აინ რენდს ბევრი პრობლემატური მოსაზრება ჰქონდა, განსაკუთრებით თუ ჩვენ ღრმა კრიტიკით მიუდგებით მის საავტორო ფილოსოფიას - ობიექტივიზმს, თუმცა ამის მიუხედავად ის სწორი აღმოჩნდა ერთ მნიშვნელოვან იდეაში - ადამიანი ყოველთვის თვით ინტერესით არის მოტივირებული. ირონიულია, რომ ზუსტად ეს იდეა გახდა და დღემდე არის მიუღებელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის,

ყველა დროის პერიოდში ხალხი ეგოიზმს უარყოფითად და პრიმიტიულად უყურებდა, შედეგად ის მკაფიოდ გახდა ადამიანური ბოროტების სიმბოლო.

 სინამდვილეში, იდეა, რომ ადამიანი ყოველთვის თვით ინტერესით დაინტერესებულია სულაც არაა ახალი. ეს იდეა მანამდე არისტოტელეს მიერ და უკვე შემდგომ ნიცშეს და მაქს სტირნერის მიერ იყო განხილული, დიდი ალბათობით ზუსტად სტირნერმა იქონია დიდი ზეგავლენა რენდზე. საზოგადოებისგან განსხვავებით, ეს მოაზროვნეები უფრო ფართოდ ხედავდნენ ეგოს და ადამიანის თვით ინტერესს, მაგალითისთვის, მოვიყვანოთ ნიცშეს სიტყვები: “ დედა თავისთვის იკლებს, რათა თავის შვილს არ დააკლოს, ჯარისკაცი საკუთარ ცხოვრებას რისკის ქვეშ აყენებს და წირავს რათა მისი სამშობლო გამარჯვებული იყოს”. ნიცშე ხსნის, რომ ყველა ეს მოქმედება თითქოსდა უანგაროა, მაგრამ რეალობაში მათივე ეგოს ინტერესებს ემსახურება, რადგან მისი აზრით, ამ შემთხვევებში ადამიანის ეგო იყოფა, და დედის შვილი, ჯარისკაცის სამშობლო, საყვარელი ადამიანი და სხვა ხდება ინდივიდის ეგოს ნაწილი, რაც მისთვის ფასეულია, იმდენად ფასეული რომ ის მზად არის ამისთვის ცხოვრებაც კი დათმოს.

თვით ინტერესის საკითხს მეცნიერული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ ფსიქოლოგების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ადამიანის “ალტრუისტული” მოქმედება ყოველთვის მოტივირებულია რაიმე კერძო ინტერესი, ანალოგიური სურათია ცხოველთა სამყაროშიც. ნამდვილი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ე.წ. “ეგოფობიის” გამო ბევრისთვის რთულია იმის აღქმა, რომ თვით ინტერესი ყოველთვის არაა უარყოფითი მოქმედება, არამედ უბრალოდ ყველა ის მოქმედება რაც ადამიანისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება იყოს როგორც ცუდი ასევე კარგი. მეორე საკითხია იმის განსაზღვრა თუ რა არის ნამდვილად კარგი და რა ცუდი, თუმცა ეს საკითხი ძალიან შორს წაგვიყვანს.
ჩნდება კითხვა, რატომაა თვით ინტერესის აღიარება ამდენად რთული ადამიანისთვის? უდავოდ, აქ დიდი ადგილი უკავია რელიგიურ დოგმას, თუმცა ასევე დიდ როლს თამაშობენ სახელმწიფო/სამთავრობო სტრუქტურები, განსაკუთრებით მათი ექსტრემალური წარმონაქმნები: ულტრა კოლექტივისტური იდეოლოგიები, როგორიც იყო სახელმწიფო კომუნიზი და ფაშიზმი, რომლებიც პირველ ადგილზე აყენებდნენ აბსტრაქტულ “საზოგადო სიკეთეს” და მკაფიოდ “პირადი თვით ინტერესის” წინააღმდეგი იყვნენ. ყველასთვის ნათელია თუ რამდენი უბედურება მოჰყვა ამ რეჟიმებს, რომლებიც თითქოს საზოგადო ინტერესებისთვის იბრძოდნენ, “საზოგადო სიკეთისთვის” ბრძოლა ასევე მეორდება სხვა მთავრობების მიერ, საბედნიეროდ, ნაკლებად ძალადობრივ ფორმებში. შედეგად ეს კოლექტივისტური იდეები და წარმოდგენები ხდება საზოგადო კულტურის ფუნდამენტური ნაწილი.
