როდესაც საუბარი მიდის გერმანულ ეკონომიკურ სასწაულზე, მოსაუბრეებს ყოველთვის ერთი და იგივე როდი აქვთ მხედველობაში.

ერთნი ამტკიცებენ, რომ ეkონომიკური სასწაული მოახდინა ჰიტლერმა, როდესაც მოიპოვა ძალაუფლება 1933 წელს, სხვები სასწაულად მიიჩნევენ გერმანიის ომის შემდგომ სწრაფ აღდგენას.

ამ მოვლენებს შორის რომელი იმსახურებს სასწარულის სახელს ან რომელი მეტად იმსახურებს მას?

ამ ძალიან ადამიანურ კითხვაზე ალბათ ისევე არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი, როგორც სხვა მსგავს კითხვაზე, ისეთზე, როგორიცაა, მაგალითად: ვინ იყო საუკეთესო კომპოზიტორი, საუკეთესო მხატვარი, ფერხბურთელი...

 

დიახ, ეკონომიკას შეუძლია საზოგადოეიბის ზოგიერთი მდგომარეობის რაოდენობრივად აღწერა, მაგალითად, რამდენი ტონა მარცვლეული იყო აღებული, რამდენი ლიტრი რძე მოწველილი, რამდენი ფოლადი გამოდნობილი და ა.შ. და ორი საზოგადოების ამ მახასიათებლების შედარება შეიძლება, მაგრამ ეს არაფერს ან ძალიან ცოტას გვეუბნება სხვა უფრო მნიშვნელოვან რამეზე...

და აქ გრძელი და მძიმე ფილოსოფიის ნაცვლად უკეთესი იქნება ალბათ ერთი მაგალითის მოყვანა. დავუშვათ, ჩვენ გვაქვს ორი დაახლოებით ერთნაირი საზოგადოება, ერთნაირი მოსახლეობით, ერთნაირი ცხოვრების დონით, სტრუქტურით... მაგრამ მათ აქვთ სხვადასხვა იდეალები და სხვადასხვა მიზნები... და მათ (ან მათ მიერ არჩეულმა ხელისუფლებებმა) ჩამოაყალიბეს და დასვეს საკუთარი თავის წინაშე ეს მიზნები, შემდეგ ამ მიზნების მისაღწევად დარაზმეს თავთავიანთი საზოგადოებები, მოახდინეს რესურსების მობილიზიაცია და ხუთი წლის შემდეგ მიიღეს შედეგად:

ერთმა ააშენა მსოფლიოში ყველაზე დიდი პირამიდა (მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება), ამასთან ადამიანები როგორც ცხოვრობდენ ქოხებში, იკვებებოდენ ცუდად, იცვამდენ და ა.შ. ყველაფერი დარჩა ძველებურად... მეორეში ადამიანებმა აიშენეს სახლები, შეიძინეს ცხენები, ურმები, ტანსაცმელი, გაიმდიდრეს რაციონი, ააშენეს სკოლები... მაშ სად მოხდა სასწაული? ან რომელი მიღწევა იმსახურებს უფრო მეტად სასწაულის წოდებას?

ეკონომიკა არ ისახავს მიზნად ადამიანის გაბედნიერებას. ადამიანი თვითონ ირჩევს ფასეულობებს, თვითონ ისახავს მიზნებს, ეკონომიკას კი შეუძლია დაეხმაროს მას ამ მიზნების მიღწევაში, იმაში, თუ რა გზა აირჩიოს, რომელი მიიყვანს მას უკეთ მიზნებამდე. მაგრამ, დავუბრუნდეთ ჩვენს თემას.

პირველი მსოფლიო ომი გერმანიისთვის დასრულდა 1919 წელს ვერსალის მშვიდობის ხელშეკრულების ხელმოწერით. ამ ხელშეკრულებით მას უნდა გადაეხადა რეპარაციები დაზარალებული ქვეყნებისთვის და შეეზღუდა ქვეყნის შეიარაღება. მონარქია გერმანიაში შეიცვალა რესპუბლიკით.

ახალი ხელისუფლება წარუმატებლად ცდილობდა გერმანიის დანგრეული ეკონომიკის აღდგენას კონტრიბუციის გადახდის და ოციანი წლების ბოლოს მსოფლიო კრიზისის პირობებში და თითქმის მთლიანად დაკარგა მასზე კონტროლი. 1932 წლისთვის გერმანიაში იყო 6 მილიონამდე უმუშევარი, რაც შეადგენდა შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს. 1933 წელს ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტია ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის გერმანიაში ყველას ექნებოდა სამუშაო. 1939 წლისთვის მან ეს დაპირება შეასრულა.

