შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად, შრომითი კანონმდებლობა არ მუშაობს. ასეთი ტიპის ხელოვნური წესები მხოლოდ ილუზიას ქმნის და რეალური ცხოვრება მის პარალელურ სივრცეში რჩება. დღევანდელი თაობის მემარცხენეებს ვერც წარმოუდგენიათ რამდენად რეგლამენტირებული იყო შრომა, რამდენი მაკონტროლებელი არსებობდა და მაინც, როგორ იგნორირებული იყო ეს რეგულირებები რეალურ ცხოვრებაში საბჭოთა მემარცხენე იდილიაში.
დღევანდელ საქართველოში შრომითი ურთიერთობები იმავე დონეზეა, როგორც სხვა ბევრი რამ. პრობლემებს ძირითადად ჩვენი გამოუცდელობა (მაგალითად სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად) და შემოსავლების დაბალი დონე ქმნის და არა ის რომ თითქოს შრომას ჭირდება მეტი დარეგულირება.
შრომითი ურთიერთობა სინამდვილეში ადამიანებს შორის შეთანხმებას ეხება - ერთი ყიდის და მეორე ყიდულობს შრომით რესურსს, შრომით მომსახურებას, სპეციფიკურ უნარებს და ცოდნას და მათ გამოყენებას. შეთანხმებების დადების, გამოყენების, გაუქმების და გაპროტესტების წესები კანონმდებლობით ისედაც რეგულირდება (მაგალითად სამოქალაქო კოდექსით) და სპეციალური კანონმდებლობა ამ სფეროში დამატებით სიკეთეს ვერ ქმნის.
არსებობს გავრცელებული აზრი, რომ შრომითი ურთიერთობა განსაკუთრებულია და განსხვავდება სხვა საქმიანობისაგან. მაგალითად - თუ მუშა ქარხანაში მუშაობს - ეს შრომაა და მას სავალდებულო წესით უნდა მიეცეს დასვენება და სხვა გარანტიები. ხოლო თუ იგივე პირი საკუთარ ბიზნესს დაიწყებს და ხილს ყიდის დახლზე ქუჩაში, მას არანაირი გარანტიები არ აქვს. ეს საქმიაობა (და ნებისმიერი თვითდასაქმებული საქმიანობა) მემარცხენეებისთვის არ წარმოადგენს შრომას.
მემარცხენეებისათვის კერძო მესაკუთრის არგუმენტიც არაფერს ნიშნავს - ფული ჩემია და რაშიც მიდა იმაში უნდა დავხარჯო, ვისი შრომაც უფრო მომწონს, ის უნდა დავიქირავო და გადაცუხადო ჩემი საკუთარი ფული, დავადგინო როგორ გამოვიყენო უკეთესად მისი ცოდნა და შრომის უნარები.
იმისთვის, რომ შრომითი ურთიერთობების რეგულირების პრობლემები ადვილად გახდეს დასანახი მინდა მოვიყვანო ფეხბურთის ბიზნესის მაგალითი. საქართველოში ვერ მოხერხდა ფეხბურთი ბიზნესად იქცეს, პირიქით მისი საბიუჯეტო დაფინანსებით სრულიად სოციალისტურ და შესაბამისად უხარისხო საქმედ იქცა.
ამიტომ, როდესაც ფეხბურთზე ვფიქრობ, ძირითადად ესპანეთის, ინგლისის, იტალიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის და გერმანიის ფეხბურთი მახსენდება (და ასევე აშშ-ს!) და ასევე ევროპის ჩემპიონთა ლიგა. ეს დიდი ფეხბურთია და დიდი ბიზნესი, დიდი ფული ტრიალებს და ზოგიერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელის კონტრაქტი ასობით მილიონი ევრო ღირს.
