ბუნებრივი რესურსების მართვის მეთოდები, რომლებსაც მთავრობა იყენებს, სულ უფრო მზარდ საყოველთაო უკმაყოფილებას იწვევს, როგორც ფერმერებში, ისე გარემოსდამცველებში, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი სფეროს წარმომადგენლებში, ნავთობისა და გაზის მომპოვებლებში, ხე-ტყის გადამამუშავებელი მრეწველობის წარმომადგენლებში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს განსხვავებული მოსაზრებები ამოძრავებთ, თითოეული მათგანი აღიარებს, რომ ბუნებრივი რესურსები უყაირათოდ და ან მიკერძოებულად იმართება. თუმცა იმას, რომ გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით მრავალი მითი და მცდარი მოსაზრება არსებობს, თავად ბუნებრივი რესურსების სისტემების სირთულე განაპირობებს.
შედეგად, ბუნებრივი რესურსების სათანადო მართვისა და არსებული წინააღმდეგობების მოგვარების მრავალგვარი მცდელობის მიუხედავად, სახელისუფლო პოლიტიკამ და ბიუროკრატიული ზედამხედველობის ხერხებმა, არსებული წინააღმდეგობების გამომწვევი არსებითი მიზეზები ვერ გამოავლინეს და ვერც მათი გადაწყვეტის გზები შემოგვთავაზეს. ასეთ პირობებში, ,,საზოგადო საკუთრების“ ტყეები, ტბები, მდინარეები, გადაშენების პირას მყოფი ჯიშები და სხვა ბუნებრივი რესურსები სულ უფრო მეტად ხდებიან პოლიტიკური ყურადღების საგანი.
გარემოს განადგურება ,,საზიაროობის ტრაგედიის“ შედეგად
ამერიკის შეერთებულ შტატებში ისევე, როგორც ყველგან მსოფლიოში, ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები უფრო მათი მართვის პოლიტიკური და ბიუროკრატიული, ვიდრე კერძო და საბაზრო მიდგომებიდან მომდინარეობს. მიუხედავად იმისა, საქმე ეხება ტოქსიკური ნარჩენების მართვას, წყლის რესურსების დაბინძურებას, წიაღიდან საწვავის მოპოვებას, ბირთვული და ალტერნატიული ენერგიის წარმოებას, ნაკრძალებისა და ტყეების მართვას, საოკეანო თევზის რეწვას და თუ სხვა რამეს, არსებული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ხელისუფლებაზე ბევრად შედეგიანი კერძო საკუთრება და საბაზრო ურთიერთობებია.
მაგალითად, მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეებში, როდესაც ნანადირევზე მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა, ამერიკელი ინდიელების მრავალმა ტომმა კერძო სამონადირეო უფლებები შემოიღო, ანუ გარკვეულ ტერიტორიებზე ნადირობის უფლება ცალკეულ პიროვნებებს გადასცა. შედეგად, ცხოველების მოშენებასა და ყაირათიან ნადირობას აზრი მიეცა, რამაც ნანადირევის უკმარისობა საკმაოდ წარმატებით აღმოფხვრა. ეს გადაწყვეტილება შედეგიანი აღმოჩნდა, როგორც პატარა ცხოველების, ისე ბიზონების გადასარჩენად. არადა, მეცხრამეტე საუკუნეში ბიზონები გადაშენების პირას იყვნენ, რადგან ინდიელთა მიწებზე მოგვიანებით მისული თეთრკანიანი ადამიანები, რომლებიც პატივს არც ბიზონებზე ნადირობის ინდიელთა წესებს სცემდნენ და არც თავისას აყალიბებდნენ, მათზე უმოწყალოდ ნადირობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი მაგალითები ისტორიაში მრავლად მოიპოვება. ისეთი ბუნებრივ რესურსებს, როგორებიცაა: მიწა, ჰაერი, მცენარეები თუ ცხოველები, ყოველთვის განადგურება ემუქრებოდა, როცა მათზე საზოგადო საკუთრება ვრცელდებოდა. ასე მაგალითად, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ისეთი ბუნებრივი რესურსი, როგორიცაა მაღალმთიან ფერდობებზე განლაგებული საძოვრები, საზოგადო საკუთრებაში იყო. არც ერთ ადამიანს არ ჰქონდა ამ რესურსზე კერძო საკუთრების უფლება, ამდენად საძოვრები სოფლის ყველა მაცხოვრებლის საზოგადო ანუ ,,კოლექტიურ“ საკუთრებას წარმოადგენდა. თუმცა, ნებისმიერი ადამიანური განზრახვა აუცილებლად გულისხმობს ცალკეული პიროვნებების მიერ ბუნებრივად მწირი რესურსების დაპატრონების მცდელობას. შესაბამისად, ბუნებრივ რესურსებზე de facto საკუთრების უფლება სწორედ იმიტომ ყალიბდება, რომ ადამიანი თავისი პირადი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს. სინამდვილეში ,,კოლექტივები“ არ არსებობს და ადამიანებს არც საზოგადო საკუთრების პირობებში შეუძლიათ, რომ სიმდიდრე შექმნან ან რესურსების დაცვა უზრუნველყონ.
