მარტ ლაარი
ესტონეთის პრემიერმინისტრი 1992-94 და 1999-2002 წლებში. ესტონეთის პარლამენტის წევრი, პროპატრიისა და რესპუბლიკის კავშირის ფრაქციის თავმჯდომარე

ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო, ტომი V, თავისუფლების ბიბლიოთეკა
გამოქვეყნდა 2002 წელს

ესტონეთი ჩრდილოეთ ევროპის პატარა ქვეყანაა, რომელიც ბალტიის ზღვის პირას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს. სამუელ ჰანტინგტონის თანახმად, ესტონეთი დასავლური ცივილიზაციის საზღვარია, საზღვარი, სადაც ცივილიზაციები ერთმანეთს ეჯახება1. ამის გამო, ესტონეთი ისტორიკოსების დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ იქაურ ხალხს რთულ პირობებში უწევს ცხოვრება.

 

ისტორიულად, ესტონელებს თავისუფლებისთვის უხდებოდათ ბრძოლა. 1918 წელს ესტონეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 1940 წელს კი, მეორე მსოფლიო ომის დროს, ის საბჭოთა კავშირმა დაიპყრო.

ომის დროს კომუნისტურ ტერორიზმს ვებრძოდით, მაგრამ დავმარცხდით. ოკუპაციის შედეგად ქვეყანამ მოსახლეობის 29 პროცენტამდე დაკარგა, მაგრამ ფარხმალი არ დაგვიყრია. 1980 წელს ახალი შესაძლებლობა მოგვეცა და გამოვიყენეთ კიდევაც. ესტონეთი ერთერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საბჭოთა იმპერიიდან გაღწევა სცადა და 1991 წელს, 50 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, კვლავ თავისუფლება მოიპოვა.

კომუნისტური მმართველობისგან ქვეყანა ისე იყო განადგურებული, რომ თავისუფლების მეტი არაფერი გვქონდა. 1939 წელს, თავისუფლების დაკარგვამდე, ესტონეთში ცხოვრების დონე მეტნაკლებად ისეთივე იყო, როგორც მეზობელ ფინეთში. იმ პერიოდში ფინეთმა, მართალია, ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ თავისუფლების შენარჩუნება მოახერხა. ორი განსხვავებული პოლიტიკური სისტემის პირობებში ცხოვრებამ ესტონეთი და ფინეთი სხვადასხვაგვარად განავითარა. ფინეთის ყურის ორივე მხარეს ხალხი ბეჯითად სწავლობდა და შრომობდა, მაგრამ მხოლოდ ფინეთი ყვაოდა. თავიდან ორივე ერთ დონეზე იყო, მაგრამ 1987 წლისთვის ფინეთში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 14 370 დოლარამდე გაიზარდა, ესტონეთში კი ოპტიმისტური გათვლებით მხოლოდ 2 000 დოლარს შეადგენდა.

 

ამასთანავე, ხშირად თვითონ კომუნიზმის მოწინააღმდეგენიც კი ვერ ამჩნევდნენ სოციალისტური აზროვნებიდან მომდინარე რეალურ ეკონომიკურ პრობლემებს. ხალხის უმრავლესობას ეგონა, რომ კომუნისტური ხელისუფლების თავიდან მოშორება და ეკონომიკის გათავისუფლება საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ქვეყანა სწრაფად დასწეოდა დასავლეთ ევროპის ცხოვრების დონეს. ისინი ვერ ხვდებოდნენ რეალურად რა ჩამორჩენილი და განუვითარებელი იყო კომუნისტური ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, თავისუფალ სამყაროში დაბრუნება უფრო რთული და მტკივნეული აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინათ.

ხელსაყრელი მომენტი

1992 წლის იანვარში ძალიან ციოდა ესტონეთში. ქვეყანაში კომუნიზმის დასასრულს ნამდვილი ქაოსი მოჰყვა. მაღაზიები სულ დაცარიელებული იყო და რუსულ რუბლს არავითარი ღირებულება აღარ ჰქონდა. 1992 წლისთვის სამრეწველო პროდუქციამ 30 პროცენტით იკლო, გაცილებით მეტად, ვიდრე 1930იანი წლების დიდი დეპრესიის დროს. რეალური ხელფასები 45 პროცენტით შემცირდა იმ დროს, როდესაც ინფლაცია 1 000 პროცენტს აღწევდა და საწვავის ფასებმა 10 000 პროცენტზე მეტით აიწია.

ხალხი საკვების საყიდლად საათობით იდგა რიგში. პური და რძის პროდუქტები ნორმირებული იყო. გათბობისთვის გაზი არ იყო, ამიტომ, მთავრობამ მოსახლეობის ქ. ტალინიდან სოფლებში გახიზნა გადაწყვიტა. ერთადერთი მოქმედი „ინსტიტუტი” არაოფიციალური ბაზარი იყო.

ესტონეთი თითქმის მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული – საგარეო ვაჭრობის 92 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა. ესტონეთს ძალიან ცოტა რამ გააჩნდა ისეთი, რაც მსოფლიო ბაზარზე გაიყიდებოდა. საბჭოთა მმართველობის ეკონომიკამ ესტონეთის ეკოლოგია გაანადგურა და ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა. უცხოელ ექსპერტთა უმრავლესობისთვის ესტონეთი მხოლოდ „ერთერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა“ იყო, რომელსაც უკეთესი მომავლის დიდი პერსპექტივა არ გააჩნდა.

თვითონ ესტონელთა შორისაც ბევრს არ სჯეროდა უკეთესი მომავლის. ხალხი ხედავდა, რამხელა უფსკრული იყო ესტონეთის რეალობასა და მათ წარმოსახვაში არსებულ ნორმალურ ცხოვრებას შორის. ისინი მიხვდნენ, რომ პატარა ნაბიჯებით შორს ვერ წავიდოდნენ. ამ უფსკრულის გადასალახად გიგანტური ნახტომი იყო საჭირო. დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა. სწრაფ მოქმედებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ძირფესვიანი რეფორმისთვის. ამიტომ, 1992 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველ დემოკრატიულ არჩევნებზე, ესტონელმა ხალხმა ხმა მისცა მათ, ვინც საბჭოთა წარსულთან კავშირის გაწყვეტის ყველაზე რადიკალური გზა და რეფორმების ყველაზე დამაჯერებელი პროგრამა შესთავაზათ.

რეფორმაზე ორიენტირებულ მთავრობას ბევრი დრო არ აქვს საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად. ხალხის მიერ პოლიტიკოსებისადმი გამოცხადებულ ნდობასა და იმ ტკივილს, რის გადასატანადაც ისინი მზად არიან, გარკვეული ზღვარი აქვს. ამ ზღვარის გადაჭარბებამ შესაძლოა რეფორმატორებისა და მათ მიერ შეთავაზებული რეფორმების მიმართ სერიოზული უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. ლ. ბალცეროვიჩი, პოლონეთის ეკონომიკური რეფორმის ერთერთი არქიტექტორი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა „ექსტრაორდინარულ პოლიტიკას”. ბალცეროვიჩის თანახმად, გადატრიალებისთანავე დაწყებული რადიკალური ეკონომიკური პროგრამა უფრო იოლად გავა, ვიდრე სხვა რომელიმე დაგვიანებული რადიკალური პროგრამა ან არარადიკალური ალტერნატივა, რომელიც მძიმე ღონისძიებებს ნელნელა გაატარებს. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „მწარე წამლის ერთბაშად მიღება უფრო იოლია, ვიდრე ხანგრძლივად, რამდენიმე დოზად“2.

ბალცეროვიჩის თეორია იმ ვარაუდს ეყრდნობა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში უცხოური ბატონობისგან გათავისუფლება განსაკუთრებულ განწყობილებას და შესაბამის პოლიტიკურ შესაძლებლობებს წარმოშობს. აქედან გამომდინარე, მთავრობას ისეთი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ეძლევა, რასაც ნორმალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში ვერ მიიღებს.

ამ თვალსაზრისით, კრიზისი იმდენად კრიზისი არ არის, რამდენადაც ხელსაყრელი შესაძლებლობა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილება ცხადყოფს, რომ სოციალურ უკმაყოფილებათა გამოხატვის (დემონსტრაციები და გაფიცვები) ინტენსივობა მიმდინარე ეკონომიკურ პროგრამასთან არაფერ შუაშია. სინამდვილეში, ნაგვიანევად მიღებულ საჭირო გადაწყვეტილებას შესაძლებელია სერიოზული უარყოფითი რეაქცია მოჰყვეს, რაც დროულად გადაწყვეტის შემთხვევაში არ მოხდება. რეფორმის დროს დროის ფაქტორი ყველაზე მთავარია.

დროულად მიღებულმა სწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ქვეყნის წარმატება განაპირობოს და სწრაფი განვითარების შედეგად ელექტორატის დიდი კმაყოფილება გამოიწვიოს. დაგვიანებული სწორი გადაწყვეტილებები სწორივე რჩება, მაგრამ შედეგები ხშირად ისეთივე წარმატებული აღარ არის.

ხელსაყრელი მომენტი ხანგრძლივი არ არის. ის სწრაფად აძლევს გზას მოპაექრე პარტიებისა და დაინტერესებული ჯგუფების იმ პოლიტიკას, რომელიც უფრო რეალურია. ეს კი დემოკრატიის პირობებში სრულიად ბუნებრივია. პარტიები ყოველთვის ისეთ დღის წესრიგს, ისეთ იდეოლოგიურ პროფილს ეძებენ, რომელიც ამომრჩეველთა პრაქტიკულ ინტერესებს უფრო მეტად დაიცავს. ამ დროს რადიკალური გადაწყვეტილებების გატანა ძნელდება და, ბუნებრივია, რეფორმის ტემპიც ნელდება.

თუ გარდამავალი ქვეყნები, ექსტრაორდინარული პოლიტიკის პერიოდს რადიკალური ეკონომიკური პროგრამების დასაწყებად ვერ გამოიყენებენ, მათ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობა მაინც მიეცემა, მაგრამ უფრო რთულ ეკონომიკურ პირობებში. იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებენ, მაკროეკონომიკური არასტაბილურობის, გადაჭარბებული და ქაოსური სახელმწიფო მმართველობისა და მასიური კორუფციის საფრთხე ემუქრებათ.

ამ ქვეყნებს მეორე შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მიეცემათ, როდესაც ხელისუფლებაში მოსული პარტიები საბოლოოდ დამარცხდებიან. მაგრამ თუ ამ შესაძლებლობასაც ხელიდან გაუშვებენ, ძალიან გაჭირდება ხალხის დაყოლიება, რომ ორჯერ უშედეგოდ გადატანილ ტანჯვაწამებას კიდევ ერთხელ გაუძლონ.

თუ ძირითადი რეფორმები შედარებით მოკლე დროში უნდა გატარდეს, მოსამზადებელი პერიოდიც ხანმოკლე იქნება. ამიტომ, შემოღებული კანონები უკიდურესად უნდა გამარტივდეს. კონკრეტული გადაწყვეტილებების გასატარებლად საჭირო რესურსები შეზღუდულია. ანდერს ასლუნდი გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკის კვლევისას დაბეჯითებით იმეორებს, რომ ეს შეზღუდვები სიმარტივეს მოითხოვს.3

ესტონეთი ცდილობდა ყველა ეს გამოცდილება გამოეყენებინა. ორი მთავარი გაკვეთილი ჩვენივე რეფორმის პროცესში ვისწავლეთ. ერთი ის, რომ ჯერ პოლიტიკაზე უნდა ვიზრუნოთ და მერე ეკონომიკური რეფორმა გავატაროთ. მეორე კი ის, რასაც ცნობილი სარეკლამო სლოგანი ამბობს: „Just do it“ (მხოლოდ გააკეთე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეფორმის დასაწყებად და ბოლომდე მისაყვანად გადამწყვეტ მოქმედებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ეს ცოტა მტკივნეული იყოს.

პირველ რიგში პოლიტიკისთვის უნდა მიგვეხედა, რადგან რადიკალური რეფორმები რომ წამოგვეწყო და გაგვეტარებინა, ლეგიტიმური კონსენსუსი გვჭირდებოდა ცლილებებისთვის. კონსენსუსი მხოლოდ დემოკრატიის გზით მიიღწევა, რომელიც რეგულარული პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციონალურ სტრუქტურებს და თავისუფალ და პატიოსან არჩევნებს ეყრდნობა. ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად საჭირო იყო კავშირის გაწყვეტა აშკარად ტოტალიტარულ წარსულთან, მის სტრუქტურებთან და მის წარმომადგენლებთან.

პირველი ნაბიჯებისავალუტო რეფორმა და მაკროსტაბილიზაცია

ესტონეთში რეფორმები ისევე დაიწყო, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში (რომლებსაც „გარდამავალ ქვეყნებსაც” უწოდებენ), თუმცა ზოგან შესაძლოა გაცილებით უარესადაც. ცენტრალური ევროპის ქვეყნებში რეფორმები უფრო ადრე დაიწყო – 1989-90 წლებში, ესტონეთში კი 1991-92 წლებში. დროის დაკარგვას კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ, ესტონეთის ეკონომიკა კიდევ უფრო განადგურდა.

ესტონეთში პირველი რეალური რეფორმა 1992 წლის ზაფხულში გატარებული სავალუტო რეფორმა იყო. საკუთარი ვალუტის შემოღებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თავიდან ეს ძალიან შორეულ ოცნებად გვეჩვენებოდა. სავალუტო რეფორმის მომხრეები რეფორმის სხვადასხვა გზას გვთავაზობდნენ, მაგრამ ყველა მათგანი სამ რამეს ისახავდა მიზნად: აღმოსავლეთის ინფლაციიის ზეგავლენის აღმოფხვრა, მოთხოვნამიწოდებაზე დაფუძნებული გაწონასწორებული სავალუტო კურსის გარანტია და ნაღდი ფულის კრიზისის დაძლევა.

ესტონეთმა სავალუტო რეფორმა 1992 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან პირველმა შემოიღო საკუთარი ვალუტა. სავალუტო სისტემის დახმარებით ესტონური კრონა გერმანული მარკით იყო გამყარებული და პირველივე დღიდან სრულად კონვერტირებადი. გაცვლის კურსის ისეთ მყარ ვალუტასთან მიბმამ, როგორიც გერმანული მარკა იყო, ესტონეთის ეკონომიკისადმი ნდობა აღძრა. მაგრამ სავალუტო სისტემა რომ სარგებლიანი ყოფილიყო, ესტონეთს ბიუჯეტიც უნდა დაებალანსებინა. ერთერთი პოლიტიკური სლოგანის არ იყოს, ბიუჯეტის დაბალანსება პოპულარული იყო, მაგრამ მისი განხორციელება არა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში პირველი „შოკური თერაპია“ ფასების გათავისუფლება იყო, ესტონეთში კი – 1992 წლის ბიუჯეტის დაბალანსება. ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრაზე აგებული პრიორიტეტი არა მარტო ეკონომიკური თეორიის თვალსაზრისით იყო სწორი, არამედ პრაქტიკულად უიმედო მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთ გზას წარმოადგენდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მიუთითებდა, რომ სავალუტო რეფორმა წარმატებას ვერ მიაღწევდა თუ ბიუჯეტი მკაცრად არ გაკონტროლდებოდა.

1992 წლის სექტემბერში ახლად არჩეულმა მთავრობამ სწორედ ეს დაისახა მიზნად. მთავრობა, რომელსაც „Pro Patria Union“ ედგა სათავეში, იმ ჯგუფებისა და პარტიებისგან შედგებოდა, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდნენ და, ამიტომ, კომუნისტურ წარსულთან კავშირის გაწყვეტა მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი. მთავრობის წევრები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. მე, როგორც ესტონეთის ახლად არჩეული პრემიერმინისტრი, 32 წლის გახლდით, ბევრი მინისტრი კი ჩემზე ახალგაზრდა იყო. სხვა ახალგაზრდების მსგავსად, არც ჩვენ ვიცოდით რა იყო შესაძლებელი და რა არა, ამიტომ შეუძლებელს ვაკეთებდით.

მთავრობის სამოქმედო გეგმის შემუშავება კოალიციური მთავრობის შექმნის შემდეგ დაიწყო. რადიკალური რეფორმების პროგრამის დაწყება „რიგიკოგუ“-ში (ესტონეთის პარლამენტი) მტკიცე და სტაბილური უმრავლესობის გარეშე შეუძლებელი იყო. უმრავლესობის რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან „პრო პატრიას” მთავრობას ერთი ხმის უპირატესობა ჰქონდა. მთავარი იყო, მას ემუშავა. ამისთვის კი კოალიციის წევრებს თავისი ამოცანა და მთავრობის დღის წესრიგი უნდა სცოდნოდათ.

