სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა The Objective Standard-ის გვერდზე და ხელახლა გამოქვეყნდა აქ მათი ნებართვით.

იდენტობის პოლიტიკა ყველაფერ კარგზე თავდასხმაა.

 ყველაფერ კარგზე.

იმიტომ რომ ეს არის თავდასხმა ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპზე - იდენტობის კანონზე.

იდენტობის კანონი არის პრინციპი, რომ ყველაფერი რაც არსებობს არის გარკვეულწილად სპეციფიკური; ყველაფერს აქვს თვისებები, რომლებიც ქმნის მათ იმათ, რაც არიან; ყველაფერს აქვს ბუნება: რაიმე - არის ის, რაც არის. ვარდი ვარდია. ადამიანი ადამიანია. ინდივიდი ინდივიდია.

 

თუ გვსურს ვიხილოთ იდენტობის პოლიტიკის მოცულობა და სიღრმე, საჭიროა მხოლოდ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის ვებ-გვერდებს ვეწვიოთ.

დემოკრატიული პარტიის ვებ-გვერდი არაფერს გვეუბნება ინდივიდებსა და ინდივიდუალურ უფლებებზე. პირიქით მათ ერთ-ერთ სათაურში ვხედავთ სიტყვა “ხალხს”, რომლის შემადგენლობაშიც ვპოულობთ სხვადასხვა კოლექტივს, თითოეულს თავისი ბმულით. როგორც მარკ ლილა აღნიშნავს საკუთარ წიგნში  “The Once and Future Liberal: After Identity Politics”: “თითოეული ბმული გადაგიყვანთ გვერდზე, რომელიც მორგებულია თითოეულ ჯგუფსა და იდენტობას: ქალები, ლათინო-ამერიკელები, ეთნიკურად ამერიკელები, ლგბტ თემი, მკვიდრი ამერიკელები, აფრიკელი ამერიკელები, აზიელი ამერიკელები, წყნარი ოკეანის კუნძულთა მკვიდრები” და ასე შემდეგ. “სულ 17 ასეთი ჯგუფია და 17 განსხვავებული მესიჯი მათ მიმართ”.[1]

რესპუბლიკური პარტიის ვებ-გვერდი უკეთესი არ არის. ის შეიცავს ინდივიდთა ისეთ დაჯგუფებებს, როგორებიცაა: “შავკანიანი რესპუბლიკელი აქტივისტები”, “GOP[2] ლათინო-ამერიკელები”, “რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის წევრი ქალები”, “აზია-წყნარი ოკეანელი ამერიკელები” (რომ არ ვახსენოთ “GOP რწმენა” - ეს თემა სხვა დღეს საჭიროებს).

თანამედროვე დემოკრატებისა და რესპუბლიკელების თანახმად, პიროვნების ვინაობა - ვინ არის ის, როგორ ფიქრობს, რას აფასებს და რას ანიჭებს ის მნიშვნელობას - განისაზღვრება არა მისი არჩევანითა და მოქმედებებით, არამედ იმ კოლექტივით, რომელსაც იგი სავარაუდოდ "ეკუთვნის".

ეს არის თეორია. ეს არის იდენტობის პოლიტიკა. ეს არის ის ცნება, რომელმაც დაიკავა და მოიხმარა დღევანდელი პოლიტიკური დისკურსის დიდი ნაწილი.და ეს აშკარად ეწინააღმდეგება ყველა დაკვირვებად ფაქტს.

როდესაც სამყაროსა და მასში მყოფ ადამიანებს ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ ადამიანები ინდივიდები არიან - თითოეული თავისი სხეულით, თავისი გონებით, თავისი სიცოცხლით. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ადამიანები ირჩევენ იფიქრონ, თუ არა. დაკვირევებისა და ლოგიკის შედეგად ვიცით, რომ როდესაც ინდივიდი თავისი თავისთვის ფიქრობს და არ უწევს ანგარიშს ჯგუფებს, რომელსაც იგი სავარაუდოდ მიეკუთვნება, ამ შემთხვევაში მისი დასკვნები და ღირებულებები მისივეა. ისინი არ მიეკუთვნება მის ჯგუფს. ისინი მიეკუთვნება მას. ისინი არ არის განსაზღვრული მისი ჯგუფის მიერ. ისინი  მისივე ფიქრისა და არჩევანის პროდუქტია.

