ბერნი სანდერსი ფიქრობს რომ აშშ-მა უნდა გაითვალისწინოს შვედეთის და სხვა სკანდინავიური ქვეყნების გამოცდილება და „ისწავლოს თუ რა გააკეთეს მათ საკუთარი მშრომელი ხალხისათვის“. ვერმონტის სენატორი ისე ხშირად იმეორებდა ამას თავისი კამპანიის დროს, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ თქვა „ვფიქრობ ბერნი სანდერსი არის კარგი კანდიდატი პრეზიდენტობისათვის - შვედეთში“.
როგორც შვედმა შემიძლია აღვნიშნო, რომ ნაწილობრივ ვეთანხმები სანდერსს. ის მართალია: ამერიკისათვის ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ის გაითვალისწინებს თავისი სკანდინავიური მეგობარი ქვეყნების გამოცდილებას ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში. თუმცა სანდერსი ფრთხილად უნდა იყოს, იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურს მას, თავად. როდესაც ის ითხოვს - „სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც მუშაობს ჩვენი ქვეყნის მშრომელთა ოჯახებისთვის და არა მხოლოდ დიდი, მულტინაციონალური კორპორაციების CEO-ებისთვის (chief executive officer - მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი)“. (დღევანდელ) სოციალ-დემოკრატებს შვედეთში, ეს ესმით როგორც ვაჭრობის ლიბერალიზაცია, რომელიც მოახდენს მონოპოლისტი "მსუქანი კატების" ჩართვას კონკურენციაში და არა პროტექციონზმს, როგორც ეს სანდერსს ურჩევნია.
ფაქტია, როცა პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო შვედეთში 2013 წელს, სამმა დიდმა პროფკავშირულმა გაერთიანებამ (Trade Union) მისწერა მას წერილი შეხვედრის თხოვნით. დღის წესრიგი იყო, - დისკუსია: „როგორ შევუწყოთ ხელი თავისუფალ ვაჭრობას“. უდიდესი სოციალ-დემოკრატიული პროფკავშირული გაერთიანების თავმჯდომარემ გაკიცხა აშშ-ის პრეზიდენტი საქონლის თავისუფალი გაცვლის არასკმარისი მხარდაჭერის გამო.
ეს ნამდვილად არ მოხიბლავს ამერიკელ სოციალისტებს, თუმცა უკეთესია გძულდეს ნამდვილი მიზეზით, ვიდრე გიყვარდეს ყალბით, როგორც ამბობს ერთი ანდაზა. იყო ისეთი, როგორიც დღევანდელი შვედეთია, სინამდვილეში ნიშნავს, - დერეგულაციას, თავისუფალ ვაჭრობას, ეროვნულ სასკოლო ვაუჩერულ სისტემას, ნაწილობრივ პრივატიზებულ საპენსიო სისტემას, არა ქონების გადასახადს, არა მემკვიდრეობის გადასახადს და ბევრად დაბალ კორპორატიულ გადასახადს. ბოდიში რომ დავამსხვრიე შენი ფანტაზიები, ბერნი.
სოციალიზმის დისკო-ერა
სანდერსი არ არის მთლად მცდარი, რა თქმა უნდა. შვედეთმა და სხვა სკანდინავიურმა ქვეყნებმაც მოსინჯეს დიდი მთავრობა და ნახევრად-სოციალისტური (Semi-socialist) იდეები. ოღონდ აქ ერთი პრობლემაა: ეს ექსპერიმენტი დაემთხვა ეკონომიკის დაღმავლობას გასული 100 წლიანი აღმავლობის შემდეგ.
სანდერსის წარმოდგენა სკანდინავიაზე გაჭედილია 1970-იან წლებთან. ამ დეკადამდე, შვედეთი და დანია იზრდებოდნენ უფრო სწრაფად, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნები და გახდნენ უფრო მდიდრები, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა პლანეტაზე, დიდწილად ლიმიტირებული მთავრობის და ყოვლისმომცველი ბაზრის გამო. (ნორვეგია განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ნავთობი და გაზი არის მისი მშპ-ს 22%, მხოლოდ მცირედით ნაკლები ვენესუელასთან შედარებით. ამიტომ, თუ სანდერსის პოლიტიკის მიზანი არ არის ნავთობზე დარტყმა, ნორვეგიის მაგალითი არ არის რელევანტური).
ჩაურევლობის პოლიტიკის პერიოდში, 1850 – 1950 წლებში, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი შვედეთში გარვამაგდა, მაშინ როცა მოსახლეობა გაორმაგდა. ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდა 15-დან 2 პროცენტამდე, მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ შეადგინა მთელი 28 წელი. და ეს ყველაფერი მოხდა მანამ, სანამ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეა გაიელვებდა ასეთი სახელმწიფოს მომხრეთა თვალებში.
1950 წლისათვის, საგადასახადო ტვირთი მშპ-სთან მიმართებაში, დანიაში და შვედეთში იყო არა უბრალოდ ნაკლები, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში, არამედ ნაკლები ვიდრე თავად აშშ-ში: 20 და 19 პროცენტი შესაბამისად, ხოლო აშშ-ში იმ დროს იყო 24 პროცენტი.
და ზუსტად ამ მომენტში, როდესაც ჩვენ სკანდინავიელებმა დავიკმაყოფილეთ ჩვენი წყურვილი, ჩავთვალეთ რომ შეიძლებოდა ჭისთვის ზურგის შექცევა. ჩვენ დავიწყეთ რეგულირება, გავზარდეთ გადასახადები და გავაძლიერეთ საჯარო სექტორი. ადვილი გასაგებია ის, რომ შესაძლოა ამ უჩვეულო პოლიტიკის დანერგვის პროცესზე დამკვირვებელ უცხოელებში გამოეწვია დაბნეულობა, რადგან მათ არეოდათ ამ პროცესის მიზეზები და შედეგები. მაგრამ ისინი, ვინც ფიქრობს რომ "ნახევრად-სოციალიზმმა" გახადა შვედეთი მდიდარი, ხედავენ რა ბილ გეიტსის ქველმოქმედებას, ჩათვლიან რომ მის მიერ ფულის გაცემამ აქცია ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად.
სკანდინავიურმა ქვეყნებმა განახორციელეს რეალურ ცხოვრებაში ერთი ძველი ანეკდოტის ვერსია, როგორ შევქმნათ მცირე იღბალი; უნდა დაიწყო დიდიდან. შვედეთმა გაატარა დემოკრატიული სოციალიზმის პოლიტიკა უფრო მკვეთრად, ვიდრე მისმა მეზობლებმა, რის შედეგადაც მისი ეკონომიკა დაეცა უფრო მკვეთრად. ნელ-ნელა, მაგრამ მუდმივად, პრემიერ-მინისტრების ტაგე ერლანდერისა და ოლეფ პალმეს პოლიტიკამ დაარღვია პროდუქტიულობა და სახელგანთქმული სკანდინავიური შრომის ეთიკა. 1970 წელს შვედეთი იყო 25 პროცენტით უფრო მდიდარი ვიდრე იყო OECD-ის (Organization for Economic Cooperation and Development - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) საშუალო მაჩვენებელი. ოცი წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი თითქმის გათანაბრდა. იქამდე სიმდიდრით მეოთხე ქვეყანა პლანეტაზე, შვედეთი გახდა მეთოთხმეტე.
ეს იყო უბედურება მეწარმეთათვის და დაქირავებულთათვის. ამ დროის განმავლობაში არ შექმნილა არცერთი სამუშაო ადგილი კერძო სექტორში, მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა. 2000 წლისათვის, 50 უდიდესი შვედური კომპანიიდან მხოლოდ ერთი იყო დაფუძნებული 1970 წლის შემდეგ.
როგორც სოციალ-დემოკრატების ფინანსთა მინსიტრმა ბოსსე რინგჰოლმმა შენიშნა 2002 წელს: „შვედეთს რომ ჰქონოდა იგივე ზრდა რაც იყო OECD-ის საშუალო ზრდა 1970 წლიდან, ჩვენი საერთო რესურსები იქნებოდა იმდენად დიდი, რომ თითოეულ ოჯახს ექნებოდა 20 000 შვედური კრონით (2400 აშშ დოლარი) მეტი შემოსავალი თვეში“.