ასეთი იყო უმუშევართა რიცხვის დინამიკა გერმანიაში 1933 წლიდან 1939 წლამდე.

1939 წლისთვის უმუშევრობის პრობლემა გერმანიაში მართლაც პრაქტიკულად გადაწყდა.

თუმცა, ვნახოდ როგორ იყო ეს მიღწეული.

ჯერ გამოირიცხა ქალები; უმუშევარი ქალები აღარ არსებობდენ სტატისტიკისთვის. უმუშევრებს ქონდათ არჩევანი: იმის კეთება, რასაც მათ მთავრობა სთავაზობდათ თვით მთავრობის პირობებზე, ან „მუქთახორად“ გამოცხადება და საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა. ებრაელებმა დაკარგეს მოქალაქეობა 1935 წელს და ასევე ამოიშალენ უმუშევართა სიებიდიან. თუ ვერსალის ხელშეკრულების თანახმად, გერმანიას ნება ეძლეოდა 100 ათასამდე ჯარის ყოლა, 1939 წლისთვის გერმანულ არმიაში ირიცხებოდა მილიონ ოთხასი ათასი ადამიანი. ამ არმიის შესაიარაღებლად აშენდა ქარხნები, რამაც კიდევ უფრო აამაღლა დასაქმებულთა რიცხვი.

ნაცისტებმა შექმნეს საზოგადოებრივი სამუშაოების სისტემა. ამ სისტემაში დაკავებულები თხრიდენ სარწყავ არხებს, აშენებდენ ავტობანებს, აშენებდენ ახალ ტყეებს და ა.შ. ისინი ატარებდენ სამხედრო ფორმას, ცხოვრობდენ ბანაკებში მათი სამუშაო ადგილების მახლობლად და იღებდენ მხოლოდ ჯიბის ფულს. თუმცა ვეიმარის რესპუბლიკის დროის სიღატაკესთან შედარებით ეს უკვე იყო რაღაც. ასეთი მშრომელების ინტერესების დასაცავად შეიქმნა გერმანული მუშათა ფრონტი. რაღაც პროფკავშირის მსგავსი. მუშაკს შეეძლო სამუშაოს შეცვლა მხოლოდ მთავრობის ნებართვით. 1939 წლისთვის მუშათა ფრონტმა გაზარდა სამუშაო საათები 60 საათიდან კვირაში 72-მდე. ჩვეულებრივი მუშა იღებდა ასეთ მშრომელებზე ათჯერ მეტს, თუმცა ჩივილი იყო გამორიცხული...

სახელმწიფო აგრეთვე ზრუნავდა მუშების თავისუფალ დროზე. ამას აკეთებდა ორგანიზაცია „კრაფტ დურჰ ფროიდე“ ანუ „ცოდნის შეძენა ხალისიანად“. სახელმწიფომ დაითვალა, რომ ყოველ მუშას წელიწადში ქონდა 3740 საათი თავისუფალი დრო აქტიური დასვენებისთვის და სახელმწიფოს იგი უნდა შეევსო.

მაგალითად, ბერლინის მუშების თავისუფალი დროის ორგანიზების პროგრამაში (1933-1938 წწ) შედიოდა შემდეგი ღონისძიებები: თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, ლაშქრობები, სპორტული, კულტურული ღონისძიებები, საგზურები, კრუიზები, მუზეუმების, გამოფენების დათვალიერება, მოგზაურობა დასვენების დღეებში, ლექციები, სასწავლო კურსები...

გარდა ამისა, მოქმედებდა იაფი საგზურები, მაგალითად კანარებზე 62 მარკად ან ბავარიულ ალპებში 28 მარკად, ორ კვირიანი მოგზაურობა იტალიაში ღირდა 155 მარკა. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო საგზურები ერგებოდა პარტიულ მუშაკებს. ფერდინანდ პორშეს მიერ შექმნილი “ფოლცვაგენ-ხოჭოს” ფასი იყო 990 მარკა. ეს უდრიდა დაახლოებით მუშის რვა თვის ხელფასს. მუშებისთვის შეიქმნა გადახდის სქემა - 5 მარკა კვირაში. 750 მარკის დაგროვების შემდეგ მას უნდა მიცემოდა ორდერი მანქანის მიღებაზე. თუმცა საბოლოოდ იგი არავის არ მიუღია. ფული გადაირიცხა იარაღის წარმოებაზე.

