ავტორი: გია ჯანდიერი
ეძღვნება ადამ სმითის უკვდავი ნაშრომის, „ხალხთა სიმდიდრის“, გამოსვლიდან 250 წლისთავს.
„ჩვენი ვახშამი დამოკიდებული არ არის ყასბის, მეღვინისა თუ მცხობლის კეთილგანწყობაზე, არამედ მათ ზრუნვაზე საკუთარი ინტერესებისადმი.“ - ადამ სმითი
პირველი პასუხი, რომელიც ამ კითხვაზე თავში მოგვივა, იქნება: Samsung, Apple, Motorola, Google, Sony ან რომელიმე სხვა ცნობილი ბრენდი. საკითხი ის არის, ვინ ქმნის ამ კომპანიებს და რატომ სურთ მათ, შექმნან და მოგვაწოდონ ის, რაც გვჭირდება.
თუმცა, ბევრი იმასაც იტყვის: მას ფიზიკოსები, ინჟინრები, პროგრამისტები, ქიმიკოსები, დიზაინერები, მენეჯერები, მათემატიკოსები და სხვები ქმნიანო... და ეს სიმართლეა. ყველა ამ მეცნიერებისა თუ ტექნიკური სფეროს წარმომადგენელი აუცილებელია:
-
ფიზიკოსი - ითვლის, მაგალითად, რა ხარისხის სიმტკიცე სჭირდება სმართფონს ან რომელ სიხშირეებზე უნდა იმუშაოს მან.
-
ქიმიკოსი - ადგენს, რა ქიმიური შემადგენლობაა საჭირო ეკრანისა თუ ფოტოკამერისთვის, რათა ის ადვილად არ დაზიანდეს.
-
პროგრამისტების დიდი არმია - მილიონობით ადამიანი, რომლებიც ქმნიან სმართფონის იმ პროგრამებს, რომლებიც მას კომპიუტერად, კამერად, ვიდეოეკრანად, რუკად, სახატავ დაფად და სხვა უამრავ (მე 150-ზე მეტი დავითვალე) ფუნქციურ მანქანად აქცევს.
-
ინჟინერი - მან უნდა მოიფიქროს (მაგალითად), როგორ განათავსოს სმართფონის ყველა ელექტრონული დეტალი ამ პატარა სივრცეში.
-
დიზაინერი - ლამაზი დიზაინის გარეშე ვინ იყიდის პროდუქტს, ან ვინ გადაწყვეტს, სად უნდა იყოს კამერა თუ მიკროფონი?
-
მენეჯერი - მათ გარეშე ამ საქმის ორგანიზება გაძნელდება და გაძვირდება.
-
მათემატიკოსი - სულ მცირე, ყველა ამ სპეციალისტის მასწავლებელია.
შეიძლება სმართფონის შექმნა ამ ხალხის გარეშე? ცხადია, არა. კიდევ ბევრ პროფესიას ჩამოვთვლიდით, თუმცა ესეც იკმარებს. მაგრამ საქმე ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს სპეციალისტი აუცილებელია, პროდუქტს მაინც მეწარმე - ანტრეპრენერი ქმნის. უფრო მეტიც, სმართფონს მხოლოდ ანტრეპრენერი ქმნის. ხმამაღალი განცხადებაა? სულაც არა.
სმართფონებს, ცხადია, კომპანიები ქმნიან, ერთ ადამიანს მისი დამზადება არ შეუძლია. მეტიც, როგორც ლეონარდ რიდმა თავის მოკლე მოთხრობაში „მე, ფანქარი“ აჩვენა - ერთი უბრალო და იაფი ფანქარიც კი რომ შეიძინოთ, ათასობით ადამიანის კოორდინაციაა საჭირო, რომელთაც ადამ სმითის „უხილავი ხელი“ - პირადი ინტერესები ამოძრავებს. სმართფონის ჩვენამდე მოსაღწევად კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართულობაა საჭირო, მაგრამ მათ შორის ანტრეპრენერები მთავარი ხალხია.
ვინ არის ანტრეპრენერი? ეს არის მუდმივად მოქმედი ადამიანი (ილია ჭავჭავაძის თქმით — „თვითმოქმედი“), რომელიც საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით იგონებს და სთავაზობს ადამიანებს ახალ იდეებს მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და გასაადვილებლად (იმ დროს, როცა მათ ჯერ კიდევ სძინავთ!). დიახ, არ ვაჭარბებ — ყოველ დილით ამაზე ფიქრით იღვიძებს, არ ისვენებს და არ წუწუნებს ამინდზე, პრობლემებსა თუ ბარიერებზე; იწყებს ადამიანებზე ზრუნვას საკუთარი სარგებლის გასაზრდელად.
ხშირად ისმის კითხვა: რაში იღებენ ფულს და რა ღირებულებას ამატებენ საჭირო საგნებს (მაგ. სმართფონს) ანტრეპრენერები? სწორი კითხვაა — უნდა მივეჩვიოთ შეფასებებს. რატომ უხდიან მათ ფულს ადამიანები? სწორედ იმაში, რომ მიიღონ მათთვის სასურველი და მნიშვნელოვანი ნივთი თუ სერვისი მარტივად და იმ ფასად, რადღირებულებადაც უღირთ მისი შეძენა. ფასი სწორედ ის არის, რადაც უღირთ ყიდვა — რისი დათმობა სურთ უკეთესი რამის მისაღებად. ანტრეპრენერიც სწორედ ამ ფასად სთავაზობს პროდუქტს. საქმე ის არის, რომ სხვა ფასად (უფრო ძვირად, ვიდრე მყიდველს უღირს) რომ შესთავაზოს, მას უბრალოდ არ იყიდიან.
მაშ, რაში იღებს ანტრეპრენერი ფულს? სწორედ იმაში, რომ ადამიანებმა მიიღონ ის, რაც სურთ. ანტრეპრენერების გარეშე ეს ვერ მოხდება. მათ უნდა იშოვონ ფული, გარისკონ და ჩადონ ის ახალ საქმეში, რომელიც მიაჩნიათ მომგებიანად და ხალხისთვის სასარგებლოდ. ასეთი ინოვაციის მიგნება ანტრეპრენერის საქმიანობის მთავარი მიმართულებაა.
მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ახალ საქმეში ვიგულისხმოთ ნებისმიერი რამ, რაც ადამიანებს უკეთეს შესაძლებლობებსა და სარგებელს შესთავაზებს. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ახლებურად შეთავაზებული ნივთი თუ სერვისი, ან სრულიად ახალი ტექნოლოგიური მიღწევა. სწორედ ასეთია ანტრეპრენერის როლი — გარისკოს და შესთავაზოს სიახლე, რომელსაც ადამიანები შესაბამისად შეაფასებენ. გამოგონება, რომელიც მეცნიერის თავში დაიბადა, საქმედ (ინოვაციად) და საბაზრო საქონლად (ისევ ილია ჭავჭავაძე) რომ იქცეს, მან აუცილებლად უნდა დაიმსახუროს ანტრეპრენერის რისკიანი მოქმედება და მყიდველის მოწონება. გამოგონება ანტრეპრენერის გარეშე ქაღალდზე დარჩება.
ინოვაცია - როგორც საბაზრო საქონელი
ტრადიციად იქცა ფიქრი, რომ ეკონომიკისთვის ძალიან სასარგებლოა ინოვაცია. ბოლო ხანებში ამას დაემატა ინოვაციის წარმომდგენი მცირე ფირმების - ე.წ. სთართაფების - მხარდაჭერის მოდური ტენდენციაც.
უმეტეს შემთხვევაში გულისხმობენ, რომ თუ გამოგონებებსა და ფირმებისკენ მეტ რესურსს მივმართავთ, ეს წარმატებას მოიტანს.
მნიშვნელოვანია, ამ საკითხში კარგად გავერკვეთ, რათა ნამდვილად კარგ ინოვაციებსა და წარმატებულ ფირმებში რესურსების მიმართვა არ გართულდეს და არ შევქმნათ ილუზია, თითქოს ამ სფეროში (უფრო ლამაზად - „კვლევებსა და განვითარებაში“) ფულის დახარჯვა უკვე საკმარისია.
ამისათვის საჭიროა გავარკვიოთ, რა არის ინოვაცია. ხშირად ინოვაცია შეიძლება გამოგონებაში აგვერიოს. პრობლემა ის არის, რომ ინოვაცია ნამდვილად არის გამოგონება, თუმცა ყველა გამოგონება არ არის ინოვაცია.
გამოგონებას ინოვაციად სწორედ ანტრეპრენერი აღმოაჩენს და აქცევს. მის გარეშე ეს გამოგონება არავის სჭირდება; მისი რისკისა და სიახლეებისკენ სწრაფვის გარეშე გამოგონება იშვიათად მიაღწევს ბაზრამდე, სადაც მას მომხმარებელი შეაფასებს და ფულს გადაიხდის. ანტრეპრენერს, როგორც წესი, მიდერეკილება აქვს სიახლეებისადმი, მაგრამ, რაც მას სიხლეებისადმი სწრაფვას უძლიერებს ეს არის კონკურენცია – რესურსებისათვის და მომხმარებლებისათვის. ნებისმიერი ანტრეპრენერი უნდა ეცადოს სხვებს დაასწროს სიახლის ბაზარზე გამოტანა და თუ ამას ვერ მოახერხებს, კონკურენციის დაძლევა გაუჭირდება.
სწორედ რისკიანი ანტრეპრენერი, რომელიც შეეცდება ამ გამოგონების საკუთარი სარგებლისთვის გამოყენებას, მოიფიქრებს, რატომ შეიძლება ეს გამოგონება გამოადგეს მომხმარებელს, რატომ აირჩევს მომხმარებელი სწორედ მის ახალ შეთავაზებას. ანტრეპრენერის გარეშე გამომგონებელი ვერ მოახერხებს თავისი გამოგონების ფასის დადგენასა და მომხმარებლამდე მიტანას. ის არ გარისკავს საკუთარ რესურსს ამ გამოგონების საბაზრო საქონლად (ინოვაციად) გადასაქცევად, მასობრივად საწარმოებლად და გაყიდვების ორგანიზებისთვის.
ე.წ. სთართაფები იქმნებიან იმისთვის, რომ ასეთი გამოგონებები მოიძიონ და სწრაფად გამოიტანონ ბაზარზე — იქ უკვე დამკვიდრებული, დიდი ბიუროკრატიული კომპანიებისგან განსხვავებით. ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია და მას რესურსების ხელოვნურად ჩატვირთვა არ სჭირდება.
შესაბამისად, თუ ვიკითხავთ — კარგია თუ არა, როდესაც მთავრობა ინოვაციებსა და სთართაფებში სახელმწიფო რესურსებს ხარჯავს? — ლოგიკა პირდაპირ გვპასუხობს: არა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დროს მთავარი პრინციპი ირღვევა. ამ შემთხვევაში გამოგონებას ანტრეპრენერი, მომხმარებელი და ბაზარი კი არ აფასებს, არამედ ბიუროკრატი. ინვესტირების რისკს კერძო პირი კი არ იღებს, არამედ ბიუროკრატი, რომელიც სხვისი რესურსებით რისკავს.
ამიტომ ასეთი მცდელობა, ერთი მხრივ, უსარგებლო იქნება, რადგან ბიუროკრატი გამოგონებას ვერც აღმოაჩენს და ვერც ინოვაციად აქცევს, ხოლო მეორე მხრივ — ეს შეაფერხებს ინოვაციების აღმოჩენის ბუნებრივ პროცესს, კონკურენციას რესურსებისა და მომხმარებლებისათვის.
სახელმწიფოს საკუთარი ფული არ აქვს. იმისათვის, რომ მან ინოვაციებსა და სთართაფებში დახარჯოს თანხა, ეს ფული ჯერ კერძო კომპანიებს უნდა წაართვას და მერე საკუთარი პოლიტიკური თუ ბიუროკრატიული (ხშირად კორუფციული) შეხედულებებით დაარიგოს, ხოლო წარმატებად — ეს დარიგების პროცესი და მისი სტატისტიკა გამოაცხადოს.