ვერც სახელმწიფო და ვერც “საზოგადოება” ვერ დანერგავს ჯადოსნურ წესებს რითიც ადამიანები ერთმანეთს გაუგებენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდების შორის თავისუფალი ურთიერთობით მიიღწევა. იმისთვის, რომ ადამიანს ნამდვილი სოლიდარობა ჰქონდეს სხვა ადამიანის მიმართ, მას უნდა ესმოდეს თუ რას განიცდის ის. ბევრმა შეიძლება ადვილად მოიტყუოს, რომ მას ნამდვილად ესმის სხვისი გაჭირვება, თუმცა ეს უბრალოდ სიტყვებია, რომლებიც ისევ ნაკარნახებია საზოგადო ნორმებით. ადამიანმა უნდა განიცადოს მსგავსი მოვლენა საკუთარ თავზე რათა მან გაიგოს თუ რას გრძნობს სხვა, ზუსტად ამიტომ ბევრი პირი, რომელმაც რაიმე დაავადების ან მოვლენის გამო დაკარგა საყვარელი ადამიანი ფულს წირავს ამ დაავადებებთან/მოვლენებთან ბრძოლის ფონდებში ან სხვა ფორმებით ეხმარება მსგავს ადამიანებს, რადგან მათ ზუსტად ესმით თუ რას ნიშნავს ამ გაჭირვების განცდა.
მეორე გარემოება კი სინდისია, რაც არის ბუნების მიერ მოცემული მექანიზმი, რომელიც რეალურად განსაზღვრავს თუ როგორი იქნება ადამიანის თვით ინტერესები. ამ მაგალითისთვის ავიღოთ სუპერგმირი პერსონაჟები, რომელებიც უანგარო ადამიანების საუკეთესო მაგალითები არიან, მაგრამ, რომ დავუკვირდეთ საინტერესო რამეს დავინახავთ, რომ ადამიანი-ობობა მაშინ გახდა გმირი როდესაც მისი ბიძია ბენი მოკლა იმ ქურდმა, რომელიც მან არ შეაჩერა; ის გახდა სუპერგმირი რადგან მას დანაშაულის გრძნობა და პირადი ტრაგედიის ტკივილი ამოძრავებდა. ბეტმენი გახდა გმირი, რადგან მას არ უნდოდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მისი ბავშვობის ტრაგედია ისევ განმეორდებოდა, ზუსტად ამიტომ მას ესმის რობინის სიტუაცია, რომელმაც ასევე დაკარგა მშობლები საზარელი მკვლელობის გამო. ამ შემთხვევებში მათი გმირობა არის ტრაგედიასთან და დანაშაულის გრძნობასთან გამკლავების საშუალება.
ჩვენ ასევე შეგვიძლია დავაკვირდეთ საზოგადო აქტივიზმის, რომელიც რეალურად თვითკმაყოფილების ზეიმია, სადაც ადამიანები მონაწილეობენ რათა აიმაღლონ სტატუსი ან/და თვით წარმოდგენა, მოიშორონ რაიმე დანაშაულის გრძნობა. ეს შეფასება ერთ მხრივ ძალიან ცინიკურად ჟღერს მაგრამ თუ ჩვენ გულახდილები ვიქნებით, დავრწმუნდებით რომ ეს მართლაც ასეა. რა თქმა უნდა, ამ აქტივიზმში არაფერია ცუდი. ნამდვილი პრობლემაა იმაშია, რომ ჩვენ არ გვინდა სიმართლის აღიარება და ჩვენი ჭეშმარიტი მოტივების გააშკარავება, რადგან ეს ანგრევს წარმოდგენას საკუთარ თავზე, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენთვის თვით ინტერესი ბოროტებაა.