ჩვენი მთავარი ამოცანა კოალიციური შეთანხმების მიღწევა იყო, რის შედეგადაც კოალიციის წევრებმა არა მარტო ადგილები გაინაწილეს მთავრობაში არამედ, სამოქმედო გეგმაც ნათლად წარმოადგინეს. კოალიციის ყველა წევრმა მოაწერა ხელი შეთანხმებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ესტონეთის ეკონომიკური რეფორმების ასამოქმედებლად. მაშინაც კი, როდესაც მთავრობის გადაწყვეტილებებს მძაფრად უტევდა ოპოზიცია, მთავრობას საკმარისი ურავლესობა ჰყავდა პარლამენტში საჭირო კანონმდებლობის გასატანად.

ამომწურავი გეგმის შემუშავებას რამდენიმე კვირა დასჭირდა, რაშიც ესტონელებს რამდენიმე უცხოური არასამთავრობო სამეცნიერო ცენტრი დაეხმარა: „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ადამ სმითის ინსტიტუტი და შევედეთის „ტიმბრო“. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ესტონეთის პირველ არასამთავრობო სამეცნიერო ცენტრებს, რომლებიც უფრო ადრე შეიქმნა იმავე პარტიების მიერ, რომლებიც ისის იყო მთავრობაში მოვიდნენ. ამ ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე უმთავრესად ამ ინსტიტუტებმა წარმოადგინეს და განიხილეს რეფორმის გეგმა და ხალხს დეტალები გააცნეს. ამ ცენტრების გარეშე ალბათ შეუძლებელი იქნებოდა მთავრობის სამოქმედო გეგმის სწრაფად და ეფექტიანად შემუშავება.

სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ვემზადებოდით და ამის შესაძლებლობაც მოგვეცა. ბიუჯეტის ბალანსი სუბსიდიებისა და მთავრობის რადიკალურ შემცირებას მოითხოვდა. ეს შემცირებები არაპოპულარული იყო, მაგრამ მათი განხორციელება შევძელით, რადგან კოალიციური შეთანხმების წყლობით კოალიცია ბიუჯეტის ბალანსს უმნიშვნელოვანეს ამოცანად განიხილავდა.

ბიუჯეტის განხილვაში ოპოზიციის ჩართვაც ვცადეთ, მაგრამ, როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც ხდება, მათ თანამშრომლობა არ ისურვეს. ამის ნაცვლად, საპარლამენტო ბარიერებითა და ქუჩის აქციებით აქტიურად გამოდიოდნენ შემცირებების წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში მთავრობას გარანტიები სჭირდებოდა, რომ უმრავლესობიდან ყველა მხარს დაუჭერდა. ამიტომ, ზედმეტ დისკუსიებზე დრო აღარ დაგვიკარგავს (ერთხელ, მნიშვნელოვანი კანონმდებლობისთვის ხმის მისაცემად პარტიის ერთერთი წევრი, რომელმაც ისის იყო იმშობიარა, სამშობიაროდან პირდაპირ პარლამენტში გადავიყვანეთ).

რეფორმები ნაწილნაწილ კი არ უნდა გატარდეს, არამედ რაც შეიძლება დიდი დოზით. პოლიტიკური ამტანობა დიდი და პატარა რეფორმის დროს ერთნაირია. რამდენიმე თვეში უამრავი საჭირო კანონი შემოვიღეთ და ბიუჯეტი დავაბალანსეთ. ამის შემდეგ დავადგინეთ, რომ ესტონეთის პარლამენტში მხოლოდ დაბალანსებული ბიუჯეტი უნდა შესულიყო. ამან საშუალება მისცა მთავრობას მომდევნო დაბალანსებული ბიუჯეტები უფრო იოლად გაეტანა. დაბალანსებული ბიუჯეტი ესტონეთის ერთერთი საფირმო ნიშანი გახდა.

მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა ესტონეთმა უპირველეს ამოცანად დაისახა. ამ მიზნის მიღწევა სავალუტო პოლიტიკას, ვალუტის კურსის ხელოვნურად შეკავების მკაცრად შეზღუდვას და დაბალანსებულ ბიუჯეტს გულისხმობდა. მკაცრი ფინანსური შეზღუდვების პირობებში მთავრობა უფრო იოლად წყვეტდა, როგორ უნდა ემოქმედა. მთავრობას მხოლოდ ხარჯების შემცირებით შეეძლო ბიუჯეტის დაბალანსება, რადგან არც ფულის დაბეჭდვა შეეძლო და ვერც სხვაგვარად გაზრდიდა ფულის მასას. ბიუჯეტის დასაბალანსებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სესხი შესთავაზა, მაგრამ მთავრობამ გადაწყვიტა ესტონეთის მომავალი რადიკალურ რეფორმებზე აეგო და არა სესხებზე.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების სუბსიდიები ცუდ პოლიტიკად მიიჩნიეს და გააუქმეს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახალი კერძო კომპანიების გასავითარებლად, რადგან სუბსიდიები ძველ, ზოგჯერ დრომოჭმული წარმოების სტრუქტურებს არსებობას უხანგრძლივებს და ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებების გატარებას ხელს უშლის. სუბსიდიების გაუქმება მარტივად და ნათლად ატყობინებდა საბჭოთა საწარმოო დინოზავრებს, რომ თუ არ ამოქმედდებოდნენ, ვერ იარსებებდნენ. როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, უმრავლესობამ ამოქმედება ირჩია.

კოლიციური შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დროს პარტნიორებთან და საზოგადოებასთან გულწრფელობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ არ დაგვიმალავს, რომ რეფორმის პირველი ხუთი წელი უაღრესად რთული იქნებოდა, ამიტომ, იმ პარლამენტის წევრებს, ვინც ასეთი ზომების გატარებას ხმას მისცემდა, უნდა სცოდნოდათ რა მოხდებოდა. ამ გზით კოალიციამ სულ ცოტა წელიწადნახევრის მანძილზე ერთსულოვნება შეინარჩუნა.

სამთავრობო კოალიციას კარგად ესმოდა, რომ ერთადერთ გამოსავალს ჩვენ მიერ დასახული გეგმის განხორციელება წარმოადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ამაოდ მოითმენდა იმ გაჭირვებას, რაც ეკონომიკის სტაბილიზაციას ახლავს თან.

ესტონეთში ცხოვრების დონე გაუარესდა, სამრეწველო წარმოებამ და სოფლის მეურნეობის პროდუქციამ იკლო, მშპ შემცირდა. ამიტომ, თითოეული წარმატებული ნაბიჯის გადასადგმელად ძველი, არაეფექტიანი, ხელოვნურად გახანგრძლივებული ეკონომიკის ნგრევა და საბაზრო ეკონომიკის „უხილავი ხელის” დამკვიდრება იყო საჭირო.

1993 წელს ამ ღონისძიებათა პირველი შედეგები გამოჩნდა. მაკროეკონომიკური ვითარება დასტაბილურდა. 1992 წელს თუ ინფლაციის დონე 1000 პროცენტს შეადგენდა 1993 წელს ის 89.8 პროცენტამდე ჩამოვიდა, 1995 წელს კი – 29. ეკონომიკამ აღმოსავლურიდან დასავლურისკენ აიღო გეზი და ექსპორტი სწრაფად გაიზარდა. ამ სასიკეთო ძვრებმა რეფორმის მეორე ეტაპზე გადასვლის დიდი შესაძლებლობა მოგვცა და ესტონეთი ხანგრძლივი რეალური განვითარების გზაზე დააყენა

საჯაროობა

რეფორმის პირველი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა ერთერთი გადამწყვეტი მომენტი იყო. პირველ ეტაპზე მთავრობის ამოცანები შედარებით მარტივი იყო და უმეტესად არსებული რთული ვითარებით განპირობებული. მეორე ეტაპზე არჩევანის თავისუფლებაც გაიზარდა და ამ არჩევანის შედეგებიც. პირველ ეტაპზე მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევა ნებისმიერ პატარა გუნდს შეეძლო რეფორმების ზემოდან ქვემოთ განხორციელების გზით, მეორე ეტაპზე კი პროცესი უფრო მეტი ხალხის ჩაბმას, გულმოდგინებას და დამოკიდებულების შეცვლას მოითხოვდა.

მაკროეკონომიკის შოკურმა თერაპიამ ხალხი გამოაფხიზლა. ამ მეორე ეტაპზე საჭირო იყო მათთვის ახალი იმედის ჩასახვა, ახალი პერსპექტივების და ახალი შესაძლებლობების გადაშლა. დამოკიდებულების შეცვლის გარეშე პოსტკომუნისტური სირთულეები მახედ იქცეოდა და ხალხი ვერც წინსვლას შეძლებდა და ვერც კანონის უზენაესობას დაქვემდებარებული თავისუფალი მთავრობისა და თავისუფალი ბაზრის მქონე „ნორმალურ“ ქვეყნად გადაქცევას.

