კანონმორჩილი მოქალაქე თავისი შრომით ემსახურება როგორც საკუთარ თავს, ისე თავის მოყვასს და ამგვარად არის მშვიდობიანად ინტეგრირებული საზოგადოებაში. მძარცველის ძალისხმევა კი, მეორე მხრივ, მიმართულია სხვისი შრომით შექმნილის ძალისმიერი მითვისებისკენ. ათასობით წლის განმავლობაში მსოფლიო იძულებული იყო, დამორჩილებოდა შეიარაღებულ დამპყრობლებსა და ფეოდალ ბატონებს,
რომლებიც როგორღაც თავისთავადად მიიჩნევდნენ, რომ სხვების შრომის ნაყოფი მათ მოსახმარებლად არსებობდა. კაცობრიობის ევოლუცია ცივილიზაციისკენ და სოციალური კავშირების გამყარებისკენ მოითხოვდა, პირველ რიგში, მსოფლიო მმართველობისთვის მებრძოლი სამხედრო და ფეოდალური კასტების ინტელექტუალური და ფიზიკური გავლენისაგან განთავისუფლებას და მემკვიდრეობითი ბატონის იდეალის ბურჟუაზიული იდეალით შეცვლას. იმ სამხედრო იდეალის შეცვლა, რომელიც მხოლოდ მეომარს სცემს პატივს და არაფრად აგდევს პატიოსან შრომას, საბოლოოდ დღესაც ვერ მოხერხდა. ყოველ ერში კვლავ არიან პირები, რომელთა გონება მთლიანად შეპყრობილია ომების ეპოქის იდეებითა და სურათებით. არიან ერები, რომელთა შორის კვლავ იღვიძებენ, ძალას იკრებენ ძარცვასა და ძალადობაზე მიმართული გარდამავალი ატავისტური იმპულსები, რომლებიც თითქოსდა დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო დაძლეული. თუმცა, შეიძლება ითქვას იმ თეთრი რასის ერებზე, რომლებიც დღეს შეადგენენ ცენტრალური, დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ძირითად მოსახლეობას, რომ მათ შორის მენტალობა, რომელსაც ჰერბერტ სპენსერმა უწოდა „მილიტარისტული“, შეიცვალა იმით, რომელსაც მან დაარქვა „ინდუსტრიული“. დღეს არის მხოლოდ ერთი დიდი ერი მსოფლიოში, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, კვლავ რჩება სამხედრო იდეალის ერთგული – ეს არის რუსეთი.
რა თქმა უნდა, რუსეთის მოსახლეობას შორისაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ იზიარებენ ამგვარ დამოკიდებულებას. სამწუხაროა, რომ ისინი არ არიან უმრავლესობაში. მას შემდეგ, რაც რუსეთი პირველად გახდა გავლენიანი ფიგურა ევროპის პოლიტიკაში, იგი მუდამ მოქმედებდა ყაჩაღივით, რომელიც ჩასაფრებული ელოდება იმ მომენტს, როცა შეძლებს თავის მსხვერპლზე თავდასხმას და მის გაძარცვას. არასდროს და არაფერს შეუჩერებია რუსეთის მეფე ექსპანსიისგან, გარდა არახელსაყრელი ვითარებისა. ბოლშევიკების დამოკიდებულება ტერიტორიულ გაფართოებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არაფრით არ შეცვლილა. მათთვისაც არ არსებობს სხვა წესი, გარდა იმისა, რომ ახალი მიწების დასაპყრობად, მავანი უნდა წავიდეს იმდენად შორს, რამდენსაც შეძლებს, მის ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით. ევროპული ცივილიზაცია რუსეთის მიერ განადგურებისგან გადაარჩინა ერთმა ბედნიერმა ფაქტმა, იმან, რომ ევროპის ქვეყნები იყვნენ საკმაოდ ძლიერნი იმისათვის, რომ წარმატებით მოეგერიებინათ რუსი ბარბაროსების ურდოები. რუსეთის გამოცდილებამ ნაპოლეონის ომებში, ყირიმის ომსა და 1877-1878 წლების თურქულ კამპანიაში აჩვენა მას, რომ მიუხედავად მისი ჯარის სიმრავლისა, ის ვერ უკლავდება ევროპის არმიებს. მსოფლიო ომმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
ხიშტებსა და ზარბაზნებზე უფრო საშიშია გონებრივი იარაღი. იმ გამოძახილის მიზეზი, რომელიც რუსულმა იდეებმა მოიპოვეს ევროპაში, პირველ რიგში ის გარემოებაა, რომ თვით ევროპა უკვე იყო გადავსებული ამ იდეებით, სანამ ისინი შემოვიდოდნენ რუსეთიდან. მართლაც, უფრო სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ თვით ეს რუსული იდეები დაიბადნენ არა რუსეთში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად მოერგნენ სწორედ რუსი ხალხის ხასიათს, არამედ რუსეთის მიერ ევროპაში იყვნენ ნასესხები. იმდენად დიდია რუსი ხალხის ინტელექტუალური სტერი¬ლურობა, რომ მათ დღემდე ვერ შეძლეს საკუთარი ბუნების გამომხატველი იდეოლოგიის შექმნა.
ლიბერალიზმმა, რომელიც მთლიანად ეფუძნება მეცნიერებას და რომლის პოლიტიკა სხვა არაფერს წარმოადგენს, თუ არა მეცნიერების შედეგების რეალიზაციას, უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და არ აკეთოს არამეცნიერული ღირებულებითი დაკვნები. ღირებულებითი შეფასება არის არამეცნიერული და ყოველთვის წმინდა სუბიექტურია. ამიტომ არ შეიძლება ერების დახარისხება მათი სიკარგის მიხედვით და საუბარი მათზე, როგორც კარგებსა და ცუდებზე. ამიტომ საკითხს, წარმოადგენენ თუ არა რუსები დაბალ საფეხურზე მდგომ ერს, არ განვიხილავთ. არც იმას უარვყოფთ, რომ ეს ასეა. ერთადერთი, რასაც ვამტკიცებთ, ისაა, რომ მათ არ სურთ ადამიანთა საზოგადოებრივი თანამშრომლობის სისტემაში მოქცევა. მათი დამოკიდებულება ადამიანთა საზოგადოებისა და ერების ერთობისადმი ისეთ ადამიანთა დამოკიდებულებაა, რომლებსაც სურთ მხოლოდ სხვების მიერ შექმნილის მოხმარება. ადამიანები, რომელთა გონებას ამოძრავებენ დოსტოევსკის, ტოლსტოისა და ლენინის იდეები, ვერ შექმნიან მდგრად საზოგადოებას. ისინი კვლავ დაუბრუნდებიან ველურ მდგომარეობას. რუსეთი გაცილებით უფრო მდიდარია მოსავლიანი მიწებით და ყველანაირი ბუნებრივი რესურსებით, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. რუსეთს რომ ამერიკასავით აერჩია კაპიტალისტური პოლიტიკა, ის იქნებოდა დღეს მსოფლიოს უმდიდრესი სახელმწიფო. დესპოტიზმმა, იმპერიალიზმმა და ბოლშევიზმმა აქციეს იგი უღარიბეს ქვეყნად. ახლა ის მთელ მსოფლიოში ეძებს კაპიტალსა და კრედიტებს.
