საბადოთა საკუთრების უფლების წარმოშობა ჩილეში
1971 წელს, ჩრდილო ამერიკის კომპანიების საკუთრებაში არსებული სპილენძის ოთხი დიდი სამთამადნო საწარმოს უკომპენსაციო ნაციონალიზაციის მიზნით, მარქსისტმა პრეზიდენტმა სალვადორ ალიენდემ კონგრესის თანხმობა მიიღო კონსტიტუციონალურ რეფორმაზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს ყველა საბადოზე „აბსოლუტური, ექსკლუზიური, ხელშეუხებელი და უვადო“ საკუთრების უფლება უნდა ჰქონოდა. ამგვარად, ერთ ღამეში შეიცვალა საუკუნოვანი კანონიერი ტრადიცია, რომლის თანახმადაც, მაღაროელს უფლება ჰქონდა თავის მაღაროს „ისე მოპყრობოდა, როგორც საკუთარს”. რასაკვირველია, სამთამადნო მრეწველობაში ჩადებული ყველა კერძო ინვესტიცია მაშინვე გაუფასურდა.
1973 წელს მთავრობა შეიცვალა, მაგრამ ახალი კონსტიტუციის მოლოდინში, რომელსაც ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის საჭირო ინსტიტუტები უნდა დაეფუძნებინა, ვითარება უცვლელი რჩებოდა. არსებობდა იმედი, რომ ახალი კონსტიტუცია კვლავ აღადგენდა საკუთრების ტრადიციულ უფლებებს სამთამადნო მრეწველობის სფეროში. მაგრამ ბევრისდა გასაოცრად, რევოლუციური მთავრობის შიგნით ამტყდარი მოულოდნელი უთანხმოების გამო, 1980 წლის კონსტიტუციამ მკაფიოდ ვერ განსაზღვრა მადნეულის მოპოვების უფლებები. ახალი კონსტიტუციის მიღებიდან მეორე დღესვე სამთამადნო მრეწველობის სექტორში უჩვეულო გზით – „პლებისციტით” დაიწყეს კონსტიტუციის რეფორმის ან კონსტიტუციის განმარტებითი კანონის გამოქვეყნების მოთხოვნა. ამგვარად, ქვეყნის წინაშე ორი მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოიშვა: გაურკვევლობა სამთამადნო მრეწველობის სექტორში საკუთრების უფლებასთან მიმართებაში და ვითარება, რომელსაც ახალი კონსტიტუციის ლეგიტიმურობის შესუსტება შეეძლო.
1980 წლის 29 დეკემბერს სწორედ ამ კრიზისის დასაძლევად დავინიშნე სამთამადნო მრეწველობის მინისტრად. არცთუ ისე დიდი ხნით ადრე კი, იმავე წლის 4 ნოემბერს საპენსიო რეფორმა დამტკიცდა, რის შედეგადაც ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების საფუძველზე კერძო საპენსიო სისტემა შეიქმნა.
ჩემი ამოცანა კონსტიტუციური კანონპროექტის შედგენა იყო, რომლის მიზანს საბადოთა საკუთრების მტკიცე უფლებების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. საჭირო იყო კანონპროექტის დამტკიცება პრეზიდენტისა და საკანონმდებლო ორგანოს მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოსგან თანხმობის მიღება და ადგილობრივი და საერთაშორისო მეწარმეების დარწმუნება მის რაციონალურობაში, ისევე, როგორც საზოგადოების დარწმუნება, რომ კანონპროექტი ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა. ეს ყველაფერი იმ კონსტიტუციის ლეგიტიმურობის მოდიფიცირებისა და შესუსტების გარეშე უნდა მომხდარიყო, რომელიც ეროვნული პლებისციტით მოიწონეს და რომელიც ჩილეში დემოკრატიის დამყარებისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის არჩევნების თარიღისა და პირობების შერჩევის გეგმებს შეიცავდა.
გორდიას კვანძი
სულ მალე დავრწმუნდი, რომ კერძო ინვესტიციები ბევრად უფრო პრაქტიკულ და კონკრეტულ წინადადებებს მოითხოვდა, ვიდრე სხვადასხვა პოლიტიკური და იურიდიული დისკუსიის მონაწილეთა დოქტრინების გაცვლა-გამოცვლა. სინამდვილეში მათთვის, ვინც ამ სექტორში ინვესტიციების ჩადებას გეგმავდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ რამდენად ძლიერი იქნებოდა კონცესიის უფლებები, კერძოდ, ექსპროპრიაციის შემთხვევაში რა იქნებოდა კომპენსაციის კრიტერიუმი.
ამავე დროს, მე არ ჩავერთე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უზარმაზარი კომპანიის – „კოდელკოს“ საკუთრების უფლებაზე გამართულ ცხარე დისკუსიებში, რომელიც ჩილეს სპილენძის პროდუქციის დაახლოებით 85 პროცენტს აწარმოებდა და ქვეყნის ექსპორტის ძალიან დიდ წილს ფლობდა. ჩემი მხრიდან ეს ძალიან უადგილო და არაპრაქტიკული იქნებოდა. მე არასდროს ვყოფილვარ „კოდელკოს” ან მსგავსი სახელმწიფო საწარმოს შექმნის მომხრე, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ის არსებობდა და თანაც სამთამადნო წარმოებასა და უცხოური გაცვლის სექტორში მონოპოლიის მსგავსი ადგილი ეპყრა. ამიტომ, თუ გავითვალისწინებთ იმ განსაკუთრებულ გარემოებებს, რა გარემოებაშიც ეს მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა და რა გარემოებაშიც „კოდელკო“ წარმოიქმნა, მისი პრივატიზება „საღმრთო ომს“ გამოიწვევდა. ეს კი ძალიან გაართულებდა პროგრესს იმ პრობლემებთან მიმართებაში, რომელთა გადაჭრა პრიორიტეტული იყო ჩილესთვის.
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც ახალი საბადოების აღმოჩენას და არსებულის გაფართოებას შეუწყობდა ხელს და სპილენძის (და სხვა სასარგებლო წიაღისეულის) კერძო წარმოებას გაუხსნიდა გზას იმ ზომამდე, რომ გაბატონებული ადგილი დაეჭირა და ახალი დოვლათი შეექმნა.
მე სულ მჯერა, რომ პრობლემის სწორი იდენტიფიკაცია პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მის გადასაჭრელად. კერძო სამთო წარმოების განვითარების ხელშემშლელ „კვანძს“ ექსპროპრიაციის შემთხვევაში სათანადო კომპენსაცია წარმოადგენდა. თუ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნების კონფისკაციათა ისტორიას გავითვალისწინებთ, კერძო ინვესტორისთვის ეს სასიცოცხლო საკითხს წარმოადგენდა, განსაკუთრებით ჩილეში, სადაც 1971 წელს უცხოელების საკუთრებაში არსებული სპილენძის წარმოების („Big Copper“ის სახელით ცნობილი) კონფისკაცია მოხდა.
მალე იმ დასკვნამდე მივედი, რომ გორდიას კვანძის გახსნა, რასაც ჩილესთვის სამთამადნო წარმოება წარმოადგენდა, შეუძლებელი იყო. საჭირო იყო მისი გაკვეთა. ამისთვის საჭირო „ხმალი“ ეკონომიკური მეცნიერების კონცეფციაში ვიპოვე. ეს იყო აქტივების, ანუ კომპანიის სუფთა, ნაღდი ფულის ნაკადის არსებული ღირებულება, რაც კონკურენტულ და გამჭვირვალე ბაზარზე აქტივების, ანუ კომპანიის საბაზრო ფასის გამომხატველია. ჩემი აზრით, ეს სრულიად შეესაბამებოდა კონსტიტუციის მთელ ფილოსოფიას, რადგან მტკიცე კონცესიის უფლებას განსაზღვრავდა, რომელსაც ის უზრუნველყოფდა. ამ კრიტერიუმის უკან მარტივი ახსნა იმალებოდა. ნებისმიერ ქონებას – სამრეწველო, სამეურნეო თუ სამთამადნო კომპანიას იმდენი ღირებულება აქვს, რამდენი მოგების წარმოქმნაც შეუძლია მომავალში (სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ ეს მხოლოდ ნაღდი ფულის შემოსავალია). ამიტომ, რაც არ უნდა დაჯდეს მრავალსართულიანი ავტოპარკის მშენებლობა სამხრეთ პოლუსზე, მას იქ არავითარი ღირებულება არ ექნება. ამავე დროს, ნებისმიერი მაღაზია სანტიაგოს ცენტრში გაცილებით მეტი ეღირება, ვიდრე მისი გახსნა დაჯდება. მაგრამ მომავალ მოგებას უბრალოდ ვერ შევკრებთ და შევაჯამებთ, რადგან ის დროის სხვადასხვა მონაკვეთში წარმოიქმნება. საჭიროა ის ახლანდელი შესაბამისი საპროცენტო კურსით ვიანგარიშოთ და შემდეგ ერთად შევკრიბოთ. ამ ფორმულის სამთამადნო წარმოების კონცესიის შემთხვევაში გამოსაყენებლად, კონცესიის უფლებაში ჩადებული უნდა ყოფილიყო მაღაროს ექსპლუატაციის უფლება. ჩვენ სწორედ ასეთი კანონპროექტი შევადგინეთ. ვინაიდან ექსპროპრიაცია მესაკუთრეს მომავალი ექსპლუატაციის კონცესიას და ნაღდი ფულის შოვნის შესაძლებლობას ართმევს, კონცესიის ექსპროპრიაციით მიყენებული ზარალი იმ ნაღდი ფულის არსებულ ღირებულებას უნდა უდრიდეს, რომლის წარმოქმნაც მას შეუძლია. სამთამადნო წარმოების ძირითადი კანონების სრულად განსაზღვრისთვის, სამართლიანი კომპენსაციის პრობლემის მთლად ლოგიკური და თანმიმდევრული გადაჭრისთვის და საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის მისაღწევად ისეთ საკითხზე, რაც ადრე არასდროს ყოფილა კონსტიტუციური რიგის კანონმდებლობაში (ჩემთვის ნაცნობ არც ერთ ქვეყანაში), საჭირო იყო ორი საკითხის დიდი სიზუსტით განსაზღვრა: ა) კონცესიის ხასიათი, რომელიც კონსტიტუციურ კანონს უნდა დაედგინა და ბ) ის ვადები, რა ვადითაც კონცესიის მფლობელს კონცესიის უფლება ექნებოდა.
სამთამადნო წარმოების კონსტიტუციური კანონი
სამთამადნო წარმოების საკუთრების ამგვარი ხედვა რომ რეალობად ქცეულიყო, ჩემი ადრინდელი თანამშრომლები მოვიწვიე დასაქმებისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროდან, რომლებიც ადრე ჩემთან ერთად მუშაობდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც იყო პროფკავშირების კანონი და საპენსიო რეფორმა. ყველა სავარაუდო შესაძლებლობათა განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ სამთამადნო წარმოების უფლებების სრული განმარტებისთვის ყველაზე შესაფერისი სამართლებრივი ინსტრუმენტი ძირითადი კონსტიტუციური კანონი იყო, რასაც თვითონ კონსტიტუცია მოითხოვდა.