ჰიტლერის ხელისურლებაში მოსვლის შემდეგ, გერმანიამ რამდენიმე ეკონომიკური მიზანი დაისახა. ეს იყო: იმპორტის და უმუშევრობის შემცირება, რიგი სამრეწველო დარგის განვითარება, სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებების დადება. გარდა ამისა, ნაცისტებს სურდათ ქვეყნის სრულიად ავტონომიურად, თვითკმარად ქცევა იმისათვის, რომ მას ომის წარმოება შეძლებოდა.

1939 წლისთვის ქვეყანას კვლავ შემოქონდა მისთვის საჭირო ნედლეულის 33%.

1928 წელს მთავრობის შემოსავალი შეადგენდა 10 მლრდ. რაიჰსმარკას, 1939 წელს - 15 მილიარდს.

თუმცა მთავრობის ხარჯები გაიზარდა 12 მილიარდიდან 1928 წელს 30 მილიარდზე მეტამდე 1939 წელს.

1933 წლიდან დაწყებული ნაცისტური მთავრობა ხარჯავდა გაცილებით მეტს, ვიდრე აგროვებდა და მისმა ვალმა 1939 წლისთვის 40 მილიარდ რაიჰსმარკას გადააჭარბა.

რეალური შემოსავლები, ანუ შემოსავლები, ინფლაციაზე შესწორებით, 1938 წელს იყო თითქმის ისეთივე, როგორც 1928 წელს.

1933 წლიდან 1939 წლამდე და შემდეგ ომის განმავლობაში მთავრობა სულ უფრო აძლიერებდა კონტროლს ეკონომიკაზე. ინფლაციის გადასაფარავად მან 1936 წელს გაყინა ფასები.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ არ მოახდინა საწარმოების ნაციონალიზაცია, ბაზრის და რეგულირების საბაზრო მექანიზმების არარსებობის გამო, რესურსების განაწილება ცენტრალიზებულად ხდებოდა. მთავრობას მოუხდა იმ პრიორიტეტული დარგების დადგენა, რომლებსაც ისინი პირველ რიგში უნდა მიეღო.

ყოველივე ეს მოითხოვდა მთავრობის კიდევ უფრო მეტ ჩართვას საწარმოების საქმიანობაში. საწარმოებში დაინიშნა მთავრობის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც წარმოებას აკონტროლებდენ. საქონლის ნომენკლატურას, მოცულობას და ფასებს ადგენდა სახელმწიფო, ისევე როგორც ხელფასებს.

ცენტრალური ადმინისტრირების უპირატესობა იყო ის, რომ მას შეეძლო სწრაფად დიდი რესურსების მობილიზება მსხვილი საინვესტიციო პროექტებისთვის, ხოლო უარყოფითი მხარე ის, რომ მას არ შეეძლო ეკონომიკის წარმატებით დაბალანსება... მაგალითად, მას შეეძლო რკინიგზების აშენება, მაგრამ არ შეეძლო მათთვის საკმაო რაოდენობის მატარებლების წარმოება.

მრავალი ექსპერტის აზრით, გერმანია მეორე მსოფლიო ომისთვის მივიდა გაკოტრების ზღვარზე. მისი სამოქალაქო ეკონომიკა იმყოფებოდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში. აზრი არა აქვს მარჩიელობას იმის თაობაზე, თუ რა მოუვიდოდა გერმანიას ან მის ეკონომიკას მას რომ უაზრო და დანაშაულებრივი ავანტიურა არ წამოეწყო. მაგრამ, მეორეს მხრივ, მსჯელობა იმაზე, თუ რა მოუტანა ამ ავანტიურამ გერმანიის ეკონომიკას, შეიძლება სავსებით გაზომვადი შედეგების მიხედვით.

ომის შემდგომ გერმანია აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში.

ომის განმავლობაში დაიღუპა 7,5 მილიონი ადამიანი, რაც შეადგენდა მთელი მოსახლეობის დაახლოებით 8,5%. ომამდელი გერმანიის ტერიტორიის 25% გადავიდა საბჭოთა კავშირსა და პოლონეთზე. 12 მილიონამდე გერმანელმა დატოვა ეს ტერიტორიები და გადასახლდენ ძირიღადად გერმანიის დასავლეთ ნაწილში. რიგი მცირე ტერიტორია დროებით დაიკავა საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, ბელგიამ და ლუქსენმბურგმა. შემდგომ ისინი დაუბრუნდა გერმანიას.

გერმანიამ დაკარგა თავისი საცხოვრებელი ფონდის 20% მეტი. მრავალი ქარხანა, ტექნიკა, გემები, სხვადასხვა რესურსი, ფასიანი ქაღალდი... გადანაწილდა მოკავშირეებსა და გერმანიისგან დაზარალებულ ქვეყნებზე.

გერმანიის დანარჩენი ნაწილი დაიყო ოთხ საოკუპაციო ზონებად: საბჭოთა, ამერიკულ, ინგლისურ და ფრანგულ. გერმანიის დასავლეთ ნაწილში გადავიდა მრავალი გერმანელი აღმოსავლეთი ნაწილიდან.

ამ ყოველივეს შედეგი იყო ეკონომიკური კატასტროფა და თითქმის ტოტალური შიმშილი.

ომის დროს ჰიტლერმა შემოიღო პროდუქტების ნორმირება, რომელიც ზრუდავდა კვებას 2000 კალორიით დღეში.

1948 წლისთვის გერმანია ცხოვრობდა ფასების კონტროლის პირობებში უკვე 12 წლის განმავლობაში. მოკავშირეებმა გადაწყვიტეს ამ სისტემის შენარჩუნება. ფასები საქონელზე იყო 31% მეტი, ვიდრე 1938 წელს, და ამავე დროს ფულის მასა გერმანულ ეკონომიკაში იყო ხუთჯერ უფრო დიდი 1936 წლის დონესთან შედარებით. ბუნებრივია, შეიქმნა საქონლის დიდი დეფიციტი. ადამიანებმა თვითონ დაიწყეს კვების პროდუქტების წარმოება და მიაშურეს სოფლებს პროდუქტების ბარტერით შესაძენად. პროდუქტებს ცვლიდენ ტანსაცმელში, ავეჯში და სხვა. ყველაზე პოპულარული გაცვლითი საქონელი გახდა სიგარეტი, ძირითადად ამერიკული. მათ ფულის ნაცვლად იყენებდენ.

„სოციალური საბაზრო ეკონომიკის“ სკოლის ლიდერი იყო ფრაიბურგელი ეკონომიკის პროფესორი ვალტერ ოიკენი. მისი იდეები იყო ახლოს ჩიკაგოს სკოლის მილტონ ფრიდმანის პრინციპებთან: თავისუფალი ბაზარი მცირე პროგრესიული გადასახადით და მონოპოლიების შეზღუდვა.

სკოლის წევრებს შორის იყვნენ ვილჰელმ რიოპკე და ლუდვიგ ერჰარდი. რიოპკე სთავაზობდა ფულადი რეფორმის გატარებას და ფულის მასის არსებული საქონლის მოცულობასთან შესაბამისობაში მოყვანას, და საფასო შეზღუდვების მოხსნას.

ერჰარდი იზიარებდა ამ თვალსაზრისს. ომის დროს მან ჩამოაყალიბა საბაზრო ეკონომიკის თავისი ხედვა. მისი მემორანდუმი მკაფიოდ გამოხატავდა მის ნაცისტების ომში წაგების სურვილს.

სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას, მეორეს მხრივ, სურდა სამთავრობო კონტროლის შენარჩუნება. მას მიაჩნდა, რომ ფასებზე კონტროლის  მოხსნა მხოლოდ გააუარესებდა ეკონომიკას. მათ მხარს უჭერდენ პროფკავშირების ლიდერები, ბრიტანეთის ხელისუფლება, დასავლეთ გერმანიის მრეწველები და ამერიკელ წარმომადგენელთა ნაწილი.

ამერიკელებს არ სურდათ გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების ხილვა. თავისი ანტინაცისტური შეხედულებებით ცნობილი ერჰარდი დაინიშნა ბავარიის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე 1945 წელს. შემდეგ ის დაინიშნა ეკონომიკური ოფისის დირექტორად და ამ თანამდებობაზე კონსულტაციას უწევდა ამერიკელ გენერალ კლეის, ამერიკული ზონის სამხედრო გუბერნატორს.

1948 წლის 20 ივნისს კლეიმ თავის ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად ფულის რეფორმა გაატარა. მისი მთავარი მიზანი იყო ფულადი მასის შემცირება. შედეგად იგი შემცირდა 93%-ით.

იმავე დღეს გერმანიის ეკონომიკურმა საბჭომ ლუდვიგ ერჰარდის დაჟინებით და სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრთა საპირისპიროდ, მიიღო ფასების თავისუფლებაზე შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება.

ამბობდენ, რომ ერჰარდის მოწოდება კოლეგების მიმართ იყო: „ნუ ზიხართ უსაქმოდ, გააუქმეთ რამე!“

მოგვიანებით ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს გენერალ კლეის და ერჰარდის დიალოგი:

კლეი: „ბატონო ერჰარდ, ჩემი მრჩევლები მეუბნებიან, რომ თქვენ დაუშვით დიდი შეცდომა. რას იტყვით ამაზე?“

ერჰარდი: „ბატონო გენერალო, ნუ აქცევთ მათ ყურადღებას! ჩემი მრჩევლებიც იგივეს მეუბნებიან.“

კლეი: „როგორ შეიძლება ნორმირების სისტემის შერბილება, როცა ქვეყანაში არის საქონლის ასეთი უკმარისობა?“

ერჰარდი: „კი მაგრამ, ბატონო გენრალო, მე არ შემირბილებია ნორმირება, მე ის გავაუქმე. დღეიდან ტალონების ნაცლად ბრუნვაში იქნება მხოლოდ დოიჩ მარკები. და ისინი იმუშავებენ თავდაუდებლად... აცალეთ ცოტა ხანი.“

ფულის რეფორმასთან და ფასების განთავისუფლებასთან ერთად, მთავრობამ აგრეთვე შეამცირა გადასახადები და გაამარტივა საგადასახადო სისტემა. მაგალითად, თუ ცვლილებების შემოღებამდე კორპორატიული გადასახადი იყო 35-დან 65 -%-მდე, შემდეგ ის გახდა ზუსტად 50%. მაქსიმალური გადასახადი საშუალო შემოსავალზე გახდა 18%, მაშინ რაცა მანამდე ის შეიძლება ასულიყო 85 %-მდე.

რეფორმების ეფექტი იყო შთამბეჭდავი. როგორც ერთ-ერთი მათი მოწმე წერდა: „ერთ წამში შეიცვალა ქვეყნის სულისკვეთება. საკვების ძებნით დაკავებული რუხი, მოწყენილი ლანდები ქალაქის ქუჩებში უცებ გამოცოცხლდენ.“

ორშაბათს 21 ივნისს მაღაზიები უცბად აივსო საქონლით. გამყიდველები მიხვდენ, რომ შეეძლოთ მათში გაცილებით მეტი ფულის აღება, ვიდრე უწინ. ფულმა დაიწყო იმ ფუნქციების შესრულება, რომლებსაც იგი ყოველთვის ასრულებდა საბაზრო ეკონომიკაში. 1948 წლის მაისში მუშები კვირაში საშუალოდ 9,5 საათს აცდენდენ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ფული, რომელსაც ისინი იღებდენ მათ შრომად არ უღირდათ და მეორეს მხრივ, მათ  ბევრი დროის დახარჯვა უხდებოდათ ბარტერული გაცვლების ორგანიზებაში. ოქტომბერში ეს რიცხვი შემცირდა 4,2 საათამდე კვირაში. 1948 წლის ივნისში გერმანიის ამ ზონის სამრეწველო წარმოების მოცულობა შეადგემდა 1936 წლის დონის 51%-ს, იმავე წლის დეკემბერში იგი გაიზარდა 78 %-მდე. სხვა სიტყვებით, მრეწველობის წამოების მოცულობა 50 %-ზე მეტად გაიზარდა.

წარმოება იზრდებოდა აგრეთვე 1948 წლის შემდეგადაც. 1958 წელს სამრეწველო წარმოების მოცულობამ ექვსი თვის განმავლობაში 1948 წლის შესაბამის მაჩვენებელს ოთხჯერ გადააჭარბა. სამრეწველო წარმოების მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა სამჯერ.

