეტილობა და მაღალი საბაჟო გადასახადებია. თუ ქვეყანებს ექნებათ ერთმანეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და კულტურული გაცვლები, მათ ეკარგებათ ურთიერთსასარგებლო სამეურნეო ცხოვრების მორღვევის და მითუმეტეს, ერთმანეთთან ბრძოლის სურვილი.

მცირე და შეზღუდული სახელმწიფო

მცირე და შეზღუდული სახელმწიფო – ეს ნიშნავს laisses faire ტიპის სახელმწიფოს, რომელიც მთავრობისათვის მხოლოდ ღამის დარაჯის ფუნქციას აღიარებს. შეზღუდული მთავრობა შესაძლებელია მხოლოდ თუ არსებობს ხელისუფლების შტოებსა და დონეებს შორის ურთიერთბალანსი, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენციას და შესაბამისად მთავრობის ხელში მინიმალური ხარჯებისა და ძალაუფლების კონცენტრაციას.

სახელმწიფოს თვითშეზღუდვა აუცილებელია პირობაა მისი ცივილურობისათვის. ისეთი მექანიზმები, როგორიცაა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ცენტრალური ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი, არაცენტრალიზმი – ანუ ცენტრალური ხელისუფლების ჩაურევლობა ადგილობრივ მართვაში, პოლიტიკური ოპონირების ინსტიტუციური გარანტიები, და რაც მთავარია ადამიანის ხელშეუხებლობის გარანტიები, არ აძლევს საშუალებას მთავრობას მიითვისოს მეტი ძალაუფლება და მოახდინოს უზურპაცია.

კანონის უზენაესობა

მიგვაჩნია, რომ საზოგადოება უნდა ცხოვრობდეს კერძო სამართლებრივ სივრცეში, რომელიც თავისი ბუნებით მიდრეკილია თანხმობის, მშვიდობისა და სამართლიანობისაკენ, სადაც სიტყვა – კანონია და უპირობა – დანაშაული; რომელსაც ქმნის და ხვეწავს ადამიანის გონება და არა ძალაუფლებადახარბებული პატივმოყვარე ადამიანების ძალაუფლება. შესაბამისად, საკანონმდებლო სისტემა უნდა იცავდეს ადამიანების თავისუფლების ხელშეუხებლობასა და მათი უფლებების დაცვას, ეყრდნობოდეს ეთიკურ პრინციპებს და არ ლახავდეს პირადი ცხოვრების ინტიმს. ამავდროულად, მკაცრად უნდა ზღუდავდეს ხელისფლებას, ზუსტად უწესებდეს სამოქმედო ასპარეზს. ყველა, მიუხედავად ქონების, სამსახურებრივი მდგომარეობისა და დამსახურებისა, ხელისუფლების წევრების ჩათვლით, კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს. ყველა ბრალდებულს უნდა განემარტოს რაში ედებათ მათ ბრალი, რათა მათ შეეძლოთ თავის დაცვა. ყველა უდანაშაულოა, სანამ მათი ბრალეულობა არ დადასტურდება. მოსამართლეები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი, არც ხელისუფლება და არც ვინმე სხვა, არ უნდა უკარნახობდეს ან ემუქრებოდეს მათ, თუ როგორ მოიქცნენ. მათ უნდა მართავდეს გონება, სინდისი, კანონი, და არა ბიურიკრატთა ნება და ხრიკები.

დეცენტრალიზმი და პირადი პასუხისმგებლობა

არაცენტრალიზმი და პირადი პასუხისმგებლობა – ეს ნიშნავს პიროვნებისათვის მთავარი ადგილის მინიჭებას ყოველგვარი კოლექტივისტური იდეების, ცენტრალური დაგეგმვისა და მართვის საწინააღმდეგოდ.

განათლება – კერძო და ნებაყოფლობითი!

