ამ თემას იმიტომაც მივუბრუნდი, რომ აღმოვაჩინე, საქართველოში არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც მისი პროპაგანდით არიან დაკავებული. ქართველებისაგან განსხვავებით – რომელთაც არითმეტიკის ცოდნა დავუწუნე ამას წინათ – შესაძლებელია იფიქრო, რომ უცხოელები, წესით, უფრო კარგად უნდა ერკვეოდნენ, რამდენადაა შესაძლებელი აგრარული სექტორის წარმატება. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, თუმცა ქვემოთ მოცემული ინფორმაცია მათთვის ცნობილი უნდა იყოს, რაიმე ფორმით მაინც.

 

ქართველები, რომელთაც უცხოეთში არ უმოგზაურიათ, ვერ წარმოიდგენენ, რა ხარისხობრივი განსხვავებაა ჩვენსა და იქაურ აგრარულ წარმოებას შორის. ჩვენი ექსპერტებისა და „მარშრუტკებში” მოჭორავე ადამიანების აზრით, აგრარული სექტორის გადარჩენა მარტივია: ხორბლის თესლის დარიგება გლეხებისთვის, მექანიზაციის (წმინდა კომუნისტური პერიოდის ტერმინოლოგიაა) ან მელიორაციის განვითარება, საწვავის დარიგება, მოსავლის სახელმწიფოს მიერ შესყიდვა-ჩაბარება, მინერალური სასუქებით მომარაგება და სხვა.

ამ დროს, როგორც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდისას გავერკვიე, გლეხს ეს საკითხი აშკარად უფრო კარგად ესმის. მას საქმის წამოწყება საერთოდ არ უნდა, მანამდე სანამ გასაღების ბაზარს არ გაარკვევს. ამით საკმაო ეკონომიკურ გამჭრიახობას ამჟღავნებს კიდეც – უფრო მეტს, ვიდრე ბევრი ექსპერტი.

აღნიშნულ საკითხზე უკვე ბევრი ვისაუბრე ადრე. ახლა გამოცდა სხვა პოსტულატს მოვუწყოთ. რას მოგვცემს საერთოდ სოფლის მეურნეობის განვითარება, თუნდაც ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტს რომ ვეზიაროთ – თანაც გამოვტყდებით, ეს არცთუ ისე მალე მოხდება, ცოდნისა და რესურსების უკმარობის გამო. საერთოდაც რას ნიშნავს წარმატებული აგრარული სექტორი? რომელი ქვეყნებია ყველაზე წარმატებული? რამდენად პროდუქტიული და ეფექტიანია მათი წარმოება?

ამ ანალიზისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი, აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მონაცემებია (CIA Fact-Book). ირკვევა, რომ მსოფლიოში ყველაზე პროდუქტიული ქვეყნები აგრარულ სექტორში აშშ, კანადა და ავსტრალიაა. მათთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, ერთ დასაქმებულზე გადათვლით აგრარულ სექტორში 100 ათას დოლარს აჭარბებს. მეორე ეშელონში არიან დასავლეთევროპული ქვეყნები და იაპონია, რომელთათვისაც იგივე მონაცემი 30 ათასიდან 50 ათას დოლარამდე მერყეობს. საქართველოს მაჩვენებელი მეტისმეტად სუსტია – დაახლოებით 1.6 ათასი დოლარი, ხოლო ჩვენი მეზობლების, თურქეთისა და რუსეთის – 10 ათას დოლარზე მეტი. პირველი რიგის ქვეყნების ლიდერობა, როგორც ჩანს, აგრარული მიწის გაცილებით უფრო დიდი ფართით აიხსნება, რომელიც თითოეულ ფერმერს ეკუთვნის. ევროპა და საქართველოც უფრო მცირემიწიანია. ამითვე შეიძლება აიხსნას რუსეთის შედარებითი წარმატება. ხოლო თურქეთი, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს აგრარულ სექტორს, ამავე და სხვა მიზეზით ჯერჯერობით მეტ წარმატებას ვერ აღწევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აგრარული სექტორის სუბსიდირებით ევროკავშირი ლიდერობს. თუმცა ამის შესაძლებლობას მას მისი სიმდიდრე აძლევს.

ზემოთქმული უკვე საკმაოდ მრავლისმეტყვლია: ქართული სოფლის მწარმოებლურობა 20-ჯერ დაბალია, ვიდრე ევროპის. ამის მიზეზი ძირითადად ეკონომიკურია – მაგალითად, ჩვენი მსგავსი თურქეთის დონის მისაღწევად, მწარმოებლურობა 7-8-ჯერ მაინც უნდა გავზარდოთ. ეს მაინც არ იქნება იმის საწინდარი, რომ მაღალ კონკურენტუნარიანობას მივაღწიოთ. ბაზარზე ფასები უბრალოდ თვითღირებულების მიხედვით რომ დგინდებოდეს (როგორც ეს კლასიკური ეკონომიკის მიმდევრებს ეგონათ), რამდენჯერაც მწარმოებლურობა დაბალია, იმდენჯერ მაღალი უნდა იყოს თვითღირებულებც და ფასიც. თუმცა, ფასი სუბიექტურია და ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების მიხედვით დგინდება. ამის შედეგად ყველაზე მეტ ზიანს ის იღებს, ვისაც პროდუქცია ძვირი დაუჯდა და იძულებულია გაცილებით იაფად გაყიდოს. სწორედ ესაა აგრარულ სექტორში სუბსიდიების გაცემისას ევროპის ამგვარი მონდომების მიზეზი.