საბჭოთა კავშირის მიერ თავსმოხვეული სოციალიზმის დროს ხალხი დამოუკიდებელ აზროვნებას, ინიციატივის გამოჩენას და რისკის გაწევას არ იყო მიჩვეული. ბევრს დასჭირდა იმ ილუზიიდან გამოყვანა, რომ მათი პრობლემები სხვებს უნდა გადაეჭრა, რაც პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის იყო დამახასიათებელი. საჭირო იყო ხალხის დამუხტვა, ამოძრავება, იძულება, რომ გადაწყვეტილება თვითონ მიეღოთ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზეც აეღოთ. ეს პრინციპი არაპოპულარული აღმოჩნდა, მაგრამ მან ხალხის დამოკიდებულება შეცვალა.

ამიტომ, ესტონეთს გზა უნდა გამოენახა, რომ ხალხს ბიზნესის წარმოების სხვა შესაძლებლობა მისცემოდა. ამისთვის საჭირო იყო მსოფლიო ბაზრის კარი გაგვეღო, კონკურენციისთვის ხელი შეგვეწყო და უცხოური ინვესტიციები მოგვეზიდა. ზოგს ასეთი ღია ეკონომიკა აშინებდა. ამიტომ, მთავრობას უნდა ეჩვენებინა გზა.

ესტონეთის მცირე, ღია ეკონომიკა ისტორიულად ვაჭრობაზე იყო აგებული. საბაზრო ეკონომიკაზე უმტკივნეულოდ და სწრაფად გადასასვლელად ღია ეკონომიკას ბევრი უპირატესობა გააჩნია. ის ხელს უწყობს ბაზარზე რესურსების განაწილების ორიენტირებულ რაციონალურ პროცესებს, ნერგავს კონკურენციას, ქვეყანას პრიორიტეტების მიხედვით სპეციალიზაციის საშუალებას აძლევს და გამარჯვებულის გამოვლენის უფლებას კი ბაზარს ანიჭებს და არა მთავრობას. ღია პოლიტიკა გამჭვირვალე გარემოს ქმნის, რაც მწარმოებლებს ბაზარზე აშკარა ორიენტაციის საშუალებას აძლევს. ამასთნ ერთად, ის ხელს უწყობს საიჯარო ხელშეკრულებების შემოღებას, რაც გარდამავალ ქვეყნებში კვალიფიციური, მაგრამ დაბალანაზღაურებადი მუშახელისთვის ხელსაყრელია.

ამასთანავე, ესტონეთმა სატარიფო და არასატარიფო ბარიერები შეამცირა და ყველა საექსპორტო შეზღუდვა გააუქმა, რამაც ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის ზონად აქცია. თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა, ერთი მხრივ, იმ ფაქტმა განაპირობა, რომ, როგორც დავინახეთ, ტარიფის დაცვა ძირითადად იმ სექტორებისთვის არის ხელსაყრელი, რომელიც პოლიტიკურად არის მოწყობილი და არა იმ სექტორებისთვის, რომელიც ყველაზე მეტად არის საჭირო.

ღია პოლიტიკა მეტად წარმატებული აღმოჩნდა, რამაც ხელი შეუწყო კონკურენციას, რეკონსტრუქციას და ზრდაგანვითარებას. ასეთმა პოლიტიკამ ბევრი ახალი კომპანია შესძინა ესტონეთს, რომლებმაც ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული ქარხნები გახსნეს. რასაკვირველია, ასეთ პოლიტიკას მწვავე პროტესტი, დემონსტრაციები და „ეკონომიკის სტარტეგიული ნაწილისა“ და „ადგილობრივ მეწარმეთა“ დაცვის მოთხოვნები მოჰყვა.

ჩვენ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით ასეთ პროტესტს და სწრაფად ვახორციელებდით რეფორმას. რაკი ღია პოლიტიკის პირველი შედეგები გამოჩნდა, რეფორმების უკუქცევა უკვე ძნელი იყო. ღია პოლიტიკა მუდამ არაპოპულარულია, მაგრამ არავის სურს იმ სისტემის შეჩერება, რაც მუშაობს.

ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ესტონეთია, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უკეთესი ალტერნატივა იყო ვიდრე სესხის აღება ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, როგორიც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდია. ჯერ ერთი, განვითარების ფონდის დახმარება რომ აგვეღო, ქვეყანა ისევ ჩამორჩენილთა რიგებში უნდა დარჩენილიყო. განვითარების ფონდის დახმარება შესაძლოა დრომოჭმული ტექნოლოგია ან დრომოჭმული რეკომენდაციები ყოფილიყო, რაც თანამედროვე ქვეყნებს უკვე ვერაფერს შველის. ასეთი დახმარებები გარდამავალ ქვეყნებს შესაძლებლობას ართმევს ჩამორჩენილობა განვითარების პლაცდარმად გამოიყენონ.

პირდაპირ გეტყვით, თუ დახმარება გინდათ, ვაჭრობაში შეგვიწყეთ ხელი და მეტი არაფერი. ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა, მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა. როდესაც გადაწყვეტილება ხალხს გავაცანით, ყურადღება ეროვნულ სიამაყეზე გავამახვილეთ და მათ მშვენივრად გაგვიგეს.

მართალია, უცხოური ინვესტიციები ყველა გარდამავალ ქვეყანას ერთნაირად აინტერესებს, მაგრამ ყველა სხვადასხვა შედეგს აღწევს. ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს უცხოელი ინვესტორი ნებისმიერი სატყუარათი მიიზიდოს, მაგალითად გადასახადებისგან გათავისუფლების, პრივილეგიების, განსაკუთრებული უფლებების შეთავაზებით. ალტერნატიულია ისეთი ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც ერთნაირ სარგებლობას მოუტანს ადგილობრივ ინვესტიციებსაც და უცხოურსაც.

ესტონეთმა მეორე გზა ირჩია. თავიდან ბევრი ლაპარაკი იყო ასეთი მიდგომის შესახებ, მაგრამ რადგან კოალიციის შეთანხმებაში ასე გვეწერა, საქმე სწრაფად გადაწყდა. რამდენიმე წელიწადში დადებითი შედეგები გამოჩნდა და არავის აღარ სურდა მისი შეცვლა.

მიწის გაყიდვის კანონის მიღებამ უცხოელი ინვესტორების უსაფრთხოების მეტი გარანტიები და საკუთრების უფლების დაცვა უზრუნველყო. ამასთანავე, გაუქმდა ზოგიერთი უცხოელი ინვესტორის განსაკუთრებული პრივილეგიები, რამაც სტიმული მისცა სხვა ინვესტიციებს. მალევე, 1993-94 წლებში, ესტონეთი, რომელსაც მანამდე უცხოელი ინვესტორები სულ არ იცნობდნენ, ყურადღების ცენტრში მოექცა. მთავრობა სისტემატურად ზრუნავდა ესტონეთის რეპუტაციის ამაღლებაზე, რამაც აგრეთვე ხელი შეუწყო უცხოური ინვესტიციების ზრდას.

ამის შედეგად, 1990-იან წლებში ესტონეთმა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი უცხოური ინვესტიცია მიიღო, ვიდრე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანამ. უცხოური ინვესტიციების დიდმა ნაკადმა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა განაპირობა, მოხდა ძველი ქარხნების რეკონსტრუქცია, ახალი ცნობიერება და ახალი ტექნოლოგიები შემოვიდა და ესტონეთი უფრო თამედროვე და უფრო კონკურენტუნარიანი გახდა.

მგრამ ქვეყანამ ნამდვილ წარმატებას რომ მიაღწიოს, გარდამავალ ეპოქაში მხოლოდ მსოფლიოს კი არ უნდა გაუღოს ბაზარი, არამედ საკუთარ ხალხსაც და დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების შენებას უნდა შეუწყოს ხელი. ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ისეთი ნაბიჯების გადადგმას, როგორიც არის საზოგადოებაში დიალოგისა და პარტნიორობის დანერგვა. ფაქტობრივად ეს სამმხრივი დიალოგი იყო სახელმწიფოს, დამსაქმებელთა და დასაქმებულ ადამიანებს შორის. 1992-93 წლებში მთავრობამ მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის დროინდელი პროფკავშირების თავისუფალ პროფკავშირებად გარდაქმნას. ამან ხელი შეუწყო მთავრობასა და ხალხს შორის დიალოგის გამართვას და თავიდან აგვაცილა დიდი პროტესტები და დემონსტრაციები, განსაკუთრებით, რეფორმის პირველ მტკივნეულ პერიოდში.