გერმანიის ომის შემდგომ ეკონომიკაზე საუბრისას საჭიროა, რა თქმა უნდა, იმის აღნიშვნა, რომ იქ სხვა ფაქტორებიც მოქმედებდენ. მაგალითად, დახმარება, რომელსაც გერმანია იღებდა მარშალის გეგმის ფარგლებში. თუმცა სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება მისი გაზვიადება. 1954 წლისთვის საერთო დახმარებამ გერმანიისთვის მიაღწია ორ მილიარდ დოლარს. დახმარების პიკის პერიოდებშიც კი 1948-1949 წლებში იგი არ აჭარბებდა მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცეტნს.

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანია არა მხოლოდ იღებდა დახმარებას, არამედ იხდიდა რეპარაციებს და კომპენსაციებს ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მოცულობით. და ბოლოს, მოკავშირეებმა გერმანიას დააკისრეს საკუთარი ყოველწლიური საოკუპაციო ხარჯების ანაზღაურება 2,4 მილიარდი დოლარის ოდენობით. მეორეს მხრივ, ეს ნიშნავდა იმასაც, რომ გერმანიას არ უხდებოდა საკუთარი სამხედრო ხარჯების გაწევა.

ახალი ფედერატიული გერმანიის პირველმა კანცლერმა კონრად ადენაუერმა მაღალი შეფასება მისცა ერჰარდის მიერ ჩატარებულ სამუშაოს და ის ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. ეს თანამდებობა მან შეინარჩუნა 1963 წლამდე, ხოლო 1963 წელს ის თვითონ გახდა გერმანიის კანცლერი.  კანცლერად ერჰარდი დარჩა 1966 წლამდე.

მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ერჰარდი ხელმძღვენელობდა თავისუფალი ბაზრის ეკონომიკური პრინციპებით.  ლიბერალური ეკონომიკის მტკიცე მომხრე, 1950 წელს ის შევიდა ლიბერალთა მონ-პელერინის საზოგადოებაში, რომლის დამფუძნებელთა შორის იყვნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორც ფრიდრიჰ ჰაეკი, ფრანკ ნაითი, კარლ პოპერი, ლუდვიგ ფონ მიზესი, ჯორჯ სტიგლერი, მილტონ ფრიდმანი და სხვები.

იმის უკეთესად გასაგებად, თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობდა ერჰარდი თავის საქმიანობაში როგორც მეცნიერი ეკონომისტი და პოლიტიკოსი, მოვიყვანთ მის რამდენიმე გამონათქვამს:

„ნემისმიერი ლიბერალური სისტემა უნდა გამოდიოდეს იმ რწმენიდან, რომ თავისუფლება არის ერთი და განუყოფელი და რომ ადამიანის თავისუფლება ნებისმიერ სფეროში შეუძლებელია პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და სულიერი თავისუფლების გარეშე. კოლექტივისტური აზროვნება ყოველთვის ცდილობდა ადამიანის ფასეულობათა ამ ფუნდამენტური სფეროების გაყოფას და მის თავისუფლების სივრცეში შეჭრას.“

„კოლექტივისტურ-ტოტალიტარულმა ეკონომიკურმა სისტემამ, რომელიც საბოლოო ანგარიშით მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების განდიდებას და გაძლიერებას ემსახურება, შეუძლია დიდი წარმატების მიღწევა საბაზო დარგების ადვილად კონტროლირებად სფეროებში, მაგრამ იგი ვერასოდეს ვერ მოემსახურება ადამიანს ან, სხვა სიტყვებით, იგი ვერასოდეს ვერ შესთავაზებს მას იმ საქონლის დიდ არჩევანს, რომელიც გაამდიდრებს და დაუმშვენებს მას ცხოვრებას.

ერჰარდი ითვლება ეგრეთ წოდებული „სოციალური საბაზრო ეკონომიკის“ ერთ-ერთ მამად. მაგრამ აი რას იგონებს ამასთან დაკავშირებით ფრიდრიჰ ჰაეკი: „ერთხელ ერჰარდთან საუბრისას მან მითხრა - „იმედია თქვენ გესმით, რას ვგულისხმობ, როდესაც ვსაუბრობ სოციალურ-საბაზრო ეკონომიკაზე. მე ვგულისხმობ, რომ საბაზრო ეკონომიკა თავის-თავადაა სოციალური და მისი ასეთად ქცევის არანაირი საჭიროება არ არსებობს.“