მთავრობის მიერ წამოწყებულ საპენსიო რეფორმაზე ბევრი დაიწერა, თუმცა საკვანძო მიზეზები, თუ რატომაა ამ სქემაში მონაწილეობა მაღალ რისკიანი, კვლავ ბუნდოვანია ბევრისთვის.
ახალ საპენსიო სქემას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, მათ შორის მორალურიც - სახელმწიფო უსამართლოდ და თავხედურად აიძულებს ადამიანებს დაიწყონ ფულის დაგროვება ისე, რომ მათ სხვა არჩევანი არ ქონდეთ. მეტიც, ადამიანებს, რომელიც ძალით შეყარეს სისტემაში, თუმცა კანონით მათ ეს ვალდებულება არ აქვთ(40 წლის და ზემოთ), უსინდისოდ თხოვენ რიგი დაიკავონ უკან გამოსასვლელად.
თუ გავაანალიზებთ, საიდან მოდის ამ სისტემის შემოსავლები, იოლად დავრწმუნდებით მის უსამართლობასა და წაგების მაღალ რისკში.
დაგროვება არის ინვესტიცია მომავალში-საპენსიო ასაკში. ყველა შესაძლო ინვესტიციის ხასიათი, რომელშიც შეიძლება განთავსდეს დაგროვილი ფული, ძალიან მარტივად შეიძლება ასე დავინახოთ:
- ერთ შემთხვევაში, ასეთი ინვესტიცია მაღალრისკიანია, თუმცა მაღალსარგებლიანიც (მაღალპროცენტიანი);
- სხვა შემთხვევაში, თუ ინვესტიცია დაბალრისკიანია, მაშინ ის დაბალსარგებლიანიცაა (დაბალპროცენტიანი).
- იშვიათად ხდება, რომ ინვესტიცია დაბალრისკიანი იყოს და ამავდროულად, მაღალშემოსავლიანიც.
- არასდროს ხდება, რომ ინვესტიცია დაბალრისკიანი იყოს და გრძელვადიანად მაღალშემოსავლიანიც.
შესაძლებელია არსებობს გამონაკლისებიც, შესაძლებელია ვინმემ უბრალოდ არ დაიჯეროს აქ მოყვანილი აქსიომების რეალურობა. მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღესაც ადვილად გაებმებიან ფინანსური პირამიდების სქემებში. მაგრამ, რატომ უნდა აიძულო ისინი, ვისაც ესმით ამ აქსიომების მნიშვნელობა, მაინც მიიღონ მონაწილეობა ფინანსურ პირამიდებში?!
ასეთი აქსიომების პირობებში ფინანსური მენეჯერების საქმეა ინვესტიციების ისეთი ნაკრები შექმნან, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური, - ანუ არც მაღალ რისკზე წავიდნენ და არც სარგებელი (პროცენტი) მიიღონ იმაზე ნაკლები, რომ ხარჯებსაც გაწვდეს და პენსიონერთა მოლოდინებსაც ეყოს; ანუ, საკუთარი სარგებელიც მიიღონ და პენსიონერ ინვესტორებსაც მისცენ საკმარისი.
ყველამ უნდა გაითავისოს, რომ:
- ასეთი საქმიანობა ძალიან რთულია და დიდი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს, რადგან საკმარისი სარგებელი უნდა მიიღოს ყველამ;
- მსოფლიო ბაზარი ძალიან დაძაბულია, დინამიური და ცვალებადი. გუშინ თუ მაიქროსოფთის ფირმა ლიდერობდა, დღეს ეფლია მოწინავე; 50 წლის წინ თუ ამერიკული ავტოწარმოება ჯობნიდა ყველას, დღეს გერმანული და იაპონურია წინა რიგებში; გუშინ თუ იაპონია იყო უპირობო ლიდერი ელექტრონულ სფეროში, დღეს იგი სამხრეთ კორეას ჩამორჩა, რომელსც ჩინეთიც უკვე დიდ კონკურენციას უწევს. ასეთია მსოფლიო ბაზარი. სწორედ ასეთი დიდი გოლიათი კომპანიების ფინასნურ ინვესტიციებზეა გათვლები, როდესაც ფინანსური მენეჯერები წყვეტენ, სად ჩადონ ფული. ყველას აღელვებს გარანტებიც და შემოსავლებიც. ასეთი ინვესტიციის მომავალი სწორ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, რისკის და სარგებლის სწორ ბალანსზე.
ანუ უფრო გარკვევით:
- შესაძლებელია მოხერხდეს, რომ ურისკო საქმეებში ჩადო ფული, თუმცა ასეთ საქმეს სარგებელიც დაბალი ექნება, ვერ დაფარავს ხარჯებს და ვერ გადაიხდის ინვესტორი პენსიონრის სარგებელს;
- შესაძლებელია მოხერხდეს, რომ ფული მაღალ-სარგებლიან საქმეში ჩადო, თუმცა დიდი რისკი გექნება, რომ ყველაფერი ერთბაშად დაკარგო.