სამმხრივი მოლაპარაკებების დროს მთავრობამ დანარჩენ ორ მხარეს ესტონეთის არსებული ვითარება გააცნო. მოლაპარაკებების დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყველაზე რთული პროლემების ყურადღების ცენტრში მოქცევას და ახალი პრიორიტეტების შექმნას. მაგალითად, როდესაც შევთანხმდით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, ძალიან ადვილი გასაგები გახდა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო.

პროფკავშირები გაგებით მოეკიდა იმ საკითხს, რომ, მართალია, ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა, მაგრამ პრივატიზაცია არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა იყო, რადგან თუ საწარმოების პრივატიზება და რეკონსტრუქცია არ მოხდებოდა, საწარმოს ყველა მუშა დაკარგავდა სამუშაოს.

სამაგიეროდ, პროფკავშირებს საპრივატიზაციო შეთანხმების ერთერთ პირობად პრივატიზებულ საწარმოში ამა თუ იმ რაოდენობის სამუშაო ადგილების გარანტიების მოთხოვნის საშუალება ეძლეოდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პროფკავშირებისთვის კარგად აეხსნათ, რომ მათ მთავრობაში შეღწევა და მთავრობასთან რეგულარული დიალოგის შესაძლებლობა ექნებოდათ.

ამ ნაბიჯების გადადგმამ ძირეულად შეცვალა ხალხის მენტალიტეტი და დამოკიდებულება, რამაც მტკიცე საფუძველი მოუმზადა ესტონეთის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ხალხი საკუთარი აზრის გამოთქმას და გადაწყვეტილებების მიღებაზე აქტიური ზემოქმედების მოხდენას მიეჩვია. ისინი მიხვდნენ, რომ მათი მომავალი საკუთარ აქტივობაზე იყო დამოკიდებული. მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობა, თუნდაც ისინი ხშირად აკრიტიკებდნენ რეფორმატორ მთავრობას. პრესის თავისუფლებას არსებითი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე საზოგადოებისთვის. მის გარეშე საზოგადოებას ფუნქციონირება არ შეუძლია. გარდაქმნის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია დემოკრატიის დამყარება საზოგადოების ყველა დონეზე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაქმნის შედეგები უკუღმა აღარასოდეს შეტრიალდება.

კანონის უზენაესობა

ეკონომიკური სივრცის მარეგულირებელი კანონმდებლობის გარეშე რადიკალური რეფორმები ვერ განხორციელდება. მართალია, კანონის უზენაესობა მუდამ იყო და ახლაც არის თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ერთერთი საყრდენი, მაგრამ ზოგიერთ გარდამავალ ქვეყანაში დროულად ვერ მიხვდნენ მის მნიშვნელობას. ზოგს მიაჩნდა, რომ გადამწყვეტი რეფორმების განხორციელება სათანადო კანონმდებლობის გარეშეც მოხერხდებოდა, მხოლოდ მთავრობის დადგენილებების საფუძველზე ან, უბრალოდ, ძველი სტრუქტურები თავისით დაიშლებოდა ახალი კანონმდებლობისა და ინსტიტუტების შექმნის გარეშე.

სამწუხაროდ, ზოგიერთ გარდამავალ ქვეყანაში პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა სასწაულებრივად შექმნიდა დოვლათს მკაფიო კანონმდებლობის შექმნისა და მთავრობის მიერ ასეთი კანონმდებლობის ამოქმედების გარეშე. ხშირად ისინი სათანადო ყურადღებას არ უთმობდნენ მთავრობის განახლებას და გაძლიერებას (და არა გაზრდას).

თუმცა მხოლოდ კარგი კანონმდებლობა არ კმარა. ყველა გარდამავალმა ეკონომიკამ ეფექტიანი ინსტიტუტები უნდა შემოიღოს, რომ მათი ახალი კანონმდებლობა ქაღალდზე კი არ დარჩეს, არამედ პრაქტიკულად ამოქმედდეს. ოფიციალური სამართლებრივი სისტემები კანონმდებლობის ინტერპრეტაციას და სისრულეში მოყვანას მოსამართლეებს, პროკურორებს, არბიტრებს, სასამართლო მოხელეებს და კერძო სამართლის სპეციალისტებს აკისრებს. ამ სისტემების განვითარება და დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია რეფორმის წარმატებისთვის, რადგან ის ეფექტიან სამოქალაქო სამსახურს ქმნის.

კანონის უზენაესობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან, გარდამავალი ეკონომიკის ერთერთ ყველაზე საშინელ მანკიერებასთან ბრძოლისთვის. კორუფცია იმ დროს ყვავის, როდესაც სახელმწიფო მოხელეს ან კერძო პირს ქრთამის აღებით უფრო მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე დასაკარგი, ზუსტად ასეთი ვითარებაა გარდამავალი ქვეყნების უმრავლესობაში. ბუნდოვანი ან გაუმჭვირვალე კანონები, მძიმე დებულებები და ყოვლისმომცველი კონტროლი ოფიციალურ პირებს უდიდეს ძალაუფლებას, ქრთამის აღების მრავალ შესაძლებლობას და საზოგადოებრივი სიმდიდრის მითვისების ფართო მასშტაბს სთავაზობს.

ესტონელთა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კორუფციასთან და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი გზა საბაზარო ეკონომიკის რეფორმების განხორციელება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და კანონის უზენაესობაა.

ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ კონკურეციას ზრდის, კორუფციულ ქმედებას ამცირებს. საგარეო ვაჭრობაზე კონტროლის შემცირება, კერძო მრეწველობაზე შემზღუდველი ბარიერების მოხსნა და სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია კონკურენციას წარმოშობს და ხელს უწყობს კორუფციასთან ბრძოლას. თუ კანონები გამჭვირვალე და ნათელია, თუ სახელმწიფოს უფლებამოსილებაში არ შედის ბიზნეს ლიცენზიების გაცემა და ექსპორტიმპორტის შეზღუდვა, მაშინ ამ სფეროებში ქრთამის მიცემის არავითარი შესაძლებლობა არ იქნება. სუბსიდიების, „შეღავათიანი“ სესხების და სხვა მსგავსი პრივილეგიების გაუქმებაც მექრთამეობის სტიმულს მოსპობს.

ასეთი მეთოდებისა და პოლიტიკის გამოყენებით ესტონეთი წარმატებით ებრძოდა კორუფციას და ორგანიზებულ დამნაშავეობას. ნაციონალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის გზის გახსნა და რეალური რეფორმების განხორციელება საუკეთესო გზაა ნაცნობმოყვარეობაზე აგებული კაპიტალიზმის თავიდან ასაცილებლად. შესაძლოა, რეფორმის პირველ წლებში ზოგიერთი სფერო ძალიან საჭიროდ არ გვეჩვენებოდეს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყურადღება და რესურსები არ მოაკლდეს იურიდიულ რეფორმას, კანონმდებლობისა და პოლიციის რეფორმას და ეფექტიანი და გამჭვირვალე ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას. ეს სფეროები ესტონეთმა რეფორმის პრიორიტეტულ სიაში შეიტანა, რის შედეგადაც გარდამავალ ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლებ კორუმპირებულ ქვეყნად იქცა და კორუფციის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს ვიდრე ევროკავშირის სხვა წევრებს.

ბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საბანკო რეფორმას. ბანკები ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. თუ იქ ორგანიზებული დამნაშავეობა მოიკიდებს ფეხს, ის მალე მთელ მსოფლიოშიც გავრცელდება. ფულის გათეთრება, შავი ფული და ყოველგვარი თაღლითური ოპერაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოშორდეს საბანკო სისტემას. მთავრობა უაღრესად ფხიზელი და შეუვალი უნდა იყოს ამ საკითხთან მიმართებაში, რადგან ბნელი წარმომავლობის ფულს მუდამ ბნელი ხალხი მოსდევს.

ესტონეთმა ყველა სახელმწიფო ბანკი გააუქმა და კერძო ბანკებს გაუხსნა გზა. ბანკები ერთმანეთთან კონკურენციაში უნდა ყოფილიყვნენ და, თუ საჭირო იყო, მათი გაკოტრების უფლება უნდა ჰქონოდათ. ასეთი სუფთა დამოკიდებულების შედეგად ესტონეთის საბანკო სისტემა საუკეთესოა ბალტიისპირეთში და გაცილებით ნაკლებად კორუფციული ვიდრე ევროკავშირის სხვა ახალი წევრიქვეყნების საბანკო სისტემები.