ფეხბურთის გუნდი საკმაოდ გავს ჩვეულებრივ წარმოებას. არსებობს მესაკუთრე, არსებობს მენეჯმენტი და არსებობს დაქირავებული ხალხი. სხვა ბიზნესებისგან განსხვავებით დაქირავებული ფეხბურთელები მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან: ყველა დაინტერესებულმა იცის მათი კონდიციები და შესაძლებლობები; მეტიც, ფეხბურთელები ყველაზე გამჭვირვალედ თამაშის პირობებში ჩანან. მრავალი მაყურებელი - მომხმარებელი ხედავს რისი გამკეთებელია ესათუის ფეხბურთელი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საქმეში ეფექტიანობა - ანუ შედეგი. გუნდის - ჩათვალე, ბიზნესის, - მესაკუთრეებს და მომხმარებლებს (მაყურებლებს) შედეგი უნდათ, სხვა შემთხვევაში ფულის არ იხდიან (სწორედ ესაა განსხვავება ქართულ და ინგლისურ ფეხბურთს შორის). ამიტომ(აც) ყველა სერიოზულად აკვირდება ფეხბურთელების შესაძლებლობებს და მოქმედებას. ფასი, რომელიც ამ ფეხბურთელების კონტრაქტებს ედება სწორედ ფეხბურთელების შედეგიანობაზეა დამოკიდებული.
ნებისმიერი ყველაზე მაღალი რანგის ფეხბურთელი შესაძლებელია გუნდიდან წავიდეს, თუ მისი ეფექტიანობა - შედეგიანობა ეჭვის ქვეშ დადგება. თუ გუნდის მენეჯერები მაინც გააგრძელებენ დაბალი შედეგიანობის მქონე ფეხბურთელის (უნარების) გამოყენებას, მათ ადვილად შესაძლებელია სრულიად დაკარგონ საერთო შედეგიანობა და შესაბამისად და შედეგად - დაფინანსებაც.
შედეგიანობის და დაფინანსების დაკარგვის შედეგად ფულს დაკარგავს ინვესტორი მესაკუთრეები და დაზარალდებიან ასევე მაყურებლებიც. მაგრამ ცუდ შედეგებს ფინანსური პრობლემები მოაქვს ასევე ფეხბურთელებისათვისაც. ფაქტია, რომ ცუდად მოთამაშე (მომუშავე) ფეხბურთელის დროულად გაშვება ყველას ინტერესშია, მათ შორის იმავე გუნდის სხვა ფეხბურთელებისათვის, რომელთა ანაზღაურება დამოკიდებულია გუნდის ფინანსური წარმატებაზე. ანუ, ფეხბურთის შემთხვევაში არავინ დავობს, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისი საქმიანობის ხარისხი, - არავის მოაფიქრდება, რომ მოითხოვოს ცუდად მოთამაშე ფეხბურთელი მაინც აგრძელებდეს თამაშს (გუნდში შრომას).
ჩვეულებრივ ბიზნესშიც კომპანიის წარმატება დიდადაა დამოკიდებული მისი თანამშრომლების შედეგიანობაზე. ნებისმიერი უყურადღებობა და ეფექტიანობის ჩავარდნა შესაძლოა საბედისწეროდ იქცეს, თუნდაც იმიტომ, რომ კონკურენტები არ დაუშვებენ ასეთივე შეცდომას. მომხმარებლები სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას და სხვის მომსახურებაზე გადაერთვებიან, თუ შეამჩნევენ, რომ რომელიმე ფირმის წარმომადგენელი მათ უხარისხოდ მოემსახურა და ამით ზიანი მიიღო.
ერთი რომელიმე თანამშრომლის ცუდი საქმიანობა კომპანიაში შეიძლება უფრო ძნელი აღმოსაჩენი იყოს, ვიდრე ფეხბურთში. ოფისის შიგნით საქმიანობა გაცილებით ნაკლებად გამჭვირვალეა ვიდრე ფეხბურთის გუნდის შემთვევაში, მით უმეტეს, თუ ეს ფეხბურთის გუნდზე გაცილებით დიდი კომპანიაა. ამიტომაც, ხიფათი, რომ საქმიანობის ჩავარდნები უფრო დაგვიანებით იქნება აღმოჩენილი დიდია. ეს ქმნის მენეჯმენტის უფრო სწრაფი და მოქნილი მოქმედების საჭიროებას მიიღონ დაქირავებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ასეთი გადაწყვეტილებების დაგვიანება კომპანიას ძვირად დაუჯდება, მაგრამ არა მხოლოდ მის მენეჯერებს, არამედ მის მესაკუთრეებსაც (ინვესტორებს), მომხმარებლებსაც, და უკეთესად მომუშავე დაქირავებულებსაც.
