სახელმწიფო ფიქციაა, რომლის საშუალებითაც ყველა სხვის ხარჯზე ცხოვრებას ცდილობს. ფრედერიკ ბასტია
იმის ნაცვლად, რომ იკითხონ ხიდები სად უნდა აშენდეს, მთავრობის მხარჯველები კითხულობენ ხიდები სად შეიძლება აშენდეს. ჰენრი ჰაზლითი

1991 წელს რუსულ ენაზე გამოსული ფრიდრიხ ჰაიეკის წიგნის "დამღუპველი თვითდაჯერებულობის" 50-ზე მეტი ეგზემპლარი ვიყიდე და ბევრ მაშინდელ პოლიტიკურ ლიდერს დავურიგე. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, არც ერთს არ წაუკითხავს. ეს ჰაიეკის ბოლო დიდი წიგნი იყო, რომელშიც საბოლოო არგუმენტები დაამატა სოციალიზმის მისეულ კრიტიკას.
მაშინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რამდენად მემარცხენე იქნებოდა მთელი მსოფლიო. უფრო გამოცდილმა კახა ბენდუქიძემ 2004 წელს საქართველოში დაბრუნებისას აეროპორტშივე დასვა დიაგნოზი, რამდენად ფეხმოკიდებული იყო სოციალისტური მიდგომები. შემდგომში დიდი ძალისხმევაც გასწია ამის შესაცვლელად.
ქართველ ხალხზე რომ ფიქრობ, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენ, რომ კოლექტივისტურმა აზროვნებამ ინდივიდუალისტურს აჯობოს. არსებობენ ჩვენნაირი აზროვნების სამხრეთელი ევროპელებიც, რომელთა შესახებაც ვერ იტყვი, რომ კოლექტივისტური აზროვნება ძალიან პოპულარულია. თუმცა, მეორეს მხრივ ისიც ცხადია, რომ კომუნისტურმა პარტიებმა საკმაო პოპულარობა მოიპოვეს.
საქმეც ისაა, რომ კოლექტივისტური იდეოლოგიის პარალელურად ადამიანებს შესთავაზეს სხვის ხარჯზე ცხოვრების პარაზიტული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს სარგებელი მიიღოს დიდი ძალისხმევის გარეშე. ვინც ამას დაგპირდება, იმას აირჩევ. რა არის ამაში ასე ცუდი - თუ გაძლევენ, რატომ უნდა თქვა უარი?
ასეთი პარაზიტული ცხოვრების ფერხულში მრავალი ჩაერთო თვით დასავლეთშიც, რომელიც ჩვენ კერძო ბიზნესის და კაპიტალიზმის განსახიერებად მიგვაჩნდა. აშშ-ში ასეთ ბიზნესმენებს ქრონის უძახიან (ან Crony Capitalist). ასეთები დიდი სიამოვნებით ერთვებიან სხვადასხვა სახელმწიფო რეგულირების და ხარჯების ლობირებაში, რათა სანაცვლოდ მათი ბიზნესისთვის პრივილეგიები მიიღონ. მასშტაბები ტრილიონებს აღწევს.
სამწუხაროდ საქართველოც დიდი სიამოვნებით ჩაერთო ამ ფერხულში, თუმცა დასავლეთოსგან განსხვავებით მას დიდი კაპიტალი ჯერ არ დაუგროვებია და მისი სუსტი ეკონომიკა ასეთ ხელოვნურ ეკონომიკური ურთიერთობებს და ფლანგვას ვერ გაუძლებს.
ამის კერძო მაგალითია დღეს ეგრეთწოდებული საპენსიო რეფორმა. მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს და ბიზნესი ხმას არ იღებს - არავის უნდა წინასწარ ურთიერთობა გაიფუჭოს მთავრობასთან - რა იცი რაში დაგჭირდეს. ამის მეორე მხარეს, მთავრობა გვარწმუნებს, რომ ბიზნესი ძალიან ბედნიერია, - ვინმე მაინც უნდა არსებობდეს, ვინც ამ რეფორმას "ითხოვს".
რაში მდგომარეობს ეს რეფორმა - მთავრობა სავალდებულოს ხდის მოქალაქეებმა გააკეთონ საპენსიო დანაზოგები, რათა უზრუნველყოს მათი ღირსეული სიბერე. გამოგონილია სქემა, რომელიც მთავრობის განცხადებით ასეთ სიბერეს უზრუნველყოფს საჭირო სახსრებით.
საპენსიო რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანი თემა გახდა მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში. ამის მთავარი მიზეზი არის მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის დიდი სისწრაფით ზრდა. ბევრ ქვეყანაში პენსიონერები 15 და მეტ წელს ცოცხლობენ ხოლო მთავრობას აღარც გადასახადების გაზრდა შეუძლია უფრო მეტად და არც ვალების. საქართველოს უფრო დიდი პრობლემა აქვს - მისი მოსახლეობა უფრო დიდხანს ცხოვრობს, ვიდრე მისი მთავრობის რესურსები გაწვდება. შესაბამისად, სასურველია მოსახლეობამ თვითონ გადადგას ნაბიჯები დაგროვებისკენ, რათა მთავრობაზე არ იყოს დამოკიდებული და საპენსიო ასაკს მიღწევის მომენტში ჰქონდეს ცხოვრების საკუთარი წყარო.