ფერდობებზე განლაგებული საძოვრების შემთხვევაში, როდესაც ეს მიწები საზოგადო საკუთრებას წარმოადგენდა (ანუ არავის საკუთრებაში არ იყო), მისი გამოყენებიდან მიღებული სარგებელი ამ მიწების მოვლას არ ხმარდებოდა. იმ დროს დაშვებული კერძო საკუთრების ერთადერთი ფორმა, თითოეული მეცხვარის ფარის მიერ მოძოვილი ბალახი იყო. ბალახი მეცხვარის საკუთრება მაშინ ხდებოდა, როდესაც მას ცხვარი შეჭამდა და ეს მეცხვარის მიერ სარგებელის მიღების ერთადერთი გზა იყო. შედეგად ყველა მეცხვარეს სურდა, რომ ძირითადად იმით ეხეირა, რომ მის ცხვარს, სხვების ცხვრებთან შედარებით, რაც შეიძლება მეტი ბალახი მოეძოვა. საძოვრებით სარგებლობაზე ასეთი კონკურენცია საძოვრების სამომავლო მდგომარეობას საზოგადოდ არ ითვალისწინებდა, რადგანაც ამ საძოვრების გამოყენებაზე ანგარიშვალდებული არავინ არ იყო. გამომდინარე იქედან, რომ მიწა არავისი საკუთრება არ იყო, არც არავინ ზრუნავდა საძოვრების ნაყოფიერების აღდგენასა და მათზე ფარის ძოვების ვადების დაწესებაზე, რესურსით სამომავლო სარგებლობის შესაძლებლობის შენარჩუნების მიზნით. ამ რესურსის შენარჩუნებითა და უფრო სახეირო გამოყენებით ვინმე მაინც რომ ყოფილიყო მოწადინებული, მას ეს მაინც არ გამოუვიდოდა, რადგანაც მისი ძალისხმევის შედეგებს სხვა მოიმკიდა. ნებისმიერი მეცხვარე, რომელიც საძოვრის მოვლას გადაწყვეტდა, წააგებდა, რადგან ამ რესურსით სარგებლობას მას სხვები შეეცილებოდნენ და კიდეც დაასწრებდნენ.
იმის გამო, რომ კონკურენცია ფარის ძოვებას და არა მიწის კულტივაციას ეხებოდა, გადაჭარბებული ძოვების შედეგად, საძოვრების ნიადაგი ნადგურდებოდა. ასეთ პირობებში, მეცხვარეები უბრალოდ სხვა საძოვარზე გადაინაცვლებდნენ ხოლმე და ცხვარს იქამდე აძოვებდნენ, სანამ ისიც არ დაზიანდებოდა. ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ საძოვრებად ვარგისი მიწები არ ამოილეოდა და წასასვლელიც აღარსად რჩებოდა.
ამ დროისთვის კონკურენცია ისე მწვავდებოდა, რომ დავებს საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე და ომებამდეც მიყავდა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ადამიანებს შორის ნებისმიერი დაპირისპირება, სინამდვილეში საკუთრებითი უფლებების გარკვევას ეხება. ანუ იმას, თუ ვინ, რას, როდის და როგორ უნდა ფლობდეს. მართლაც, კაცობრიობის ისტორია ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის ომებისა და ურთიერთდამონების მცდელობების გასაოცარი ქრონიკაა, რადესაც ისინი ერთმანეთთან უფრო სამართლიანი ,,საზოგადო“ საკუთრების სისტემის შესახებ საკუთარი მიდგომის გაბატონებისთვის იბრძოდნენ.