ასეთი მიდგომის მხარდაჭერა ნებისმიერ პოლიტიკოსს გაუჭირდებოდა. განათლება ყველა პოლიტიკოსისათვის მთავარი საკითხია, არამარტო იმის გამო, რომ ამით სერიოზული პოლიტიკური მანიპულირებაა შესაძლებელი, არამედ და ძირითადად იმიტომ, რომ პოლიტიკოსთა დიდი უმრავლესობა განათლების სისტემას პოლიტიკური სისტემის განუყოფელ ნაწილად თვლის. ძალიან ცოტაა პოლიტიკოსი (და ამას მოსახლეობის უმრავლესობაც მიეჩვია), რომელიც დაძლევდა სურვილს სკოლა პროპაგანდისათვის გამოეყენებინა.
წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, საჯარო განათლება არაეფექტიანია – ანუ არ იძლევა საჭირო შედეგებს მინიმალური რესურსებით. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ მომხმარებელი საჯარო განათლებაში არის არა სტუდენტი, არამედ სამინისტრო ან მისი განყოფილება. ეს ნიშნავს, რომ განათლებაზე, როგორც სიკეთეზე არ ზემოქმედებს მიწოდება-მოთხოვნის ეკონომიკური კანონები, რაც გამორიცხავს მისი ფასის სწორად ჩამოყალიბებას. ადამიანებისათვის განათლება და ცოდნა არ წარმოადგენს ინვესტიციას და კაპიტალს, რომელიც თავის მხრივ აუცილებელია საკუთარი ცხოვრების ბიზნეს-გეგმის განსახორციელებლად. ასეთი ადამიანებისათვის განათლება არ წარმოადგენს წარმატების მიღწევის საშუალებას, არამედ მხოლოდ პრესტიჟს.

სინამდვილეში, ნამდვილი განათლება, ისეთ ტოტალიტარულ სისტემაშიც კი, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, პრაქტიკულად კერძოდ დაფინანსებული იყო. ასეა ეს დღესაც და არამარტო საქართველოში (თურქეთი, სასომხეთი,აზერბაიჯანი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვ.). რეალურად პრაქტიკული ადამიანები ნაკლებად ენდობიან სახელმწიფო მზრუნველობის სისტემას და საკუთარ შვილებზე თვითონ ზრუნავენ (როგორც წესი ამის შესაძლებლობა სწორედ პოლიტიკოსებს უჩნდებათ და აუცილებლად სარგებლობენ).

განათლება კერძო უნდა იყოს და ნებაყოფლობითი. ნებისმიერი სარგებელი, რომელიც შესაძლებელია საყოველთაო საჯარო განათლებამ მოიტანოს გაბათილდება დანახარჯებით, რომელსაც გამოიწვევს იგი, თუნდაც დაცემული ხარისხის გამო.

სახელმწიფო უნივერსიტეტები არ უნდა არსებობდეს.

ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი უშუალო პასუხისმგებლობაა.

საყოველთაოდ გავრცელებულია აზრი, რომ სახელმწიფო ჯანდაცვა აუცილებელია.

სოციალისტურმა გამოცდილებამ ჩვენს მოსახლეობას კარგად ასწავლა თუ რას ნიშნავს საჯარო ჯანდაცვის სისტემა – კორუფცია და დაბალი ხარისხი. ამის მიუხედავად მათი უმრავლესობა უარს არასოდეს იტყოდა გადასახადებით (ანუ სხვის ხარჯზე) დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების მიღებაზე.

რას სთავაზობს ამის ნაცვლად თავისუფალი ბაზარი და რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა? ჯანმრთელობის დაზღვევა. ეს მარტივად ნიშნავს იმას, რომ თქვენსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის ჩნდება ინსტიტუციური ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის რისკების დროულად აღმოჩენას, გაანალიზებას, შემცირებას და აღმოფხვრას. სადააზღვევო ინსტიტუტი ერთდროულად დაინტერესებულია მოგებაში – მაშასადამე კონკურენციის დაძლევაში ხარისხის უზრუნველყოფით; ადამიანის (კლიენტის) ჯანმრთელობის შენარჩუნებაში – სხვა შემთხვევაში ეს საქმიანობა მომგებიანი არ იქნება; და სათანადო სამედიცინო ინსტიტუტის მოძებნაში – ცუდი დაწესებულება და ან წამალი მის პრობლემებს ამრავლებს -ხარჯებს ზრდის, ხოლო კონკურენცია მას კიდევ აიძულებს იაფი და ეფექტიანი იყოს და კლიენტებს მაქსიმალური პროდუქტი მისცეს მინიმალურ ხარჯებში.

ეს ინტერესთა გადაკვეთა სადაზღვევო ინსტიტუტებს შეუცველს ხდის არამარტო ჯანდაცვის სფეროში. თუმცა ჯანდაცვის სფეროში იგი პრაქტიკულად ერთად-ერთი გადაწყვეტაა. სადაზღვევო ბიზნესის განვითარება ჯანდაცვის პრობლემას სრულიად მოხსნიდა. მთავარის ადამიანებმა პირადად აიღონ პასუხისმგებლობა თავის ჯანდაცვაზე და სადაზღვევო კომპანიები ამას იოლად გააკონტროლებენ.

პენსიები – ყველამ ინდივიდუალურად და ნებაყოფლობით გადაწყვიტოს!

პენსია, ზოგადად არის ადმიანის მიერ თავისი სიბერისათვის დაგროვილი ფულიდან გარკვეული სახსრების პერმანენტული დაბრუნებით. იგი შესაძლებელია სახელმწიფო ანგარიშზე დააგროვოთ და კერძოზეც. ე.ი. ნამდვილი პენსიის მისაღებად აუცილებელია ადამიანმა დანაგროვები შექმნას და გადარიცხოს საპენსიო ფონდში. სახელმწიფო პენსიის შემთხვევაში თქვენი პენსია ზოგჰერ არამარტო დანაგროვებზეა დამოკიდებული, არამედ იმაზეც, თუ სად მუშაობდით, რა თანამდებობაზე, რამდენ ხანს და რა ანაზღაურება გქონდათ ბოლო სტადიაზე.
კერძო პენსიების შემთხვევაში თქვენ მხოლოდ თქვენს თავზე ხართ დამოკიდებული.
თქვენი სახელმწიფო ანგარიში შესაძლებელია სრულიადაც გაქრეს – ისევე როგორც გაქრა ყოფილი საბჭოთა მოქალაქეების პენსიების დანაგროვები სახსრები (ეს ყველა შემთხვევაში ასე ხდება თუ ადამიანი სიბერემდე ადრე გარდაიცვლება – მისი მთელი სახელმწიფო დანაგროვები პრაქტიკულად ქრება). პენსიის ზომა ხშირად თქვენს შენატანთან არანაირ კავშირში არ არის. პირიქითაც ხდება – თქვენ ბევრი უმუშავეთ, ბევრი გადაიხადეთ, მაგრამ სხვა უფრო მეტს იღებს თქვენზე მეტს.

სახელმწიფო (საჯარო) საპენსიო სისტემის უფრო დიდი პრობლემაა მისი ფილოსოფიური მხარე:

– ადამიანი უფრო მეტად დამოკიდებული ხდება მთავრობაზე,

– ადამიანი (ისევე როგორც საჯარო პოლიტიკის სხვა შემთხვევებში) პასუხისმგებლობას იხსნის მის საკუთარ ქმედებასა და ცხოვრებაზე.

ასეთ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანი ასევე უარს ამბობს ჯანმრთელ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, რომლის ქვაკუთხედია ნებაყოფლობლობა. ადამიანები მთელს პასუხისმგებლობას საჯარო ინსტიტუტებს გადასცემენ და კარგავენ ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ყოველგვარ უნარს.

ამის სანაცვლოდ კერძო სადაზღვევო საპენსიო უზრუნველყოფა ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარი გადაწყვეტილებით და პასუხისმგებლობით წარმართოს თავისი სიბერე და დააგროვოს რამდენიც უნდა, სადაც უნდა და ასევე განათავსოს როგორც უნდა.

კერძო საპენსიო სისტემის უპირატესობა საჯაროსთან უზარმაზარია. დღეს არ არსებობს ექსპერტი, რომელიც ამას არ აღიარებდეს. თუმცა ამომრჩეველთა პოლიტიკური ზეწოლა და გარდამავალი პერიოდის (საჯაროდან კერძოზე) ობიექტური სიძნელეები ხშირად იწვევს განუზომელ შიშს მისი რეფორმირების თვალსაზრისით. აშკარაა, რომ ამომრჩეველს არანაირი სურვილი არ აქვს გაიზიაროს პასუხისმგებლობა და თვითონ იფიქროს სიბერის გარანტიებზე.
თუმცა ამ სფეროში ჩვენი რეკომენდაცია როგორც ყოველთვის კიდევ უფრო რადიკალურია: ყველამ თვითონ გადაწყვიტოს რა სჭირდება: კერძო პენსია, ბანკში დაბანდება, ინვესტირება უძრავ ქონებაში, ოქროს თუ სხვა ძვირფას ლითონებსა და ქვებში, თუ საკუთარი შვილების განათლებაში. ეს ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.