ეს თეორიად რომ არ დარჩეს, აუცილებელია დედამიწაზე დავეშვათ და ვაღიაროთ, რომ დღევანდელი ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობები გაცილებით ნაკლებია, რათა ადამიანმა თან იცხოვროს, თან დაეხმაროს სხვებსაც და თანაც დააგროვოს. თუ ასეთი დასაგროვებელი თანხა არსებობს, ქართველები უმალ იწყებენ მის ინვესტირებას სანდო და გრძელვადიან აქტივებში. თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ მთავრობამ ჩათვალა, რომ ამ ადამიანებს არ ესმით დაგროვების აუცილებლობა და თვითონ გადაწყვიტა აიძულოს ისინი დააგროვონ, თუმცა არა მათი პირადი არჩევანით და პასუხისმგებლობით, არამედ მთავრობის მიერ მითითებული გზებით.
მთავრობის არგუმენტები:
1) ეკონომიკას გრძელვადიანი და იაფი ფული ჭირდება.
2) ხალხს არ ესმის დაგროვების აუცილებლობის საკითხი.
3) ასეთი სისტემის დანერგვის გარეშე ბიუჯეტს ძვირი დაუჯდება პენსიონერთა შენახვა.
მოდით ჯერ ეს არგუმენტები განვიხილოთ.
1. ეკონომიკას გრძელი ფული ჭირდება და იაფად, იგულისხმება, რომ ბიზნესებს ჭირდება ასეთი რესურსი და ძვირია, თორემ, სინამდვილეში ეს ფული ისედაც ძირითადად ბანკებშია და ეკონომიკაში ცირკულაციაში. უბრალოდ, როდესაც ბიზნესი მიდის ბანკში იქ მას ძვირად ღირებულ სესხს სთავაზობენ. დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში ფულის სესხება მსოფლიო ბაზარზე არ არის უკევ ძნელი, საქართველოში ალბათ ყველას უსარგებლია გლობალური გადარიცხვების სისტემით და ვიცით, რომ ეს ადვილია. თუ ადვილია, რატომ არ მიმართავენ ქართველები მაგალითად შვეიცარულ ბანკებს, იქ კრედიტი ძალიან იაფია.
პასუხი მარტივია: როგორც არ უნდა კარგი ბიზნეს-გეგმა შესთავაზოთ, შვეიცარული ბანკი გამოითვლის ყველა რისკს და ზუსტად იგივე პროცენტში გასესხებთ, რაც საქართველოში. ამას კიდევ აქვს ერთი უკანა მხარე, რომლის დანახავაც პოლიტიკოსებს არ უყვართ - მეორადი ეფექტები. ბანკს კი უნდა უფრო დაბალი პროცენტით გაასესხოს, მაგრამ თვითონ აქვს ნასესხები ისევ ჩვენგან და არავის უნდა დაბალი პროცენტით მისცეს ბანკს ეს სესხი - დეპოზიტი.
ეს მით უმეტეს, როდესაც ეხება გრძელვადიან დეპოზიტს, მაგალითად 20 ან 30-წლიანს. ვინ იქნებოდა თანახმა ახლა ბანკს ასესხოს რაიმე ფული ამ ვადით და თანაც დაბალ პროცენტში? არავინ. ყველა გაითვალისწინებს რისკებს: მაგალითად ლარის კურსის დაცემას, ან თუნდაც აშშ დოლარის მსყიდველუნარიანობის შემცირებასაც (1988 წლის 100 აშშ დოლარი ახლანდელ 212 დოლარს უდრის).
სწორედ ამაშია ამ რეფორმის ერთ-ერთი მიუღებელი მხარე. კი, ხალხი საკმაოდ ჭკვიანია არ გაასესხოს ფული გრძელვადიანად, თუ ეს მას შესაბამის სარგებელს არ პირდება, ხოლო მთავრობა მას კანონით აიძულებს. ანუ, ზემოთქმულ ფულის სიიაფესაც სწორედ ხალხის ხარჯზე გვპირდებიან.
სხვა მხრივ, რეალური თანხები, რომელიც ასეთი წესით უნდა მოიზიდონ ასეთ ღარიბ ქვეყანაში, არ იქნება ისეთი დიდი, რომ ეკონომიკაში ამინდი შეცვალოს.
წარმოდგენილი სქემით მასში მონაწილეების რაოდენობა, პირველ ეტაპზე მაინც, ვერ აცდება 300 ათას ადამიანს. 1000 ლარი საშუალო ხელფასის პირობებში ამ წესით ამ ფონდში წელიწადში 80 მილიონ დოლარზე მეტი ვერ შეგროვდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფული ისედაც ბანკებშია, და აქედან ეკონომიკის სარგებელი მხოლოდ ის განსხვავებაა, რომელსაც მთავრობა იძულებით ართმევს ხალხს, რათა ბიზნეს სექტორს გადასცეს. ანუ, თუ მანამდე გრძელვადიან დეპოზიტზე 10-12%-ზე ნაკლებად თანახმა არ ვიქნებოდით, ახლა ამას იძულებით მიგვასესხებინებენ ბიზნესისთვის მოკლევადიანი სესხის 5%-ის პირობებზე (სხვა შემთხვევაში ამ სისტემას აზრი არ აქვს). ანუ რეალური შეღავათი ეკონომიკისთვის არის არა თვითონ 80 მილიონი დოლარი, არამედ აქედან მისაღები სარგებლის 5-7% განსხვავება მოკლევადიან და გრძელვადიან დეპოზიტებს შორის. ეს კი საქართველოს მცირე ეკონომიკისთვისაც კი არ წარმოადგენს რაიმე ღირებულ რესურსს (დაახლოებით წლიური მშპ-ს 0.03%).
ამაზე მთავრობას ის არგუმენტიღა დარჩება, რომ თითქოს ეს ფული მოსახლეობას მაინც არ ეკუთვნოდა და მთავრობა უცებ ასეთი კეთილი გახდა, რომ ხალხის დახმარება გადაწყვიტა. ყველა ფული, რომელიც მთავრობას აქვს არის გადასახადის გადამხდელის და მით უმეტეს, ოფიციალურად რეგისტრირებულის.
ანუ ეს არგუმენტი წყალ-წყალაა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სქემების ოპერიერებას საკმაოდ დიდი ხარჯები აქვს. ფულის მოგროვება და შემდგომში მისი სწორად განთავსება დიდ ეფექტიანობას მოითხოვს თავისი ხარჯებით. მაგალითად, თუ მთავრობა ამ ფულს ღია ფინანსურ ბაზრებზე გაიტანს, მაშინ მოუწევს ამ ბაზრების დონის სპეციალისტების მოწვევა, რათა ეს ფული მყარად და უსაფრთხოდ განთავსდეს. ასეთი სერვისი ყველაზე ძვირი ბიზნესია. აქ ფონს უბრალო ვიკიპედიის ცოდნით ვერ გახვალ, 24 საათი და 7 დღე ფაქტიურ ფინანსურ ომს ვარსკვლავები ჭირდება. წლიურად 80 მილიონი დოლარის შეგროვებით, მთავრობის საპენსიო სქემაში 20 წელიწადში 3 მილიარდს თუ შეგროვდება, ამას გამოკლებული მისი ხარჯები, საუკეთესო შემთხვევაში 2 მილიარდი დარჩება. ეს თანხა შესაძლებელია ახლაც დიდი რესურსად არ მოგვეჩვენოს - დღევანდელი საბანკო დეპოზიტების მოცულობა დაახლოებით 8 მილიარდი დოლარია, ეკონომიკის 3-4% საშუალო ზრდით ადვილად გაორმაგდება და მით უმეტეს, საპენსიო დანაგროვები აღარავის მოეჩვენება დიდ რესურსად. და ისევ დავამატებ, რომ სარგებელი აქედან თვითონ ეს თანხა კი არა მის დაბალპროცენტულ განაკვეთშია - მინუს ხარჯები, ანუ დაგროვილი თანხის როლი მაინც ვერ აცდება ეკონომიკის 0.5%-ს.
და ბოლოს - მთავრობის მიერ სესხის სარგებლის განაკვეთის ხელოვნური შემცირება ბაზარზე გარკვეულ გადანაცვლებებს გამოიწვევს. მაგალითად, დეპოზიტების ბაზარზე შესაძლოა ერთი ნაწილის გაიაფებამ სხვა ნაწილი გააძვიროს, ან საბანკო სექტორის გარეთ განდევნოს მომავალი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.
2. ხალხს არ ესმის დაგროვების აუცილებლობის საკითხი. ეს არგუმენტი გაუგებარია თუნდაც იმის გამო, რომ ასეთი არც გამოკვლევა ჩატარებულა და არც ემპირიულად ჩანს.
ბოლო 15 წლის განმავლობაში მოსახლეობის დეპოზიტების მოცულობა ბანკებში დაახლოებით 10-12-ჯერ გაიზარდა. ეს ერთი მხრივ ეკონომიკური ზრდის და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა, მაგრამ ასევე მოსახლეობის სურვილით რესურსები სარგებლით დააბანდონ. წლების განმავლობაში უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების მოცულობის ზრდა (რომელსაც სრულიად არასწორად დოლარიზაციას უწოდებენ) პირდაპირ მიუთითებს, რომ ადამიანები ცდილობენ უსაფრთხო საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღონ და მეტი სარგებელი ნახონ.
უფრო მეტიც, თუ ადამიანებს ზედმეტი რესურსი უჩნდებათ, მათი უმრავლესობა უფრო გრძელვადიან აქტივებში აბანდებენ, როგორიცაა ბინები, მიწები და შვილების განათლება. საპენსიო რეფორმის თემაზე ნებისმიერ დებატებს ადვილად მოიგებ თუ ყველაზე რადიკალ სახელმწიფოს მომხრე მემარცხენეს კითხავ - რა ჯობს შენი ფულის სახელმწიფოსთვის გადაცემა თუ ბინების მშენებლობაში ინვესტირება, - ყველას ჯერავს, რომ ბინები უფრო სანდოა, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეგიძლია გაყიდო ან გააქირაო.
თუმცა ამის ფული (ზედმეტი რესურსი) უნდა გქონდეს. და ეს არის ამ თემის მთავარი საკითხი - თუ ხალხის უმრავლესობას არ აქვს ისეთი ზედმეტი რესურსი, რომ ბინების მშენებლობაში ჩადოს, საიდან გაუჩნდება ისეთი სხვა რესურსი, რომელიც მას ღირსეულ პენსიას მისცემს ამ რეფორმის შედეგად? ეს აჩვენებს, რომ ეს ეგრეთწოდებული საპენსიო რეფორმა ჩვეულებრივი პირამიდაა, - ხალხს პირდებიან ისეთ სარგებელს, რომელიც ეკონომიკურად შეუძლებელია.