შესაბამისად, თუ ინოვაციის წახალისება გვსურს, ანტრეპრენერებს ნაკლები ფული უნდა ჩამოვართვათ და დავუთმოთ ინიციატივა, რომ გამოგონებები თვითონ აღმოაჩინონ და იკისრონ საკუთარი რესურსების გარისკვა მათი ინოვაციად, საბაზრო საქონლად და ბიზნესად გადასაქცევად. ინოვაციების შექმნის პროცესის დაჩქარება და გამრავლება მხოლოდ ასე შეიძლება — საბაზრო პროცესებს ხელი არ უნდა შევუშალოთ.
იმისათვის, რომ ანტრეპრენერმა ამას მიაღწიოს, მას განსაკუთრებული თვისებები სჭირდება:
-
მუდმივი სწრაფვა და მოქმედება.
-
რისკისადმი მიდრეკილება.
ანტრეპრენერი ამ დაუღალავ აქტიურობასა და რისკს მხარს უჭერს რესურსების უკეთესი მობილიზაციით, მოქნილობითა და ბარიერების გადალახვის მონდომებით. ყველა ეს თვისება აუცილებელია მაშინაც კი, როდესაც ქუჩის მცირე ჯიხურს მართავ. მათ გარეშე ვერც სმართფონს შექმნი, ვერც ავტომობილს, ვერც თვითმფრინავსა და ვერც კოსმოსურ ხომალდს.
ის ფაქტი, რომ სმართფონები მხოლოდ ბოლო 20 წელია არსებობს, იმის შედეგია, რომ მანამდე სახელმწიფო განვითარებას ხელს უშლიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვით. ის ფაქტიც, რომ კოსმოსური ხომალდების განვითარება შეფერხდა, ასევე სახელმწიფოს „დამსახურებაა“, რომელმაც თავის დროზე ამ საქმის მონოპოლიზება სცადა.
სმართფონს ანტრეპრენერი ქმნის. მან იცის, რაში გარისკოს ფულის ჩადება და რა სჭირდება ხალხს. მან იცის, სად მოძებნოს ფიზიკოსი, პროგრამისტი, ქიმიკოსი, ინჟინერი, დიზაინერი, მენეჯერი და როგორ შეკრას მათგან საუკეთესო გუნდი. მან იცის, სად და ვის შესთავაზოს პროდუქტის დამზადება და გაყიდვა. სწორედ ამაში იღებს ფულსა და მოგებას ანტრეპრენერი.
ადვილად მისახვედრია ისიც, რომ ხშირად ანტრეპრენერი შეცდომებსაც უშვებს და ამ შეცდომებზე სწავლობს. არ არსებობს გარანტია, რომ ხალხი მის მიერ დამზადებულ სმართფონს მოიწონებს და ამ შრომის საფასურს გადაიხდის. მას არავინ აპატიებს შეცდომებს და ამ რისკის პასუხისმგებლობა მთლიანად მასზეა. მან შესაძლოა ყველაფერი დაკარგოს და დიდ ვალებში ჩავარდეს. მაგრამ ასეთი მცდელობის გარეშე სმართფონი ვერ დამზადდება — ცდისა და თვითმოქმედების გარეშე ის ვერ გაჩნდება. მოგება ანტრეპრენერისთვის ჯილდოა წარმატებისთვის, რადგან გააკეთა ზუსტად ის, რაც ხალხს სჭირდებოდა; ხოლო წაგება — ჯარიმაა არასწორი, უხარისხო და ხალხისთვის არასაინტერესო პროდუქციისთვის.
ანტრეპრენერმა არა მხოლოდ უნდა მოძებნოს ყველა მნიშვნელოვანი ადამიანი თუ რესურსი (ცხრა მთას იქითაც კი) სმართფონის შესაქმნელად, არამედ უნდა ეცადოს, მინიმალური ფასი გადაიხადოს, რათა პროდუქტი სხვაზე იაფი გამოვიდეს და ადამიანებისთვის მიმზიდველი გახდეს. ეს შესაძლოა არასასიამოვნო იყოს მათთვის, ვინც ამ რესურსის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მყიდველისთვის ნამდვილად სასიამოვნოა. ამის გარეშე სმართფონის გაყიდვა ძალიან გაძნელდება. ეს გამოიწვევს როგორც ანტრეპრენერის, ისე ჩართული სპეციალისტების ფინანსურ ზარალს, ხოლო მყიდველი ვერ მიიღებს იმას, რაც სურდა.
არის თუ არა ანტრეპრენერის ეს თვისებები მისი უმაღლესი ინტელექტის მაჩვენებელი? არა აუცილებლად. მართალია, ბევრ შემთხვევაში პროდუქციის მთავარი ავტორი თვითონ ანტრეპრენერი შეიძლება იყოს (ახალი ტექნოლოგიების დაფასება და შერჩევა ხშირად უშუალოდ მის მიერ ხდება), მაგრამ მისი როლი ყველა ზემოაღწერილი ფუნქციის შესრულებაცაა. თავის საქმეში ის ყველაზე ჭკვიანია — სხვებს ეს არ გამოსდით (ყველაზე ჭკვიან ადამიანებს ხომ არ აქვთ პრეტენზია, რომ ფეხბურთსაც ყველაზე კარგად ითამაშებენ!). ბევრი ბიზნესწამოწყება საკმაოდ მარტივია, არც სპეციალურ ცოდნას ითხოვს და არც განსაკუთრებულ გამოცდილებას. თუმცა ასეთი საქმიანობა მაინც ანტრეპრენერულ თვისებებთანაა დაკავშირებული და მრავალი ადამიანი უბრალოდ თავს შეიკავებს ამისგან (მაგალითად, ქუჩაში ვაჭრობისგან) — არც სურს და ვერც შეძლებს.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზგასმა: რაც უნდა გადააფასოს საკუთარი წვლილი და რაც უნდა მაღალი ფასი დაადოს საკუთარ პროდუქციას ანტრეპრენერმა, ფასი მაინც ბაზარზე განისაზღვრება მოთხოვნიდან გამომდინარე და კონკურენტების გათვალისწინებით. ვერავის აიძულებ, საქონელი მხოლოდ შენთვის მისაღებ ფასად იყიდოს. მეტიც, ის ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ანტრეპრენერული აზროვნება და ვერ ახერხებენ სასარგებლო პროდუქტის კონკურენტულ ფასად შეთავაზებას, ამ მოვლენას უსამართლოდ ჩათვლიან.
აქედან ჩანს, რა რისკები არსებობს და რაში ვიხდით ფულს. სმართფონს ქმნის ანტრეპრენერი, რადგან მის გარეშე ამ ფუნქციების შესრულებას ვერავინ შეძლებს. სხვა არავინ გარისკავს საკუთარ ქონებას ხალხისთვის სმართფონის შესათავაზებლად. ასეთი ადამიანი შესაძლოა თვითონ იყოს ფიზიკოსი ან მენეჯერი, მაგრამ მისი პირველადი ფუნქცია მაინც ანტრეპრენერობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, ვინც უკეთესი ანტრეპრენერული თვისებებითა (ან ინსტინქტებით) და მოქნილობით იქნება აღჭურვილი (თუნდაც ნაკლებად ინტელექტუალური იყოს!), ბაზარზე დაასწრებს. ადამ სმითმა ესეც გვასწავლა — შრომის განაწილებისა და უკეთესი შედეგების მიღწევისთვის სჯობს ფიზიკოსმა თავისი საქმე აკეთოს, მენეჯერმა — თავისი, გამომგონებელმა — თავისი, ხოლო ანტრეპრენერმა — ზუსტად თავისი.
სინამდვილეში, ანტრეპრენერული თვისებები ყველა ადამიანს სჭირდება — მაგალითად, იმისთვის, რომ საკუთარი პროფესიონალიზმი კარგად „მიყიდოს“ იმავე ანტრეპრენერს. ამ შემთხვევაში ფიზიკოსმა უნდა შეაფასოს თავისი ცოდნისა და უნარების საბაზრო ღირებულება და შესაბამისი ფასი დაადოს დამქირავებლისთვის მიყიდვისას. მანაც უნდა სცადოს პოტენციური მომხმარებლების მოძებნა კონკურენტულ გარემოში. ბაზარზე მოქმედება რისკიანია, რადგან სხვებიც ყიდიან მსგავს უნარებს, ამიტომ უნდა იმოქმედო, გამოიჩინო ინიციატივა და გარისკო კიდეც — რომელ ფირმას მიჰყიდო ეს სიმდიდრე.