რის იმედზე არიან ადამიანები, როდესაც ისინი საკუთარ ფულს ინვესტიციისათვის გაიღებენ? მათ იმედი აქვთ, რომ კონკურენცია მათ მენეჯერებს აიძულებს ხარისხიანად და პატიოსნად განახორციელონ საინვესტიციო ოპერაციები. პატიოსნება ისეთივე მნიშვნელობის საკითხია, როგორ პროფესიონალიზმი, რადგანაც არავის ექნება საშუალება მუდვივად და და შეუჩერებლად ადევნოს თვალი საინვესტიოციო ოპერაციებს, მით უმეტეს, რომ ხშირად არაფერი გაეგება ამისი. პროფესიონალი ფინანსური მენეჯერი - ფინანსისტი, კვალიფიციური უნდა იყოს ფინანსური ბაზრების საკითხში, რაც არ გამორიცხავს, რომ იგი ამ კვალიფიკაციას საკუთარი ინტერესის სასარგებლოდ გამოიყენებს - ანუ, უბრალო ენით, ფულს მოიპარავს. ამის საწინააღმდეგოდ ინვესტორებს მხოლოდ კონკურენციის იმედი შეიძლება ჰქონდეთ.
მათ ასევე უნდა ეცადონ, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე სქემებში მიიღონ მონაწილეობა - ინვესტიციის ბუნდოვანება მაღალ რისკზე მიუთითებს და ყველა უნდა ეცადოს თავი აარიდოს. მნიშვნელოვანია ასევე, რისკიანი საქმეებიდან და ინვესტიციებიდან თავის დაღწეევის სწრაფი შესაძლებლობა. ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ სრული გარანტია, რომ თუ მათ დააეჭვებთ ინვესტიციის სარგებლიანობა და რისკიანობა, მყისიერად მიიღონ ამ საქმოანობიდან გასვლის შესაძლებლობა.
თუმცა, ასეთი „პრივილეგიები“ შესაძლებელია უფასოც არ იყოს. ჩვეულებრივ, საბანკო დეპოზიტი მოკლევადიანია და ამიტომაც მცირე სარგებელიც აქვს. გრძელვადიან დეპოზიტში მეტს იხდიან, მაგრამ თუ პირობის დარღვევა მოითხოვე - მაშინ სარგებლს დაგაკლებენ. ასევეა ფინანსურ ბაზრებზეც.
ფინანსისტებს შესაძლებელია ბევრი ფულის მოპარვა და გაფლანგვა მოუნდეთ, მაგრამ ასეთ კონკურენტულ ჩარჩოებში მაინც ბევრჯერ დაფიქრდებიან. ფინანსური ბაზრების კონკურენტული ზეწოლა ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს ზემოქმედება მოახდინონ გადაწყვეტილებებზე.
ყველაფერი, ზემოთნათქვამი, ეხება კერძო ბაზარს, სადაც ინვესტორები და მენეჯერები კერძო ფულს განკარგავენ საკუთარი რისკით.
რა ხდება, როდესაც ეს ინვესტიციები მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა ორგანიზაციამ უნდა აიღოს თავზე. (შესაძლოა თქვან, რომ ეს საპენსიო სქემა არ არის სახელმწიფოო. თუმცა, არც კანონის მიხედვით და არც ადამიანების თვალში ეს სხვა არაფერია, გარდა სახელმწიფო დაწესებულება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ფინანსდება იგი, რადგან იგი სახელმწიფომ აქცია სავალდებულოდ.)
სახელმწიფომ შესაძლოა მიიღოს მეტ-ნაკლებად გონივრული შეზღუდვები, რომ დაგროვილი თანხები საპენსიო სქემის მენეჯერებმა რისკიან საქმებში არ დააბანდონ. სახელმწიფომ შესაძლებელია შემოიღოს მეტ-ნაკლებად გონივრული რეგულირებები, რომელიც განსაზღვრავს რაში შეიძლება ჩაიდოს ეს ფული. თუმცა, თუ რისკმა, რეგულირებამ დ შეზღუდვამ არ გაამართლა, როგორც კახა ბენდუქიძემ ერთხელ ზუსტად თქვა - სად გაიქცევა ხალხი? მის მენეჯერებთან თუ მთავრობასთან? დადგება თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა? თუ ყველაფერი მენეჯერებს დაბრალდება?