ნათქვამის კარგად გაცნობიერების შედეგად, ცხადია, თუ რა უნდა გახდეს ცივილიზებული ქვეყნების სახელმძღვანელო პოლიტიკური პრინციპი რუსეთთან დამოკიდებულებაში. დაე, დარჩნენ რუსები რუსებად. გააკეთონ, რაც სურთ თავის ქვეყანაში. მაგრამ მათ არ უნდა მიეცეს უფლება, საკუთარი ქვეყნის საზღვრების გადაკვეთისა და ევროპული ცივილიზაციის დანგრევის. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ რუსი მწერლების ნაშრომთა იმპორტი და თარგმანები უნდა აიკრძალოს. ნევროტულ პირებს შეუძლიათ იმდენ ხანს დატკბნენ მათი კითხვით, რამდენიც უნდათ, ჯანმრთელი კი თვითონ შეძლებს მათი გავლენისთვის თავის არიდებას. ეს არც იმას ნიშნავს, რომ რუსებს უნდა აეკრძალოს თავისი პროპაგანდისა და მოქრთამვის პრაქტიკის (როგორც ამას რუსეთის მეფე აკეთებდა) მსოფლიოში გავრცელება. თუ თანამედროვე ცივილიზაცია ვერ შეძლებს საკუთარი თავის დაცვას დაქირავებული პროპაგანდისტების თავდასხმებისგან, მაშინ მას არც ერთ შემთხვევაში არ უწერია გადარჩენა. ეს არ ნიშნავს არც იმას, რომ ამერიკელებსა და ევროპელებს უნდა აეკრძალოს რუსეთში ჩასვლა, თუ მათ აქვთ ამის სურვილი. მათ უნდა ნახონ საკუთარი თვალით, საკუთარი რისკის ფასად და საკუთარი პასუხისმგელობით, მასობრივი ხოცვისა და სიღატაკის ქვეყანა. ეს არ ნიშნავს არც იმას, რომ კაპიტალისტებს უნდა აეკრძალოს სესხების გაცემა საბჭოეთისთვის ან კაპიტალის რაიმე სხვანაირად დაბანდება რუსეთში. თუ ისინი ისეთი გულბრყვილოები არიან, რომ სჯერათ, შეძლებენ ოდესმე მისი მცირე ნაწილის მაინც კვლავ დანახვას, მოიქცნენ როგორც უნდათ.
მაგრამ ევროპისა და ამერიკის მთავრობებმა უნდა შეწყვიტონ საბჭოთა დესტრუქციონიზმისთვის ხელის შეწყობა რუსეთში ექსპორტისთვის პრემიების დაწესებით და ამგვარად რუსეთის საბჭოთა სისტემისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენით. მათ უნდა შეწყვიტონ საბჭოთა რუსეთში ემიგრაციისა და კაპიტალის ექსპორტის პროპაგანდა.
განთავისუფლდება თუ არა რუსეთის მოსახლეობა საბჭოთა სისტემისგან, ეს თავად მისი გადასაწყვეტია. მათრახისა და საკონცენტრაციო ბანაკების ქვეყანა დღეს არ წარმოადგენს დიდ საშიშროებას მსოფლიოსთვის. მიუხედავად მათი სწრაფვისა ომებისა და ნგრევისათვის, რუსები ვერ შეუქმნიან სერიოზულ საფრთხეს მშვიდობას ევროპაში. ამიტომ სავსებით შესაძლებელია მათი საკუ¬თარი თავისთვის მინდობა. ერთადერთი, რასაც კატეგორი¬ულად უნდა აღვუდგეთ წინ, ეს ჩვენი მხრიდან საბჭოეთის დესტრუქციონისტული პოლიტიკისთვის ხელის შეწყობის ტენდენციაა.
ლუდვიგ ფონ მიზესი დაიბადა ებრაულ ოჯახში თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე, ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში შემავალ გალიციაში, ლემბერგში (დღევანდელი ლვოვი). (29.09.1881 – 10.10.1973).
მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, მეტწილად რუსეთის ფრონტზე, როგორც ავსტრია-უნგრეთის არტილერიის ბრიგადირი.
იყო 20-ე საუკუნის უდიდესი ეკონომისტი და ძირეული გავლენა მოახდინა კლასიკური ტრადიციის ლიბერალური (ლიბერტარიანული) ეკონომიკური აზრის განვითარებასა და გავრცელებაზე.