შობა, მიუხედავად მისი რელიგიური დატვირთვისა, დასავლური სამყაროს სეკულარულ დღესასწაულად იქცა. 24 დეკემბრის ღამეს ქრისტიანებთან ერთად, ათეისტებიც ჩუქნიან საჩუქრებს ერთმანეთს, აღნიშნავენ ამ მშვენიერ დღეს და მათაც უხარიათ სხვებთან ერთად. საინტერესოა, თუ როგორ აღნიშნავდნენ შობას და რას ამბობდნენ ამ დღესასწაულზე ცნობილი ათეისტები. აინ რენდის ფილოსოფია ობიექტივიზმი გამორჩეულად ათეისტური ფილოსოფიური მიმდინარეობაა. ეს სწავლება სამყაროს შეცნობის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ გონებას აღიარებს და შესაბამისად რწმენას უარყოფს.
მიუხედავად ამისა, აინ რენდისთვის შობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღესასწაული იყო. ერთ-ერთი შეხვედრის დროს აინ რენდს ჰკითხეს, შეეფერებოდა თუ არა ათეისტს შობის აღნიშვნა. მან შეკითხვას ასე უპასუხა:
"დიახ, რა თქმა უნდა! ეროვნულ დღესასწაულს ამ ქვეყანაში ექსკლუზიურად რელიგიური დატვირთვა არ შეიძლება ჰქონდეს. შობის სეკულარული მნიშვნელობა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე რომელიმე რელიგიის პრინციპები. შობა ეს არის ადამიანების მიმართ კეთილი ნების გამოვლინება - გონების ჩარჩო, რომელიც არ შეიძლება ქრისტიანული რელიგიის ექსკლუზიური საკუთრება იყოს.
შობის მომხიბლელობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები კეთილ ნებასა და სურვილს თავგანწირვის გარეშე მხიარული, ბედნიერი და კეთილგანწყობილი გზებით გამოხატავენ. ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებით - “გილოცავ შობას”- და არა - “იტირე და მოინანიე”. ასევე კეთილი ნება გამოხატულია მატერიალური , მიწიერი საშუალებებითაც, როდესაც ჩვენ მეგობრებს საჩუქრებს ვჩუქნით ან მისალოც ბარათებს ვუგზავნით. . .
შობის საუკეთესო ასპექტი მისტიკოსების მიერ ხშირადაა გაკრიტიკებული. მათი აზრით, შობა მეტად კომერციულ დღესასწაულად იქცა. საჩუქრების ყიდვა და ჩუქება სტიმულს აძლევს ახალი გამოგონებების უზარმაზარ ნაკადებს, რომელთა ერთადერთი დანიშნულება ადამიანისთვის სიამოვნების მინიჭებაა. ქალაქიც ქუჩის დეკორაციებისგან შექმნილი შესანიშნავი სანახაობებით ივსება , რომლებიც სახელმწიფო შენობებსა თუ სხვა დაწესებულებებს ამშვენებენ. ნაძვისხეებით, მოციმციმე შუქებითა და ბრწყინვალე ფერებით ქალაქების გალამაზება მხოლოდ “კომერციულ სიხარბეს” თუ შეეძლო მოეტანა ჩვენამდე. ალბათ როგორი დეპრესიული უნდა იყოს ადამიანი ამ სანახაობის შესანიშნაობა რომ უარყოს? “
აინ რენდი, 1976 წლის დეკემბერი. მოამზადა - ირაკლი იაგორაშვილმა.
ფოტო: აინ რენდის არქივი, აინ რენდის ინსტიტუტი.
https://ari.aynrand.org/this-is-how-ayn-rand-celebrated-christmas/
იხილეთ ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=kUMryhrGo7A&feature=emb_title