ადამიანების ილუზორული არჩევანი, - რას ვკარგავთ, ფულს გვაძლევენ, არ გვართმევენო, ადვილად გაბათილდება, თუ მომავალში მოსალოდნელ სარგებელს დღევანდელ დანაკარგებს შევადარებთ. მით უმეტეს, თუ ეს განსხვავება ინფლაციით კიდევ უფრო გაიზრდება. ასე მაგალითად, დღევანდელი პენსიონერების 1 თვის პენსია 150 ლარი 2013 წელს 90 აშშ დოლარს ყიდულობდა, ახლა 200 ლარიანი პენსია - 73 აშშ დოლარს. ეს იმ პირობებში, რომ ამ პენსიებს სახელმწიფო ბიუჯეტი უმაგრებდა ზურგს, ანუ არავითარი კონკურენცია და კომერციული რისკები.
რისი იმედი უნდა ჰქონდეს სახელმწიფო დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილეებს? არც კონკურენციის, არც გამჭვირვალების, არც ინვესტიციის შეცვლის და გადაწყვეტილეებზე ზემოქმედების შესაძლებლობა მათ არ აქვთ. ერთი, რაც შეიძლება მთავრობამ გააკეთოს, აკრძალოს გარკვეული სახის ინვესტიციებში მონაწილეობა. თუმცა ასეთ შემთხვევაში მისი მენეჯერებიც პასუხისმგებლობას მოიხსნიან ამ ინვესტიციების სარგებლიანობაზე.
სახელმწიფო დაგროვებიტი საპენსიო ფონდის მენეჯერების პასუხისმგებლობა მხოლოდ სახელმწიფო ნორმების შესრულების მიხედვით დადგება - რამდენად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს ინვესტიცია. ანუ, სახელმწიფო დაგროვებითი სქემის მენეჯერებს ვერ მოეთხოვებათ პასუხი ინვესტიციების დაბალ-შემოსავლიანობაზე (დაბალ პროცენტებზე). მით უმეტეს, მათ ვერ მოსთხოვენ პირადი ქონებით პასუხისმგებლობას. ამის ნაცვლად, სახელმწიფო საპენსიო დაგროვებითი საპენსიო ფონდის გაკოტრების შემთხვევაში პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე გადავა და მომავალ თაობებს მძიმე ვალად დააწვება.
ბევრ ქვეყანში სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო ფონდს უფლება აქვს მაღალსარგებლიან აქტივებში დააბანდონ ფული, რათა ამ საპენსიო დაგროვებას და ინვესტიციას აზრი ჰქონდეს. თუმცა, ასეთ საქმიანობას, როგორც ზემოთ აღინიშნა, რისკი ახლავს. ახლახანს იაპონიის სახელმწიფო საპენსიო ფონდმა დიდი დარტყმა მიიღო და დაკარგა მისი ღირებულების 8 პროცენტი (1/12), რადგან ფულის ნაწილი რისკიან ჩინურ პროექტებში ჰქონდა ჩადებული (რომელსაც მაღალი სარგებელი მოჰქონდა სხვა დაბალ-სარგებლიანი აქტივების დასაბალანსებლად). დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა განვითარებული ქვეყნების საპენსიო სქემებში. სახელმწიფო ფონდებმა მრავალტრილიონიანი დავალიანებები შექმნეს და სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებთან ერთად ამ სახელმწიფოთა ეკონომიკას დიდ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის. ამიტომ მჯერავს, რომ საქართველოს სახელმწიფო, მონოპოლური, გაუმჭვირვალე, უალტერნატივო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ძალიან სახიფათოა და მანდ დარჩენა სისულელეა.
ამ ტექსტს რომ ვწერ, უკვე მაქვს ინფორმაცია, რომ ათიათასობით ადამიანი უკვე გამოვიდა საპენსიო სისტემიდან, მიუხედავად დიდი აგიტაციისა - დარჩენილიყვნენ. ეს ნიშნავს, ბევრი მშვენივრად ერკვევა ფინანსური პირამიდების პრობლემებში - ელემენტარულად მათ სამწუხარო გამოცდილება გააჩნიათ და ინფორმაციაც.
მიუხედავად ამისა, მაინც თუ ვინმეს მართლა ჯერა, რომ ჩვენს შემთხვევაში მთავრობა კეთილია და ხალხის მომავალზე ზრუნავს, ვთავაზობ:
- სთხოვოს მთავრობას ეს ფული შვეიცარულ საპენსიო ფონდში შეუტანოს.
- თუ ამაზე უარს ეტყვიან, მოითხოვოს, მთავრობამ წარმოადგინოს, რა კრიტერიუმებით უნდა შეამოწმოს სახელმწიფო აუდიტმა (ან სასამართლომ, პროკურატურამ, ომბუდსმენმა, ა.შ.) ამ სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო ფონდის საქმიანობა.