რეალურად კი ხალხს კარგად ესმის დაგროვების აუცილებლობა - უბრალოდ ფული არ აქვს ამისთვის. მით უმეტეს, რომ ახალგაზრდებს ურჩევნიათ, თუ ზედმეტი ფული გაუჩნდათ სწორედ ჯერ ბინა იყიდონ და საფუძველი შეიქმნან ოჯახური ცხოვრებისთვის. ეს თუ გაკეთებული არ გაქვს ფინანსურ ბაზრებში მონაწილეობა გემბლინგის მოყვარულთათვისაც კი სისულელეს გამოჩნდება. თუმცა არავინ უნდა აგიკრძალოს გემბლინგი, მაგრამ დაგაძალოს, - როდესაც სახლი და კარი არ გაქვს - ყველანაირად აბსურდია.
3. თუ რეფორმაზე არ წავედით ეს ბიუჯეტს დააწვება და მთავრობა ვეღარ მოერევა პენსიების დაფინანსებას. ესეც წყალ-წყალა არგუმენტია. ფაქტია, რომ საოცარი პენსების დამპირებელმა მთავრობამაც კი მოახერხა პენსიების ზრდის ტენდენციის შეჩერება, მიუხედავად ლარის მკვეთრი გაუფასურებისა. პოლიტიკური კონსენსუსი ალბათ ადვილი მისაღწევი იქნებოად სხვა ტიპის გადაწყვეტილებაზე, რომ სახელმწიფო პენსიის ზრდა ხდებოდეს ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ და დონით.
მოიხსნება თუ არა საბიუჯეტო ტვირთი ასეთი რეფორმით? შესაძლებელია უტოპიის კუნძულზე მოიხსნება, მაგრამ
საქართველოში ეს ფიზიკურად ვერ მოხდება. ამ სქემაში მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი მოხვდება - დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, ისიც კარგ შემთვევაში. ხოლო დანარჩენი - ვერა. ვინ არიან ისინი?
1) 40 წელს ზემოთ მოსახლეობა, ვინც გადასახადებს დღესაც იხდის დაახლოებით 350 ათასი;
2) თვითდასაქმებულები, ტაქსის მძღოლები, მცირემიწიანი ფერმერები დაახლ. 1200 ათასი
3) მიკრო მეწარმეები (1%-იან ბრუნვის გადასახადს რომ პირდებიან), 50 ათასი
4) დიასახლისები და სამუშაოს არ-მაძიებელი სხვა ადამიანები, 100 ათასი;
5) ოფიციალური უმუშევრები - 200 ათასი;
6) უცხოეთში მომუშავე, მაგრამ დამბრუნებელი ადამიანები, 200 ათასი.
ანუ 2 მილიონზე მეტი ადამიანი ამ სქემის გარეთ იქნება. რაც საერთო რაოდენობის 7/8 - 87%. ანუ რეალურად საბიუჯეტო ტვირთის მოხსნას ვერაფერში დაეხმარება - ეს დანარჩენი მოსახლეობა მაინც სახელმწიფო პენსიით დარჩება (მით უმეტეს ამ სქემითაც - მომავალ 20-25 წელს). უფრო უარესი სცენარით ეს სქემა მალევე გაკოტრდება და მთავრობას მოუწევს იგი თავისი ვალდებულებებით უკან "დაიბრუნოს" და რაღაცნაირად მიუერთოს სახელმწიფო საპენსიო სისტემას, რაც ავტომატურად გაზრდის ტვირთს.
რატომ მოუწევს მთავრობას ასეთი სქემის ნაციონალიზაცია (სავალდებულო დაგროვებითი პენსიების სისტემის ნაციონალიზაცია უკვე ბევრ ქვეყანაში მოხდა, უნგრეთი, პოლონეთი, რუსეთი, და ა.შ., რომელთა ეკონომიკა გაცილებით უფრო მდიდარია ვიდრე ჩვენი)?
სახელმწიფო და მისი მთავრობა დიქტატურის პირობებშიც კი ვერ გაბედავს უარი თქვას პასუხისმგებლობაზე, იქნება ეს ჯანდაცვაში, განათლებაში თუ პენსიების სისტემაში. კონსტიტუციაც კი რომ არ მოითხოვდეს მთავრობისგან ასეთ ვალდებულებას, ხალხის, მედიის და ოპოზიციის დარწმუნება ძნელი იქნება, რომ მთავრობა არ იღებს პასუხისმგებლობას, რადგან ეს მისი ფუნქცია არაა (და თუ მისი ფუნქცია არაა, რატომ ერევა საერთოდ?). ამიტომ, სანამ ვინმე ახალი ვალდებულებების შექმნას გადაწყვეტს 1000-ჯერ უნდა დაფიქრდეს. როგორც მარგარეთ თეთჩერმა ერთხელ ბრძანა "ყველა სოციალისტური იდეა იქ თავდება, როცა ფული თავდება". როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი ფული ფაქტიურად უკვე დამთავრებულია.
შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ უახლოესი მოვლენები, როდესაც აბსოლუტურად კერძო პირამიდული სქემების გაკოტრების შემდეგ მოსახლეობა მთავრობისგან მოითხოვდა მხარდაჭერას.
სავალდებულო სქემა, რომელსაც მით უმეტეს მთავრობა არეგულირებს, საბოლოოდ მთავრობის პასუხისმგებლობა გახდება, - ვის მოსთხოვს პასუხს ხალხი თუ ეს რეფორმირებული პენსიები ჩავარდება? მთავრობას, ცხადია.
ეს მარტივი, მკაფიო და გენიალური არგუმენტი კახა ბენდუქიძეს ეკუთვნოდა. ჩვენი საერთო მეგობარი, ხოსე პინერა, ჩილეს ცნობილი საპენსიო რეფორმის მამად წოდებული, რომლისგანაც სხვადასხვა ვარიაციებით იქნა გადაღებული მაგალითი ყველა სხვა საპენსიო სისტემაში მსოფლიოში, დარწმუნებულია, რომ საქართველოს არსებული სისტემა უფრო მდგრადია და სწორედაც ფისკალურად უფრო ჯანსაღი.
და კიდევ. მთავრობა გვთავაზობს, რომ 2% თვითეული მომავალი დაგროვებითი ანგარიშისთვის მან უნდა დააფინანსოს. მხოლოდ ეს 2% მთავრობას პირველ (სრულ) წელს დაახლოებით 70 მილიონი ლარი დაუჯდება, ხოლო სახელმწიფო მოხელეებისთვის გადასახდელი დამსაქმებლის თანხებიც დაახლოებით ამდენივე (გააჩნია სქემას). ანუ 100 მილიონ ლარზე მეტი. საინტერესოა, როგორ ამცირებს ეს ფისკალურ ტვირთს. ჩემთვის ცხადია, რომ მთავრობა ახლა უბრალოდ ცდილობს გაიტანოს ეს სქემა და შემდგომში, როდესაც ვერ მოახერხებს საჭირო რესურსების მობილიზებას თავისი კონტრიბუცია 2% დამსაქმებლებს გადაულოცოს. მეტიც, ეს თუ გაუვიდა, ადვილად მოსალოდნელია 2+2+2 წლის ბოლომდე 2+5 სისტემად გადაიქცეს.
ასევე, ამ სქემის მუშაობა ფულის აკრეფის და განთავსების, მისი მონიტორინგის და სხვა ამოცანების ჩათვლით, საწყის თუ მოგვიანებით ეპატზე აუცილებლად სახელმწიფო ხარჯების ნაწილი გახდება, და როგორც ქვემოთ იქნება აღწერილი, არც თუ ისე მცირე იქნება. ამ ეტაპზევე ცხადია, რომ შემოსაცლების სამსახურისთვის ამ ფულის აკრეფა სცდება მის დღევანდელ შესაძლებლობებს და მეთოდოლოგიას, შესაბამისდ დაჭირდება უფრო სერიოზული მეთოდები და მაღალი ხარჯები. სხვა გზებიც დაკავშირებული იქნება დიდ ხარჯებთან, როგორც ამკრეფის, ასევე გადამხდელის მხარესაც.
გავაბათილე რა სახელმწიფოს არგუმენტები, აქ მოვიყვან სხვა უფრო მნიშვნელოვან არგუმენტებსაც.
1. ტყუილია, თითქოს არ არსებობს საპენსიო დაგროვებითი სქემის სხვა შემოთავაზებები. ასეთი შემოთავაზება თითქმის 20 წელია არსებობს და ძალიან ადვილი განსახორციელებელია. მთავრობამ უარი უნდა თქვას ნებაყოფლობითი საპენსიო დაზღვევის სქემებში გადარიცხული თანხების დაბეგვრაზე საშემოსავლო გადასახადით. შესაძლებელია ამ სქემამ დიდი წარმატება ვერ მოიტანოს თავიდანვე, თუმცა დასაქმებულებს კარგ სტიმულს მისცემს მოსთხოვოს დამსაქმებლებს ასეთი გადარიცხვები.
მთავრობას თუ ნამდვილად მოსახლეობისთვის უნდა სიკეთე, ნება დართოს მოსახლეობას თვითონ აირჩიოს სქემა, თუნდაც ეს იყოს შვეიცარიული, ბრიტანული ან იაპონური კერძო საპენსიო ფონდი.
სხვა გზა არსებობს, ცხადია. ის გადასადადების განაკვეთების კიდევ უფრო შემცირებაზე გადის - გვექნება დაბალი საგადასახადო ტვირთი, გვექნება მეტი ბრუნვა, მაღალი ზრდა, მეტი დასაქმებაც, მაღალი ანაზღაურებაც, დაზოგვის და ინვესტირების შესაძლებლობაც და მაღალი პენსიებიც. რაც მეტად შემცირდება გადასახადის განაკვეთი, მით სწრაფად გაიზრდება ეკონომიკა და მეტი ფული დარჩება ხალხს.
2. კონსტიტუციური წესრიგისათვის აუცილებელია გავერკვიოთ, საიდან მოდის მთავრობის ეს უფლება, აიძულოს ადამიანები საპენსიო დაგროვება გააკეთონ.
უფრო მეტიც, სრულიად გაუგებარია, რა კონსტიტუციურ უფლებამოსილებას ეყრდნობა მთავრობა, როდესაც იგი კერძო ფინანსურ ბაზარზე შედის აქტიური ოპერაციების საწარმოებლად. ფაქტია, რომ ეს საქმიანობა არანაირ საჯარო ფუნქციას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, როდესაც ეხება პერსონალურ დაგროვებას. ეს არც კოლექტიური სიკეთეა, არც "უბილეთო მგზავრობის" პრობლემას ქმნის და არც კერძო სექტორის უარზე ამ საქმეს ხელი მოკიდოს. არ არსებობს თვალსაზრისი, რატომ უნდა იყოს ეს მთავრობის საქმე. მით უმეტეს, არავინ ითხოვს მთავრობის ასეთ საქმიანობას.