მაგალითისთვის, ადამიანს შეიძლება უნდოდეს ვეგეტარიანელი გახდეს, რადგან ეს ტრენდულია მის წრეში და მას ამით სურს სოციალური ქულების მიღება, მეორე მხრივ შეიძლება იყოს ადამიანი რომელიც გულწრფელადაა გაღიზიანებული და რეალურად ვერ ეგუება იმ ფაქტს რომ მილიონობით ცხოველი იხოცება საჭმელის გამო, ორივე შემთხვევაში ადამიანი ვეგეტარიანელია და თვით ინტერესს მიჰყვება მაგრამ პირველ შემთხვევაში მოტივი ყალბია მეორეში კი ნამდვილი, ზუსტად ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი ვერ იქნება ვერანაირი მორალის და დადებითი ფასეულობის მატარებელი თუ ის არ არის ავთენტური თავის მოტივებში.
არსებული “არ აღიარების” მიდგომა პრობლემატურია, რადგან ჩვენ არასწორად ვაფასებთ რეალობას და ადამიანის ბუნებას, შესაბამისად რეალურად არ გვესმის არსებული პრობლემების მიზეზები და მათი გადაწყვეტის გზები, და ხშირად ისეთ ბანალურ ფრაზებს ვიღებთ, როგორიცაა: “ადამიანი ნაკლებად თვით დაინტერესებული უნდა იყოს და ყველაფერი კარგად იქნება” რაც არაფერს შველის და კიდევ უფრო აუარესებს არსებულ პრობლემებს.
სიმართლის არ აღიარება და ალტრუისტულ ილუზიაში ცხოვრება პირველ რიგში ხელს უწყობს იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად გამოირჩევიან ცუდი თვისებებით და იყენებენ ყველა “ალტრუისტულ ხერხს“ რათა სოციალაური ქულები დაიწერონ და კარგი საზოგადო სახელი მოიპოვონ. საკმარის შევხედოთ პოლიტიკოსებს, ოლიგარქებს და სხვა გავლენიან პირებს, რომლებიც თავისი ყალბი “კეთილი საქმეებით” ცდილობენ ადამიანების მანიპულაციას, თუმცა მათ მსგავსად უბრალო ადამიანებიც იქცევიან, რომლებიც საკუთარი თავის შეცოდებით და მოტყუებით ზეწოლას ახორციელებენ მიამიტ ადამიანებზე.
ზუსტად ამ ეგოფობიის გამო ვიღებთ მახინჯ სურათს, საზოგადოებას, რომელიც ფარსია, სადაც ყველა თავს აჩვენებს როგორც უანგარო თავდაუზოგავი ადამიანი, რომელსაც ვითომ არანაირი თვით ინტერესი არ გააჩნია, მაგრამ სინამდვილეში ყველა ცდილობს შეფუთოს თავის თვით ინტერესი ალტრუიზმით. ადამიანებს ისედაც უჭირთ გულახდილობა და თუ საზოგადოებაში “ალტრუიზმი” მიღებულია როგორც საუკეთესო ქცევის კოდექსი, ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს რომ ნამდვილად ამორალური ადამიანები ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ, ჩვენ ვიღებთ საზოგადოებას სადაც ფასადური სიკეთე ხარობს, რის უკანაც დგას ნამდვილი ბოროტებაა. რენდს ეს ყველაფერი ნათლად ესმოდა, მისი იდეოლოგია, ბევრი ნაკლის მიუხედავად, სწორად ხედავდა ადამიანის თვით ინტერესს და მისი სრული გათვალისწინებით ცდილობდა შეექმნა ფილოსოფია ადამიანის უკეთესი ცხოვრებისთვის.
საზოგადოება და ადამიანი რომელიც არ აღიარებს ინდივიდუალურ ინტერესებს არის ტყუილში მცხოვრები მშიშარა, ის ვერ ეგუება სიმართლეს და ვერასოდეს შეძლებს საკუთარი თავის გაგებას და განვითარებას, დოგმატური აზროვნება კი მხოლოდ მოტივაციას უწევს ფარისევლობის დამკვიდრებას. მხოლოდ მაშინ, როდესაც ყოველი ადამიანი იქნება გულახდილი, პირველ რიგში საკუთარი თავთან და მერე სხვა ადამიანების მიმართ, ჩვენ შევძლებთ შევქმნათ საზოგადოება სადაც ადამიანებს ერთმანეთის ნამდვილად ესმით.