საკუთრების რეფორმა

ეკონომიკური გარდაქმნის საფუძველი კერძო საკუთრებაზე გადასვლაა. კერძო საკუთრების გარეშე საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ვერ მოხერხდება. უსაფრთხო, ძლიერი საკუთრების უფლების მქონე თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლის სხვადასხვა გზა არსებობს: საკუთრების ძველი მფლობელებისთვის დაბრუნება, არსებული სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და კერძო ბიზნესის ხელახლა წარმოქმნა. რეფორმატორებისთვის მთავარი პრივატიზაციის რაოდენობა კი არ იყო, არამედ ის, თუ როგორ და როდის უნდა მომხდარიყო პრივატიზაცია.

რეალურად პრივატიზაცია პოპულარული არ არის. ის ხმებს ვერ აგროვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრივატიზაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დრო არ არის, თანაც სულერთია, ისინი მაინც წინააღმდეგი იქნებიან.

საკუთრების რეფორმას და პრივატიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ნათლად ჩამოყალიბებულ საკუთრების უფლებას არსებითი მნიშვნელბა აქვს ეკონომიკის ჭეშმარიტი რეფორმისთვის. ეს ორი რეფორმა აუცილებელი წინაპირობაა ბაზრის ფუნქციონირებისთვის და ერთადერთი გზა ხალხისა და ბიზნესის დამოკიდებულების შესაცვლელად. ის მათ უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ცვლილებების დასაწყებად აძლევს ბიძგს. ფაქტობრივად პრივატიზაციის უმნიშვნელოვანესი ამოცანა მოგების მაქსიმიზაცია კი არ არის არამედ ეკონომიკაში ასეთი ცვლილების დაწყება.

ეს რომ ასე მოხდეს, საკუთრების უფლების აშკარა გარანტიები და სათანადო სამართლებრივი პირობებისა და ინსტიტუტების შექმნაა საჭირო. საკუთრების კანონმდებლობას ინტერპრეტაცია აღარ უნდა სჭირდებოდეს. მაგრამ ამ ამოცანის შესრულება იოლი არ არის, რადგან ქონებრივი ურთიერთობანი კანონმდებლობის ერთერთი ურთულესი საკითხია მუდამ. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ვითარება, რომ ასეთი კანონები სწრაფად არის მისაღები, ძველი ქონებრივი ურთიერთობანი წინააღმდეგობაში რომ არ მოვიდეს ახალთან.

ესტონეთში პირველად 1990 წელს მივიღეთ კანონი საკუთრების რეფორმის შესახებ, სადაც ჯერ კომუნისტური ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული და ნაციონალიზებული ქონების თავდაპირველი, კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებაზე ვამახვილებდით ყურადღებას. იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ საკუთრების დაბრუნება შეუძლებელი იყო, ხალხს კომპენსაციას ვაძლევდით, მაგრამ ფულადს კი არა, არამედ საპრივატიზაციო ვაუჩერების სახით. ამ ვაუჩერებით მათ პრივატიზებული კომპანიის ან მიწის მინორიტარული (საკონტროლო პაკეტის გარეშე) წილის ყიდვა შეეძლოთ. დანარჩენი ქონების პრივატიზაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა რომელი ქონება უნდა დაებრუნებინათ კანონიერი მფლობელებისთვის. მიწისა და ბინების პრივატიზაციისას ის ვაუჩერები გამოიყენეს, რომელიც ადრე დაურიგეს ხალხს. უამრავი ადამიანი უცბად იქცა კერძო საკუთრების მფლობელად.

ეს რთული პროცესი იყო. მემარცხენე პარტია მწვავედ აპროტესტებდა ასეთი ზომების გატარებას და მიტინგებს მართავდა, მაგრამ ჩვენ სიმტკიცე გამოვიჩინეთ და პროცესი დავაჩქარეთ. რაკი ხალხი საკუთრების მფლობელი გახდა, ამ პროცესის უკუქცევას მხოლოდ ძალის გამოყენებით თუ შეძლებდნენ. როგორც ყველა რეფორმაში, საკუთრების რეფორმის დროსაც სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამავე დროს ისეთი კანონების მიღებაა საჭირო, რაც საკუთრების უფლების რეალურ დაცვას არა მხოლოდ თეორიულად უზრუნველყოფს, არამედ პრაქტიკულადაც.

მსხვილი ობიექტების პრივატიზაცია ესტონეთის საპრივატიზაციო სააგენტომ ღია აუქციონზე განახორციელა. უმეტეს შემთხვევაში თითოეული კომპანიის საკონტროლო პაკეტის მქონე წილი ერთ მთავარ მყიდველს გადაეცა, მინორიტარული აქციები კი ცალკეულ ვაუჩერებზე გაიყიდა. ამით კომპანიებმა კანონიერი მფლობელები იშოვეს, თანაც პრივატიზაციაში ყველამ მიიღო მონაწილეობა. პრივატიზაციის მიზანი მთავრობისთვის მოგების მოტანა კი არ იყო, არამედ საჭირო ინვესტიციების და პრივატიზებულ ქარხანაში გარკვეული პერიოდის მანძილზე მუშათა მცირე რაოდენობის უზრუნველყოფა. ასეთი პოლიტიკის შედეგად პრივატიზაციამ უმტკივნეულოდ და სწრაფად ჩაიარა და ესტონეთი მესაკუთრეთა ქვეყნად იქცა.

წრფივი გადასახადი

ესტონეთის განვითარებაში საბოლოო გარდატეხის მოსახდენად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის დამუხტვას. ამ ამოცანის შესასრულებლად კერძო საწარმოსთვის აუცილებელი ხელსაყრელი ეკონომიკური პირობების შექმნა იყო საჭირო და ხალხის შთაგონება, რომ საკუთარ მომავალზე თვითონ აეღოთ პასუხისმგებლობა.

მეორე ამოცანა უმეტესად შოკური თერაპიით შესრულდა, მაგრამ პირველი გაცილებით რთული აღმოჩნდა. ის ნაწილობრივ ეკონომიკის ლიბერალური, ანუ შეზღუდულ კონტროლზე აგებული კანონმდებლობის მიღების გზით შესრულდა, რითაც ბიუროკრატიას ჩარევის, ანუ ახალი კომპანიებისთვის ძირის გამოთხრის შესაძლებლობა წაართვეს.

მაგრამ მმართველობის შეზღუდვა არ კმაროდა. როდესაც ადამიანები, რომლებმაც საკუთარი კომპანიები გახსნეს, მიხვდნენ, რომ საგადასახადო სისტემა წარმტებისთვის ჯარიმას ახდევინებდა, მათ ყოველგვარი ენთუზიაზმი დაეკარგათ. ასეთმა ვითარებამ ნიადაგი მოუმზადა ძველი ტრადიციული საგადასახადო სისტემიდან ახალ რადიკალურად განსხვავებულ სისტემაზე გადასვლას.

რადიკალური საგადასახადო რეფორმა მხოლოდ მაშინ არის პოპულარული როდესაც თეორიული მსჯელობის ნაწილს წარმოადგენს. როდესაც პოლიტიკოსები მათ შემოღებას იწყებენ, რეფორმა მაშინვე კარგავს პოპულარობას. საგადასახადო რეფორმის პლატფორმიდან არჩევნების მოგება ძნელია, მაგრამ როდესაც მთავრობას უკვე ძალაუფლება აქვს და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე ფიქრობს, საგადასახადო ტარიფების შემცირება კარგი აზრია.

ამ ნაბიჯის გადადგმა დიდ გამბედაობას მოითხოვს. როდესაც მთავრობა საგადასახადო ტარიფების შემცირებას იწყებს და ფიქსირებულ გადასახადებზე გადადის, მას მდიდრების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საგადასახადო რეფორმის შედეგად მდიდარ გადამხდელებზე მთელი საგადასახადო შემოსავლის უწინდელზე უფრო დიდი წილი მოდის. საგადასახადო რეფორმის შემოღებისგან ძირითადად მდიდრების მხარდამჭერის იარლიყის მიკერების შიშით იკავებს ზოგიერთი მთავრობა თავს, მაშინაც კი, როდესაც იციან, რომ ასეთი რეფორმა აუცილებელია. ისინი შიშობენ, რომ ამის გამო შესაძლოა მომდევნო არჩევნებში მწარედ დამარცხდნენ.