იდენტობის პოლიტიკა ყველაფერს ამას უარყოფს. ის უარყოფს ინდივიდის ავტონომიურობას. ის უარყოფს, რომ ინდივიდს შეუძლია იფიქროს და დააფასოს რაიმე თავისთვის. იდენტობის პოლიტიკა არსებითად აცხადებს, რომ „შენ არ ხარ ინდივიდი შენივე სხეულით, გონებითა და სიცოცხლით, არამედ - შენი კოლექტივის ნაწილი გენდერის, რასისა და კლასის მიხედვით. ამრიგად კოლექტივი წყვეტს, თუ რა უნდა იფიქრო, რა უნდა დააფასო და რა უნდა მოიმოქმედო.“

ბუნებრივია, ამ შეხედულებისამებრ, როდესაც ხალხს ან პოლიტიკოსს სურს  პიროვნებისგან დაფასება მოიპოვოს, ან მიიღოს მისი ხმა ან მოწონება დაიმსახუროს, ისინი ეყრდნობიან არა იმ ფასეულობებს, რომლებიც რაციონალურ ინდივიდს უნდა ჰქონდეს - ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა თავისუფლება, რომ იაზროვნო და მოიქცე შენი განჯის შესაბამისად ან განათლების ან ჯანდაცვისა და ეკონომიკის პრობლემების უკეთ გაცნობიერება შეგეძლოს, ან სხვადასხვა უბანში ძალადობის მიზეზებში გარკვევის საშუალება გქონდეს. ამის ნაცვლად, ისინი ეყრდნობიან იმ ფასეულობებს, რომლებიც, მათი აზრით, ადამიანს ავტომატურად აქვს იმ ჯგუფის გამო, რომელსაც იგი მიეკუთვნება.

ჩემს ღია წერილში იდენტობის პოლიტიკის მომხრეებთა მიმართ, მე მათ ვაჩვენე, რომ ამ პოლიტიკის ძირითადი პრინციპი იდენტურია ნაციონალ-სოციალიზმის ძირითადი პრინციპისა: იდეა რომ ადამიანთა ფიქრები და ღირებულებები განსაზღვრულია არა მათი პირადი არჩევანისა და მოქმედების მიხედვით, არამედ მათი ჯგუფის მიხედვით - რასა, კლასი, სქესი ან მსგავსი სხვა რამ.

შეგვიძლია სიმართლე უფრო სრულყოფილად დავინახოთ: იდენტობის პოლიტიკა არის სრული შეტევა იდენტობის კანონზე. იგი თვლის, რომ ინდივიდი არ არის ინდივიდი, რომ მისი გონება არ არის მისი გონება, რომ მისი ღირებულებები არ არის მისი ღირებულებები, რომ ის არ არის ავტონომიური არსება, არამედ - კოლექტივის ნაწილია.მაგრამ ყველაფერი ეს დაკვირვებითვე ყალბია.

შენ არ ხარ შენი ჯგუფი. შენ შენ ხარ. შენ არ ხარ შენი ფერი. შენ შენ ხარ. შენ არ ხარ შენი გენდერი, ან რასა, ან სოციალური კლასი. შენ შენ ხარ. შენ ხარ ინდივიდი. შენ გაქვს გონება. და გონება შენი ფიქრის, გაგების, ღირებულებათა არჩევის და დასკვნებამდე მისვლის საშუალებაა.

ყველა ადამიანი თავისთვის არ ფიქრობს. ზოგიერთი ადამიანი სხვისი ნაფიქრალით იკვებება, მაგრამ ასეთებსაც აქვთ საკუთარი ტვინი და შეუძლიათ თავიანთი თავებისთვის იფიქრონ. ისინი გონების მქონე ინდივიდები არიან, მიუხედავად იმისა, აღიარებენ თუ არა ფაქტს ან იყენებენ თუ არა გონებას. ისინი პასუხისმგებელნი არიან თავიანთი აზრების, იდეებისა და ფასეულობებისთვის, თუნდაც ისინი სხვებისგან ჰქონდეთ მიღებული.

პიროვნებას შეუძლია სხვისი ნაფიქრალით იკვებოს, თუმცა მას მხოლოდ როგორც ინდივიდს სძალუძს, იფიქროს და იმოქმედოს. იდენტობის კანონი მას ამის საშუალებას არ მისცემს.

არც იდენტობის პოლიტიკას მისცემს იდენტობის კანონი საშუალებას, რომ აზრობრივად გამოიყურებოდეს. ია უაზროა. ის ეწინააღდმეგება ყველაფერს იმას, რაც ვიცით რომ სიმართლეა. ის არის ყალბი.

 ადამიანები ინდივიდები არიან. ეს არის კანონი.

[1] Mark Lilla, The Once and Future Liberal: After Identity Politics (New York: HarperCollins, 2017), 11–12.

[2] GOP - Grand Old Party - რესპუბლიკური პარტიის სახელწოდება. 

ავტორი: ქრეიგ ბიდლი

თარგმანი: ირაკლი იაგორაშვილი