საერთოდ, რთულია ისაუბრო თავისუფალ ბაზარზე, არა იმიტომ, რომ ძნელია ამ ეკონომიკური მოდელის საფუძვლების გაგება, არამედ იმიტომ, რომ ყველა განსხვავებულად აღიქვამს. ზოგი თავისუფალ ბაზარში მის წმინდა მნიშვნელობას გულისხმობს, ანუ ბაზარს მთავრობის ჩარევის გარეშე, თუმცა უმრავლესობას თვალწინ კრონი კაპიტალიზმი უდგება. ამ მოვლენას კარგად აღწერს როდერიკ ლონგი.
მან თქვა, წარმოიდგინეთ, რომ გამოვიგონე ახალი სიტყვა ,,ზაქსლებაქსი". ის განვმარტე, როგორც მეტალის სფერო, როგორც ვაშინგტონის მონუმენტი (ვაშინგტონის მონუმენტი მარმარილოს მონუმენტია და არაფერი აქვს საერთო მეტალის სფეროსთან). ამ შემთხვევაში ტერმინების აღრევა ხდება. საზოგადოების ნაწილი იფიქრებს, რომ ზაქსლებაქსი არის მეტალის სფერო, ნაწილი კი ჩათვლის, რომ ის არის რაღაც, რაც ჰგავს ვაშინგტონის მონუმენტს. შეგვიძლია, რომ იგივე ვთქვათ კაპიტალიზმზე. მე კაპიტალიზმს ვგულისხმობ წმინდად თავისუფალი ბაზრის მნიშვნელობით, მაგრამ ვიღაც ჩათვლის იდეოლოგიას, რომელიც არის აშშ-ში და გერმანიაში. ამიტომ აჯობებს, დასაწყისშივე შევთანხმდეთ ტერმინებზე. როდის არ არის ბაზარი თავისუფალი?! ბაზარი მაშინ აღარ არის თავისუფალი, როცა სახელმწიფო ერევა რეგულაციით ან კონკრეტული კომპანიის დაფინანსებით. განვიხილოთ პირველი მაგალითი. წარმოიდგინეთ თეთრი მარკერის დაფა. ეს დაფა შედგება უამრავი თეთრი წერტილისგან. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს თეთრი წერტილები არიან მომწოდებლები ბაზარზე. თუ ჩვენ მარკერით გავაფერადებთ დაფის ერთ კუთხეს, თეთრი წერტილების რაოდენობა შემცირდება, სწორედ ეს ხდება, როცა სახელმწიფოს შემოაქვს რეგულაცია ბაზარზე. ყველა გაფერადებული წერტილი ისაა, რომელმაც რეგულაცია ვერ დააკმაყოფილა. თითოეული რეგულაციით ბაზარზე ის კომპანიები რჩებიან, რომლებიც ამ რეგულაციების ჩარჩოთი შემოიფარგლებიან. შესაბამისად, თითოეული რეგულაცია ამცირებს ბაზარზე კომპანიების რაოდენობას. რაოდენობა განსაზღვრავს კონკურენციას. რაც უფრო დიდია კომპანიების რაოდენობა, მით უფრო კონკურენტუნარიანები არიან ერთმანეთის მიმართ. კომპანიები იბრძვიან გადარჩენისათვის, რადგან მთავრობა მათ არ აფინანსებს და თუ მომხმარებლებს დაკარგავენ, მაშინ კომპანია ვეღარ იარსებებს, გაქრება ბაზრიდან. კომპანიები ეცდებიან, ხალხს შესთავაზონ მხოლოდ ორი რამ - მაღალი ხარისხი და/ან დაბალი ფასი. თავისუფალი ბაზრის პირობებში გვექნება ოთხივე სახის პროდუქტი: მაღალი ხარისხი, მაღალი ფასი; მაღალი ხარისხი, დაბალი ფასი; დაბალი ხარისხი, მაღალი ფასი და დაბალი ხარისხი, დაბალი ფასი. მომხმარებლებს მოუწევთ არჩევანი გააკეთონ ოთხივე სახის პროდუქტზე, სწორედ მომხმარებლები ე.ი. ხალხი განსაზღვრავს, ბაზარზე რომელი კომპანიები დარჩება. ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფალი ბაზარი გვაძლევს მაღალ ხარისხს და დაბალ ფასს. საერთოდ, ეკონომიკური მოდელის დაწუნების ორი გზა არსებობს.
- არ მუშაობდეს (ანუ ხალხს არ ამდიდრებდეს და ქვეყანა ვერ განავითაროს)
- არ ეთანხმებოდე მორალურად.
კაპიტალიზმი რომ პირველ მოთხოვნას აკმაყოფილებს ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამ ეკონომიკურ მოდელზე აშენდა ყველაზე მდიდარი ქვეყანა ისტორიაში, ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე ამ მოდელზე აშენდა დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, სინგაპური და ა.შ.
თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ კაპიტალიზმი არამორალურია. ისინი თვლიან, რომ თავისუფალი ბაზარი ჰგავს პოკერს ორ კაცში, სადაც ერთი თუ იგებს, მეორე აუცილებლად წაგებულია. რეალურად, თავისუფალი ბაზრის პირობებში ორივე ადამიანი მოგებული და ბედნიერია. წარმოიდგინეთ სიტუაცია, მე შევუთანხმდი მეზობელს, რომ თუ ბარგს ავატანინებდი, მომცემდა 50 ლარს. მიღებული 50 ლარით წავედი მაღაზიაში და გადავწყვიტე, შემეძინა ხილი. გამყიდველმა მიპასუხა, რომ ამ ხილის გასაყიდად ძალიან ბევრმა ადამიანმა იშრომა: ფერმერმა, რომელმაც მოიყვანა მოსავალი, მკრეფავებმა, რომლებმაც დაკრიფეს, მტვირთავმა, რომელმაც აქამდე მოიტანა. გამყიდველმა მკითხა, თუ რა გავაკეთე ისეთი, რომ ხილი დავიმსახურე, რა სამსახური გავუწიე გარშემომყოფებს. ვუთხარი, რომ მეზობელს ბარგის ატანაში დავეხმარე. როცა გამყიდველმა ამის დამტკიცება მომთხოვა, მე ლარი გავუწოდე. საბოლოოდ, მე მოგებული გამოვედი მაღაზიიდან, რადგან ხილი მერჩია 50 ლარს, გამყიდველიც მოგებული დარჩა, რადგან 50 ლარი ერჩია ხილს. თავისუფალი ბაზრის პირობებში დაუშვებელია ძალადობა და შეთანხმებისას ორივე მოგებულია. შესაბამისად, კაპიტალიზმი მორალური ყოფილა. ახლა კი გავარჩიოთ, რა ხდება, როცა მთავრობა ერევა ბაზარში და აფინანსებს კონკრეტულ კომპანიას, რომ არ გაკოტრდეს. ერთი შეხედვით, კეთილი და გულჩვილი ქმედებაა, დააფინანსო კომპანია, რათა არ გაკოტრდეს და სამსახური არ დაკარგოს ძალიან ბევრმა ადამიანმა. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მთავრობა ამ კომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს, ანუ გადასახადის გადამხდელებისგან აკრეფილ ფულს აძლევს კომპანიას. კომპანია თავისუფალ ბაზარზე თუ კოტრდება, ნიშნავს, რომ ვერ დააკმაყოფილა მომხმარებლების მოთხოვნები, ამიტომაც მისგან არავინ არ შეიძინა პროდუქტი და კოტრდება. თუ მთავრობა დააფინანსებს და გადაარჩენს, ამით ბიუროკრატები ამ კომპანიის ბოსებს ეუბნებიან, რომ ისინი არ არიან პასუხისმგებლები მოქალაქეების წინაშე. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ არაეფექტურები იქნებიან და როგორ ცუდ პროდუქტს დაამზადებენ, მთავრობა მათ დატოვებს ბაზარზე ხალხის, მომხმარებლების, ფულით. ამგვარად, ხალხმა კონკრეტული კომპანია გააგდო ბაზრიდან, თუმცა მთავრობამ ის, ხალხის სურვილის მიუხედავად, ხალხის ხარჯზე დატოვა ბაზარზე, ამ შემთხვევაში მოსახლეობა წაგებულია, რადგან მათი თანხა მისცეს კომპანიას, რომელიც ძალიან ცუდ პროდუქტს ქმნიდა. რომელი უფრო არამორალურია, ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ მისივე ფულის განკარგვა თუ წმინდა თავისუფალი ბაზარი, სადაც მომხმარებელიც და მიმწოდებელიც მოგებულია?
დასასრულ, კაპიტალიზმის პირობებში ძალაუფლება აქვს ხალხს, სწორედ ხალხი განსაზღვრავს კონკრეტული კომპანიის ბედს, თუ მისი პროდუქტის ხარისხი ან ფასი არ მოეწონება მომხმარებელს, ეს კომპანია გაკოტრდება, არ აქვს მნიშვნელობა დიდი კორპორაციაა თუ მცირე ბიზნესი. თავისუფალი ბაზრისას ყველა კომპანია, დიდიც და პატარაც, დამოკიდებულია მომხმარებლის სურვილებზე, ამ სურვილების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. მთავრობის ჩარევა ბაზარზე იწვევს ხალხის ძალაუფლების დაკარგვას. ამიტომ თავისუფალი ბაზარი იმუშავებს მხოლოდ შეზღუდული მთავრობის პირობებში, სადაც ჩვენ, მომხმარებლები, გადავწყვეტთ, რომელი ბიზნესი იარსებებს და რომელი - არა.