სწორი გადაწყვეტილების მიღება და სწორი პოლიტიკის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მე მიმაჩნდა, რომ არ უნდა დასჯილიყო ის ხალხი, ვინც კარგად უძღვებოდა თავის საქმეს. პირიქით, მათთვის მეტი მუშაობის და საკუთარი საქმიანობის კონტროლის საშუალება უნდა მიგვეცა. გადავწყვიტეთ, საგადასახადო სისტემა მათი დანაზოგებისა და ინვესტიციების ხელის შემწყობი ყოფილიყო, რაც ხალხს ახალი დოვლათის შექმნის საშუალებას მისცემდა. ესტონეთის საგადასახადო სისტემა უნდა ყოფილიყო მარტივი, იაფი და გადასახადის გადამხდელთათვის გამჭვირვალე და გასაგები. საგადასახადო ბაზა მაქსიმალურად დიდი უნდა ყოფილიყო და გადასახადისგან მინიმალური რაოდენობის გადამხდელი უნდა გაეთავისუფლებინა, რაც მინიმუმამდე დაიყვანდა გადასახადისთვის თავის არიდების სტიმულს, მაგალითად, არალეგალურ საქმიანობას. საგადასახადო ტარიფები დაბალი უნდა ყოფილიყო, ხალხის აქტიურობისა და ზრდაგანვითარების ხელშემწყობი.

ამ ამოცანების გადასაჭრელად საუკეთესო გამოსავალი იყო წრფივი საშემოსავლო გადასახადი. ასეთი სისტემა ესტონეთმა 1994 წლის 1 იანვარს შემოიღო.

საგადასახადო სისტემა მარტივი და იოლი გასაგები გახდა როგორც გადასახადის გადამხდელთა, ისე გადასახადის ამკრეფთათვის. გადასახადის გადამხდელებს იოლად შეეძლოთ საგადასახადო ფორმების შევსება და ზედმეტი გამოთვლებისა და ბიუროკრატიის თავიდან აცილება. გადასახადის ამკრეფნი მრავალი ფუჭი საქმისგან გათავისუფლდნენ და ყურადღებას მხოლოდ იმ გადამხდელებზე ამახვილებდნენ, რომლებიც გადასახადს სულ არ იხდიდდნენ.

ასეთი გამარტივების საფუძველზე საგადასახადო სისტემამ უფრო ეფექტიანად დაიწყო მუშაობა და საგადასახადო მოთხოვნილებების შესრულება გაიზარდა. დიდი დარტყმა მიიღო ჩრდილოვანმა სექტორმა, სახელმწიფო საგადასახადო შემოსავლებმა კი სწრაფად დაიწყო ზრდა (იხ. ცხრილი 1).

 

ცხრილი 1. ესტონეთის სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსავლები (მილიარდ. კრონა)

 

მშპ ზრდა

შემოსავლები
პირადი
საშემოსავლო
გადასახადიდან

მთლიანი
შემოსავლები

1993

-9.0

1.5

8.0

1994

-2.0

2.0

12.0

1996

3.9

4.0

19.0

წრფივი საშემოსავლო გადასახადის მქონე ქვეყნები

წყაროები: UNICEF, „A Decade of Transition,“
Regional Monitoring Report №8, 2001

 

წრფივ გადასახადზე გადასვლამ ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის სწრაფ ზრდას. ესტონელმა ხალხმა დაინახა, რომ მეტს თუ იშრომებდნენ, მეტს მიიღებდნენ და მთავრობა მაღალი საგადასახადო ტარიფებით მათ წარმატებულ საქმიანობას აღარ დასჯიდა.

დამოკიდებულება საოცარი სისწრაფით შეიცვალა. ათასობით ახალი მცირე და საშუალო საწარმო, რესტორანი, სასტუმრო და მაღაზია გაიხსნა. 1992 წელს ესტონეთს დაახლოებით 2 000 სასტუმრო ჰქონდა. 1994 წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი 70 000-მდე ავარდა. ესტონეთი მუშათა კლასის ქვეყნიდან მეწარმეთა ქვეყნად იქცა. საკუთარ მომავალზე ზრუნვის სტიმულმა ესტონელებს მასიური უმუშევრობა თავიდან აარიდა.

საგადასახადო რეფორმიდან ერთი წლის შემდეგაც კი, როდესაც არჩევნებში „პრო პატრიას” მთავრობამ გაიმარჯვა, წრფივი გადასახადები ისევ დარჩა. ის ისეთი ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ არავის სურდა მისი შეცვლა. 1994 წლიდან მოყოლებული, ესტონეთმა მრავალი სამთავრობო კოალიცია გამოიცვალა, მათ შორის იმ პარტიების კოალიციაც, რომლებმაც არჩევნები წრფივი გადასახადების გაუქმების დაპირებებით მოიგეს, მაგრამ წრფივი გადასახადები ისევ არსებობს. ესტონეთის წრფივი გადასახადების გამოცდილება ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ ის სხვა ქვეყნებმაც გადაიღეს – ჯერ ლიტვამ და ლატვიამ, 2001 წელს რუსეთმა. უკრაინამ და საქართველომაც შემოიღეს წრფივი გადასახადები 2004 წელს ისევე, როგორც სლოვაკეთმა, 2005 წელს კი რუმინეთმაც.

ფიქსირებულმა გადასახადებმა ეკონომიკური საქმიანობა ყველგან გაზარდა, შექმნა ახალი სამუშაო ადგილები და ჩრდილოვანი ბაზარი შეავიწროვა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირადი შემოსავლების წრფივი ტარიფების საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნებს იმავე რეგიონის პროგრესულად ზრდად საგადასახადო სისტემებს თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ წრფივი ტარიფების საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნები საშუალოდ უფრო სწრაფად მიიწევდნენ წინ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წრფივი ტარიფების საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნების (ესტონეთი, ლიტვა, ლატვია) შედარება მსგავსსავე ქვეყნებთან (სლოვენია, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა) გვიჩვენებს, რომ წრფივი ტარიფების საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნები გაცილებით სწრაფად იზრდებოდნენ პროპორციული გადასახადების შემოღების პირველივე წელსაც და ბოლო სამი წლის მანძილზეც (იხ. ცხრილი 2).

 

ცხრილი 2. ცენტრ. და აღმოს. ევროპის ეკონომიკური
ზრდა ეროვნული საგადასახადო სისტემის
მიხედვითცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის
ეკონომიკური ზრდა ეროვნული საგადასახადო
სისტემის მიხედვით

მშპ-ს საშუალო ზრდა

 

წრფივი
გადასახადების მქონე ქვეყნები

არაწრფივი
გადასახადების მქონე
ქვეყნები

1996-1998

7.2

4.00

2003-2005

8.6

4.30

წყაროები: ევროპის კავშირი, ევროსტატი,
2007 წლის 14 ივლისი

 

წრფივი ტარიფების საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნების შემოსავლებსა (მშპ ერთ სულ მოსახლეზე) და „ძველი ევროპის“ შემოსავლებს შორის ფარდობითი სხვაობა სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით სწრაფად მცირდებოდა. ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის სტატისტიკური ბიუროს მონაცემები გვიჩვენებს, რომ 1996 წელს ესტონეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროპის საშუალო მაჩვენებლის 34, 8 პროცენტს შეადგენდა, უნგრეთში – 48,5 და პოლონეთში – 42,1 პროცენტს. 2007 წელს ესტონეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 65 პროცენტს შეადგენდა, უნგრეთში – 64 და პოლონეთში – 52 პროცენტს. ამ სამი წრფივი გადასახადის მქონე ქვეყანას საშუალოდ 25 პროცენტიანი წინსვლის მაჩვენებელი ჰქონდა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა პროგრესულად ზრდადი გადასახადების მქონე ქვეყნებს კი – მხოლოდ 14 პროცენტი.

კიდევ ერთი აშკარა განსხვავება წრფივი და პროგრესულად ზრდადი გადასახადების მქონე ქვეყნებს შორის ის არის, რომ წრფივი გადასახადის მქონე ქვეყნების შემოსავლები და ბიუჯეტი უკეთეს მდგომარეობაშია. ხშირად ოპონენტები ამტკიცებენ, წრფივი საშემოსავლო გადასახადი სოციალური უსამართლობაა, რადგან საზოგადოებაში ის უფრო მეტ უთანასწორობას ქმნის ვიდრე პროგრესულად ზრდადი გადასახადები. ეს არასწორია, რადგან შემოსავლების განაწილების ჯინის კოეფიციენტი4 წრფივი გადასახადის მქონე ქვეყნებში ხშირად იკლებს და ხშირად უფრო დაბალია ვიდრე პროგრესულად ზრდადი გადასახადების მქონე ქვეყნებში (იხ. ცხრილი 3).