ერთი რომელიმე სისტემის გაბატონების შემთხვევაში, ,,საზიაროობის ტრაგედიის“ შედეგად წარმოშობილი გარდაუვალი დაპირისპირებების გამო, ასეთი სისტემების მართვის მიზნით, მეფეების, მმართველების და სხვადასხვა რჩეული ტირანების მიერ, პოლიტიკური გზებით ისეთი ბიუროკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება ხდებოდა საჭირო, რომლებიც მიწისა და სხვა რესურსების სარგებლობის პირობებს განსაზღვრავდნენ. ეს ბიუროკრატია წესებს ადგენდა, ხოლო მოქალაქეები იძულებული იყვნენ, რომ მკაცრი სასჯელის შიშით დამორჩილებულიყვნენ. ის, რაც ოდესღაც იყო სისტემა, რომელშიც საძოვრები, ისევე როგორც სხვა რესურსები ,,საზოგადო“ საკუთრებაში იყო, იმდაგვარად გარდაიქმნა, რომ ყველაფერს ხელისუფალნი დაეუფლენ და მართვა მათ მიერ დაქირავებულ ბიუროკრატებს დააკისრეს. საზოგადოება კი, დროთა განმავლობაში იძულებული გახდება, რომ ამ მმართველების საკეთილდღეოდ იშრომოს.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ,,საზიაროობის ტრაგედიაზე“ ამგვარი ისტორიულ პოლიტიკურ-ბიუროკრატიული პასუხი ეკონომიკურად მომგებიანი არ იყო, რადგანაც ბიუროკრატია, როგორც წესი ხელს უყაირათიანობის ინსტიტუციონალიზებას უწყობდა. ამის უპირველესი მაგალითი ისაა, რომ ხელისუფლების შემოსავალი მოსახლეობისგან იძულებით აკრეფილი (და არა ნებაყოფილობით გადახდილი) გადასახადებიდან ყალიბდებდა, ხოლო სახელისუფლებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს საზოგადოდ არ გააჩნიათ იმის შეფასების მექანიზმი, თუ რამდენად ხელსაყრელია საზოგადოებისთვის ის, რომ რესურსებს ისინი მართავენ.
ისინი ყოველწლიურად იღებდნენ ანაზღაურებას იმისდა მიუხედავად, თუ როგორ ასრულებდნენ თავის მოვალეობებს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, იმედგაცრუებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სავაჭროდ სხვა ადგილი აირჩიონ, მაშინ როდესაც ბიუროკრატიის პირობებში ეს შეუძლებელია. სინამდვილეში, მმართველები მხოლოდ ადამიანების სასიკეთოდ მომართული ანგელოზებიც რომ იყვნენ, ისინი საქმეთა ცალკეულ ვითარებებში ჩაუხედაობის გამო, მაინც ვერ შეძლებდნენ ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გაუმჟობესების უზრუნველყოფას.
გარდა ამისა, ამგვარი მმართველების პირადი წინსვლის მოტივაციაც დამახინჯებული იყო: ისინი ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებდნენ უფრო მეტი საქონლის ან მომსახურების გაყიდვით, რადგანაც ისინი ასეთ ვაჭრობაში ჩართული არ იყვნენ. ისინი ვერც რესურსების სარფიანად განაწილებას უზრუნველყოფდნენ, რადგანაც პირადად მათ ეს არავითარ ხეირს არ აძლევდათ. ამის ნაცვლად, მათი წინსვლის ერთადერთი გზა უფრო მეტი ბიუროკრატიული ძალაუფლების მოხვეჭა, ბიუჟეტების კიდევ უფრო გაზრდა, ხელფასების მომატება და დიდი სამოხელეო აპარატის შექმნა აღმოჩნდა. თუმცა ამის მიღწევა მნიშვნელოვან პოლიტიკური დაპირისპირებებს და რესურსების მართვასთან დაკავშირებულ სხვა წინააღმდეგობების გადალახვას მოითხოვდა. სხვა შემთხვევაში თავად მათი თანამდებობა და საზოგადოებრივი მდგომარეობა პოლიტიკურად გაუფასურდებოდა და ხელისუფალნი ვერ შეძლებდნენ, რომ რესურსები სათავისოდ კიდევ უფრო ხელსაყრელი დანიშნულებით გამოეყენებინათ.