ცუდად მომუშავე (თუ მოთამაშე) დაქირავებულის ადგილი პოტენციურად სხვა სამუშაო ძალის გამყიდველს - მომუშავეს აინტერესებს, თუმცა მისი შანსები შრომითი რეგულირებებით იზღუდება. მისი პოტენციური შესაძლებლობებიც მცირდება - დეგრადაციას განიცდის; ხელოვნურად დაქირავებაში დატოვილი პირი ასევე მცირე მოტივაციას იღებს ამ სიტუაციიდან - მაინც ვერ უშვებენ, ამიტომ აღარ იზრუნებს შედეგიანობის, შრომის ნაყოფიერების, პროდუქტიულობის ზრდაზე.
ეს კომპანიაც სხვა მხრივაც ზარალდება, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა განახლებულიყო, გაჯანსარებულიყო და კონკურენცია დაეძლია. მრავალი ათასი კომპანია, რომელიც ასეთ წესებს დაემორჩილება, ვერ მოახერხებენ გაუმჯობესებას და ასევე გახდებიან დაბალი ხარისხის პროდუქციის გამომშვები. ჯამურად კი მთლიანად ეკონომიკა იქნება წარუმატებელი (არ დაგვავიწყდეს უცხოელი კონკურენტები, რომლებიც ამ წარუმატებლობას საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენებენ).
ეს ისევე ცხადია, თუ ესპანურ (ესპანეთი ყველაზე დარეგულირებული შრომის ბაზრით ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონითაა ცნობილი) ფეხბურთში იგივე წესებით იმოქმედებენ, როგორც ჩვეულებრივ ბიზნესს ეხება ამ ქვეყნაში, ბევრი ყველაზე საუკეთესო გუნდი (კომპანია) ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდება, რადგანაც ხარისხი და დონე დაეცემა, განახლებას დააგვიანებს, ხოლო მთლიანად საფეხბურთო ბიზნესი ინვესტიციებს და მომხმარებლებს გარიყავს და დაკარგავს.
ექსტრემალურ მაგალითად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ რომელიღაც წარუმატებელ ფეხბურთელს რთული ოჯახური მდგომარეობა აქვს და აუცილებლად ჭირდება თამაში, თუმცა ეს შესაძლებელია ცუდად დამთავრდეს (მაგალითად წაგებით). ცხადია, ემოციები ამ შემთხვევაში ვერ გადაწონის პრაგმატულ გადაწყვეტილებას. მნიშვნელობა არ აქვს რა ზომის დანაკარგები შეიძლება აცილებულ იქნას. არავინ მოინდომებს ასეთი პრეცედენტით შექმნას მისი განმეორების და გამრავლების რისკი.
თუ უკან საქართველოს მოვუბრუნდებით, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის 2017-2018 წლების გამოშვების გამოკითხვა აჩვენებს, რომ 100-ზე მეტი ყველაზე წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლების 17 პროცენტი საქმიანობის 16 მთავარ პრობლემას შორის ყველაზე დიდ პრობლემად „არაადეკვატურად განათლებულ სამუშაო ძალას“ მიიჩნევს, ხოლო 10 პროცენტით ამავე გამოკითხვით მე-4 ადგილზეა - „ცუდი სამუშაო ეთიკა ეროვნულ შრომით ძალაში“ (ჯამში 27% ). მარტივად ეს ასე ჩანს, რომ დამსაქმებელმა 1 კვალიფიციური ადამიანის დასაქმებისათვის 100-200 ადამიანი უნდა გამოსცადოს, ხოლო ბევრ შემთხვევაში საწარმოების საქმიანობა ფერხდება მრავალი გასამართლებელი მიზეზის მქონე დაგვიანებული და გამცდენი დაქირავებულების გამო.
ამ პირობებში თავისუფალი, მოქნილი და მკაცრად კონკურენტული დასაქმების ბაზარი აუცილებელი გარემოა, რომელმაც ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს მოთხოვნილ შრომაზე, ხარისხზე და საფასურზე. ბაზარმა უნდა მოახდინოს დროული და ეფექტიანი გამოვლინება ხარისხის და უხარისხობის, სიგნალების შექმნა და გაგზავნა დროული ცვლილებების და რეაგირებების შესახებ (ეს სიგნალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე საგანმანათლბლო საქმისთვის). ამისათვის, შრომითი საქმიანობის პირობები: ვადები, ფასი, პრივილეგიები და გარანტიები უმჯობესია ხელშეკრულების ფარგლებში იქნას განხილული, ურთიერთობები უნდა იყოს ძალიან მარტივი, არჩევანი თავისუფალი.