არმია – ნებაყოფლობითი და პროფესიული!

არმია, ეს ის საკითხია, რომელსაც თითქმის ყველა სახელმწიფოს საქმედ თვლის. ეს არის კოლექტიური მოხმარების (ყველა ერთად მოიხმარს) სიკეთე, რომლის მოხმარების გამორიცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია – ეს ნიშნავს, რომ მას ყველა ერთად მოვიხმართ და ვინმეს გამორიცხვა მისი მოხმარებიდან, მაგალითად იმათი, ვინც მასში ფულს არ იხდის ან ცოტას იხდის, ან ძალიან ძვირია ან შეუძლებელია.

მსოფლიოში არმიის და სამხედრო სამსახურის ორი ძირითადი სახე არსებობს: სავალდებულო-გაწვევითი და ნებაყოფლობითი-პროფესიული. პირველის უპირატესობად თვლიან მის საყოველთაო ხასიათს, რომელიც უზრუნველყოფს ყოველი მოქალაქის მიერ სამხედრო ვალებულების მოხდას სახელმწიფოს წინაშე. ამ შემთხვევაში საყოველთაობის სრული უზრუნველყოფისათვის აუცილებელი იქნებოდა ქალთა სქესის წარმომადგენელთა გაწვევაც. ამ მიდგომას უამრავი ხარვეზი აქვს – მაგალითად გაწვეული ადამიანების არასაკმარისი უნარ-ჩვევები და ცოდნა სამხედრო საქმისა. თუმცა, გაწვევის მომხრენი ხშირად იშველიებენ უფრო პატრიოტულ მიზეზებს ვიდრე თეორიულს ან პრაქტიკულს. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ გაწვევითი არმია უფრო იაფია ჯდება.

ამის საპირისპიროდ, მემარჯვენე თეორიების მიმდევრები ირწმუნებიან, რომ გაწვევითი არმია გაცილებით უფრო ძვირი ჯდება. ეს ასეა როგორც პიროვნებისათვის, რომლისთვისაც ჯარში გაწვევა მისი ცხოვრების გეგმის დამსხვრევის ტოლფასია, ასე საზოგადოებისათვისაც, რომელმაც ისედაც დაკარგა ბევრი მისი წევრების ცხოვრების გეგმების ჩაშლის გამო, მაგრამ ასევე ცუდი ინვესტირება გააკეთა გაწვევით ჯარში, რომლის ეფექტიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე პროფესიულისა.

ამრიგად, თუ არგუმენტებს შევაჯერებთ, ჩვენი პოზიცია უფრო მყარი ხდება – გაწვევით ჯარს არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ გია ჯანდიერის სტატიაში:

ნარკოტიკები – თავი დაანებეთ ნარკომანებს!

”ნარკოტიკებთან ომი” არცერთ ქვეყანაში არ დამთავრებულა დადებითი შედეგებით. პირიქით, ისეთ ქვეყნებშიც კი როგორიც შეერთებული შტატებია, ნარკოტიკებისა და მათი გამსაღებლების/მომხმარებლების წინააღმდეგ წამოწყებულმა ომმა არანაირი სიკეთე არ მოიტანა: მაფია გაძლიერდა და მასთან ბრძოლას უდიდესი რესურსები დასჭირდა. ამავე დროს მისი მეზობელი ქვეყნების მოსახლეობა დიდად დაინტერესდა ნარკოტიკების იქ შეტანით და ეს საქმე უკვე არალეგალური ექსპორტის უდიდეს სფეროდაც იქცა. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს აშშ 500-მა მეცნიერმა მილთონ ფრიდმენის თაოსნობით აშშ მთავრობას მიმართა მარიხუანის დაკანონების მიზნით.

ნარკოტიკების მომხმარებლების წინააღმდეგ მთავრობის გააფთრებული ბრძოლა კიდევ უფრო დიდ პრობლემას წარმოშობს – ეს ადამიანები კიდევ უფრო ირიყებიან საზოგადოებიდან, მათი დამცავი კერძო საოჯახო თუ საზოგადოებრივი ინსტიტუტები კარგავენ როლს და პასუხისმგებლობასაც მხოლოდ მთავრობას უტოვებენ.

ამრიგად, როგორც ეკონომისტები იტყოდნენ, ნარკოტიკებთან ომს გაცილებით მეტი დანახარჯი მოაქვთ ვიდრე სარგებელი. მასთან ომის ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა საზოგადოება ფულს იმაზე ხარჯავდეს, რომ მის წევრებს მეტი და კარგი ინფორმაცია ჰქონდეთ ნარკოტიკების გამოყენების უარყოფითი შედეგების შესახებ. ხოლო ყოველგვარი კანონმდებლობით დაწესებული კრიმინალური დევნა კი აუცილებლად უნდა გაუქმდეს.

ადამიანის პირადი პასუხისმგებლობის შეცვლა საზოგადოებრივით შეუძლებელია.

გადასახადები – ნებაყოფლობითი საზღაური.

გადასახადი ადამიანზე და მის საკუთრებაზე კოლექტიური თავდასხმის ფორმაა. მისი გამართლება შესაძლებელია მხოლოდ კოლექტივისტური კრიმინალური იდეებით ინდივიდის საწინააღმდეგოდ.

იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ მსოფლიოში ამ აზრს პრაქტიკულად ყველა ეთანხმება, გადასახადების გადახდის მთავარ მიზეზად სახელდება პოლიტიკური მიზნებისათვის ფულის მოგროვების აუცილებლობა. ამ ”აუცილებლობის” უკან დგას სახელმწიფოს არსებობის იდეა, რომელიც წმინდა კოლექტივისტური იდეაა. სინამდვილეში სახელმწიფო ძირითადად იმათ სჭირდებათ, ვინც სხვის ხარჯზე აპირებს ცხოვრებას. ასეთი ადამიანები ყოველთვის თანახმა არიან არსებობდეს გადასახადები, რომელთაც სხვები გადაიხდიან და თვითონ კი ისარგებლებენ მისი სიკეთეებით.

გადასახადებს სხვა უამრავი პრობლემაც მოჰყვება, განსაკუთრებით კი მათს ცენტრალიზებულ სახეებს.

ჩვენი ლოზუნგი კი ასეთია: გადასახადები თუ იარსებებს, ნებაყოფლობთი უნდა გახდეს!

საკუთრების ჩამორთმევა

საკუთრება ხელშეუხებელია. ამ პრინციპის ნებისმიერი ფორმით ან მიზეზით გაუქმება და ან დაკნინება დაუშვებელია.

საქართველოს კონსტიტუცია მოიცავს საკუთრების დაცვის გარკვეულ მუხლებს 20-21, რომლებიც თავისთავად სუსტია. თუმცა იგივე კონსტიტუცია შეიცავს ასევე (მაგალითად) მუხლს გაფიცვის შესახებ, რაც პირდაპირი თავდასხმაა საკუთრებაზე.

კარგი მაგალითია ესტონეთი, რომლს კონსტიტუცია პირდაპირ აცხადებს საკუთრების ხელშეუხებლობას.

აქედან გამომდინარე საკუთრების ჩამორთმევა დაუშვებელია რა მიზნითაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს. განსაკუთრებით მიუღებელია სასამართლოსათვის გადაცემა იმ საკითხისა, რომ შეაფასოს ჩამორთმევის საზღაური – სასამართლო არც ბაზარია და არც ბირჟა, რათა მოახერხოს საკუთრების ფასის განსაზღვრა, რომელიც მხოლოდდამხოლოდ სუბიექტური ფაქტორია და არანაირი კავშირი არ აქვს მასზე დახარჯულ ან ინვესტირებულ სახსრებთან. ამას გარდა, როდესაც ჩამორთმევა ეხება საკუთრებას, რომელიც დასტურდება, რომ არასწორი პირის ხელში აღმოჩნდა არ წარმოადგენს საკუთრების ჩამორთმევას, არამედ იგი ნამდვილი პატრონისათვის დაბრუნებაა.