საბადოს ექსპლუატაციის კონცესია, რომელიც ჩვენ სამთამადნო წარმოების უფლებების სრული განმარტებისთვის ჩავრთეთ კონსტიტუციურ კანონში, კერძო ინვესტორის გარანტიებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად საჭირო ყველა სამართლებრივ ატრიბუტს შეიცავს. ჩვენ მას „სრული კონცესია“ დავარქვით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს: ა) საკუთრების უფლების დაცვა. ეს ნიშნავს, რომ ის არსებითად უკავშირდება იმ კანონებს, რითაც კერძო საკუთრება ხელმძღვანელობს. ამის გამო, რეგისტრირებულ მფლობელს შეუძლია თავისუფლად აწარმოოს მისი ექსპლუატაცია და ისე გამოიყენოს და განკარგოს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს: შეუძლია გაყიდოს, გააქირაოს, დააგირაოს ან მემკვიდრეებს გადასცეს. და კიდევ, ექსპროპრიაციის გარდა, დაუშვებელია მისი ჩამორთმევა; ბ) სათანადო კომპენსაცია ექსპროპრიაციის ნებისმიერი აქტის შემდეგ. საკუთრების კონცესიიდან გამომდინარე, ექსპროპრიაციის დროს კომპენსაციაში (ნაღდი ფულის გადახდა, რასაც 1980 წლის კონსტიტუციის მომდევნო კანონი განაპირობებს) უნდა აისახოს ის რაოდენობა, რა რაოდენობითაც შემცირდება მესაკუთრის სუფთა ღირებულება, რომელსაც არსებული ღირებულების მიხედვით სუფთა ნაღდი ფულის ნაკადის სახით მიიღებდა მომავალში მისი ექსპლუატაციის შედეგად; გ) მაღაროთა რაციონალური მუშაობის საშუალება. კონცესიის მფლობელი არ ექვემდებარება ხელოვნურად „გამოყენების ან დაკარგვის“ მუხლს. მფლობელს შეუძლია წიაღისეულის მოპოვება საკუთარი მეთოდების, პროცესების, რიტმისა და საწარმოო გეგმის მიხედვით განახორციელოს, რასაც რთული და მუდმივად ცვლადი საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების მიხედვით შეიმუშავებს. სამთამადნო წარმოება არსებული მთავრობის კონტროლს არ უნდა ექვემდებარებოდეს, რადგან ის თავის მხრივ მცდარ ვალდებულებებს დააკისრებს ან კორუფციის შესაძლებლობის ხელში ჩაგდებას შეეცდება; დ) მუდმივი უფლება. არ არსებობს უფლების ჩაემორთმევის ვადა: კონცესიის შენარჩუნება მხოლოდ ყოველწლიურ ჰექტარობრივ გადასახადს („ლა პატენტე მინერა“) ექვემდებარება. მოქმედი საბადოს თავდაპირველი კონცესიის ვადის ამოწურვისას კონცესიის ვადის განახლების პროცესის შესაძლო პოლიტიზაციისა და დეპოზიტის „გაუკუღმართებული“ ექსპლუატაციის თავიდან ასაცილებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის გადაცემას განუსაზღვრელი ვადით. ე) პოლიტიკური წარმონაქმნი არ არის. მისი შექმნა, მუდმივი არსებობა და დასასრული სახელმწიფოს იურიდიული შტოს ხელშია და არა საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ნაწილის ხელში. კონცესია სამართლებლივ პროცედურაში წარმოიშობა, სადაც მოსამართლე საბადოს აღმოჩენის აქტით მინიჭებული უფლების არსებობას აღიარებს.
1981 წლის 13 აგვისტოს, პრეზიდენტს წარვუდგინე სამთამადნო წარმოების კანონების კონსტიტუციური კანონპროექტი დაწვრილებით ახსნა-განმარტებით მოხსენებასთან ერთად. მოხსენება იმ წლის დეკემბერში გამოქვეყნდა ჩემ წიგნში „სამთამადნო წარმოების კონცესიის ძირითადი კონსტიტუციური კანონი“ (Editorial Juridica, 1981; Economía y Sociedad Ltda, 2002). 1981 წლის დეკემბერში საკანონმდებლო ხელისუფლებამ („Junta de Gobierno“) საბოლოოდ მოიწონა სამთამადნო წარმოების კონსტიტუციური კანონი. მომდევნო დღეს ანდებში „El Indio“-ს მაღაროს გახსნისას იმ ველის თავზე, სადაც ჩვენი დიდი პოეტესა გაბრიელა მისტრალი დაიბადა, მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ საქმის გასაღები კანონს ჩაბარდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მთელი კანონპროექტი „საკონსტიტუციო განხილვის“ პროცესს გადააბარა, 22 დეკემბერს კი ყველამ ერთხმად მიიღო, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა კანონის უცვლელად დასატოვებლად. ბოლოს, 1982 წლის 21 იანვარს ის ოფიციალურად გამოქვეყნდა გაზეთში „Diario Oficial“, როგორც კანონი ნომერი 18.097. სამთამადნო წარმოების კონსტიტუციურ კანონს გამოქვეყნებისთანავე მოჰყვა ეკონომიკური შედეგები, თუმცა ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც გაზეთში გამოქვეყნდა შესაბამისი კანონი (სამთამადნო წარმოების კოდექსის სახელით ცნობილი), რომელიც მთელ რიგ პროცედურულ საკითხებს განსაზღვრავდა. ვინაიდან სამთამადნო წარმოების კონსტიტუციური კანონი კონცესიის ყველა მახასიათებელს (მისი ხასიათი, უფლებები და ვალდებულებანი, ხანგრძლიობა) განსაზღვრავდა, მისი მიღებისთანავე გამოვლინდა დადებითი შედეგები ეკონომიკასა და ბიზნესში გაფართოებული საძიებო და საწარმოო საქმიანობის სახით. აღსანიშნავია, რომ ძირითად კონსტიტუციურ კანონში ნებისმიერი ცვლილება სხდომაზე დამსწრე დეპუტატებისა და სენატორების 4/7 კვორუმს მოითხოვს (უწინ, 1980 წლის კონსტიტუციის თანახმად, კვორუმი სამი მეხუთედი იყო, რაც 1989 წლის კონსტიტუციური რეფორმით შემცირდა). მას შემდეგ, რაც სამთამადნო წარმოების კონსტიტუციური კანონი მიიღეს, მომდევნო სამი ადმინისტრაციის ხელში მასში არც ერთი სიტყვა არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ძველმოდური ქრისტიან-დემოკრატი პოლიტიკოსები 1983 წლის ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დროს უკიდურესად უსამართლო კამპანიას ეწეოდნენ მის წინააღმდეგ.
ამგვარად, ჩილეში მაღაროების საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული გაურკვევლობის დეკადა დასრულდა (1970-იანი წლები) და ჩილეს ეკონომიკის მთავარ სექტორში ინვესტიციების, დასაქმების და განვითარების ახალი ჰორიზონტი გადაიშალა.
ამ კანონმა სხვა ქვეყნებსაც დაანახვა, რომ არსებობს გზა, რითაც სახელმწიფო საკუთრება ნომინალური გახდება, რაც მათ „სრული კონცესიის” საკუთრების მტკიცე უფლებასთან თავსებად კონსტიტუციებში წერია, და რითაც კერძო მეწარმეობის საშუალებით დოვლათის შექმნის ახალი ასპარეზი გადაიშლება.
კარგი სტრატეგია, კარგი პოლიტიკა
„როგორ იქმნება დოვლათი?“ ან სხვა სიტყვებით: „რაში მდგომარეობს სიმდიდრის საიდუმლო?“ ამ ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხის გაცემისას ვლინდება მთავრობის, ანუ სახელმწიფო მოხელეთა ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვის ლოგიკურობა.
ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე სამთამადნო წარმოების კონსტიტუციური კანონი იყო, რომელმაც ქვეყნის ყველაზე დიდ და პოლიტიკურად ყველაზე მგრძნობიარე სფეროში ნამდვილი საკუთრების უფლება შექმნა. ამ კანონის მიღებისთანავე შინაურმა თუ უცხოელმა ინვესტორებმა გაიგეს, რომ ჩილეში კერძო საკუთრებამ სრული გარანტიები მიიღო.
1973-80 წლებში მიმდინარე აღმოჩენებისა და ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროცესებმა აჩვენა, რომ ჩილეს განვითარების ახალი სტრატეგია რეალისტური მიკროეკონომიკური პოლიტიკისა და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ პრინციპებს ემსახურება.
ახლა მსურს დავამტკიცოთ, რომ ქონების სრული საკუთრების უფლებამ შესაძლებელი გახადა სამთამადნო წარმოების უპრეცედენტო გაფართოება და ამით დიდი დოვლათის შექმნა.
შედეგები გვიჩვენებს, რომ სამთამადნო სექტორის შემთხვევაში დოვლათის შექმნის საიდუმლო თვისუფალი ბაზრის ეკონომიკურ ჩარჩოებში მოქმედი კონსტიტუციური კანონი იყო. მან განაპირობა, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ჩილეში სპილენძის წარმოება თითქმის ხუთჯერ და სპილენძის კერძო წარმოება თექვსმეტჯერ გაიზარდა. ახლა ჩილე სპილენძის ერთერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც წელიწადში ხუთ მილიონ ტონა სპილენძს აწარმოებს, რაც გლობალური წარმოების 35 პროცენტს შეადგენს. ამას გარდა, ჩილე ბუნებრივი ნიტრატების, იოდისა და ლითიუმის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, მეორე ადგილზეა მოლიბდენის, მეხუთეზე ვერცხლის და მეცამეტეზე ოქროს წარმოებით.
პირველად მოხდა, რომ ჩილელმა მეწარმეებმა დიდი ინვესტიციები ჩადეს ამ სექტორში და უცხოური ინვესტიციების უზარმაზარი ნაკადი – 20 000 მილიონი ამერიკული დოლარი შემოვიდა უშუალოდ სამთამადნო წარმოებაში ჩასადებად.
ყველა ეს ფაქტორი ერთად ქმნის პოტენციური სიმდიდრის, ახალი და პროდუქტიული დასაქმების, ძვირფასი ტექნოლოგიების დანერგვის, მთელი რიგი გადასახადების გადახდის შესაძლებლობას და სტიმულს აძლევს მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადებას წარმოების და მომსახურების სხვადასხვა სფეროებში, როგორიც არის ენერგომომარაგება, ტრანსპორტი, წყალმომარაგება, პორტები, გზები, მანქანები და სხვა მრავალი.
მიუხედავად თავდაპირველი სირთულეებისა, სამთამადნო წარმოების კონსტიტუციურ კანონში ძალუმად ასახულმა საკუთრების ხელშეუხებელობის იდეამ ინტელექტუალური საფუძველი გაამყარა, რასაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი კომპანიების შემდგომი პრივატიზაცია ეყრდნობა, განსაკუთრებით ტელეკომუნიკაციასა და ენერგოსექტორში. 1990-იან წლებში კონცესიის სისტემა ინფრასტრუქტურის სფეროშიც გავრცელდა (გზები, პორტები, აეროპორტები), რომელიც ტრადიციულად ეგრეთ წოდებულ „სახელმწიფო სამუშაოებს“ განეკუთვნებოდა და სახელმწიფო ასრულებდა.
ამავდროულად, სამთამადნო წარმოების კონსტიტუციურმა კანონმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აყვავებული ერის, თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის საქმეში. სამთამადნო წარმოების კონსტიტუციური კანონის წყალობით ჩილეს ეკონომიკა 13 წლის მანძილზე საშუალოდ 7 პროცენტით გაიზარდა, მთელი ერის ცხოვრების დონე გაუმჯობესდა, საკუთრების უფლება განმტკიცდა და 1980 წლის კონსტიტუციის შეცვლა ან სათუო ინტერპრეტაცია საჭირო აღარ გახდა. იმედი მაქვს, ამ ძალისხმევის შედეგად ცხადი გახდა, რომ, როგორც ბევრი აცხადებს, ნამდვილი პოლიტიკა „შესაძლებლობა“ კი არ არის, არამედ ის, რაც ქვეყნის პროგრესისა და პოტენციალის გამოსავლენად საჭირო „აუცილებლობას შესაძლებლად აქცევს“.