საინტერესოა ამ საკითხის მეორე მხარე – როგორ შეიძლება ევროპასა და საქართველოში იმავე პროდუქტიულობის მიღწევა? მაგალითად, აშშ-ის დონეზე მიწის ნაკვეთების კიდევ უფრო მეტად გამსხვილებით. თუმცა, ამ შემთხვევაში, მათ მოუწევთ რამდენიმე ასეული ათასი დასაქმებულის გამოთავისუფლება. საილუსტრაციოდ შევხედოთ ასეთ მონაცემებს – აგრარულ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და პროპორცია საერთო დასაქმებულთა შორის, და აგრარული სექტორის როლი მშპ-ში, სხვადასხვა ქვეყნებში:

აშშ 1 მილიონი, 0.7%, 1.2%

ავსტრალია 0.4მ., 3.6% 3.9%

ბრიტანეთი 0.4 მ., 1.4%, 0.7%,

გერმანია 1 მ., 2.4%, 0.9%

საფრანგეთი 1მ., 3.8%, 1.7%

თურქეთი 6.6მ., 30%, 10%

რუსეთი 7მ., 10%, 4%

ჩინეთი 300მ., 39%, 10%

საქართველო 0.9მ., 55%, 10%

ახლა, არითმეტიკა გავიხსენოთ და ამ რიცხვების მოშველიებით შევეცადოთ გავარკვიოთ, რა შედეგი ექნებოდა საქართველოსათვის აგრარულ სექტორში ინვესტირებას, ყველაზე მაღალი ტექნოლოგიებისა და ხარისხიანი მენეჯმენტის გამოყენებას.

1. მაღალი პროდუქტიულობა მიიღწევა მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც აგრარულ სექტორში დასაქმებულთა პროპორცია საერთო დასაქმებულთა შორის ნაკლებია, ვიდრე 5%.

2. უფრო მაღალი შედეგის მიღწევა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ერთ დასაქმებულზე მეტი სამოქმედო ტერიტორიაა.

3. აგრარულ სექტორში მაღალი მწარმოებლურობის ქვეყნებში ამ სექტორს უკავია საერთო მშპ-ის 5%-ზე ნაკლები.

განვითარების დღევანდელი დონის, სიჩქარისა და რესურსული შესაძლებლობების გამო, საქართველო, ყველაზე კარგი პერსპექტივით, 15-20 წელიწადში დაეწევა თურქეთის დღევანდელ დონეს პროდუქტიულობის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი აგრარული მშპ ფაქტობრივად გაოთხმაგდება. ეს, ამავდროულად, აგრარულ სექტორში დასაქმებულთა 25%-ით შემცირებას გამოიწვევს. უმუშევართა რიცხვს უნდა შეემატოს 400 ათასი ადამიანი. აგრარული სექტორის ასეთი ბუმის პირობებში, გამოთავისუფლებული სამუშაო ძალის მისაღებად დანარჩენი სექტორები უნდა გაიზარდოს ისეთი სიჩქარით, რომ თურქულ ეკვივალენტს მიაღწიოს. ანუ დღევანდელთან შედარებით დაახლოებით 4-ჯერ უფრო მეტად. სხვა შემთხვევაში, სერვისებისა და მრეწველობის სექტორები 400 ათასი ადამიანის დასაქმებას ვერ მოახერხებს.

აქ ბუნებრივად გაჩნდება კითხვა, რისთვისაც ეს მთლიანი ტექსტი დავწერე: თუ ეს ყველაფერი იმისთვის უნდა მოხდეს, რომ აგრარული სექტორის წილი მშპ-ში კვლავ 10% შევინარჩუნოთ, მშპ ერთ დასაქმებულზე აგრარულ სექტორში 10000 დოლარამდე, ხოლო დანარჩენ ინდუსტრიებში 40000 დოლარამდე უნდა გავზარდოთ, ხომ არ სჯობს, შევეშვათ აგრარული სექტორის პროპაგანდას და ჯერ დანარჩენ სექტორებს მივხედოთ ამის ნაცვლად, რათა იქ მივაღწიოთ მაღალ შედეგებს? და მზად ვიყოთ აგრარული სექტორიდან გამოთავისუფლებულთა მისაღებად?