3. ფინანსური ბაზარი ძალიან რისკიანი სფეროა. ამიტომ ჭირდება ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
წარმოვიდგინოთ ფეხბურთის ბიზნესი. იქ ვარსკვლავების გარეშე ვერაფერს გახდები და წარმატებას ვერ მიაღწევ. ვარსკვლავები ძვირი ღირს, თუმცა ყველა ხედავს რისი გამკეთებლები არიან.
ფინანსურ ბაზარზე ასევე გჭირდება ვარსკვლავები, რომელიც ასევე ძვირი ღირს, თუმცა ისინი იმდენ ყოველდღიურ ოპერაციას ასრულებენ, რომ მათი თვალყურის მიდევნდება ძნელია, და შესაბამისად რისკიანიც.
ფაქტია, რომ ამ სქემას 10 ან მეტი "ვარსკვლავი" დაჭირდება, რაც მის ბიზნეს-ხარჯებს უზომოდ გაზრდის. თუმცა, ამის საპირისპიროც არ არის გამოსავალი. არ აიყვან "ვარსკვლავებს" და არ გექნება ფულის სწორი გამოყენება და მოგება, - სქემა გაკოტრდება.
ეს მით უმეტეს ადვილად მოსალოდნელია, რადგანაც ეს საპენსიო სქემა მონოპოლიურ მდგომარეობაში იქნება და გარანტირებული ფულადი რესურსით, რაც მის ეფექტიანობაზე აუცილებლად ცუდად აისახება. მოსახლეობასაც არ ექნება არჩევანი და იფიქრებს, რომ რახანაც ეს სისტემა დააძალეს, ესე იგი მთავრობის საქმეა მისი კონტროლიც (თუ არადა ქუჩაში გამოვალთ).
4. ე.წ. საპენსიო შენატანი აშკარად ანტიკონსტიტუციურ ხასიათს ატარებს. მიუხედვად იმისა, რომ მთავრობამ სასწრაფოდ "გააშანშალა" საკონსტიტუციო შესწორება, რომ შენატანი არ არის გადასახადი, მას აშკარად გადასახადის ხასიათი აქვს და საერთაშორისო აღრიცხვის სტანდარტითაც ვერ ექნება სხვა მუხლი ფირმის ბალანსში, ვიდრე ვალდებულება მთავრობის მიმართ. კონსტიტუციაში ამ საგანგებო ჩანაწერის ავტორებიც ხვდებოდნენ ამას, თორემ რატომ ჩაწერდნენ. ეს შენატანი გაზრდის ბიზნესის ხარჯებს, რომელიც მიემართება მთავრობის ანგარიშისკენ, და თანაც სავალდებულოა.
კონსტიტუციური წესრიგის ასეთი დარღვევა და კონკრეტულ ინტერესზე ასეთი უხეში მორგება, კონსტიტუციის და ხალხის აბუჩად აგდება საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნიკალურია. როგორც ზემოთ ვთქვი, არჩევანიც კი არ დაუტოვეს ადამიანებს, თვითონ გადაწყვიტონ რომელ რისკიან თუ ურისკო სქემაში მიიღოს მონაწილეობა.
5. რამდენი იქნება ასეთი წესით დაგროვებული პენსია. ნებისმიერ სხვადასხვა გამოთვლებს შესაძლებელია სხვადასხვა შედეგები ჰქონდეს, რადგან ადვილად შეიძლება სხვადასხვა მონაცემების შეტანით მანიპულაცია, როგორც ჩვეულებრიც ხდება ხოლმე ფინანსური პირამიდების შემთხვევაში. ამიტომ არ ავყვები მთავრობას ასეთ ვარჯიშში, მაინც არ დაიჯერებს.
მთავარი ისაა, რომ ნებისმიერ შემთვევაში სქემამ უნდა აირჩიოს პენსია იქნება წინასწარ განსაზღვრული სარგებლის, თუ შენატანის მოცულობის პროპორციული სარგებლის მიხედვით. ძალიან გართულდება კალკულაციები, თუ ვინმე შეეცდება შენატანის მოცულობის მიხედვით შექმნას ეს სქემა, რადგანაც იარსებებს მრავალი უცნობი მონაცემი, რომელიც გარეშეც შეუძლებელი იქნება რეალური კონკრეტული დაპირების გაცემა.
მაგალითად, ასეთი უცნობებია შემოსავლების დონე დროის განმავლობაში, ლარის გაუფასურება (ინფლაცია), საპენსიო ასაკის შემდგომი სიცოცხლის ხანგრძლივობა. დღევანდელი მდგომარეობით სტატისტიკა სხვადასხვა რიცხვებს გვიჩვენებს. მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ვის შეუძლია გამოიცნოს რა იქნება სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-30 წლის შემდეგ? მაგალითად, გაეროს 2008 წლის გამოკვლევით, მომავალ 25-30 წელიწადში სიცოცხლის ხანგრძლივობა განვითარებადდ ქვეყნებში შესაძლებელია 10-15 წლით გაიზარდოს. მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელი ტემპით, შესაძლებელია ეს ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდეს.
მით უმეტეს შეუძლებელი იქნება იცოდე ცალკეული ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა, რის გარეშეც მისთვის კონკრეტული საპენსიო დაპირება შეუძლებელი იქნება. ძალიან ძნელი იქნება ასევე დაარწმუნო ახალგაზრდა ადამიანები, რომ მიუხედავად მათი დაბალი ანაზღაურებისა მაინც ღირსეული პენსია ექნებათ. შესაბამისად სქემის ოპერატორებს აუცილებლად მოუწევთ გამათანაბრებელ კალკულაციებზე გადართვა. ეს კი დამაგროვებელ სქემას სერიოზულად შეარყევს. მოტივაცია შემცირდება და ძალადობის ელემენტი გაიზრდება.
ახალგაზრდების ერთი ნაწილი (თუ არა უმეტესობა) აუცილებლად განიხილავს უცხოეთში სამუშაოდ წასვლას. მათი რიცხვი მით უმეტეს გაიზრდება, თუ ეკონომიკა არ გაიზარდა და ლარი კი შემოგვრჩა და გაუფასურდა. შესაბამისად კონტრიბუტორთა რაოდენობის ზრდა ამ სქემაში დიდად მოსალოდნელიც არაა. ფაქტია, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის უმუშევრობა ბევრად უფრო მაღალია, მათი დროებითი დასაქმებაც ასევე უფრო მაღალია და მათი შესაძლებლობაც უცხოეთში წავიდნენ უფრო რეალისტურია, რაც ასეთი სავალდებულო დაგროვებითი სისტემისთვის დამატებით ხარჯს და რისკს წარმოადგენს.
საპენსიო სისტემის ერთი პრობლემა ისაა, რომ რაც უფრო ცოტას ცხოვრობს ადამიანი, მით უფრო მარტივია მაღალი პენსიების გაცემა და პირიქით. მაგალითად, ბევრ ღარიბ ქვეყანაში, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა 60 წელზე მცირეა, უფრო ადვილია 1000 დოლარიანი პენსიის გაცემა ვიდრე გერმანიაში, საფრანგეთში, და სხვ., სადაც საშუალოდ 80 წელზე მეტს ცოცხლობენ. (რუსეთშიც სწორედ ამიტომაა უფრო მაღალი პენსიები, რომ უფრო ცოტას ცოცხლობენ).
ეს უკუდამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც ახალი ტექნოლოგიების, სამედიცინო და ბიოლოგიური, ფარმაცევტული მეცნიერებების დღევანდელი სწრაფი განვითარება სიცოცხლის ხარისხს სწრაფად გააუმჯობესებს. ყველა დასავლური ქვეყანა (კანადის გარდა) უკვე შეთანხმებულია უახლოეს ხანებში საპენსიო ასაკის 70 წლამდე გაზრდაზე.
6. ცხადია ასევე, ამ სქემის სხვა რისკებიც, - ინვესტირება უნდა მოხდეს ფინანსურ აქტივებში. თუ ეს ლარში იქნება მაშინ, ცხადია მისდამი ნდობაც შესაბამისი იქნება და რეალური სარგებელიც დაბალი. რა უსაფრთხოების გარანტიები იარსებებს? ვინ იქნება ამ სქემის და ინვესტიციების აუდიტორი? უფლება ექნება თუ არა სახელმწიფო აუდიტს შეამოწმოს ეს სქემა და ინვესტიციების ეფექტიანობა? იქნება თუ არა ეროვნული ბანკის ზედამხედველობა? დაარეზერვებს თუ არა გარკვეულ თანხებს ეს სქემა ეროვნულ ბანკში? ამ კითხვებზე პასუხის გაუცემლობა კიდევ უფრო რისკიანად წარმოაჩენს ამ სქემას.
7. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს შენატანი/გადასახადი გაზრდის ბიზნესის ხარჯებს (რაც საბოლოოდ მოსახლეობას და ეკონომიკას დააწვება). თუმცა პრობლემები მხოლოდ ამით არ დამთავრდება.
ეს გადასახადი უბიძგებს დამქირავებელს, არ დაიქირაოს ახალგაზრდები, რაც მათ შორის უმუშევრობის კიდევ უფრო ზრდას შეუწყობს ხელს. სხვა შემთხვევაში დამქირავებელი იძულებული გახდება არალეგალურად დაიქირაოს ახალგაზრდები. ამ თვალსაზრისით ისიც საინტერესოა. რომ (უმუშევრობა და) მოკლევადიანი დასაქმება ახალგაზრდებისთვის უფრო მეტადაა გავრცელებული, ისინი უფრო ხშირად იცვლიან საქმიანობის სფეროს, ხშირად, მშობლების იმედით, ელოდებიან უფრო ხელსაყრელ ვარიანტებს და უარყოფენ დაბალანაზღაურებადს, რაღაც პერიოდი უმუშევრად რჩებიან. შესაბამისად, მთავრობის გათვლა (თუ ასეთი საერთოდ არსებობს) ამასაც უნდა ითვალისწინებდეს (ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ კერძო სფეროში ასეთ რამეს ხელი რისკების მინიმუმამე დაყვანის გარეშე მოკიდოს.).
8. ეს სქემა პოლიტიკურ წნეხს ვერ გაუძლებს, ნებისმიერი ჭორი, მედია გაშუქება, ოპოზიციური კრიტიკა გადაითარგმნება შემდგომ ცვლილებებში, გადასახადის და ხარჯების ზრდაში, და შემდგომ ფისკალურ პრობლემებში. შესაბამისად მისი პოლიტიკური მდგრადობაც სუსტი იქნება და ეს კიდევ ახალ ეკონომიკურ არასტაბილურობაში აისახება. ადვილი წარმოსადგენია მოსახლეობის უნდობლობის მუდმივი ზრდა, თუმცა პოლიტიკოსების მოკლევადიანი სარგებელიც. ალბათ მტერიც ელოდება ასეთ დესტაბილიზაციას.
შესაბამისად, პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა მნიშვნელოვანია, თუმცა არავინ იცის კიდევ ვინ გამოვა პოლიტიკურ არენაზე უახლოეს ხანებში, ვინც ასევე დაეთანხმება ამას.
9. მთავრობა არაფექტინია, და არამხოლოდ ქართული. თუმცა ქართული ფისკალური პროცესი საბჭოთა გადმონაშთია და პრაქტიკულადდ არც ერთი მხარჯველი ინსტიტუტი არ გრძნობს პასუხისმგებლობას ხარჯების ეფექტიანობაზე. ისინი არც გვპირდებიან რაიმე კონკრეტულ შედეგებს და არც მით უმეტეს გვიდგენენ ანგარიშებს ასეთ შედეგებზე. არც კანონმდებლობა სთხოვს მათ ასეთ ანგარიშვალდებულებას. შესაბამისად ძალიან რთული წარმოსადგენია არსებული ან შემდეგი მთავრობების (რომლებიც ყოველთვის იტყვიან ეს მათი დაწყებული არაა და პასუხისმგებლობაც არ აქვთ) მონდომება ფაქტიურად საბირჟო ოპერაციების დაგეგმვაში ჩაგვრთოს და მერე ანგარიში ჩაგვაბაროს, მით უმეტეს თუ არ მოეთხოვება.
ამ ეტაპზე რაც ზუსტად ვიცით, ამ მთავრობამ მრავალი შეცდომა დაუშვა (რბილად რომ ვთქვათ) გამოთვლებში: ენერგიაზე ფასების დაკლება - ფასები გაიზარდა, პენსიების ზრდას - ვერ გაზარდეს, მილიარდები დაიხარჯა სოფლის მეურნეობაზე - შედეგი უარყოფითია, ჯანდაცვაში ყველაფერი უკან წავიდა და აწყობილი კერძო დაზღვევა ფაქტობრივად მოიშალა. ეკონომიკა არ იზრდება, შემოსავლები მყარ ვალუტაში გადათვლით - შემცირდა. რატომ უნდა ვენდოთ ახალ ამ კალკულაციებს, რომ მთავრობა ფინანსურ ბაზრებზე შეიჭრება და საოცარ წარმატებებს მიაღწევს. ან რა გარანტია გვაქვს, რომ შემდეგი მთავრობები იქნება უკეთესი?
კერძო ბაზარზე თუ ინვესტიციის მენეჯერი ანგარიშს არ გვაბარებს, ის მაინც ვიცით მოგებაზეა თუ წაგებაზე, და თუ არ მოგვწონს სხვაგან მივდივართ. საჯარო სექტორში ასეთი საქმიანობის გადმოტანა ნიშნავს პასუხისმგებლობის მთავრობისთვის აკიდებას, რაზეც ის არასდროს იტყვის უარს და ყოველთვის გაზრდის მის რისკიანობას. იმის ნაცვლად, რომ გვქონდეს დეცენტრალიზებული მართვა და პასუხისმგებლობა, როდესაც ყველა ზრუნავს საკუთარი ინვესტიციების კონტროლზე, გვექნება ცენტრალიზებული მართვა, რესურსების პატრონების მიერ პასუხისმგებლობის სხვაზე (მთავრობაზე) გადატანის დიდი მოტივაციით.
შესაბამისად, არ გამოდგება ასეთი ვითომ არგუმენტიც, რომ თუ არ ვცადეთ არაფერი გამოვა. მაშინ ხალხს პირდაპირ კრიპტოვალუტა დავავალოთ რომ შეიძინონ - ესეც ცდა იქნება.
10. ამ საპენსიო რეფორმის პირველ ტელედისკუსიაში რომ მივიღე მონაწილეობა, მრავალი კითხვა გამიჩნდა, მაგრამ სანამ მათ დავსვამდი, მთავრობის წარმომადგენელს მაყურებელმა კითხა, - რა ელით ტაქსის მძღოლებს, გლეხებს, თვითდასაქმებულებს? ვინ გადაიხდის მათ გადასახადს? მთავრობის წარმომადგენელმა წარმოუდგენელი (დაზეპირებული) პასუხი გასცა, რომ ამ კატეგორიის ხალხს ისე მოეწონება ეს სქემა, რომ თვითონ მიადგებიან მთავრობას სქემაში ჩართვის და გადასახადის გადახდის მოთხოვნით.
ეს ფანტაზია ალბათ გულისხმობდა, რომ ისინი 4%-ს გადაიხდიან, მაგრამ საიდან? შემოსავლიდან? თუ ამის დათვლა შესაძლებელია, რატომ მხოლოდ 4% რატომ არა საშემოსავლოს? ქონების გადასახადის? მაგრამ ცხადია, ეს ყველაფერი მხოლოდ ფანტაზიაა, თუმცა სახიფათო ფანტაზია, რომელიც შეიძლება დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავგადასავალში გადაიზარდოს, მით უმეტეს, რომ ასეთ რეფორმას არავინ ითხოვდა.

არსებობს სხვა არგუმენტებიც, რომელიც მათი სენსიტიურობიდან გამომდინარე აქ არ მოვიყვანე...