პოლიტიკურ-ბიუროკრატიული აპარატი რესუსრების მართვაში სრულ უვიცობას ავლენდა და თანაც ვერც ვერანაირ ხეირს ვერ ხედავდა იმაში, რომ მართვა გაეუმჯობესებინა. შედეგად, ბუნებრივი რესუსრების ბიუროკრატიული გზით მართვის ისტორია, გარემოს განადგურებისა და რესურსების არასწორად გამოყენების შემთხვევების უწყვეტ ჯაჭვს წარმოადგენს, რაც საზოგადო საძოვრების მაგალითის მსგავსად, რესურსების ამოწურვამდე გრძელდება. ყველაფერი კი, ხელისუფლების დამხობით მთავრდება ხოლმე.
უნდა აღინიშოს, რომ მსოფლიოს ბევრ კუთხეში ისტორიულად სრულიად განსხვავებული მაგალითებიც არსებობდა. მას შემდეგ, რაც ,,საზიაროობის ტრაგედია“ გამოსცადეს, ბევრმა გაიაზრა, რომ საძოვრების გამოფიტვა უბრალოდ იმის უგულვებელყოფით იყო განპირობებული, რომ მიწაზე კარძო საკუთრება გზას უხნის ისეთ პიროვნებებს, რომლებიც მას ადამიანების საკეთილდღეოდ ამუშავებენ. ამ მიგნებამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენას – მიწათმოქმედებას, ანუ მარტივად რომ ითქვას, მიწაზე პირადი საკუთრებითი უფლებების დაკანონებას შეუწყო ხელი. ამგვარი უფლებების შემოღებით, აღარავის აღარ ჰქონდა სხვის მიწებზე შეღწევისა და მესაკუთრის შრომით მოწეული ნაყოფის მითვისების, თავისი პირუტყვის სხვის საძოვრებზე, მინდვრებზე ან სხვა სახის დამუშავებულ ნაკვეთებზე გაშვების უფლება.
ასეთ ვითარებაში, მესაკუთრე სხვების მხრიდან ფიზიკური დაზიანებისგან (მაგ. დაბინძურება და სხვ.) დაცულია და მომხვდურისგან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნია. შესაბამისად, როდესაც ადამიანმა იცის, რომ სხვისი საკუთრების დაზიანების შემთხვევაში, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება, იგი იძულებული იქნება ისე იმოქმედოს და მართოს თავისი საკუთრება, რომ სხვებს ზიანი არ მიაყენოს. შესაბამისად, რესურსების მართვის კერძო საკუთრებაზე და საბაზრო ურთიერთობებზე დაფუძნებულ სისტემას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდე დაჰყავს.
გარემოსდაცვითი ღონოსძიებების პოლიტიკური ეკონომია
დღეს მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის პოლიტიკურბიუროკრატიული ტრადიცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების პროგრამების მეშვეობით კვლავაც გრძელდება. ყველა სახელისუფლო დაწესებულება რესურსების მართვას დაახლოებით ერთნაირად, ბიუროკრატიული წესების დადგენის მეშვეობით ცდილობს, რომელთა შეუსრულებლობა ხელისუფლების მხრიდან ისჯება. ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ იქ გარემო უკიდურესად გაჩანაგებული იყო. მთელი რიგი რეგიონების ისეთი რესურსები, როგორიცაა მიწა, წყალი და ჰაერი მუდმივად ბინძურდებოდა და იწამლებოდა, ხოლო ადამიანებს ბირთვული იარაღის გამოცდისას, ისევ როგორც სხვა სახიფათო შემთხვევებში, ლაბორატორიული ცხოველების მსგავსად იყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარება ყოველთვის წარმოშობს „საზიაროობის ტრაგედიას“, როცა ნებისმიერი რესურსი „საზოგადოა“, ხოლო კერძო საკუთრება – აკრძალული. შემხვევითი არაა, რომ ყველაზე უფრო მეტად და ხშირად გარემო სწორედ სახელმწიფო მფლობელობის მიწებზე, პარკებში, ტბებზე და წყალსაცავებზე, საჰაერო სივრცესა და სხვა მსგავს ადგილებში ზიანდება. თუ ადამიანებს რესურსზე ხელი მიუწვდებათ, მაშინ იგი მათი საკუთრება ხდება, მაგრამ თუ საკუთრების უფლება არ არის აღიარებული, მაშინ რესურსი პარტახდება.
კერძო ბაზრებზე ადამიანთა ურთიერთობები დაფუძნებულია კერძო ქონებრივი უფლების ნებაყოფლიბით ურთიერთგაცვლაზე, რესურსების უყაირათო გამოყენება, ყაირათიანით იცვლება. რესურსების ოპტიმალური გადანაწილება ფასების მექანიზმით მიიღწევა. ასე მაგალითად, კანზასის შტატში მიწის მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს, რის გამოც მისი ფასი შედარებით დაბალია. შესაბამისად, ეს და კიდევ სხვა თანმდევი ხარჯები მიუთითებს, რომ ამ მიწების ყველაზე ხელსაყრელი გამოყენების გზა, მათზე ფერმერული მეურნეობების მოწყობაა. სან-ფრანცისკოში კი პირიქით, მიწის მიწოდება მოთხოვნას ჩამორჩება, რის გამოც მიწა საკმაოდ ძვირია. სწორედ ამიტომაა, რომ სან-ფრანცისკოში ფერმერულ მეურნეობები თითქმის არ არის და მიწა იმ დანიშნულებით გამოიყენება, რომელიც მისი მესაკუთრისთვის უფრო მომგებიანია. იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრება სან-ფრანცისკოში უნდათ, მიწის სიმწირის გამო, ცხოვრება უფრო მჭიდროდ განაშენიანებულ უბნებში მოუწევთ, ვიდრე კანზასის შტატში.
სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობას არ ესმის, რომ რესურსები იმთავითვე საკმაოდ მწირია (ანუ მათი მიწოდება შეზღუდულია). ესე იგი, არ არსებობს ისეთი რესურსი, რომლის უკმარობა თვალსაჩინო არ გახდება, მასზე ხელოვნურად დაბალი ფასის დაწესების შემთხვევაში. შესაბამისად, რესურსების გამოყენების შესახებ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, მხოლოდ თავისუფალი ფასების სისტემაში შეიძლება, სადაც სათანადო ნიშნებს ფასები იძლევიან. ადამიანთა მზარდი მოთხოვნილებებისა და წინააღმდეგობრივი სურვილების შეჯერება, ნებაყოფლობით გაცვლით ურთიერთობებში, მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბებული ფასებით არის შესაძლებელი, რომლებიც თავის მხრივ, მავანისთვის ან მისაღებია, ან მიუღებელი. კერძო მესაკუთრეები თავიანთი რესურსის დღევანდელ და ხვალინდელ მდგომარეობას საუკეთესოდ აფასებენ, როდესაც სამეურნეო გეგმებს აყალიბებენ, რადგანაც ამ შემთხვევაში საქმე მათ პირად კეთილდღეობას ეხება. მათ იციან, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი თვითონვე არიან. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებებით თავადვე იხეირებენ ან დაზარალდებიან.
რესურსების პოლიტიკურ-ბიუროკრატიული მართვის, როგორც ისტორული, ისე თანამედროვე ხერხები რესურსების უფრო ეფექტური გამოყენების გზების ძიების საშუალებას არ იძლევა, რადგანაც არ არსებობს ფასები, რომლებიც მიანიშნებდნენ თუ სად და როგორ იქნებოდა ეს შესაძლებელი. ისევე როგორც წარსულში, ბიუროკრატები და პოლიტიკოსები ვერ იხეირებენ, თუ ისინი რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებას და უფრო სარფიან დაბანდებას შეუწყობენ ხელს. საგადასახადო შემოსავლები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ გარემოსთვის რამდენად უსაფრთხოდ მართავენ ბუნებრივ რესურსებს სახელისუფლებო მოხელეები. ერთი შეხედვით, რაც უფრო მეტი ზიანი ადგება გარემოს, მით მეტი სახელისუფლო უწყება უნდა ანხორციელებდეს ზედამხედველობას. თუმცა ვითარება სრულიად საპირისპიროა, რადგანაც სახელმწიფო საქმეების გამრიგეებს მხოლოდ საკუთარი სიმდიდრისა და ძალაუფლების ნადვილ წყარო – ბიუროკრატიული და პირადი გამორჩენის წყურვილი ამოძრავებთ, რაც მათ თანამდებობების შენარჩუნებაში ეხმარება.
პოლიტიკოსებმა იციან, რომ მათ შეუძლიათ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესები მშვიდად უგულვებელყონ, სანამ ამომრჩეველთა იმ გავლენიან ჯგუფებს ემსახურებიან, რომლებიც სარგებელს სახელმწიფო პროგრამებიდან იღებენ. გამომდინარე იქედან, რომ ცალკეული გადასახადის გადამხდელებისთვის თითოეულ ასეთ პროგრამაზე გაწეული ხარჟი იმდენად დიდი არ არის, რომ მათი მდგომარეობა გააუარესოს და წინააღმდეგობის სურვილი აღუძრას, მზარდ სარგებელს სახელმწიფო ბიუროკრატიიდან მცირე ჟგუფები იღებენ, მაშინ როდესაც ხარჯის გაღება ყველას უწევს. საბაზრო ხერხების გამოყენება ადამიანების საქმიანობას საზოგადოების სამსახურში აყენებს, მაშინ როდესაც პოლიტიკურ-ბიუროკრატიული ხერხები, სარგებელს მხოლოდ გავლენიან ჯგუფებს აძლევს, მთელი საზოგადოების ხარჯზე.
ენერგეტიკა
პოლიტიკურ-ბიუროკრატიული ხერხების გამოყენების მაგალითად აშშ-ს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა განვიხილოთ. 1950-იან წლებში ფედერალური მთავრობის მიერ ბენზინის იმპორტზე შეზღუდვების შემოღებითა და ტეხასისა და ლუიზიანას შტატებში ნავთობის მოპოვების ნორმების დაწესებით, ამერიკის ხელისუფლებამ ენერგეტიკაზე გავლენის დასამყარებლად პირველი ნაბიჯები გადადგა. გარდა ამისა, 1954 წელს ფედერალურმა ენერგოკომისიამ შტატებს შორის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ფასების დაწესება დაიწყო, რის შედეგადაც თითქმის ყველა გაზის საბადო, სადაც მოპოვება ადვილად ხელმისაწვდომი იყო, წამგებიანი გახდა. ბუნებრივი გაზის ფასები შემცირდა, რის გამოც მისი მოხმარება მკვეთრად გაიზარდა. შემდეგ, 1960-იანი წლების ბოლოს, ფედერალურმა მთავრობამ გარემოსთვის მავნე ნივთიერებების გამოფრქვევაზე პირდაპირი და უნივერსალური სტანდარტები დააწესა, რამაც ავტომანქანების საწვავის ეკონომიურობის მაჩვენებლები მნიშვნელოვად გააუარესა. ყოველივე ამას, გარემოს დაცვის გაუმჟობესების აუცილებლობის მომიზეზებით, ნავთობროდუქტების გადამამუშავებელი ქარხნების გაფართოებაზე ნებართვების გაცემის შეწყვეტა დაერთო. ამგვარად, მთავრობის ბიუროკრატიული აპარატის არასწორი მართვის შედეგად, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) ხელსაყრელი პირობები შეექმნა იმისთვის, რომ ამერიკელი მომხმარებლები და მეწარმეები გაეძარცვა. OPEC-ის მოქმედებების საპასუხოდ, ფედერალურმა მთავრობამ ენერგეტიკის ფედერალური ადმინისტრაცია ჩამოაყალიბა, რომელიც მოგვიანებით ენერგეტიკის დეპარტამენტად გადაკეთდა. ამ უკანასკნელმა ახალი ფასები და მარეგულირებელი ნორმები დააწესა, რის შედეგადაც OPEC-ის გაველნა ამერიკელ მომხმარებლებზე და მეწარმეებზე კიდევ უფრო უარყოფითი გახდა. ნიქსონის მმართველობის პერიოდში გაზგასამართ სადგურებზე არსებული რიგების შესახებ დღესაც ლეგენდები დადის.
ზემოთ აღწერილის მსგავსად, რეგიონების ელექტრიფიკაციის ასოციაციამ (REA), რომელიც მთავრობამ 1930-იან წლებში ჩამოაყალიბა, სოფლებზე ელექტროენერგიის მიწოდების სუბსიდირება დაიწყო, რამაც გააკოტრა ენერგიის ალტერნატიული წყაროების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც სოფლების მოსახლეობას ქარის წისქვილებით და გენერატორებით ამარაგებდნენ. REA-ს მიერ ელექტროენერგიის სუბსიდირებამ ალტერნატიული ელექტროენერგიის წყაროების განვითარება შეაჩერა. მაგალითად, ისევ და ისევ REA-ს მიერ სუბსიდირებული იაფი ელექტროენერგიის გამო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მზის ენერგიით წყლის გამათბობლების წარმოებაც შეწყდა.
1980-იან წლებში, ფედერალური მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულმა სინთეტიკური საწვავის კორპორაციამ (SFC) ბენზინის შემცვლელებისა და სინთეტიკური ბუნებრივი გაზის წარმოება წამოიწყო. მაგალითად, ბენზინის უკმარისობის აღმოფხვრის სანაქებო საშუალებად „გაზოჰოლი“ ითვლებოდა, რაც მარცვლეულის სპირტისა და ბენზინის ნარევისგან მზადდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა რამოდენიმე წელიწადში შეწყდა, მარცვლეულის მწარმოებელთა ლობისტებმა და სხვა დაინტერესებულმა ჯგუფებმა „გაზოჰოლის“ თემის აღორძინება სუფთა ჰაერის შესახებ აქტით მინიჭებული უფლებამოსილებების გამოყენებით მოახერხეს. არადა, „გაზოჰოლის” წარმოება იმდენად ძვირია, რომ ამას დაახლოებით იგივე აზრი აქვს, რაც საბიფშტექსე ხორცის ნაჭრის უფრო დაბალი ხარისხის ხორცში შერევას, მეტი ჰამბურგერის დამზადების მიზნით.
წყლის რესურსები
ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტ ადამიანს სჟერა, რომ ამერიკა, განსაკუთრებით კი მისი დასავლეთი ნაწილი, წყლის რესურსების ნაკლებობის გამო სულ მალე გამოუვალ ჩიხში მოექცევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აზრი საკმაოდ გავრცელებულია, წყლის რესურსების ასეთი მწვავე ნაკლებობა გარდაუვალი სულაც არაა.
მაგალითად, ამერიკის დასავლეთში მიწისქვეშა წყლების მოხმარება პოლიტიკურ-ბიუროკრატიული მანქანის ზეგავლენით და არა ბაზრის მოთხოვნითა განპირობებული. კალიფორნიის კონსტიტუციას იმგვარი განმარტება მოეძებნა, რომ თითქოს ის ადამიანები, რომლებიც წყლის რესურსებზე საკუთარი საკუთრებითი უფლებების სხვებზე გადაცემას მოისურვებდნენ, ამავდროულად აღიარებდნენ, რომ წყლის რესურსებს რაციონალურად ვერ იყენებდნენ. ამის საფუძველზე კი, მთავრობას მათთვის ამ უფლებების ჩამორთმევა შეეძლო. რასაკვირველია, ასეთი პოლიტიკა წყლის რესურსების ფლანგვას განაპირობებს, რადგან უფრო ყაირათიან მომხმარებლებლს მათზე ხელი აღარ მიუწვდებათ.
