17 მაისს, ქალაქ ყვარელში ახალი ეკონომიკური სკოლისა და ყვარლის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლობით ადგილობრივი მოსწავლეებისთვის გაიმართა ღონისძიება, რომლის მიზანია ილია ჭავჭავაძის შემოქმედების განხილვა და შესაბამისი საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების ჩატარება.
კერძოდ, ღონისძიება მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
1. ილია ჭავჭავაძის ეკონომიკური წერილების გაცნობა კოლოკვიუმის ფარგლებში. მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნათ ილია ჭავჭავაძის წერილები. კოლოკვიუმის ფარგლებში, ფასილიტატორის მეშვეობით, მოხდა ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შინაარსის ანალიზი, მისეული მიდგომებისა და პრინციპების შეფასება და გაანალიზება.
2. მოსწავლეებმა „ფრაზების საამქროს“ თამაშით სახალისო გზით განიხილეს ილია ჭავჭავაძის მოსაზრებები და გაარჩიეს მისი შინაარსი (ფრაზები დანაწევრებულია ფრაგმენტებად და არეულია ერთმანეთში. მოსწავლეები ფრაზების აწყობის შემდეგ განიხილავენ ამ ფრაზების შინაარსს, წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს და შეხედულებებს გაუზიარებენ თანატოლებს).
ორგანიზაცია წლებია დაკავებულია ილია ჭავჭავაძის იდეების პოპულარიზაციით და ამ მიზნით არაერთი ღონისძიება ჩატარდა სტუდენტების, მოსწავლეების, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით.