აინ რენდი უდავოდ კულტურული ფენომენი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პროვოცირებადი ფილოსოფიური ხმაა. მიუხედავად ხმაურიანი კრიტიკისა, მისი რომანების “პირველწყაროსა” და “ატლანტმა მხრები გაშალას” კითხვა, მკითხველს კვლავაც ღრმად აღაფრთოვანებს. არსებობს მიზეზი, რის გამოც მისი ნამუშევრები ასეთ ძლიერ რეაქციებს კიდევ უფრო ამძაფრებს. რენდის ლიტერატურული მიზანი „იდეალური ადამიანის წარმოჩენა“ და მორალური იდეალის შექმნა იყო. იდეალებზე საუბარი მის რომანებს ფილოსოფიურ ხასიათს ანიჭებს და მისი აზრი იდეალურზე სადაო ხდება.
რომანის “ატლანტა მხრები გაშალა” გამოქვეყნებიდან ათწლეულების განმავლობაში, რენდმა თავისი ფილოსოფია მრავალი ესეს, რადიო და სატელევიზიო ინტერვიუებისა და საუნივერსიტეტო ლექციების საშუალებით გააცნო და დაუკონკრეტა მაყურებელს. ის ასევე საუბრობდა თავის პერსპექტივებზე ფილოსოფიური პრობლემებსა და კულტურულ ფენომენებთან დაკავშირებით. მიუხედავად მისი იდეების დიდი წინააღმდეგობისა, რენდის ნამუშევრების მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა და ისინი ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა.
მკითხველში ყველაზე დიდ გაოცებას ის იწვევს, რომ რენდი ამაყად იცავს ეგოიზმის მორალურობას, მაშინ როცა თავის ნოველებში გამოჰყავს გმირები, რომლებიც არ ერგებიან ეგოიზმის იმ გაგებას, ჩვენ რომ დღეს ყველას გვჯერა. უხეში მთამსვლელებისა და ექსპლუატატორების მაგივრად, რენდი წარმოაჩენს ინდივიდებს, რომელთაც აქვთ პატიოსნება, მიზანი, ინტელექტი - არტისტებს, ფილოსოფოსებს, ინდუსტრიალისტებს, გამომგონებლებს, ბიზნესმენებს - კაცებსა და ქალებს, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას გონებით მართავენ, აღწევენ პროდუქტიულ კარიერას და ამაყობენ საკუთარი თავით, საქმიანობითა და საკუთარი ცხოვრების შესაძლებლობით. ასეთი ადამიანების მთავარი მიზანი საკუთარი ბედნიერების მიღწევაა, მაგრამ ისინი არც ასოციალურები არიან და არც ანტისოციალურები. რენდის გმირები ღრმად სცემენ პატივს სხვის უფლებებს, მათთან ძალისა და თაღლითობის გამოყენებით კი არა, არამედ გონებისა და გაცვლა-გამოცვლის საშუალებით ურთიერთობენ. მათ აქვთ ამაღლებული ხედვა ადამიანთა პოტენციალის შესახებ, აფასებენ სხვის მიღწევებსა და სათნოებებს და ამაში ახალ შთაგონებას ეძებენ. ასევე, ქმნიან ძლიერ მეგობრობასა და რომანტიკულ ურთიერთობებს, მათი ზოგადი მსოფლმხედველობა კი კეთილგანწყობითაა სავსე. სათნოებები, რომლებსაც რენდი ეგოისტური ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს, გასაოცარია - რაციონალურობა, პატიოსნება, მთლიანობა, დამოუკიდებლობა, სამართლიანობა, პროდუქტიულობა და სიამაყე.
აშკარაა, რომ რენდი ეგოიზმის ახალ კონცეფციას გვთავაზობს - რაც გვაიძულებს, ხელახლა გადავხედოთ შეხედულებებს საკუთარ ინტერესებზე, მის კავშირს მორალთან და მის გავლენას ჩვენს სხვებთან ურთიერთობაზე. კერძოდ, რენდი ამტკიცებს, რომ საკუთარი ინტერესების ასოცირება უგულო ექსპლუატაციასთან და სხვათა მიმართ გულგრილობასთან არა მხოლოდ ყალბია, არამედ ის ამახინჯებს იმ კონკრეტულ გზებს, თუ როგორ ვსახავთ ჩვენს მორალურ ალტერნატივებს, თუ როგორ ვაფასებთ საკუთარ თავსა და სხვებს და თუ როგორ სოციალურ ინსტიტუტებს ვაყალიბებთ. ასეთი ხედვა ბადებს ორ მოსაზრებას, რომ ცხოვრებაში ჩვენი ალტერნატივებია: სხვების გაწირვა საკუთარი თავისთვის (რომელსაც ისინი "ეგოიზმს" უწოდებენ) ან საკუთარი თავის სხვებისთვის შეწირვა (რომელსაც ისინი "ზნეობას" უწოდებენ).
რენდი თავის ნოველებში მესამე ალტერნატივას გვთავაზობს: უმსხვერპლო მიდგომა ცხოვრებასთან. ის, რასაც ზნეობა მოითხოვს, არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დავივიწყოთ საკუთარი ინტერესი ან თავმოყვარეობა და ეგოიზმის უკუგდებით მათ მორალური ელ-ფერი შევძინოთ, არამედ საჭიროა, რაციონალურ წარმოდგენები შევქმნათ იმის შესახებ, თუ რა არის ნამდვილად ჩვენს ინტერესებში და რა არა. სწორედ ჩვენი საჭიროებაა “რაციონალური ეგოიზმის” ზნეობრიობა.
რაციონალურ ეგოიზმში რენდი გულისხმობს იმ ღირებულებების მიღწევას და იმ ფასეულობებით ცხოვრებას, რომლებიც ობიექტურად უნარჩუნებს და უუმჯობესებს ადამიანს ცხოვრებას არა მხოლოდ დროის მოცემულ მომენტში, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში. რაციონალური ეგოიზმი ნიშნავს გონებითა და ნაყოფიერი ძალისხმევით ცხოვრებას, რასაც შემდგომ შედეგებით ტკბობაც მოსდევს როგორც მატერიალურად, ისე სულიერად.
რენდის აზრით, საკუთარი ინტერესების მიღწევა მომთხოვნი დავალებაა. აშკარა არ არის, თუ რომელ ღირებულებებს უნდა მივაღწიოთ და რომელი ფასეულობებით უნდა ვიცხოვროთ იმისთვის, რომ განვვითარდეთ: ცხოვრება, რომელიც ეძღვნება საკუთარი თავის ინტერესებს, მოითხოვს სერიოზულ რეფლექსიას და ერგულებას მორალური პრინციპების მიმართ მაშინაც კი, თუ ჩვენგან ძლიერი ზეწოლის გზით კომპრომისს მოითხოვენ. ასე რომ, როდესაც რენდი გვირჩევს, ვიყოთ ეგოისტური, ის არ გვაძლევს კურთხევას ისე მოვიქცეთ როგორც გვესიამოვნება, სურვილებისა და ახირებების მიხედვით, არ გვაძლევს ნებას, გავაკეთოთ ის რაც ჩვენს ინტერესებში მხოლოდ იმიტომაა, რომ უბრალოდ გვინდა. ადამიანის სწორი ფასეულობებისა და ინტერესების განსაზღვრა ინტელექტუალურ-ფილოსოფიური ამოცანაა და, რენდის აზრით, სწორედ ეს არის მორალური ფილოსოფიის მთავარი მიზანი.
რენდის აზრი მორალზე მკვეთრად განსხვავდება ჩვეულებრივი გაგებისგან, რომელიც პირველ რიგში ყურადღებას ჩვენს სხვებთან ურთიერთობაზე ამახვილებს და თვითინტერესს განიხილავს როგორც ამორალურს ან მორალის გარეშე არსებულს. რენდი უარყოფს ეთიკის ამ კონკრეტულ შეხედულებას. ცხადია, მორალმა უნდა განსაზღვროს ადამიანის სათანადო ურთიერთობა სხვებთან, მაგრამ რენდი ამტკიცებს, რომ მორალს პირველადად ევალება, განსაზღვროს ინდივიდის დამოკიდებულება რეალობის მიმართ და დაადგინოს როგორ შესაბამისობაში უნდა იყოს მისი მოქმედებები საკუთარი ცხოვრებისა და კეთილდღეობის მოთხოვნებთან. ამის შემდგომ სწორედ ეს განსაზღვრავს და ადგენს სხვებთან ურთიერთობის სათანადო პირობებსაც.
შესაბამისად, რენდი აღნიშნავს, რომ თითოეულ ინდივიდს აქვს მორალური უფლება იცხოვროს საკუთარი თავისთვის - "აირჩიოს ის, რაც მის პირად, პირად, ინდივიდუალურ ბედნიერებას ხელ შეუწყობს და იმუშაოს მის მიღწევაზე, მანამ, სანამ იგი პატივს სცემს სხვის იმავე უფლებებს." ინდივიდი, მისი აზრით, არ არის სხვისი მიზნების მიღწევის ან კეთილდღეობის საშუალება; ის ასევე არ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი გამოყენებისთვის. მორალური ინდივიდი პატივს სცემს სხვის უფლებებს და სხვებისგან საკუთარი უფლებების დაცვასაც მოელის. ის არც საკუთარ თავს სწირავს სხვას და არც სხვისგან მოითხოვს თავგანწირვას. ის სხვებთან ისე ურთიერთობს, რომ პატივს სცემს მათ ავტონომიას, პატივს სცემს იმ ფაქტს, რომ მათი ცხოვრება და რესურსები არ არის მისი ან საზოგადოების განკარგვის ობიექტი. ურთიერთობს არა ძალის გამოყენებით ან თაღლითობით, არამედ დაყოლიებით და ვაჭრობით - ცვლის ღირებულებას ღიებულებაზე, ორმხრივი თანხმობით და ორმხრივი სარგებლით. რენდის აზრით, სწორედ ეს არის ის ურთიერთობის ფორმა, რომელიც ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერებათ და სწორედ ამიტომ იყო რენდი Laissez-faire კაპიტალიზმის დამცველი. სწორედ კაპიტალიზმია ის პოლიტიკური სისტემა, რომლის ცენტრალური პრინციპი და მორალური დასაბუთება ინდივიდუალურ უფლებებს ეფუძნება.
ადამიანთა ურთიერთობის ამ უმსხვერპლო მოდელის მიხედვით, ერთი არ განიხილავს სხვებს, როგორც მსხვერპლშეწირვის ობიექტებს, არამედ - როგორც პოტენციურ ღირებულებებს. სხვა ადამიანები შეიძლება წარმოადგენდნენ ღირებულების უზარმაზარ წყაროს, პიროვნულ ეგოისტურ ღირებულებას საკუთარი ცხოვრებისა და ბედნიერებისთვის - არა მხოლოდ სავაჭრო პარტნიორს, არამედ მეგობარს ან ახლობელს ან უბრალო ადამიანს, რომლის ხასიათიც ხდის მას ღირებულს ან შთამაგონებელს. იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს კონფლიქტი რაციონალური ეგოიზმისა და ადამიანები საკეთილდღეო ურთიერთობებს შორის, რენდმა თქვა, რომ რაციონალური ეგოიზმი, ფაქტობრივად, ასეთი კეთილდღეობის საფუძველიც კია.
სამწუხაროდ, პოპულარულ მედიაში რენდის აზრები კონკრეტულად ასე არ გამოიხატება. ბევრი კომენტატორი აცხადებს, რომ რენდი მხარს უჭერს ”ეგოიზმს”, მაგრამ ისინი არ ხსნიან რენდის პერსპექტივას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ”ეგოიზმი” ან რატომ თვლის იგი, რომ ეგოიზმი მორალური სათნოებაა. ანალოგიურად, ისინი რეგულარულად აღნიშნავენ უარყოფითად, რომ რენდი ალტრუიზმს ბოროტებას უწოდებს - მაგრამ არ განმარტავენ, თუ რას გულისხმობს იგი ”ალტრუიზმით”, ან რატომ ფიქრობს, რომ ალტრუიზმი შეუთავსებელია სიკეთესთან, კეთილგანწყობასთან და სხვების უფლებების დაცვასთან.
ჟურნალისტები, რომლებიც რენდს ამ გზით წარმოაჩენენ, მკითხველს და მათ სტანდარტულ მოსაზრებებს ხელუხლებელს ტოვებენ, მკითხველს არ აცნობენ რენდის შეფასებას პირად ინტერესზე და მის შესაბამის კავშირზე მორალთან. შედეგად, ისინი არ საუბრობენ და არ ხსნიან იმას, თუ რატომ შთააგონებს რენდის ნამუშევრები მილიონობით მკითხველს მსოფლიოს გარშემო.
თუ თქვენ გასცდებით რენდის პოპულარულ კარიკატურებსა და მასზე გამოთქმულ დამახინჯებულ აზრებს, დაიწყებთ მისი ნაშრომების გამოკვლევას, თქვენ აუცილებლად მიაგნებთ ორიგინალურ და გამომწვევ მოაზროვნეს, თავისი ახალი მორალური კეთილშობილური ცხოვრების კონცეფციით, რომელიც გვთავაზობს ახალ ღირებულ ალტერნატივას სტანდარტული მორალის შესაცვლელად.
ავტორი: აარონ სმიტი, აინ რენდის ინსტიტუტი
თარგმანი: ირაკლი იაგორაშვილი, ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის