მაშ, რა უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ, რომ ხელი შეუწყოს სამეწარმეო ინოვაციურობას, მზაობას და განსჯას?

შესაძლებელია თუ არა მეწარმეობის ხელშეწყობა, გაძღოლა და წარმართვა ზევიდან, ხელისუფლების მხრიდან, თუ ეს აუცილებლად ძირებიდან წამოსული, ბაზრის მიერ წამოშობილი მოვლენაა?

პასუხი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მეწარმეობა წარმოიშობა არა სახელმწიფოს ხელდასმით, არამედ პიროვნებების ინიციატივით, შემოქმედებით და ენთუზიაზმით. საუკეთესო რამ, რაც მთავრობას მეწარმეობისთვის ხელშესაწყობად შეუძლია გააკეთოს, მეწარმეობის განვითარების წამახალისებელი გარემოს შექმნაა – ესაა: სტაბილური ფული, კანონის უზენაესობა, თავისუფალი და ღია კონკურენცია.

 

მთავრობა ვერ შექმნის მეწარმეებს და ვერც რამის გაკეთებას აიძულებს მათ. მთავრობა გზიდან უნდა ჩამოშორდეს. განვიხილოთ იმის რამდენიმე მაგალითი, თუ რა უნდა აიცილოს ხელისუფლებამ თავიდან:

არ შექმნას და არ გაამძაფროს ეკონომიკური ციკლები. მთავრობის პოლიტიკა არ უნდა იყოს ცუდი მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით სამეწარმეო დაგეგმვაში, პროგნოზირებასა და კაპიტალის დაბანდებაში ჩარევა, რაც გულისხმობს აქტივების გაბერვას ძლიერი ფულადი ინფლაციით, მაკროეკონომიკური მასტიმულირებელი პროგრამების მეშვეობით ხელოვნურად მაღალი ფასებისა და ხელფასების შენარჩუნების მცდელობა, აგრეთვე, გაურკვევლობის შექმნა, რაც მუდმივად ცვალებადი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის პირობებში ხელს უშლის კაპიტალის დაბანდებას.

როგორც ზემოთ არის აღწერილი, მეწარმეები ეყრდნობიან საბაზრო ფასებს, რათა მოახდინონ “ეკონომიკური გათვლები” – როგორც ამას მიზესმა უწოდა. რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა შეიქმნას, რესურსების დღევანდელი და მომავალი ნაწარმის სავარაუდო ფასებიდან გამომდინარე. მაგალითად, გაბერილი აქტივები ხელს უშლის სწორ ეკონომიკურ გათვლებს, რამაც 1990-იან წლებში – ინტერნეტ საწარმოებში, ხოლო XXI საუკუნის დასაწყისში – უძრავი ქონებითა და იპოთეკით გამყარებულ ფასიან ქაღალდებში კაპიტალის გადაჭარბებით დაბანდება გამოიწვია. ეკონომიკური სტიმულები და აქტიური ჩარევის პოლიტიკის სხვადასხვა ფორმა “სისტემის არასტაბილურობას” იწვევს, რაც მეწარმეებს აიძულებს, რომ მოკლევადიანი ინვესტიციები ამჯობინონ გრძელვადიანს, რომელიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.

ეს მიდგომა ეკონომიკური ციკლების “ავსტრიული” თეორიის საფუძველია, რომელიც უაღრესად პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ობამას ადმინისტრაციის მასიურმა მასტიმულირებელმა პროგრამამ ფინანსური კრიზისი და აშკარა მარცხი განიცადა. იმ თეორიის მიხედვით, რომელიც მიზესმა და ჰაიეკმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოაყალიბეს, ეკონომიკური კრიზისი მთავრობის პოლიტიკის შეცდომების შედეგია. იოლი ფულის პოლიტიკა სარგებლის განაკვეთს “ბუნებრივ განაკვეთზე” მეტად ამცირებს, რაც იწვევს კაპიტალტევადი მრეწველობის დარგებში კაპიტალის გადაჭარბებით დაბანდებას (რასაც ეკონომისტები “წარმოების პერიოდის გახანგრძლივებას” უწოდებენ). ამის შედეგი არის ხელოვნური ეკონომიკური აღმავლობა, რომელიც აუცილებლად კრახით დასრულდება, რადგანაც საბაზრო მოთამაშეებს ადრე თუ გვიან იმის გაცნობიერება მოუწევთ, რომ ყველა ახალი წამოწყების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მარაგები არ არსებობს. უფრო მეტიც, მონეტარული ინფლაცია არა მარტო ფასების საერთო დონეს ზრდის, არამედ სავარაუდო ფასების მერყეობასაც, რაც ეკონომიკურ გათვლას განსაკუთრებით ართულებს. იმის ცოდნაც კი, რომ მიმდინარე ეკონომიკური აღმასვლა ხელოვნურია, მეწარმეს ავალდებულებს გამოიჩინოს ყურადღება მისი მასშტაბების, ხანგრძლივობისა და საკუთრივ სამეწარმეო ბაზარზე მისი ზეგავლენის შესაფასებლად, რაც განსაკუთრებით რთულია სწრაფი მონეტარული ინფლაციის პერიოდში. როცა რეცესია იწყება, ეკონომიკის სტიმულირებაზე, მრეწველობის რესტრუქტურიზებაზე, პოლიტიკურად პრივილეგირებული საწარმოებისა და სექტორებისთვის რესურსების გადანაწილებეზე მიმართული პროგრამები, ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს, ხელს უშლის რა მეწარმეებს, რომ შეწყვიტონ კაპიტალის არასწორად დაბანდება და რესურსები ყველაზე ღირებული მიზნების განსახორციელებლად მიმართონ.

არ დაეხმაროს წარუმატებელ საწარმოებს. შუმპეტერის “შემოქმედებითი განადგურება” მაშინ ხდება, როდესაც მეწარმეები რესურსების და ნაწარმის სხვადასხვანაირ შეხამებას ცდილობენ და ისეთ შეთანაწყობას ეძებენ, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ეკონომიკის მწირი რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება. ამისათვის, ბაზრის საპასუხო რეაქციას არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუ საწარმოს არ შეუძლია იმ პროდუქციისა და სერვისების შექმნა, რომელთა შეძენაც მომხმარებელს სურს, უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია და აქტივები ხელმისაწვდომი გახდეს სხვა მეწარმეებისთვის, რათა მათ მიეცეთ კიდევ ერთი ცდის საშუალება.

მართლაც, კონკურენციის ძირითადი დანიშნულება – ნაწარმთან, ფაქტორებთ ანდა კაპიტალის ბაზრებთან მიმართებაში – არის არა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის რესურსების, არამედ სამეწარმეო უნარის ეფექტიანი შეთანაწყობაც. მიზესი წერდა, რომ “ის, რაც მოგებას წარმოშობს, არის ის ფაქტი, რომ მეწარმე, რომელიც პროდუქციის სამომავლო ფასებს სხვებზე უფრო სწორად განჭვრეტს, ნამდვილად მოიპოვებს წარმოების რამდენიმე ან ყველა ფაქტორს, იმ ფასად, რომელიც ბაზრის სამომავლო მდგომარეობის გადმოსახედიდან მეტისმეტად დაბალი იქნება. ეს განსხვავება არის სამეწარმეო მოგება. დროთა განმავლობაში მოგებისა და ზარალის შეფარდება მიუთითებს იმას, თუ რომელ პიროვნებებს შეეფერებათ ყველაზე მეტად რესურსების კონკრეტული კომბინაციების ფლობა და მართვა. ამ მიზეზით, ფულადი დახმარებები, სუბსიდიები და ცალკეული მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი სხვა სახის განსაკუთრებული შეღავათები ხელს უშლის მწარმოებლური რესურსების ყველაზე ღირებული მიზნებისთვის გამოყენების საბაზრო პროცესს.

გარდა პირდაპირი ფულადი დახმარებებისა, “მეტისმეტად მნიშვნელოვანი” საწარმოებისადმი გაცემული გარანტიებით უზრუნველყოფილი დაფარული სუბსიდიები, აბრკოლებს სამეწარმეო შერჩევის პროცესს. არა მხოლოდ იმით, რომ წარუმატებელ მეწარმეებს და საწარმოებს იცავს, არამედ იმითაც, რომ იგი ახალისებს ლობირებიდან და ადმინსტრაციის მიერ რესურსების განაწილებასთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებებიდან შემოსავლის მიღების სხვადასხვა ფორმებს. ინვესტიციებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი საქმიანობისკენ მიმართავს (მომხმარებელთა ხარჯზე და მათი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ) და ხელს უშლის ბაზარზე იმ დამწყები მეწარმეების გამოჩენას, რომლებსაც პოლიტიკური კავშირები არ გააჩნიათ.

მრეწველობის დაგეგმვა, რომელიც რესურსების საბაზრო კონტროლის მაგივრად ბიუროკრატიულ მითითებებს ამკვიდრებს, უფრო მეტად უშლის ხელს სამეწარმეო ინიციატივებს. მაგალითად, აშშ-ს მთავრობის მიერ “ჯენერალ მოტორსის” გაკოტრებისაგან გადარჩენა და “კრაისლერსა” და “ფიატს” შორის ალიანსის შექმნა გამოდგება. “ჯენერალ მოტორსის”-ის გადარჩენა ეფუძნებოდა ვარაუდს, რომ საწარმოს იმჟამინდელი მფლობელებისა და მმართველების ხელში არსებული რესურსების იგივე დანიშნულებით გამოყენება უფრო ღირებული იქნებოდა, ვიდრე ყველა სხვა ალტერნატიული დანიშნილებით, რომლებსაც სხვა მეწარმეები ფლობდნენ და აკონტროლებდნენ – ეს იყო ვარაუდი, რომელიც აშკარად არასწორი იყო თავად გაკოტრების ფაქტის გამო. “ფიატ-კრაისლერის” შერწყმის გასამართლებლად კი ჩვეულებრივი “ურთიერთშერწყმა” იყო მომიზეზებული, მიუხედავად საფუძვლიანი კვლევებისა, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ასეთი შერწყმა ნაკლებად თუ გამოიღებდა ხელშესახებ შედეგს. ხოლო წარმატებული რომც გამომდგარიყო, სავარაუდოდ, საბაზრო ძალები “ფიატსა” და “კრაისლერს” ხელისუფლების დახმარების გარეშეც გააერთიანებდნენ.

ყურადღება მიაქციეთ პიროვნებებს და არა ჯგუფებს. თეორეტიკოსებსა და პოლიტიკურ მმართველებს შორის ფინანსური კრიზისის შესახებ ბოლო დროინდელი კამათი მეტწილად კეინსისეული ენით გრძელდება, რასაც ყურადღება აგრეგირებულ მონაცემებზე გადააქვს და ჩვენ ეკონომიკაში მოქმედი მრავალი საწარმოს, მომხმარებლების, სამრეწველო დარგების და სექტორების მნიშვნელობას აკნინებს. მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებლობები სრულიად კონკრეტული ფინანსურ ორგანიზაციების ეხებოდა, როგორებიც იყვნენ  AIG, “ლემენ ბრაზერსი”, “ფრედიმაკი”, და “ფენი მაი”, მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ “საბანკო სისტემის”, “ფინანსური სისტემის” და ზოგადად, ეკონომიკის მდგომარეობაზე. კამათი “გაყინული საკრედიტო ბაზრების შესახებ” შემოიფარგლებოდა გაერთიანებული მაჩვენებლებით, და განიხილავდა საერთო დაკრედიტებას და არა პიროვნებებს, საწარმოებსა და სამრეწველო დარგებს შორის გაცემული სესხების თანაფარდობას. მაგრამ სახლების საშუალო ფასების შემცირება, გაცემული სესხების საერთო რაოდენობის შემცირება, რესურსების ფასების არასტაბილურობა ბევრს არაფერს გვეუბნება კონკრეტული სახლის ფასზე, კონკრეტული მსესხებლებისთვის გაცემული კაპიტალის ღირებულებაზე და ცალკეული პიროვნებების აქტივების ღირებულებაზე.

საკრედიტო კრიზისის ანალიზისას, გადამწყვეტი საკითხი არის ის, თუ რომელი სესხები არ გაიცემა, ვისზე, და რატომ? ყურადღების გამახვილება კრედიტის საერთო მოცულობაზე, საერთო ლიკვიდურობაზე, ფასიანი ქაღალდების საშუალო ფასებზე და ა.შ., პასუხგაუცემელს ტოვებს ძირითად საკითხებს – თუ როგორ ხდება რესურსების განაწილება სამრეწველო დარგებს, საწარმოებსა და კერძო პირებს შორის, ხდება თუ არა არასწორი ინვესტიციების შეჩერება და ა.შ. ასეთი საერთო ცნებები სურათს აუფერულებს და შესაბამისად, ფარავს მნიშვნელოვან ინფორმაციას შედარებითი ფასების შესახებ. კაპიტალის ბაზრების ძირითად ფუნქცია, სინამდვილეში, ფინანსური კაპიტალის საერთო რაოდენობის მართვა კი არ არის, არამედ კაპიტალის განაწილება სხვადასხვა საქმიანობას ან, უფრო ზუსტად, მეწარმეებს შორის. ანუ კაპიტალის განაწილება სრულიად გარკვეულ და კერძო შემთხვევებში.

ნუ ეცდებით წარმოებების თავმოყრას და ინოვაციების დაგეგმვას. ამერიკის ინფორმაციული ტექნოლოგიების მრეწველობის მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც ძირითადად თავმოყრილია კალიფორნიაში, ე.წ. სილიკონის ველზე, ისევე როგორც ბოსტონში, სან დიეგოში, ოსტინში და სენტ-ლუისში, პოლიტიკურ მმართველობას აფიქრებინა, რომ მათ შეეძლოთ მიზნობრივი სუბსიდიებით, საგადასახადო შეღავათებით და სხვა საშუალებებით ახალი “სილიკონის ველი” შეექმნათ.

მაგრამ ტექნოლოგიური დასახლებები იქმნება ქვევიდან ზევით და არა ზევიდან ქვევით. ამგვარი თავმოყრის მიზეზი ხშირად ისეთ “საყრდენი დაწესებულებებია”, როგორებიცაა უნივერსიტეტები, მოქმედი საწარმოები, კვლევითი ინსტიტუტები და ა.შ. თუმცა, ამგვარი დაწესებულებების საგანგებოდ ჩამოყალიბება, შესაბამისი საწარმოო დაჯგუფების შექმნის მიზნით, შეუძლებელია. ჩვენ არ ვიცით, სად შეიძლება შეიქმნას შემდეგი დასახლება, რა პროდუქცია შეიძლება იწარმოოს, რომელი ახალი მრეწველობა და ბაზრები წარმოიშვება შედეგად – რაც თავად კაპიტალიზმის ხიბლის ნაწილია.

როგორც მიზესმა აღნიშნა, “მოქმედების შედეგი ყოველთვის ბუნდოვანია.მოქმედება ყოველთვის ვარაუდია”. აქედან გამომდინარე, ნამდვილი მეწარმე არის მოაზროვნე, ადამიანი, რომელსაც სურს, რომ პერსპექტიული საქმიანი გარიგებებისთვის ბაზრის მომავალი სტრუქტურის შესახებ თავისი მოსაზრებით იხელმძღვანელოს. ბუნდოვანი მომავლის პირობების მისეული ვარაუდი ყოველგვარ წესებს და სისტემატიზაციას ეწინააღმდეგება. ამ წესებისა და სისტემატიზაციისათვის დაუმორჩილებლობა იმას ნიშნავს, რომ ღირებულების შემქმნელი, განვითარების მასტიმულირებელი მეწარმეობა სამთავრობო მგეგმავებისთვის სრულიად გაუგებარია, ეს მხოლოდ თავისუფალი და კეთილსინდისიერი პიროვნებების ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება განხორციელდეს.