მილთონ ფრიდმენი ლეგენდარული ამერიკელი ეკონომისტია. მან მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია XX საუკუნის ეკონომიკური და პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებაზე, ასევე, პრაქტიკულ პოლიტიკაზე. მისი ნაშრომები მაკროეკონომიკის, მიკროეკონომიკის, ეკონომიკური ისტორიის, ფულისა და საბანკო საქმის, კაპიტალიზმის ბუნების და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის პოლიტიკის განხორციელების აუცილებლობას ეხება.
1976 წელს ფრიდმენმა სამომხმარებლო ურთიერთობების, ფულის, პოლიტიკური და სოციალური თავისუფლების კვლევისთვის ნობელის პრიზი მიიღო.
1962 წელს, როდესაც ჩემი წიგნი „კაპიტალიზმი და თავისუფლება“ (Capitalism and Freedom) გამოვიდა, საერთოდ, სულ სხვა ინტელექტუალური ატმოსფერო იყო, ვიდრე ახლა. ამ წიგნის რეცენზია შეერთებული შტატების არც ერთ მნიშვნელოვან გამოცემაში, არც „ნიუსვიქში“ (Newsweek), არც „თაიმში“ (Time), არც სხვა რომელიმე მნიშვნელოვან გაზეთში არ გამოქვეყნებულა. ის მხოლოდ პროფესიულმა ეკონომიკურმა ჟურნალებმა, მათ შორის ლონდონის „ეკონომისტმა“ (The Economist) მიმოიხილა. პირველ წელს 10 000 ეგზემპლარამდე გაიყიდა, მაგრამ მას შემდეგ, ყოველგვარი რეცენზიის გარეშე, ნახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გასაღდა.
1982 წელს უკვე სულ სხვა ვითარება იყო, როდესაც „არჩევანის თავისუფლება“ (Free to Choose) გამოვაქვეყნეთ, მაგრამ არა იმიტომ რომ ეს უკეთესი წიგნია. არა, ეს ასე არ არის. მე ვფიქრობ, სინამდვილეში, „კაპიტალიზმი და თავისუფლება“ უკეთესია, მაგრამ ამ დროისთვის ატმოსფერო შეიცვალა. 1950-1960-იან წლებში სოციალისტური მსოფლმხედველობა დომინირებდა. ყოველ ჩვენგანს, ვინც სხვაგვარად ფიქრობდა, საყოველთაოდ მიღებულ აზრთან შეუთავსებელ ექსცენტრულ ადამიანებად მიიჩნევდნენ. ამგვარ სოციალისტურ აზროვნებას შემდეგ მისი საწინააღმდეგო რეაქცია მოჰყვა. აღიარეს, რომ კერძო საწარმოებს და კერძო საკუთრებას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ეს რეაქცია უფრო აზროვნების სფეროში შეინიშნებოდა, ვიდრე პრაქტიკაში. საუბარი და რიტორიკა ერთი იყო, საქმე კი მეორე, რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებ.
ახლა მსურს ვისაუბრო იმაზე, თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაა ეკონომიკურ, პიროვნულ და პოლიტიკურ თავისუფლებას შორის. „კაპიტალიზმსა და თავისუფლებაში“ აღვნიშნე, რომ: „ისტორიული ფაქტები პოლიტიკურ თავისუფლებასა და თავისუფალ ბაზარს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე შეხმატკბილებულად მეტყველებს. არასდროს და არსად არ არსებულა საზოგადოება, რომელსაც დიდი პოლიტიკური თავისუფლების ნიშნები ჰქონდეს და, ამავე დროს, მთელი ეკონომიკური საქმიანობის მოსაწესრიგებლად თავისუფალი ბაზრის მსგავს რამეს არ იყენებდეს“. ამ დასკვნამდე იმის გამო მივედი, რომ „ისტორიულად პოლიტიკური თავისუფლების აუცილებელი პირობა კაპიტალიზმია. მაგრამ, აშკარაა, ეს პირობა საკმარისი არ არის“. მას შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა, მაგრამ დღეს ეს ორივე მოსაზრება ძალაში რჩება. საუკუნეების მანძილზე კაპიტალისტურ ურთიერთობებს მრავალი საზოგადოება ეყრდნობოდა, მაგრამ ისინი არც პიროვნული და არც პოლიტიკური თავისუფლებით არ გამოირჩეოდნენ. ანტიკური საბერძნეთი ძირფესვიანად კაპიტალისტური ქვეყანა იყო, მაგრამ მონები ჰყავდა. კიდევ ერთ მაგალითს შეერთებული შტატების სამხრეთი წარმოადგენს, სადაც სამოქალაქო ომამდე საზოგადოება უმთავრესად კერძო საკუთრებას ეყრდნობოდა, მაგრამ აქაც მონები ჰყავდათ. ამჟამად სამხრეთ აფრიკა უმთავრესად კერძო ბაზრებსა და საწარმოებს ეყრდნობა, მაგრამ თავისუფალ ქვეყანას არ წარმოადგენს. ლათინური ამერიკის მრავალი ქვეყანაც ასეთსავე მდგომარეობაშია. მათ ოლიგარქები მართავენ, თუმცა ისინი ძირითადად კერძო ბაზრებს იყენებენ. ამგვარად, აშკარაა, რომ პიროვნული და პოლიტიკური თავისუფლებისთვის კაპიტალიზმი აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა.
რაკი ცხოვრება ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოს არ გვიჩვენებს, დავრწმუნდი, რომ ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავისუფლებას შორის ჩემ მიერ აღნიშნული დიქოტომია ძალიან მარტივია. ვფიქრობ, აქ საჭიროა ზოგადად მაინც განვიხილოთ ტრიქოტომია: ეკონომიკური, პიროვნული და პოლიტიკური თავისუფლება.
1950-იანი წლებიდან, ჰონგ-კონგის განვითარების მაგალითმა, განსაკუთრებით კი „კაპიტალიზმისა და თავისუფლების“ დაწერის შემდეგ იქ განვითარებულმა მოვლენებმა, დამარწმუნა, რომ ეს ურთიერთდამოკიდებულება არც ისე მარტივი იყო, როგორც „კაპიტალიზმსა და თავისუფლებაში“ აღვწერე. ჰონგ-კონგი თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ თუ იქ ჩინელების კომუნისტური რეჟიმი გაიმარჯვებს, სამწუხაროდ, ის არათუ ყველაზე თავისუფალი, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი თავისუფალი ქვეყანაც კი აღარ იქნება არანაირი თვალსაზრისით, გარდა ერთისა. ჰონგ-კონგს არაჩვეულებრივი ეკონომიკური თავისუფლება აქვს: არავითარი ტარიფები, არც ექსპორტ-იმპორტის კვოტები, გარდა იმისა, რაც ჩვენი ჭკუით მოვახვიეთ მას თავს ჩვენი მრეწველობის მათი ზეგავლენისგან დასაცავად (შეერთებული შტატების მხრიდან ჰონგ-კონგისთვის ფართლეულის წარმოების შეზღუდვა ნამდვილი უაზრობა იყო იმ მოტივით, რომ ჩვენი ფართლეულის წარმოება არ დაზარალებულიყო. დიდი ქვეყნის მხრიდან ეს სწორი საქციელი არ არის). გადასახადები ძალიან დაბალია, მათი წილი ეროვნულ შემოსავალში 10-12%-ია (შეერთებულ შტატებში სამთავრობო ხარჯები ეროვნული შემოსავლის 43%-ია), ცოტა კანონებია ბიზნესზე და არავითარი კონტროლი ფასებსა და ხელფასებზე.
ჰონგ-კონგის სრულიად თავისუფალმა ეკონომიკამ სასწაული მოახდინა. ეს არის ადგილი, რომელიც ნახევარკუნძულისა და რამდენიმე კუნძულისგან შემდგარი მიწის ძალიან პატარა ნაგლეჯს წამოადგენს, სადაც, უზარმაზარი ნავსადგურის გარდა, არავითარი რესურსი არ არსებობს, მაგრამ იქ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოსახლეობა 500000-დან 6 მილიონამდე (ანუ ათჯერ და უფრო მეტად) გაიზარდა. ამავდროულად, ცხოვრების დონე ოთხჯერ გაუმჯობესდა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა და იმის შესანიშნავი მაგალითი, თუ რა შეუძლია თავისუფალ ბაზარს, თუკი მას არავინ შეზღუდავს. უნდა ითქვას, რომ ჰონგ-კონგი ისეთი ადგილი არ არის ყველას იქ ცხოვრება რომ უნდოდეს. პირიქით, ეს მჭიდროდ დასახლებული ძალიან პატარა და კლიმატურად რთული ტერიტორიაა, რომლის მოსახლეობაც, შესაძლებლი რომ იყოს, სხვაგან წასვლაზე უარს არ იტყოდა. მაგრამ, საოცარია, ასეთ არახელსაყრელ პირობებშიც კი ისინი ასე კარგად რომ მოეწყვნენ.
ჰონგ-კონგში ეკონომიკური თავისუფლების გარდა პიროვნული თავისუფლებაც დიდია. იქ ბევრჯერ ვყოფილვარ და სიტყვის, პრესის ან ჩვენთვის მნიშვნელოვანი რომელიმე სხვა სახის თავისუფლების ჩახშობას არც ერთხელ არ შევსწრებივარ.
მაგრამ, არის ერთი საკითხი, რომლის მიხედვით ჰონგ-კონგი თავისუფალი ქვეყანა არ არის. იქ პოლიტიკური თავისუფლება არ არსებობს. ჰონგკონგში გამოქცეული ჩინელები თავისუფალი ადამიანები არ იყვნენ. ისინი კომუნისტურ რეჟიმს გამოექცნენ, რომელიც ძალიან შორს იყო თავისუფალი საზოგადოებისგან, მაგრამ იქ მათ თავისუფლება თვითონ კი არ აირჩიეს, არამედ გარეშე ძალებმა მოახვიეს თავს. ჰონგ-კონგს საზოგადოების მიერ არჩეული წარმომადგენლები კი არ მართავდნენ, არამედ ბრიტანეთის კოლონიური სამსახურის მოხელეები. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბრიტანეთის ადმინისტრაცია ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ მას სამარცხვინო საქმე არ ჩაუდენია და ჰონგ-კონგი კომუნისტურის მსგავს ქვეყნად არ გადაუქცევია. ამიტომ, იქ საკანონმდებლო საბჭო ჩამოაყალიბა და პოლიტიკური წარმომადგენლობის დამკვიდრება სცადა, მაგრამ, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ იქ მთელი ამ ხნის მანძილზე პირდაპირი პოლიტიკური წარმომადგენლობა ფაქტობრივად არ არსებობდა.
ძალიან პარადოქსულად ჩანს ის, რამაც მაიძულა, სხვადასხვა სახის თავისუფლებას შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე ხელახლა დავფიქრებულიყავი. ბრიტანეთის კოლონიებმა, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლიტიკური თავისუფლება მიიღეს, სხვა თავისუფლებების შეზღუდვის გზას დაადგნენ. გარდა ამისა, სწორედ იმ დროს, როდესაც ბრიტანეთის კოლონიური სამსახურის მოხელეები ჰონგ-კონგს ეკონომიკურ თავისუფლებას ახვევდნენ თავს, თვითონ ბრიტანეთში სოციალისტური მთავრობა სოციალიზმს ნერგავდა. შეიძლება, თავიდან მოშორების მიზნით, მათ თავიანთი მოწინააღმდეგეები ჰონგ-კონგში გააგზავნეს, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რა რთული ურთიერთდამოკიდებულებაა ეკონომიკურსა და პოლიტიკურ თავისუფლებას შორის, პიროვნულსა და პოლიტიკურ თავისუფლებას შორის. ამგვარად, მართალია, ეკონომიკური თავისუფლება ხელს უწყობს პოლიტიკურ თავისუფლებას, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური თავისუფლება დამკვიდრდება, ის ეკონომიკური თავისუფლების განადგურებას იწყებს.
ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება ინდოეთის მაგალითის განხილვა, რომელსაც ბრიტანეთმა ორმოც წელზე მეტი ხნის წინ მიანიჭა პოლიტიკური თავისუფლება. ინდოეთი, იშვიათი გამონაკლისის სახით, პოლიტიკურ დემოკრატიას ინარჩუნებს. ქვეყანას ამომრჩეველთა ყუთთან არჩეული წარმომადგენლები მართავენ, მაგრამ ეკონომიკური თავისუფლება ძალიან უმნიშვნელო, ხოლო პიროვნული - ძალიან შეზღუდულია. ეკონომიკის მხრივ მას ძლიერი კონტროლი აქვს დაწესებული ექსპორტსა და იმპორტზე, უცხოურ ვალუტაზე, ფასებზე, ხელფასებზე. დაახლოებით ერთი წლის წინ იქ რეფორმა ჩატარდა, მაგრამ ბოლო დრომდე მთავრობის ნებართვის გარეშე ვერანაირი საწარმოს გახსნას ვერ შეძლებდით. ეკონომიკის ასეთი ცენტრალიზებული კონტროლის შედეგად, ინდოელთა დიდი ნაწილის ცხოვრების დონე ისეთივეა, როგორც ორმოცი წლის წინ, როდესაც პოლიტიკური თავისუფლება მიიღეს.
გაითვალისწინეთ, ეს ვითარება მით უფრო უჩვეულოა, რომ ჰონგ-კონგს, რითაც საუბარი დავიწყე, თავისი განვითარების მანძილზე უცხოეთიდან არავითარი დახმარება არ მიუღია, ინდოეთი კი დახმარების ყველაზე დიდი მიმღები იყო. ბოლო ორმოცი წლის მანძილზე მან დაახლოებით §55 მილიარდის უცხოური დახმარება მიიღო. ეს გვაფიქრებინებს, რომ უცხოური დახმარების მიუხედავად, ინდოეთი ვერ განვითარდა. ჩემი აზრით, საქმე სხვაგვარად იყო: უცხოური დახმარების სახით მიღებულმა რესურსებმა მთავრობას საშუალება მისცა, ქვეყნისთვის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ეკონომიკური პოლიტიკა მოეხვია თავს.
ის, რაც ინდოეთის მაგალითზე მოვიყვანეთ, სხვა ქვეყნებზეც ვრცელდება. უცხოურმა დახმარებამ სიკეთეზე უფრო მეტი ზიანი მოუტანა დახმარებების მიმღებ ქვეყნებს. რატომ - იმიტომ, რომ თითოეულ შემთხვევაში უცხოურმა დახმარებამ ისედაც საკმაოდ ძლიერი მთავრობა კიდევ უფრო გააძლიერა. მოზამბიკმა, ტანზანიამ და სხვა მრავალმა აფრიკულმა ქვეყანამ იგივე შედეგი იგემა, რაც ინდოეთმა.
ისევ ჰონგ-კონგს დავუბრუნდეთ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან პოლიტიკური თავისუფლება ვერ მიიღო, ის არის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას პოლიტიკური თავისუფლება არ სურდა. მათ ძალიან კარგად ესმოდათ, რომ ეს ჩინელი კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლით დამთავრდებოდა. საოცარია, რომ ჩინეთში კომუნისტური მთავრობის არსებობამ ხელი შეუწყო ჰონგ-კონგში ეკონომიკური თავისუფლებისა და ადამიანის თავისუფლების შენარჩუნებას. საკმაოდ პარადოქსული ვითარებაა.
ჰონგ-კონგი სულაც არ არის ერთადერთი გამონაკლისი. ყველგან, სადაც ბაზარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, პიროვნული თავისუფლება უფრო მაღალი ხარისხის და უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე იქ, სადაც ბაზარი არანაირ როლს არ თამაშობს. ტოტალიტარულ ქვეყნებში ბაზარი სულ აკრძალეს და, შესაბამისად, პიროვნული თავისუფლების დონეც ძალიან დაეცა.
რთული ვითარების კიდევ ერთ კარგ მაგალითს ჩილე წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ჩილეში ჯერ სალვადორ ალიენდემ და სოციალისტურმა ჯგუფმა გაიმარჯვა. ალიენდე ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდა. მას შემდეგ, რაც სამი წამყვანი პარტიიდან ხმათა უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა ვერ შეძლო, შესაბამისი პოლიტიკური მანევრებითა და კონსტიტუციის დაცვის დაპირებით, ალიენდე ხელისუფლებას დაეპატრონა. როგორც კი ალიენდე ხელისუფლებაში მოვიდა, საკუთარი დაპირება დაივიწყა და ჩილეს კომუნისტურ სახელმწიფოდ გადაქცევას შეეცადა.
ჩემი აზრით, მთავარი ის არის, რომ ალიენდეს პოლიტიკამ მისი შეიარაღებული გზით გადაყენება გამოიწვია და ქვეყნის მმართველად გენერალ პინოჩეტის ხელმძღვანელობით სამხედრო ხუნტის მოსვლა განაპირობა.
გასაგები მიზეზების გამო, თითქმის ყველა სამხედრო ხუნტა ეკონომიკური თავისუფლების წინააღმდეგია. სამხედრო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ცენტრიდან იმართება: გენერალი უბრძანებს პოლკოვნიკს, პოლკოვნიკი - კაპიტანს, კაპიტანი - ლეიტენანტს და ა.შ. საბაზრო ეკონომიკა კი ქვემოდან იმართება: მომხმარებელი ეუბნება გამყიდველს, გამყიდველი - საბითუმო მოვაჭრეს, საბითუმო მოვაჭრე -მწარმოებელს და მწარმოებელი აწვდის მას პროდუქციას. სამხედრო სისტემას საბაზრო ეკონომიკის საპირისპირო პრინციპები უდევს საფუძვლად.
პინოჩეტი და სამხედრო ხუნტა იძულებული იყვნენ, თავისუფალი ბაზრის პრინციპები შემოეღოთ, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ისინი ერთხანს ცდილობდნენ ეკონომიკის სათავეში სამხედრო ოფიცრები ჰყოლოდათ, მაგრამ მათი რეჟიმის პირველი რვა-ცხრა თვის მანძილზე ინფლაცია გაორმაგდა. როდესაც ინფლაციის დონე 700-დან 1 000%-მდე ავიდა, იძულებული გახდნენ რამე ეღონათ. აღმოჩნდა, რომ ეკონომისტთა ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ალიენდესთან კავშირში არ იმყოფებოდა და სოციალიზმის ლაფში ამოსვრილი არ იყო, ე.წ. „ჩიკაგოელი ბიჭების“ ჯგუფი იყო. მათ “ჩიკაგოელი ბიჭები» იმიტომ ერქვათ, რომ თითქმის ყველას ჩიკაგოს უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და დოქტორის ხარისხებიც ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჰქონდათ დაცული. სოციალიზმის ლაფმა ისინი იმიტომ ვერ გასვარა, რომ იმ დროს შეერთებულ შტატებში ჩიკაგოს უნივერსიტეტი თითქმის ერთადერთი სასწავლო დაწესებულება იყო, სადაც ეკონომიკის ფაკულტეტზე თავისუფალი ბაზრის სპეციალისტთა ძლიერი ჯგუფი ასწავლიდა. ამიტომ, საგონებელში ჩავარდნილმა პინოჩეტმა საშველად სწორედ მათ მიმართა.
პინოჩეტის პოლიტიკური რეჟიმის შესახებ კარგს ვერაფერს ვიტყვი. ეს იყო საშინელი პოლიტიკური რეჟიმი. ნამდვილი სასწაული ის კი არ არის, თუ რა კარგად ააწყო ჩილემ ეკონომიკა, არამედ ის, რომ სამხედრო ხუნტამ თავისი პრინციპების წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა და მხარი დაუჭირა თავისუფალი ბაზრის თავგადადებულ მომხრეთა მიერ მოფიქრებულ საბაზრო რეფორმას. შედეგები შთამბეჭდავი იყო. ინფლაცია მკვეთრად შემცირდა. ინფლაციასთან ბრძოლისას გარდაუვალი ეკონომიკური ჩამორჩენილობისა და წარმოების შემცირების მოკლე პერიოდის შემდეგ წარმოება კვლავ გაფართოვდა. მას შემდეგ ჩილეს ეკონომიკა სამხრეთ ამერიკის ნებისმიერ სხვა ქვეყნაზე გაცილებით უკეთ ვითარდება.
ახლა, ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადავინაცვლებ. ეკონომიკური თავისუფლების შედეგად მიღწეულმა ეკონომიკურმა აღორძინება-განვითარებამ, თავის მხრივ, მეტი პოლიტიკური თავისუფლების სურვილი აღძრა ჩინეთის საზოგადოებაში, სადაც იქაურმა რეჟიმმა 1976 წლიდან ეკონომიკის ერთერთ სექტორში - სოფლის მეურნეობაში ეკონომიკური თავისუფლების გაზრდის შედეგად დიდ წარმატებას მიაღწია. ამას მოჰყვა პოლიტიკური თავისუფლების მოთხოვნა, რაც უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა და რამაც ხალხი ტიანანმენის მოედანზე მიიყვანა.
ეკონომიკური თავისუფლებისა და ეკონომიკური წარმატების მიღწევის შემდეგ პოლიტიკური თავისუფლებისათვის ბრძოლა დაიწყო ჩილეში, რაც, საბოლოოდ, რეფერენდუმით დამთავრდა და რის შედეგად პოლიტიკური დემოკრატია დამკვიდრდა. ახლა, უკვე დიდი ხანია, ჩილემ სამივე სახის თავისუფლება მოიპოვა: პოლიტიკური, ეკონომიკური და პიროვნული. კვლავაც საინტერესო იქნება ჩილეს ექსპერიმენტს ვადევნოთ თვალყური. შეძლებს ის სამივე სახის თავისუფლების შენარჩუნებას თუ, რაკი პოლიტიკური თავისუფლება გააჩნია, ეს ეკონომიკური თავისუფლების მოსპობას ან შეზღუდვას დაიწყებს?
პარადოქსია, რომ ეკონომიკური თავისუფლება პოლიტიკურ თავისუფლებას წარმოშობს, ხოლო პოლიტიკური თავისუფლება სპობს მას. ამ პარადოქსის ასახსნელად საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ თავისუფალი, კერძო მესაკუთრეობაზე დაფუძნებული ბაზარი მხოლოდ ჩვეულებრივ ვიწრო ეკონომიკურ გარიგებებს კი არ გულისხმობს, არამედ გაცილებით მეტს. ბაზარი ყველა ქვეყანას აქვს. ის რუსეთსაც კი ჰქონდა თავის ყველაზე უკიდურეს ტოტალიტარულ ეტაპზე. მაგრამ ბაზარი სხვადასხვა სახისაა. კერძო ბაზარზე ადამიანები გარიგებებს საკუთარი თავისთვის დებენ ან გარკვეულ ადამიანთა აგენტებს წარმოადგენენ და არა სახელმწიფო აგენტებს. რუსეთში ბაზარი კი არსებობდა და საბაზრო ოპერაციები მთელ ტერიტორიაზე წარმოებდა, მაგრამ ადამიანები ოპერაციებს საკუთარი თავისთვის კი არ აწარმოებდნენ ან გარკვეულ ადამიანთა აგენტებს კი არ წარმოადგენდნენ, არამედ სახელმწიფო აგენტებს, მთელი საზოგადოების აგენტებს. კერძო ბაზარი ძალიან განსხვავდება სახელმწიფო ბაზრისგან. აბსოლუტურად კერძო ბაზარზე ორი ადამიანი ერთმანეთს შორის ყველა ოპერაციას საკუთარი კეთილდღეობისთვის აწარმოებს ან გარკვეულ ადამიანთა აგენტებს წარმოადგენენ.
დასასრულ, შეიძლება კერძო ბაზარი გქონდეთ, მაგრამ ის შეიძლება იყოს თავისუფალი ან არ იყოს, იმის მიხედვით, თუ რამდენად ნებაყოფლობითია ოპერაციები. ყველა ოპერაცია სრულიად ნებაყოფლობითი მხოლოდ თავისუფალ კერძო ბაზარზეა შესაძლებელი. ზემოთ ჩემ მიერ დასახელებული კერძო ბაზრებიდან ბევრი თავისუფალ კერძო ბაზარს არ წარმოადგენს. ლათინური ამერიკის ქვეყნებში მრავალი კერძო ბაზარია, მაგრამ ყველა თავისუფალ კერძო ბაზარს არ წარმოადგენს. ინდოეთში არსებობს კერძო ბაზარი, მაგრამ ის თავისუფალი არ არის, რადგან იქ ზოგიერთი ნებაყოფლობითი ოპერაცია ნებადართული არ არის. ერთ ადამიანს მეორესთან საქონლის ან მომსახურების გაცვლების წარმოება მხოლოდ მთავრობის ნებართვის შემთხვევაში შეუძლია. მე ვიტყოდი, რომ მსოფლიოში აბსოლუტურად თავისუფალი ბაზარი არ არსებობს. შესაძლოა, ჰონგ-კონგი იდეალთან ყველაზე ახლოს არის, მაგრამ, ყველა საუკეთესო შემთხვევაში, სადაც კი ასეთი ბაზარი არსებობს, თითქმის ყველგან ის ნაწილობრივ თავისუფალ კერძო ბაზარს წარმოადგენს, რომელსაც ხელს ძალიან უშლიან.
ადამიანთა ნებაყოფლობითი თანამშრომლობის მექანიზმს თავისუფალი კერძო ბაზარი წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ეკონომიკურ ოპერაციებს კი არ ეხება, არამედ ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროსთვის გამოდგება. საიდან წარმოიშვა ჩვენი სასაუბრო ენა? რომელიმე სამთავრობო ერთეულმა შექმნა ის და მერე დაავალა ხალხს მისი გამოყენება? რომელიმე სამთავრობო კომისიამ შექმნა გრამატიკის წესები? არა, ჩვენი სასაუბრო ენა საბაზრო ეკონომიკის საშუალებით განვითარდა. ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებდნენ, მათ ერთმანეთთან საუბარი სურდათ და საუბარში გამოყენებული სიტყვები თანდათან ამა თუ იმ საგნის აღმნიშვნელი ხდებოდა. გრამატიკაც მთლიანად თავისუფალი ნებაყოფლობითი გაცვლის შედეგად გაჩნდა.
ავიღოთ მეორე მაგალითი - მეცნიერება. როგორ განვითარდა მრავალდარგოვანი ფიზიკა, ეკონომიკა ან სხვა რომელიმე დარგი? ესენიც თავისუფალ კერძო ბაზარზე განვითარდა და კვლავაც ვითარდება. მეცნიერები ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებენ, ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან, რადგან ნებისმიერი გაცვლის შედეგად სარგებელს ორივე მხარე იღებს.
თავისუფალი კერძო ბაზრის დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ გარიგებაში მონაწილე ორივე მხარეს სჯერა, ამის შედეგად უფრო შეძლებული გახდება. ეს „ნულოვანი ჯამის თამაში“ კი არ არის, სადაც მხოლოდ სხვების ხარჯზე შეიძლება სარგებლობის მიღება, არამედ, ეს ისეთი ვითარებაა, სადაც ყველა მოგებული რჩება.
თავისუფალი კერძო ბაზარი ისეთი მექანიზმია, რომელიც ადამ სმითისეული უხილავი ხელით თავისთავად, წინასწარი განზრახვის გარეშე წარმოშობს თანამშრომლობის რთულ სტრუქტურას. თავისუფალ კერძო ბაზარზე ყოველგვარი იძულება გამორიცხულია. ადამიანები ნებაყოფლობით აწარმოებენ ოპერაციებს ერთმანეთთან არა იმიტომ, რომ ვინმე ავალებს ან აიძულებს, ან იმიტომ, რომ ამ საქმეში ჩაბმულ ადამიანებს ერთმანეთი მოსწონთ, ან იმიტომ, რომ ერთმანეთს იცნობენ, ან ერთმანეთის მიმართ რაიმე ინტერესი აქვთ. შეიძლება მათ სძულდეთ კიდევაც ერთმანეთი. ყოველდღიურად ყოველი ჩვენგანი მსოფლიო მასშტაბით გაუცნობიერებლად აწარმოებს გარიგებას იმ ადამიანებთან, ვისაც არ ვიცნობთ და ვინც ჩვენ არ გვიცნობს. არც ერთი ზემდგომი სააგენტო არ ავალებს მათ, რომ ჩვენთვის რამე აწარმოონ. შეიძლება მათ სხვადასხვა რელიგია და სხვადასხვა ფერის კანი ჰქონდეთ ან სხვადასხვა რასას ეკუთვნოდნენ. ფერმერს, რომელსაც ხორბალი მოჰყავს, არ აინტერესებს მას თეთრკანიანი შეიძენს თუ შავკანიანი, ვინმე კათოლიკე თუ პროტესტანტი; ის ადამიანი კი, ვინც მას ყიდულობს, არ დაეძებს, თეთრკანიანმა მოიყვანა ის თუ შავკანიანმა, კათოლიკემ თუ პროტესტანტმა. ამგვარად, თავისუფალი კერძო ბაზრის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გარიგების ყველა მონაწილეს სჯერა, მოგებული დარჩება.
ადამიანის თავისუფლების, ისევე, როგორც თავისუფალი კერძო ბაზრის, საფუძველი არის ადამიანის უფლება, რომ საკუთარი გადაწყვეტილება თვითონვე მიიღოს, იმდენად, რამდენადაც ეს იმავე უფლების გამოყენებაში ხელს არავის შეუშლის. მე ვფიქრობ, აქედან ცხადი ხდება, თუ რატომ არის თავისუფალი კერძო ბაზარი ასე მჭიდრო კავშირში პიროვნულ თავისუფლებასთან. ეს ერთადერთი მექანიზმია, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ რთული ურთიერთკავშირების მქონე საზოგადოება ქვემოდან ზემოთ ავაგოთ და არა ზემოდან ქვემოთ, თუმცა, აქედან ისიც ცხადი ხდება, თუ რატომ წარმოადგენს თავისუფალი საზოგადოება ასეთ იშვიათობას - ის ძალაუფლებას ზღუდავს. იქ ცუდ ადამიანებს ბოროტი საქმეების კეთება უჭირთ, მაგრამ კეთილ ადამიანებსაც საკმაოდ უჭირთ სიკეთის კეთება. თავისუფლების ფარული თუ აშკარა მოწინააღმდეგენი ფიქრობენ, რომ მათ ყველაზე უკეთ იციან, თუ რა არის კარგი და ძალაუფლება იმისთვის უნდათ, რომ ადამიანებს ის აკეთებინონ, რაც მათთვისვეა კარგი.
ბოლო ხანს აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის ნგრევის მართლაცდა საოცარმა მოვლენამ ხელახალი სიმწვავით წამოჭრა ის საკითხები, რაზედაც ახლა ვსაუბრობთ. ამ ქვეყნებში თავისუფალ ბაზარზე გადასვლის შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ჯერჯერობით წარმატება უმნიშვნელოა. წარსულში, ფეოდალიზმის, სამხედრო ხუნტებისა თუ ავტოკრატიული მმართველობების დროს, თავისუფალი ბაზრები სხვადასხვა გზით განვითარდა. უმეტესად ეს შემთხვევით მოხდა და არა გამიზნულად. სრული შემთხვევითობა იყო, რომ ჰონგ-კონგში თავისუფალი ბაზარი განვითარდა, და თუ ეს შემთხვევითობა არ იყო, მხოლოდ იქ გაგზავნილ კოლონიურ მოხელეებს თუ შეეძლოთ ამის დაგეგმვა, მაგრამ აშკარაა, მათ შემთხვევით შეუწყვეს ხელი თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბებას, ყოველ შემთხვევაში მოვლენათა ასეთ განვითარებას ხელი არ შეუშალეს. თავისუფალი ბაზრის განვითარება ბუნებრივად არც შეერთებულ შტატებში მომხდარა - ეს შემთხვევითობა იყო. უბრალოდ, შესაძლოა, ჩვენ ძალიან განსხვავებული გზა ავირჩიეთ. ამ განსხვავებულ გზას 1830-იანი წლების ბოლოს დავადექით, მას შემდეგ, რაც საყურადღებო გაკვეთილი ვიწვნიეთ; მას შემდეგ, რაც მთავრობამ, არხებისა და ფასიანი გზების მშენებლობის მიზნით, ფართო ღონისძიებები გაატარა და ბანკების კონტროლი დაიწყო. სახელწიფო ბანკები ოჰაიოში, ილინოისში და სხვა შტატებში შეიქმნა. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ „1837 წლის პანიკის“ დროს ყველა ეს ბანკი გაკოტრდა. ყოველივე ამან ხალხში მოსპო რწმენა, რომ ქვეყანა მთავრობამ უნდა მართოს. გაჩნდა აზრი, რომ ყველა მთავრობას ისევ ძალზედ შეზღუდული უფლებამოსილებების მქონე და მცირერიცხოვანი მთავრობა სჯობს.
მართალია, თავისუფალი საზოგადოება სრულიად სხვდასხვა გზით შემთხვევით ჩამოყალიბდა, მაგრამ აქამდე არ არსებობს იმის მაგალითი, რომ ტოტალიტარული ქვეყანა თავისუფალ საზოგადოებად წარმატებით გარდაქმნილიყო. ამიტომ არის ასე საინტერესო ის, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება. ისეთი რამის მოწმე გავხდით, რაც აქამდე არ გვინახავს. ჩვენც ვიცით და მათაც იციან, რომ ძალიან მარტივი რამ არის გასაკეთებელი. როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ხალხს ვხვდები, სამი სიტყვით ვეუბნები რა არის საჭირო: პრივატიზაცია, პრივატიზაცია და პრივატიზაცია. მთავარია, ამისთვის პოლიტიკური ნება არსებობდეს და ეს სწრაფად მოხდეს. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ამის გაკეთებას?
მაგრამ ის, რაც ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია და რისი განსაკუთრებული აღნიშვნაც მსურს, ის არის, რომ ეს მხოლოდ მათი პრობლემა კი არ არის, არამედ ჩვენიც. ჩვენ მათგან ისევე უნდა ვისწავლოთ, როგორც მათ ჩვენგან. რაში მდგომარეობდა მათი პრომლემა კომუნიზმის დროს? - ძალიან დიდი, ძალიან აბეზარი და ძალიან ძლევამოსილი მთავრობა. ახლა გეკითხებით, რა პრობლემის წინაშე დგას დღეს შეერთებული შტატები? ჩვენ შედარებით თავისუფალი სისტემა გვაქვს; ეს დიდი ქვეყანაა და დიდი თავისუფლებაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ ამ თავისუფლებას ვკარგავთ. გარკვეულწილად, ჩვენ ჩვენ მიერ დაგროვებული კაპიტალით ღირსეულად ვცხოვრობთ. ეს ქვეყანა 150-ზე მეტი წლის განმავლობაში შენდებოდა, რაშიც მთავრობას, როგორც წესი, ძალიან მცირე როლი მიუძღვის. ჯერ კიდევ 1929 წელს შეერთებული შტატების სამთავრობო ხარჯები მთელი ეროვნული შემოსავლის 12%-ზე მეტი არ იყო, ეს იგივე მონაცემია, რაც თანამედროვე ჰონგ-კონგში ფიქსირდება. ფედერალური ხარჯები ეროვნული შემოსავლის დაახლოებით 3-4%-ს შეადგენდა. გამონაკლისს სამოქალაქო ომისა და მეორე მსოფლიო ომის წლები წარმოადგენს, როდესაც მისი ნახევარი შეიარაღებულ ძალებზე დაიხარჯა, ნახევარი კი ყველა დანარჩენზე. სახელმწიფომ და ადგილობრივმა მთავრობებმა ორჯერ მეტი დახარჯეს, ადგილობრივმა მთავრობებმა კი უფრო მეტი, ვიდრე სახელმწიფომ. იმ დროიდან დღევანდლამდე ვითარება მკვეთრად შეიცვალა. როგორც ამბობენ, მთელი სამთავრობო ხარჯები ეროვნული შემოსავლის 43%-ს შეადგენს, რომლის ორი მესამედი ფედერალურია. ამასთანავე, მთავრობა უშუალო ხარჯვის გარდა, კერძო ბაზარზე მიმდინარე ოპერაციებსაც ინტენსიურად აკონტროლებს. მაგალითად, ის უფლებას არ მოგცემთ ყველაზე იაფ ბაზარზე შეიძინოთ შაქარი; გაიძულებთ მსოფლიო ფასებზე ორჯერ უფრო მეტი გადაიხადოთ. მთავრობა ხელფასებთან, სამუშაო საათებთან, დაბინძურების საწინააღმდეგო სტანდარტებთან და სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილებას აიძულებს საწარმოებს. ამათგან, შეიძლება ბევრი რამ კარგია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რესურსების გამოყენების გზებს მთავრობა გვკარნახობს და ეს, როგორც წესი, არაეფექტიანია. ერთი სიტყვით, ეს ჩვენთვის უკვე ნაცნობი სოციალიზმია.
სადღეისოდ, ჩვენი რესურსების მთავრობის მიერ კონტროლირებადი წილის მიხედვით, შეერთებული შტატების 50%-ზე მეტი სოციალისტურია. კიდევ კარგი, სოციალიზმს ჯერჯერობით დანარჩენი 50%-ის გაკონტროლება არ ძალუძს. კიდევ კარგი, მთავრობა მის დიდ ნაწილს ვერ იყენებს. ხალხი წუხს ამაზე, მე კი არა. მე უბრალოდ მაჟრჟოლებს, როდესაც ვფიქრობ, თუ რა ბედი ეწევა ამ ქვეყანაში თავისუფლებას, როცა მთავრობას ჩვენი ფულის დახარჯვის შესაძლებლობა გაუჩნდება. საბედნიეროდ, ჩვენი კერძო სექტორი ისეთი მძლავრია, ისე ეფექტიანია, რომ მან მთელი ჩვენი რესურსების ნახევარზე ნაკლებით ცხოვრების ისეთი დონე შექმნა, მსოფლიოს სხვა ქვეყნები შურის თვალით გვიყურებენ.
ყველა პრობლემა, რაც ამ ქვეყნის წინაშე დგას, მხოლოდ გადაჭარბებული სოციალიზმისგან მომდინარეობს. თუ ჩვენი დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემას გადახედავთ, ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე, თითოეულ მოსწავლეზე გაანგარიშებით, მთავრობამ რეალურად გაასამმაგა ხარჯები, რამაც ხელი შეუწყო ინფლაციას და თანაც, როგორც ტესტების შედეგები გვიჩვენებს, განათლება უარესობისკენ მიდის; მაღალია სკოლიდან გარიცხულთა დონე; არ არსებობს ფუნქციური განათლება. რა არის აქ გასაკვირი? შეერთებულ შტატებში, შეიარაღებული ძალების შემდეგ, დაწყებითი და საშუალო სასკოლო განათლების სისტემა ყველაზე დიდ სოციალისტურ საწარმოს წარმოადგენს. რატომ იქნება სოციალიზმი ჩვენთვის უფრო უკეთესი, ვიდრე რუსეთისთვის? სინამდვილეში, მათთვის უფრო უკეთესი უნდა იყოს, მათ ხომ უფრო მეტი გამოცდილება აქვთ. სამედიცინო მკურნალობის სფეროს თუ გადახედავთ, რაც ახლა მეორე მთავარი პრობლემაა, მთელი სამედიცინო მკურნალობის ხარჯები ეროვნული შემოსავლის 4-იდან 13%-მდე გაიზარდა - ნახევარზე მეტი სამთავრობო ხარჯების სახით. ხარჯები გაიზარდა და საკმაოდ ნათელია, რომ შედეგი იმავე თანაფარდობით სულაც არ გაზრდილა. ავტომრეწველობა იმდენ ავტომანქანას უშვებს, რომ მის შეძენას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, თუ მოისურვებს. არა მგონია, აქ რამე პრობლემა იყოს, მაგრამ ჩვენი მთავრობა გზებს ვერ გვიკეთებს, რომ ვიაროთ. საავიაციო მრეწველობას შეუძლია თვითმფრინავები გამოუშვას, ავიაკომპანიები კი პილოტებს მოამზადებენ, მაგრამ მთავრობა რატომღაც სათანადო რაოდენობის ასაფრენ ზოლებსა და ავიადისპეტჩერებს ვერ უზრუნველყოფს. დამისახელოს ვინმემ შეერთებული შტატების რაიმე მნიშვნელოვანი პრობლმა, რაც ყოვლისმწვდომი მთავრობის ჩარევით არ იყოს გამოწვეული.
დამნაშავეობა იზრდება; ჩვენი ციხეები გადატვირთულია; ცენტრალურ ქალაქებში ცხოვრება მთლად აუტანელი ხდება იმის გამო, რომ „კეთილი მიზნების“ პროგრამამ არ გაამართლა. „კეთილი მიზნები“ ამ შემთხვევაში ნარკომანიასთან ბრძოლის პროგრამაა, რის შედეგადაც ნარკოტიკების მოხმარება უმნიშვნელოდ შემცირდა ან სულ არ შემცირებულა, უდანშაულო მსხვერპლთა რაოდენობა კი ძალიან გაიზარდა. ამ პროგრამამ გაცილებით დიდი ზიანი მოიტანა, ვიდრე სიკეთე, თანაც არამარტო ქვეყნის შიგნით. რა უფლება გვაქვს დავანგრიოთ სხვა ქვეყნები, მაგ., კოლუმბია - მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენივე ქვეყნაში ჩვენივე კანონების დაცვა არ შეგვიძლია?
ნაკლებად უნდა გვქონდეს იმედი, რომ ჩვენს შედარებით თავისუფალ სისტემას უპრობლემოდ შევინარჩუნებთ. აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური სახელმწიფოების დაშლა ჩვენთვის მისალოცი ამბავი იყო, რამაც თვითკმაყოფილებისა და თვითდამშვიდების ელემენტები ჩაგვინერგა. ყველა ამბობდა, „ოჰ, ჩვენ რა კარგად ვართ! ხედავთ, ჩვენ სწორი გზით მივდივართ“. მაგრამ, ჩვენ მათგან მთავარი გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ. ეს გაკვეთილი კი იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობას ძალიან რეალური ფუნქციები აკისრია და, თუ ამ ფუნქციებს არ შეასრულებს და გზას ასცდება, პიროვნულ და ეკონომიკურ თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება.
მე მაინც გამოუსწორებელ ოპტიმისტად ვრჩები და მჯერა, რომ შეერთებული შტატები დიდი ქვეყანაა და ჩვენი პრობლემები, როგორც ასეთი, ხალხისგან კი არ მომდინარეობს, არამედ ჩვენი სამთავრობო სტრუქტურით არის განპირობებული. მთავრობა მრავალ სფეროში არასწორად გვმართავს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მთავრობაში ცუდი ხალხია ან მათ ცუდი ზრახვები აქვთ. ისინი, ვინც ჩვენს მთავრობას ხელმძღვანელობენ, ისეთივე ხალხია, როგორიც ყველა. ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ თუ შესაფერის ადამიანებს ავირჩევთ, ამით ვითარებას გამოვასწორებთ. ჩვენ შეიძლება შესაფერისი ადამიანები ავირჩიოთ, მაგრამ როგორც კი ვაშინგტონში მოხვდებიან, ისინიც არასწორად მოიქცევიან. მეც და თქვენც ასე მოვიქცეოდით. მე არ ვამბობ, რომ ამაში რაიმე განსაკუთრებულია.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ჩვენს პირად ცხოვრებაში, და მათ, თავიანთ სამთავრობო ცხოვრებაში, ერთი მოტივი გვამოძრავებს: საკუთარი ინტერესები. ერთხელ არმენ ალჩიანმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა: „იცით რა, უნდა გჯეროდეთ, რომ არსებობს ერთი რამ, რასაც ყველა გააკეთებს: უნდა გჯეროდეთ, რომ თავის ინტერესებს ყველა თქვენსაზე მაღლა დააყენებს“. ეს ყველა ჩვენგანს ეხება, როგორც კერძო სექტორში, ისე სამთავრობოში. ამ ორს შორის განსხვავება არც ხალხთან არის დაკავშირებული, არც რაიმე საგანგებო მოტივთან. ეს განსხვავებული ადამიანების ინტერესების მრავალფეროვნების ბრალია. კერძო ეკონომიკაში მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც ჩვენ თავისუფალი კერძო ბაზარი გვაქვს, ერთი მხარე მხოლოდ მაშინ იღებს სარგებელს, როცა მეორე მხარეც ხეირობს. სხვის ხარჯზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლებელია. სახელმწიფო ბაზარზე სულ სხვა ვითარებაა. კერძო ბაზარზე თქვენმა წამოწყებულმა საქმემ თუ არ გაამართლა, ისღა დაგრჩენიათ, საკუთარი ჯიბეები მოიქექოთ ამ საქმის გასაგრძელებლად. ეს იქნება თქვენთვის ერთადერთი გამოსავალი. მაგრამ თუ მთავრობაში ხართ, სხვა გამოსავალიც არსებობს. მთლად კეთილი მიზნითა და კეთილი ნებით არავინ აღიარებს თავის შეცდომას, თქვენ კი შეგეძლებათ თქვათ: „ოჰ, წარუმატებლობის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ საკმარისად არ ვიმუშავეთ. ნარკომანიის საწინააღმდეგო პროგრამის წარუმატებლობის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ საკმარისი ფული არ დავხარჯეთ მასზე“. ეს კი თქვენი საკუთარი ფული არ არის. შესაბამისად, აქ საქმე სხვაგვარად დამთავრდება. თქვენ, შესაძლოა, გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე კვლავ გაზარდოთ თქვენი პროგრამის დაფინანსება, თუ საკმაოდ დამაჯერებლად ილაპარაკებთ და თუ საკმაოდ კარგად ფლობთ სადავეებს. ამიტომაც, წარუმატებელი კერძო პროექტი დაიხურება იმ დროს, როდესაც წარუმატებელი სახელმწიფო პროექტი გაგრძელდება.
ერთადერთი, რითაც შეიძლება ეს ვითარება შევცვალოთ, არის პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლა. ამ მხრივ ყველაზე საიმედოდ მთავრობის სამოქმედო ვადის შეზღუდვის მოთხოვნით საზოგადოების დიდი ზეწოლა მეჩვენება. მართლაც, ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ ის.
მსურს ცოტა ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულო. დაახლოებით 200 წლის წინ, ერთი ინგლისური გაზეთი წერდა: „მსოფლიოში 775 300 000 ადამიანია. რასაკვირველია, აქედან 741 800 000 ადამიანს ავტოკრატიული მთავრობა მართავს, თავისუფალი მთავრობა კი მხოლოდ 33 500 000 მილიონს. მთლიანობაში, მონები ოცდასამჯერ უფრო ბევრია, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც რაიმე ხარისხით ადამიანური უფლებები გააჩნია“ [ციტირებული წიგნიდან Forrest McDonald, Novus Ordo Seclorum (Lawrence: University Press of Kansas, 1985), p.9]. მართალია, ახლანდელი მონაცემები ასე დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ, „თავისუფლების სახლის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, მიახლოებით დავითვალე და დავადგინე, რომ მონები ისევ გაცილებით მეტია, ვიდრე თავისუფალი ადამიანები. თუმცა მათი რაოდენობრივი თანაფარდობა თავისუფალ ადამიანებთან მიმართებაში ორი საუკუნის წინანდელი 23:1-დან 3:1-ზე ჩამოვიდა. ჩვენი მიზნისგან - აბსოლუტურად თავისუფალი სამყაროსაგან, ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე მიღწეული გასაოცარი პროგრესი უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე წინა ორი ათასწლეულის მიღწევები. იმედი ვიქონიოთ და ვეცადოთ ეს პროგრესი კვლავაც გაგრძელდეს.