ამ მცირეხნიანი ბოლივარიანული პერიოდის განმავლობაში ბევრი შვედი ინტელექტუალი შიშობდა რომ მათი ქვეყანა გადაიქცეოდა ორუელის მიერ დახატულ ღამის კოშმარად. სოციალ-დემოკრატებმა გაიტანეს უკიდურესად არაპოპულარული გეგმა - კერძო ბიზნესის სოციალიზაცია. პარლამენტმა დანერგა ძირითადი წესი: ნებისმიერი ეკონომიკური ტრანზაქცია, რომელიც განიზრახავდა ვინმეს გადასახდელის შემცირებას, იყო არალეგალური, თუნდაც თავად აქცია ყოფილიყო სრულიად ლეგალური. შედეგად, იკეას (IKEA) დამფუძნებელი ინგვარ კამპრადი და ბევრი ცნობილი მეწარმე, ასევე, ყველა ჩვენი ცნობილი სპორტის ვარკსვლავი, გაიქცა ქვეყნიდან.
შვედეთში ყველაზე ცნობილმა ავტორმა, ვილჰელმ მობერგმა დაწერა, რომ მთავრობა კონტროლიდან იყო გასული და ჩვენ მივემართებოდით მესამე გზით დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, „სადაც ყველა არის დაუკმაყოფილებელი და იმედგაცრუებული“. ჩვენი ყველაზე ცნობილი რეჟისორი, ინგმარ ბერგმანი დადანაშაულებულ იქნა პოლიციის მიერ სამეფო თეატრში გადასახადების დაფარვისათვის (მოგვიანებით მოეხსნა ბრალი). მას ჰქონდა ნერვიული კრიზისი და დატოვა ქვეყანა.
საბავშვო წიგნების ჩვენი ყველაზე ცნობილი ავტორი ასტრიდ ლინდგრენი ვალდებული გახდა გადაეხადა 100 პროცენტზე მეტი საშემოსავლო გადასახადი, რამაც გადააწყვეტინა მას დაეწერა მწარე, სატირული ესსე ბებერ გრძნეულ პომპერიპოსაზე და ბოროტ გადასახადების ამკრეფზე: „ის ფიქრობდა, რომ ყველას ქონდა უფლება ყოფილიყო პატივცემული დემოკრატიულ ქვეყანაში. ადამიანები არ უნდა იყვნენ დასჯილი იმის გამო, რომ მათი სურვილით თუ სურვილის გარეშე, ისინი შოულობენ ფულს პატიოსანი გზით“. თუმცა ბოლოს ის პოულობს პრობლემის გადაწყვეტის გზას: „მან მოულოდნელად გაიაზრა - შენ უნდა იცხოვრო კეთილდღეობის შემოსავლით! ოჰ, შესანიშნავი აზრია! და პომპერიპოსა ცხოვრობდა ბედნიერად ამის შემდეგ. და აღარასოდეს დაუწერია მეტი წიგნი“.
კიელ-ოლოფ ფელდტი, სოციალ-დემოკრატების ფინანსთა მინისტრი 1983-1990 წლებში, თავის 1992 წელს გამოცემულ წიგნში შენიშნავს: მთავრობის ზოგიერთი პროგრამა იყო არამდგრადი, ზოგიერთი პოლიტიკა აბსურდული, ხოლო საგადასახადო სისტემა „უზნეო“. ეს პოლიტიკა ასევე დაინგრა ვალებისა და ინფლაციის ბუმის შედეგად 1980-იანების ბოლოს.
რაც ამ არამდგრადმა და უზნეო პოლიტიკამ გააკეთა, არანაირად არ დახმარებია მშრომელ ხალხს, როგორც სანდერსი ცდილობს რომ წარმოაჩინოს. რეალური განაკვეთი შვედეთში დაეცა დაახლოებით 5 პროცენტით 1975-1995 წლებში. ნომინალური განაკვეთი იზრდებოდა, მაგრამ ინფლაციამ შთანთქა ის.
ბუმის დრო
1990-იანების დასაწყისიდანვე შვედეთმა უარი თქვა ბერნიენომიკაზე (Bernienomics - Mix of Fairytales and Populism - მეზღაპრეობისა და პოპულიზმის ნაზავი). ეკონომიკა დერეგულირდა, პრივატიზდა, შემცირდა გადასახადები, გაიხსნა საჯარო სექტორი კერძო პროვაიდერებისთვის. შედეგად, ბოლო ორ დეკადაში, რეალური სახელფასო განაკვეთი გაიზარდა თითქმის 70 პროცენტით.
ყველა ინდუსტრიულმა ქვეყანამ გააკეთა რაღაცის ლიბერალიზაცია ამ პერიოდში, მაგრამ სკანდინავიამ გააკეთა მეტი. 1975 – 2005 წლებში შვედეთის მაჩვენებელი, ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკურ თავისუფლების ინდექსში გაიზარდა 2,3 პუნქტით (10 ბალიან შკალაზე), დანიის მაჩვენებელი 1,7-ით. შედარებისთვის, გერმანიის იგივე მაჩვენებელი გაიზარდა 0,9-ით და აშშ-ის 0,5-ით, მიუხედავად რონალდ რეიგანისა. „შვედეთი ლიდერობს ევროპას რეფორმებით“, წერდა ფაინეიშელ თაიმსი (Financial Times).
სხვა სიტყვებით, არ არის არავითარი საიდუმლო სკანდინავიელთა წარმატებაში, არაა ასახსნელი არავითარი სასწაული. ეს ქვეყნები მოიქცნენ ისე, როგორც ნებისმიერი თავისუფალი ბაზრის ეკონომისტი მოითხოვდა. მათ გადაასწრეს სხვა ინდუსტრიულ ქვეყნებს, როცა მათ ქონდათ უფრო თავისუფალი ბაზარი და ჰქონდათ სტაგნაცია, როცა მოსინჯეს სოციალიზმი. ახლა, როცა მათ ისევ დაიწყეს თავიანთი ეკონიმიკის რეფორმირება, მათი მდგომარეობა ისევ უმჯობესდება. „შვედეთი არის აღმავლობის როკ ვარსკვლავი“, წერდა ვაშინტონ პოსტი 2011-ში.
სკანდინავიელთა მესამე გზის მემკვიდრეობა კი ისევ არსებობს - დიდი საჯარო ხარჯები და დიდი გადასახადები, მინიმუმ აშშ-თან შედარებით, თუმცა შემცირებული საშუალო ევროპულ დონემდე. მთავრობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჯანდაცვას, ბავშვთა მოვლას, უფასო კოლეჯებს და ახორციელებს ბავშვებზე და მშობლებზე ზრუნვის სუბსიდირებას. ჩვენ, სკანდინავიელებს გვაქვს ჩვენი უკმაყოფილება ამ სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ არღვევენ ჩვენს სოციუმს; ცხოვრების სტანდარტებისა და ჯანმრთელობის ინდიკატორები კი შთამბეჭდავია.
რატომ არ ქმნის ეს სისტემა პრობლემებს? რატომ არ მუხრუჭდება ეკონომიკა?
ერთერთი მიზეზო მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ამას ვაკომპენსირებთ ღიაობით, გვაქვს უფრო ღია ეკონომიკა, ვიდრე სხვებს. ფრეიზერის ინსტიტუტის მონაცემებით, შვედეთს და დანიას აქვს უფრო თავისუფალი ეკონომიკა ვიდრე აშშ-ს, როცა ის ეხება ლეგალურ სტრუქტურებსა და საკუთრების უფლებას, ჯანსაღ ფულს, თავისუფალ ვაჭრობას, ბიზნესის რეგულაციას და საკრედიტო ბაზრის რეგულაციას. ჩვენ არ გვაქვს მრავალფეროვანი ლიცენზირების კანონები, რომლებიც ბლოკავენ კონკურენციას აშშ-ში.