 

ცხრილი 3. ცენტრალური და
აღმოსავლეთ ევროპა: ცვლილება შემოსავლების
განაწილებაში, 1989-1997 წწ.

ჯინის კოეფიციენტი

ლიტვა*

0,036

ესტონეთი*

0,08

პოლონეთი

0,09

ჩეხეთი

0,04

რუსეთი

0,12

ბულგარეთი

0,13

წრფივი საშემოსავლო გადასახადის
მქონე ქვეყნები

 

ესტონეთში ჯინის კოეფიციენტის ძირითადი ზრდა 1989-93 წლებში მოხდა და პიკს 1995 წელს მიღწია 0,398ით, რაც მომდევნო წლებში შემცირდა.

წრფივმა გადასახადმა ბიუჯეტის შემოსავალი გაზარდა, ჩრდილოვანი ეკონომიკის სექტორი შეზღუდა და ხელი შეუწყო ზრდაგანვითარებასა და ეკონომიკურ საქმიანობას. ასეთი პოზიტიური შედეგების გამო ესტონეთის მაგალითს სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ბაძავს, რასაც მთელი ევროპა საგადასახადო რევოლუციისკენ მიჰყავს.

ესტონეთის სასწაული

1992 წელს დაწყებულმა რადიკალურმა რეფორმებმა 15 წელიწადში ისე შეცვალა ესტონეთი, რომ კომუნისტური რეჟიმის დროინდელ ესტონეთს სულ აღარ ჰგავს.

ზოგჯერ იმის წარმოდგენაც კი გვიჭირს როგორი იყო ეს ქვეყანა ძველი სისტემის დროს. ესტონეთი პირველი ყოფილი კომუნისტური ქვეყანაა, რომელმაც „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ ყოველწლიური გამოცემის მიხედვით (გამომცემლები: Heretage Hoaundation, Wall Street Journal) „თავისუფალი ეკონომიკის“ სტატუსს მიაღწია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მან არა მარტო „თავისუფალი ეკონომიკის“, არამედ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის სტატუსი მოიპვა და 2007 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით მე12 ადგილი დაიკავა5.

გასაოცარი გარდაქმნების შედეგად ბოლო ხუთი წლის მანძილზე ევროპაში ყველაზე სწრაფი ზრდა ესტონეთმა განიცადა. რეფორმების დაწყების შემდეგ ეკონომიკურმა ზრდამ წელიწადში საშუალოდ 6 პროცენტი შეადგინა; 2005 წელს თითქმის 11 პროცენტი, 2006 წელს კი – 12.

ასეთი ზრდის შედეგად ესტონეთი ევროპის ცხოვრების დონის სტანდარტებს უფრო სწრაფად დაეწია ვიდრე მოსალოდნელი იყო. ესტონეთში სიღარიბე და უთანასწორობა მცირდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კაცობრიობის განვითარების ინდექსის მიხედვით, ესტონეთმა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ჯგუფიდან განვითარებული ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა. ესტონეთში უმუშევრობისა და ინფლაციის დონე დაბალია, ცხოვრების დონე კი სწრაფად უმჯობესდება. ბიუჯეტი არა მარტო დაბალანსებულია, არამედ დიდი გადაჭარბებითაც სრულდება. ესტონეთმა რამდენიმე რეფორმა გამოიარა, მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვისა და საპენსიო რეფორმა და ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

ევროკავშირის ახალ წევრქვეყნებს შორის თითქმის ყველა სტანდარტის მიხედვით ესტონეთს ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკა აქვს. ჯერ კიდევ ათი წლის წინ ესტონეთი მკვეთრად ჩამორჩებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობას, მაგრამ მას შემდეგ ბევრად გაასწრო მათ და ახლა სწრაფად უახლოვდება ძველი ევროპის სტანდარტებს.

მთელი ამ ცვლილებების შედეგად ესტონეთს საშუალება აქვს XXI საუკუნის ახალი გამოწვევა მიიღოს. ქვეყანა ნამდვილი ნახტომით წავიდა წინ თანამედროვე ტექნოლოგიების მხრივ და ელექტრონული მთავრობის პირველი მერცხალია. მინისტრთა კაბინეტის თათბირებზე მთავრობის წევრები მხოლოდ კომპიუტერით სარგებლობენ, ქაღალდები საერთოდ აღარ ჩანს. ინტერნეტის გამოყენების მხრივ ახლა ესტონეთი ევროკავშირის მრავალ წევრქვეყანას უსწრებს წინ. ესტონელები საბანკო გადარიცხვათა უმეტესობას ინტერნეტით ახორციელებენ. შესაძლებელია საგადასახადო დეკლარაციების ინტერნეტით გაგზავნა საგადასახადო დეპარტამენტში – 2006 წელს ესტონელთა 70 პროცენტმა ისარგებლა ინტერნეტის ასეთი მომსახურებით. საგადასახადო ფორმის შევსებას სულ 5 წუთი სჭირდება.

ელექტრონული მთავრობა შესაძლოა ეფექტიანი ინსტრუმენტი იყოს მცირერიცხოვანი და ღია მთავრობის შესაქმნელად. მთავრობის მიერ ინტერნეტის გამოყენება, თავის მხრივ, ხელსაყრელ პირობებს უქმნის მაღალი ტექნოლოგიების ახალ საწარმოებს. ესტონეთი ბევრი ასეთი საწარმოს სამშობლო გახდა. ყველაზე ცნობილი ესტონური გამოგონებაა “სკაიპის” ელექტრონული კომუნიკაციების სისტემა, რომელიც 2006 წელს მსოფლიოს მესამე ყველაზე გავლენიან სავაჭრო მარკად დასახელდა. რასაკვირველია, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ესტონეთმა ახალი გამოწვევა უნდა მიიღოს, მაგრამ ეს, რასაკვირველია, თვითონ ესტონელებზეა დამოკიდებული. ყველაზე რთული პერიოდი კი უკან დარჩა.

როდესაც გაჭირვებული ესტონეთის აყვავებულ ქვეყნად გარდაქმნის პროცესს ვიხსენებ, საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ პრემიერმინისტრის მიზანი პოპულარობა კი არა, არამედ მუშა კოალიციის შექმნა, მოქმედების ნათელი პროგრამა და გადაწყვეტილებების მიღების გამბედაობაა.

დემორატიის პირობებში არც ერთი პრემიერმინისტრი არ რჩება ხელისუფლებაში სამუდამოდ, მაგრამ როდესაც ხალხი ხედავს, რომ პრემიერმინისტრმა ნამდვილად მიაღწია რაღაცას, მაშინ მას ალბათ უკეთესი შესაძლებლობა აქვს ისევ დაბრუნდეს ან დარჩეს ხელისუფლებაში. მე ამის ცოცხალ მაგალითს წარმოვადგენ. გარდამავალ ქვეყნებში ერთადერთი პრემიერმინისტრი ვარ, რომელიც გადაყენების შემდეგ ისევ აირჩიეს, ესტონეთის ისტორიაში კი ყველაზე დიდხანს მე მომიწია პრემიერმინისტრობა.

რასაკვირველია, რეფორმების გატარება მთავრობას არაპოპულარულს ხდის. ამგვარად, ის მთავრობა, რომელიც ასეთ პოლიტიკას ატარებს, ადრე თუ გვიან გადაყენების საფრთხის წინაშე დგება, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნის უკეთესობისკენ შეტრიალება. შეიძლება თქვან, ეს ჭუჭყიანი საქმეაო, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა გააკეთოს. რაკი ერთხელ დაიძვრება მატარებელი, მისი შეჩერება არც ისე იოლია, სწორედ ამაშია საქმე.

________________

1. Samuel P. Huntingtion, The Clash of Civilizations and the Remaking of the World Order (New York: Touchstone, 1996), p. 158.

2. Lescek Balcerowicz, Understanding Postcommunist Transitions, Journal of Democracy, Vol.5, No 4 (October 1994).

3. Anders Aslund, Possible Future Directions for Economies in Transition, in Joan M. Nelson, Charles Tilly, and Lee Walker, eds., transforming Postcommunist Political Economies (washington D.C.: National Academy Press, 1998), pp. 455 479.

4. ჯინის კოეფიციენტი არის შემოსავლების განაწილება 0-დან 1-მდე სკალაზე, სადაც 0 შეესაბამება შემოსავლის სრულ თანასწორობას და 1 შემოსავლის სრულ უთანასწორობას.

5. Tim kane, Kim R. Holmes and mary Anastasia O’Grady, 2007, Index of Economic Freedom (Washington D.C: The Heretage Hoaundation and Dow Jones & Company, Inc., 2007).