ოდესმე თუ შესწრებიხართ კეთილშობილ ბურჟუა ჟაკ ბონომის რისხვას, როცა მისმა დაუდევარმა შვილმა ფანჯარა ჩაუმსხვრია?
თუ თქვენ შეესწარით ამ სანახაობას, მაშინ თქვენც, ისევე, როგორც დანარჩენი თვითმხილველები, რომელთა რაოდენობა ოცდაათ კაცს აღემატებოდა, თითქოს პირი გქონოდათ შეკრული, იჩქარებდით საწყალი მეპატრონის დამშვიდებას შემდეგი სიტყვებით: “ზოგი ჭირი მარგებელია.
მრეწველობის საფუძველს მსგავსი შემთხვევები ქმნის, რა ბედი ეწეოდათ მეშუშეებს, შუშები რომ არასდროს ტყდებოდეს?”
ამ ნუგეშსაცემ სიტყვებში მთელი თეორია იმალება, რომლის განხილვაც ამ მარტივი მაგალითის მიხედვით ურიგო არ იქნებოდა, რადგან ეს სწორედ ის თეორიაა, რომლითაც, სამწუხაროდ, ჩვენში ეკონომიკის მმართველი სახელმწიფო ინსტიტუტები ხელმძღვანელობენ.
თუ დავუშვებთ, რომ შუშის შესაკეთებლად საჭიროა 6 ფრანკი და ამით იმის თქმა სურთ, რომ ამ შემთხვევამ შუშის მრეწველობას 6 ფრანკი შემატა და ამ 6 ფრანკით მას დიდი დახმარება გაეწია, მაშინ მე ამ მსჯელობას სრულიად ვეთანხმები, რადგან ის აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. მოვა მეშუშე, შეასრულებს თავის სამუშაოს, მიიღებს 6 ფრანკს, ხელებს მოიფშვნეტს და გულში დალოცავს დაუდევარ ბავშვს, ეს არის ის, რაც ჩანს.
მაგრამ თუ მსჯელობის გზით მივალთ იმ დასკვნამდე, რომ შუშების ხშირი მსხვრევა კარგია, რადგან ის ფულის ბრუნვას უწყობს ხელს, ანუ მთელი მრეწველობის წახალისებას ემსახურება, ამ შემთხვევაში მე ვალდებული ვარ წამოვიძახო: “შეჩერდით! თქვენი თეორია მხოლოდ იმით იფარგლება, რაც ჩანს და არ სურს დაინახოს ის, რაც არ ჩანს.”
ხოლო არ ჩანს ის, რომ ბურჟუას 6 ფრანკის რაღაც სხვა ნივთზე დახარჯვა შეეძლო, მას ეს აღარ შეუძლია. არ ჩანს, მას რომ არ დასჭირვებოდა ახალი შუშის ჩასმა გატეხილის სანაცვლოდ, ის შეძლებდა თავისთვის ძველის ნაცვლად ახალი ფეხსაცმლის ან თავისი ბიბლიოთეკისთვის ახალი წიგნის ყიდვას. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ამ 6 ფრანკს სხვა რამეში გამოიყენებდა, რასაც ახლა ვეღარ მოახერხებს. მოდით გადავხედოთ მრეწველობას ზოგადად მოცემული მდგომარეობიდან. შუშა გატეხილია და ამით შუშის მრეწველობა 6 ფრანკით გამდიდრდა; ეს არის ის, რაც ჩანს. ხოლო თუ მხედველობაში მიიღებდნენ იმას, რაც არ ჩანს, როგორც უარყოფით ფაქტს, ხოლო იმას, რაც ჩანს, დადებითს, მაშინ მიხვდებოდნენ რომ ზოგადად ეროვნული მრეწველობისთვისარავითარი მოგება არ მოაქვს იმას, შუშა გატყდებოდა თუ არა.
მოდით ახლა თვით ჟაკ ბონომს შევხედოთ.
პირველი ვარაუდის მიხედვით, რომ ფანჯარა გატყდა, ის ხარჯავს 6 ფრანკს და სანაცვლოდ იძენს იგივე, არაფრით ნაკლებ ან მეტ შუშას. მეორე ვარაუდის მიხედვით, რომ ფანჯარა არ გატყდა, ის დახარჯავდა 6ფრანკს ახალ ფეხსაცმელზე და ერთდროულად ექნებოდა როგორც ახალი წყვილი ფეხსაცმელი, ისე ფანჯარა.
იქიდან გამომდინარე, რომ ჟაკ ბონომი საზოგადოების ნაწილია, ხოლო საზოგადობა ერთი მთლიანი ორგანიზმი, უნდა დავასკვნათ, რომ საზოგადოების ერთობლივი შრომისა და მოხმარების შეჯამების შედეგად, ჩამსხვრეული ფანჯრის ღირებულება დაკარგულად ჩაითვლება.
თუ ზემოთ თქმულს განვაზოგადებთ მივალთ მოულოდნელ დასკვნამდე, რომ “საზოგადოება ნივთების ღირებულებას კარგავს მათი უსარგებლო განადგურებით” და იგივე განზოგადებით ასევე მივალთ აქსიომამდე, რომლის გაგონებისას პროტექციონისტებს თმა ყალყზე დაუდგებათ: “გატეხვა, გაფუჭება, განიავება ეროვნული წარმოაბის წახალისებას სულაც
არ ნიშნავს”, მოკლედ რომ ვთქვათ “ნგრევას მოგება არ მოაქვს.”
რას იტყვით თქვენ, მრეწველობის ხელმძღვანელო ან თქვენ, ბატონი დე სენ-შამანის მიმდევრებო, რომელმაც აღსადგენი სახლების რიცხვის მიხედვით, პარიზის დაწვით მიღებული მოგება ზუსტად გათვალა?
ძალიან ვწუხვარ რომ ამ მეტად შემოქმედებით გათვლებში დეაეჭვება მიხდება, არადა მათი სული ჩვენს კანონმდებლობაში ძევს, მაგრამ მე ვთხოვ ბატონ დე სენ-შამანს ხელახლა დაითვალოს ეს მოგება, ოღონდ ანგარიში გაუწიოს იმას, რაც არ ჩანს და დაუპირისპიროს იმას ის, რაც ჩანს.
მკითხველმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ ამ პატარა დრამაში, რომელიც შემოგთავაზეთ, მონაწილეობს არა ორი, არამედ სამი პირი. ერთი ჟაკ ბონომია. ის წარმოადგენს მომხმარებელს, რომელიც გატეხილი შუშის გამო იძულებულია დასჯერდეს ერთ სიამოვნებას ორის ნაცვლად. მეორეპირია მეშუშე, რომელიც წარმოადგენს მწარმოებელს და რომელმაც ამ შემთხვევის შედეგად მოგება ნახა. მესამე პირია მეწაღე (ან სხვა ნებისმიერი ხელოსანი), რომლის შრომაც იგივე შემთხვევის გამო დაზარალდა.
ეს მესამე პირი, რომელიც ყოველთვის ჩრდილში დგას, წარმოადგენს იმას, რაც არ ჩანს და პრობლემის გადაჭრის აუცილებელი ელემენტია, გვასწავლის იმის დანახვას თუ როგორი უაზრობაა მოგების ნგრევაში ძიება. მოგვიანებით სწორედ ეს მესამე პირი დაგვანახებს, რომ მოგების შეზღუდვებში ძიება ასევე დიდი უაზრობაა, რადგანაც ეს სხვა არაფერია, თუ არა ნაწილობრივი განადგურება. კარგად გაიაზრეთ შეზღუდვების სასარგებლოდ მოყვანილი ყველა მტკიცებულება და თქვენ ვერაფერს აღმოაჩენთ გარდა შემდეგი გავრცელებული სიტყვების პარაფრაზებისა: “რა ბედი ეწეოდათ მეშუშეებს შუშები რომ არ ტყდებოდეს?”