გადაახდევინე გადასახადი ღარიბს
ჩვენ ასევე ვიხდით კეთილდღეობის სახელმწიფოს გადასახადს მკაცრად თანასწორი გზით, მაგრამ ეს არ აზიანებს წარმოებას ძალიან: ღარიბი და საშუალო კლასის გამოწურვა, მდიდრებისაგან განსხვავებით, ღარიბებს და საშუალო კლასს არ შეუძლიათ გაქცევა ან თავის არიდება აგრესიული გადასახადებისგან.
სოციალ-დემოკრატებმა იცოდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ შეევსოთ დიდსულოვანი მთავრობის ფონდები მხოლოდ მდიდრების და ბიზნესის ხარჯზე - ისინი ძალიან ცოტანი არიან და ეკონომიკა დამოკიდებულია მათზე მეტისმეტად. ასე რომ შვედეთმა და დანიამ შემოიღეს რეგრესული დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) საწყისი განაკვეთით 25 პროცენტი გაყიდვებიდან - ერთადერთი გადასახადი, სადაც მდიდრები და ღარიბები იხდიან ერთი და იგივე თანხას კრონებში. მეორე მხრივ, კორპორატიული გადასახადი არის 22 და 23.5 პროცენტი შესაბამისად, შეადარეთ აშშ-თან, სადაც ის არის 35 პროცენტის ტოლი.
ფაქტიურად გამოდის რომ მდიდრები შვედეთში სარგებლობენ ეკონომიკური უპირატესობებით თავის დაბალი კლასის წარმომადგენელ კოლეგებთან შედარებით. შვედეთი ყოველთვის ახორციელებდა გულუხვ საგადასახადო შეღავათს კაპიტალის ღირებულებაზე. შრომის რეგულაცია არის შედგენილი ისე, რომ მოგებული დარჩნენ დიდი კომპანიები. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსაზიდად, შვედეთს აქვს საჭირო „ექსპერტ გადასახადი“ მათთვის, რომელიც იფარავს მათი შემოსავლის 25 პროცენტს სამი წლის განმავლობაში. „ცხადია, ეს უთანასწორობაა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უკეთესი არჩევანი“, თქვა სოციალ-დემოკრატების ფინანსთა მინისტრმა 2000 წელს, როცა მან შემოიღო სპეციალური საგადასახადო გამონაკლისები ინდივიდებისა და ოჯახებისათვის, რომლებიც ფლობდნენ დიდ წილებს დიდ კომპანიებში.
სანდერსისაგან განსხვავებით, სკანდინავიელმა სოციალისტებმა დაასკვნეს, რომ შესაძლებელია გყავდეს დიდი მთავრობა, ან იყოს ქვეყანა მდიდარი, მაგრამ შეუძლებელია ორივე ერთად.
კარგი შვედები
სანდერსმა შენიშნა, რომ სკანდინავიური ქვეყნები არიან სამართლიანად თანასწორი, წესიერი საზოგადოება ცხოვრების მაღალი სტანდარტით. ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან, ისინი არიან ასევე ძალიან კარგი საცხოვრებლადაც.
მაგრამ იმსახურებს კეთილდღეობის სახელმწიფო ნდობას თავისი სახელმწიფო საქმიანობით? როცა ნობელის პრემიის ლაურეატ ეკონომისტ მილტონ ფრიდმანს უთხრეს რომ შვედეთში არ არის სიღატაკე აშშ-ისგან განსხვავებით, მან შესანიშნავად უპასუხა: „სასაცილოა, რადგან არც ამერიკაში გვყავს ღატაკები შვედებს შორის“.
ეს გადამეტებაა, მაგრამ მონაცემები იძლევიან ამ შედეგს. როგორც შვედმა მკვლევარმა ნიმა სანანსაჯიმ შეამჩნია კვლევისას, სკანდინავიელების შემოსავალი აშშ-ში არის 20 პროცენტით მეტი საშუალოზე და მათი სიღატაკის მაჩვენებელი არის ორჯერ ნაკლები საშუალო ამერიკელთან შედარებით.
18000-მა სკანდინავიელმა სანდერსის ვერმონტში და 11-მა მილიონმა სკანდინავიელმა წინაპარმა აშშ-ის სხვა ტერიტორიებზე ასევე შექმნა სამართლიანი წესიერი საზოგადოება ცხოვრების მაღალი სტანდარტით, ამერიკული ველური კაპიტალიზმის პირობებშიც კი.
აშკარაა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყვანოთ სკანდინავიელები სკანდინავიიდან, მაგრამ არა სკანდინავია სკანდინავიელებიდან. არსებული კულტურული ფონი ხსნის ჩვენი წარმატების მიზეზს, თუ წავალთ უკან წარსულში, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, სოციალური ნდობის კულტურა, კორუფციის შედარებითი ნაკლებობა და ლუთერანული სამუშაო ეთიკა. ეს აისახება სტაბილურობის გრძელ ისტორიაში, ღარიბი ფეოდალიზმის ეპოქიდან და ვაჭრობის მყარი ტრადიციიდან.
ორი სკანდინავიელი ეკონომისტი, ანდრეას ბერგი და ქრისტიან მჟომსკოვი (Andreas Bergh და Christian Bjørnskov), დოკუმენტურად ადასტურებენ რომ მაღალი სანდოობა არის ძველი მემკვიდრეობა მათ შთამომავლებშიც, ვინც ემიგრირდა სკანდინავიიდან 100 წლის წინ, მანამ სანამ აქ გვექნებოდა კეთილდღეობის სახელმწიფო. ისინი ასკვნიან, რომ ნდობა სხვებისადმი და აქტიური სოციალური კავშირები ქმნის კეთილდღეობის სახელმწიფოს მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა გზა, მიუხედავად იმისა, რომ მაცდუნებელია აზრი: მისცე პოლიტიკოსებს ძალაუფლება და ფული უცნობებისათვის, თუ თქვენ გჯერათ, რომ ისინი არიან წესიერები და არასოდეს მოატყუებენ სისტემას.
სკანდინავიელები არასოდეს მიესალმებიან მიიღოს ფული არაუფლებამოსილმა პირმა. შვედეთი არის ქვეყანა, სადაც შვედეთის პრემიერ მინისტრი გადადგა 1995 წელს, როცა გამოაშკარავდა რომ ის იყენებდა მის ოფიციალურ საკრედიტო ბარათს საკუთარი მცირე ხარჯების დასაფარად, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვიურად ფარავდა ამ დანახარჯებს თავადვე.
შეკითხვაზე „რა გარემოებისას გაამართლებდნენ სამთავრობო პრივილეგიებს მათთვის, ვისაც ის არ ეკუთვნის?“ 1991-ში და 1998-ში ჩრდილოელებმა უპასუხეს „არასდროს“. (მხოლოდ მალტელთა პასუხია უფრო მაღლა მდგომი და ჩემი აზრით მათი პასუხები, სავარაუდოდ, არის გაყალბებული). აშშ ამ სიაში არის მე-16, უფრო დაბლა ვიდრე იტალია.
კომერცია, კულტურა და უწყვეტობა
მაგრამ კულტურა არ არის ბედისწერა. სკანდინავიელთა ღირებულებები ჩამოყალიბდა მაშინ როცა მოხდა ეკონომიკური სტიმულაციები და ინსტიტუციური მხარდაჭერა. თუ ეს მხარდაჭერა აღარ იქნება, ეს კულტურაც დაიწყებს რღვევას. თუ შენ დარწმუნებული ხარ, რომ შრომა არის ჩვეულებრივი ღირსება, შენ იმუშავებ მაშინაც კი თუ არ არის შესაბამისი გადახდა. მაგრამ რა მოხდება შემდეგ თაობაში, ახალგაზრდები და იმიგრანტები, რომელთაც შრომის ასაკი დაუდგათ მაშინ, როცა ეს სტიმულები მოხსნილი იქნა?
იმ შვედების პროპორცია, რომლებიც ამბობენ რომ დაუშვებელია სამთავრობო პრივილეგიები მათთვის ვისაც ის არ ეკუთვნის, ჯერ კიდე მაღალია, თუმცა შემცირდა, იყო 82 პროცენტი 1980-იანების დასაწყისში და ახლა არის 55 პროცენტი.
ეროზიის ნიშნები ამ დამოკიდებულებებში შეიძლება დავინახოთ 2000-იანების დასაწყისში, როცა ავადმყოფ შვედთა რაოდენობა უცბად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით ყველაზე ჯანმთელი ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენ ავად ვხდებოდით უფრომ მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა, განსაკუთრებით მსოფლიო სპორტული ღონისძიებებისას. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატისას, იმ კაცების რაოდენობა, რომლებმაც ავადმყოფობის გამო აიღეს მოკლეხნიანი ბიულეტენი, გაიზარდა 41 პროცენტით, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა ქალებისათვის. ღმერთმა იცის რა მოხდებოდა, შვედეთის გუნდი რომ გასულიყო ფინალურ რვაში.
შვედეთში გვაქვს უმუშევრობის პრობლემა ემიგრანტებს შორის. დასაქმებულობის ნაპრალი ადგილობრივებსა და საზღვარგარეთ დაბადებულებს შორის არის ორჯერ მეტი ვიდრე საშუალოდ ევროკავშირში, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გამოვირჩევით ნაკლები რასიზმითა და დისკრიმინაციული მიდგომით ვიდრე სხვები. პასუხად, შვედმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს დაამთავრონ ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა და მოიმოქმედონ რაიმე, რომ დაატოვებინონ იმიგრანტებს ქვეყანა.
უფრო ადვილი იყო, როცა ჩვენ ვიყავით ყველა ერთნაირი, ერთნაირი წარსულით, ერთნაირი ბედით და დამოკიდებულებით, მსგავსი განათლებით. ახლა გვჭირდება უფრო მოქნილი პოლიტიკა, როცა ჩვენ ვხდებით მეტ-ნაკლებად მსგავსი აშშ-ისა.
გუნნარ და ალვა მირდალები, ორი წამყვანი სოციალ-დემოკრატიული მოაზროვნე მე-20 საუკუნეში, ფიქრობენ რომ სკანდინავიურ ქვეყნებს ქონდათ საუკეთესო შანსი დაბეგვრა-რედისტრიბუციის ექსპერიმენტისათვის. მათ ყავდათ ერთგვაროვანი მოსახლეობა მყარი სამუშაო ეთიკით, არაკორუფციული სამოქალაქო სერვისებით, კარგი სანდოობის მქონე ბიუროკრატიით და პოლიტიკოსებით, თავისუფალი ვაჭრობის ეკონომიკური კანონმდებლობა. რადგან ამან არ იმუშავა აქ, ისინი გვირჩევენ და ძნელია იფიქრო, რომ იმუშავებს სადმე.
ახლა შვედური ექსპერიმენტი სოციალიზმში გრძელდება, შეცვლილი ფორმით და ეკონომიკური ლიბერალიზაციის ჯანსაღი დოზით. აშშ-ის მცდელობა გაიმეოროს ჩრდილოელთა 1970-იანების მცდელობა, გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს საზოგადოებაში, სადაც ბევრად ნაკლებია შესაბამისი ჩამოყალიბებული კულტურა. უფრო დიდი მთავრობა აშშ-ში არ მოგვცემს შვედეთის უფრო დიდ ვერსიას, ის მოგვცემს აშშ-ის საფოსტო სერვისის გადიდებულ ვერსიას.
თუ ბერნი სანდერსი გადაწყვეტს შვედეთის პრეზიდენტობას, როგორც ეს მარკო რუბიომ ურჩია, შვედებს გაეცინებათ. რადგან ის არის მეტისმეტად მემარცხენე და პროტექციონისტი. და კიდე ერთი პატარა პრობლემა: შვედეთი არის საკონსტიტუციო მონარქია, ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი.
თარგმანი: ნოდარ ჩინჩალაძე