გაზპრომი: ახალი რუსული იარაღი
George Chkhikvadze
ავტორები: მიხეილ ზიგარი და ვალერი პანუშკინი.
გამომცემლობა ზახაროვი. მოსკოვი. 2008 წელი. ISBN: ISBN-13: 9785815907898
Gazprom: New Russian weapons. By Valery Panyushkin and Mikhail Zygar.
Publishing - Zakharov, Moscow; 2008. 256 pages. ISBN: ISBN-13: 9785815907898
წიგნი წარმოადგენს რუსეთის უმდიდრესი სახელმწიფო ენერგოკომპანიის გაზპრომის შექმნისა და განვითარების მიმოხილვას ისტორულ და პოლიტიკურ ჭრილში, რომელიც დაწერილია ცნობილი რუსი ოპოზიციური ჟურნალისტებისა და მკვლევარების მიერ. ავტორები ღწერენ ცნობილი პოლიტიკოსების კავშირებს გაზპრომთან და ამავე დროს მკითხველს აწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას რუსეთის პოლიტიკის სპეციფიკური დეტალების შესახებ. წიგნის შინაარსს შეუძლია მკითხველისთვის ნათელი გახადოს რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის მრავალი ნიუანსი.
წიგნში წაიკითხავთ, რომ რუსული გაზპრომისა და ცნობილი ლიდერების თანამშრომლობის ისტორია ერთგვარი სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის ისტორიაა. 1963 წელს, აშშ-ს პრეზიდენტის ჯონ კენედის მოწოდებით, დასავლეთ გერმანიის კანცლერმა კონრად ადენაუერმა გააუქმა უკვე დადებული გარიგება და აკრძალა დიდი დიამეტრის მილების მიყიდვა საბჭოთა კავშირისთვის. შემდეგ რუსეთმა ციმბირში დაიწყო გაზსადენის მილების წარმოება და რუსებმა მასზე დააწერეს "მილი შენ, ადენაუერ!" როგორც მანმდე არც თუ ისე დიდი ხნის ადრე ტანკებზე აწერდნენ "ბერლინისკენ!"
გარდა ამისა, წიგნში აღწერილია გაზპრომის ფუნქციონირების ბუნება (რა არის ეს - მექანიზმი თუ ორგანიზმი?) და მისი გავლენა რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ავტორების აზრით, გაზპრომი ყოველთვის იყო ინსტრუმენტი, რომლითაც კრემლი ცდილობს აკონტროლოს საინფორმაციო სივრცეც. ამისთვის მედიაჰოლდინგები იძულებულნი არიან ფულის სანაცვლოდ ითანამშრომლონ გაზპრომთან, ხოლო დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაზპრომი იკისრებს პროკურატურის ფუნქციას და უხელმძღვანელებს საგამოძიებო სამსახურებს მათ დასასჯელად.
რუსეთში წარმოებული გაზი, რომელიც ათბობს ევროპის ნახევარს, ყოველთვის იყო საშიში პოლიტიკური ინსტრუმენტი და იარაღი კრემლის ხელში. როდესაც საბჭოთა კავშირში პირველი გაზსადენის მშენებლობა დაიწყო, ეს სამუშაო დაევალა სახელმწიფო სამხედრო სამშენებლო კომპანიას ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით, რომელიც იმავე პერიოდში კოორდინაციას უწევდა საბჭოთა ატომური ბომბის შექმნას. შეიძლება ითქვას, რომ გაზსადენისა და ატომური ბომბის მშენებლობა იმ მომენტშიც ფაქტობრივად ერთნაირი პოლიტიკური წონის მატარებელი იყო საბჭოთა ლიდერებისთვის.
წიგნის მიმოხილვა მომზადებულია გიორგი ჩხიკვაძის მიერ. ის არის ახალი ეკონომიკური სკოლა-სართველოს მკვლევარი, ლექტორი სულხან-საბა ორბელიანის უნივერრსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში. ამჟამად გიორგი გადის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამაგისტრო კურსს აშშ-ის უნივრსიტეტში (Naval postgraduate School).