ანტრეპრენერული მიდგომა მომხმარებელსაც სჭირდება, რათა მიხვდეს, ღირს თუ არა ამ სიახლეში (სმართფონში) ფულის ჩადება. უმეტეს შემთხვევაში ისიც ფიქრობს, რომ ზუსტი გათვლების ნაცვლად სჯობს სცადოს პროდუქტის ყიდვა და, თუ არ გამოდგება, სხვა ალტერნატივა მოძებნოს. ისიც ითვალისწინებს, რომ თუ სიახლეს დროულად არ გაეცნობა, ის შესაძლოა დეფიციტური და უფრო ძვირი გახდეს (ან პირუკუ — გაიაფდეს). ამიტომ მომხმარებელიც ცდილობს, ბაზარზე სასარგებლო, ინიციატივიანი და გარკვეულწილად რისკიანი გადაწყვეტილება მიიღოს.
ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანი თანაბრად არ არის დაჯილდოებული ანტრეპრენერული უნარებით, სრულიად არ აკნინებს მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს — თავიანთ საქმეში მათ შესაძლოა ბევრად მეტი ცოდნა გამოავლინონ. მეტიც, ანტრეპრენერობას არ აქვს აუცილებლად მეცნიერული ცოდნის პრეტენზია. მითია ისიც, თითქოს ამას სადმე ისწავლი ბაზრის გარდა. ბიზნეს-ანტრეპრენერობის სწავლა საკლასო ოთახში იმას ჰგავს, კომპიუტერში ითამაშო ფეხბურთი და გეგონოს, რომ ნამდვილ მინდორზეც მაგარი ხარ.
ცალკე აღნიშვნის საგანია სმართფონების აპლიკაციების ბაზარი (ძირითადად Google-ისა და Apple-ის ეკოსისტემები). აქ მილიონობით ადამიანი სთავაზობს საკუთარ აპლიკაციებს და მილიარდობით ადამიანი ყიდულობს მათ. როგორც აღვნიშნე, ასეთი აპლიკაციების საშუალებით ჩემს სმართფონში 150-ზე მეტი ფუნქცია აღმოვაჩინე. ეს ტიპური საბაზრო ეკონომიკაა. აქაც ჩნდება ახალი ტენდენციები, შეთავაზებები იზრდება, შემდეგ იკლებს, ზოგი მონაწილე გადის, ხოლო ის, ვინც გადარჩება, რჩება თავისი კონკურენტუნარიანი მიდგომებითა და უკეთესი შეთავაზებებით. აქაც რისკავენ, რომ ტყუილად დახარჯონ რესურსები და წააგონ.
ადამ სმითი მართალი იყო — სმართფონს ანტრეპრენერები ქმნიან. ანტრეპრენერის გარეშე არც სმართფონი იქმნება და არც სხვა რამ დედამიწაზე. მათ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, სურთ საკუთარი სარგებლის მიღება და ამისთვის ჩვენთვის სასარგებლო ნივთებსა და მომსახურებას გვთავაზობენ.
ისევ გავუსვამ ხაზს — ანტრეპრენერი არის თვითმოქმედი (ი. ჭავჭავაძე), რისკიანი, დაუზარელი და ბარიერების გადამლახავი ადამიანი. ჩვენი ცხოვრება მათ ამ თვისებებზეა დამოკიდებული. მათ სურთ მოგება, ხოლო ჩვენ გვინდა პური, ღვინო, ბენზინი, ავტომობილი და სმართფონი — და ფულს ვუხდით ამ ყველაფრის მოწოდებისთვის. გმადლობთ!
გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელი
******************************
ამ YouTube არხზე One Step რეკომენდაციას გაძლევთ იხილოთ ისტორიები ანტრეპრენერების მიერ წამოწყებულ საქმეებზე, რომლებიც შემდგომში გლობალურ ლიდერებად იქცნენ.