იმის გამო, რომ სახელისუფლო პროექტებისა და სხვა სუბსიდიების შედეგად წყლის ფასი ხელოვნურად დაბალი იყო, მიწათმოქმედებისა და ბინათშენებლობის ისეთი ფორმები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის რესურსების ინტენსიურ ხარჯვას მოითხოვდა. არადა, წყლის რესურსებზე საკუთრებითი უფლებების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის დაშვების შემთხვევაში, როდესაც წყალზე მოთხოვნა-მიწოდებას საბაზრო ფასები მოაწესრიგებენ, მესაკუთრეები მოტივირებული იქნებოდნენ, რომ ისეთ ნარგავები გაეხარებინათ და ლანდშაფტური დეკორირების ისეთ ხერხები გამოეყენებინათ, რომლებიც ინტენსიურ მორწყვას და წყლის ხარჯვას არ საჭიროებენ.
ათწლეულების განმავლობაში, ამერიკის დასავლეთში წყლის უკმარობა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგი იყო. ამ საკითხის გადაწყვეტას ის საირიგაციო სისტემების (წყალსაქაჩების, არხების, კაშხლების და სხვ.) ქსელის განვითარებით ცდილობდა, თუმცა შესაბამის ეკონომიკურ თუ გარემოსდაცვით დანახარჟებს დიდ ყურადღებას არ აქცევდა. „ხაზინის სახრავი“ პროექტები გარკვეული ჯგუფების გამორჩენის მიზნით ხორციელდებოდა. ასე მაგალითად, „California Aqueduct“ („კალიფორნიის წყალსადენი“, რედ. შენიშვ.) განხორციელება ფედერალურმა მთავრობამ იმის ანგარიშგაუწევლად წამოიწყო, მოხერხდებოდა ოდესმე მისი თვითდაფინანსებაზე გადასვლა თუ არა. ყოველი ახალი წყალმომარაგების სისტემის ამოქმედებასთან ერთად, წყლის რესურსების ფლანგვა და ბიუროკრატების ქმედებების შედეგად გამოწვეული წყლის რესურსების უკმარისობა სულ უფრო მწვავდებოდა, რადგან წყლის სუბსიდირებული ფასები საბაზრო ფასებზე უფრო დაბალი იყო და არარაციონალურად იხარჯებოდა.
წყლის რესურსებზე საკუთრებითი უფლებების თავისუფალი ბაზრის არარსებობის გამო, წყალსაცავები, ტბები, მდინარეები და მიწისქვეშა წყლები განადგურების პირზე იყო მისული. ხოლო იქ, სადაც ამგვარი საკუთრებითი უფლებები აღიარებული იყო, მესაკუთრეები კეთილგონივრულად მართავდნენ და განადგურებისგან იცავდნენ წლის რესურსებს.
ჰაერის დაბინძურება
მარეგულირებელი უფლებებით აღჭურვილი გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) აწესებს სტანდარტებს, რომელთა დაცვა თანაბრად მოეთხოვება ყველას, ვინც ჰაერს მავნე ნივთიერებებით აბინძურებს, მიუხედავად სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებული დახარჯების სიდიდისა. ჰაერის დაბინძურება ხალხისთვის გამოსადეგი მრავალი სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების წარმოების არასასურველ თანმდევ შედეგს წარმოადგენს, როდესაც საკუთრებითი უფლებები, მათ შორის ჰაერზე, ბოლომდე დაცული არ არის. ჰაერზე ,,საზოგადო“ საკუთრების პირობებში, მისი დაბინძურება არსებითად შეუზღუდავად შეიძლება, რაც ნიშნავს რომ დამბინძურებელს არაფერი არ უჯდება. მაგრამ თუკი იმათ ვინც ჰაერს აბინძურებს, მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაეკისრებოდათ, მაშინ ისინიეკონომიკური მოსაზრებების გამო შეეცდებოდნენ, რომ ჰაერის დაბინძურება შეემცირებინათ ან აღმოეფხვრათ. მაშასადამე, დაბინძურების აღმოფხვრის მიზეზი თავად დამბინძურებლებს გაუჩნდებოდათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხების ქონებრივ უფლებებსა და ბაზრის კანონზომიერებებზე მორგებული რეფორმების გზით მოგვარებას, მეტწილად სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების დაკარგვის შიშით, თავად EPA-ს ბიუროკრატები ეწინააღმდეგებოდნენ. მკაცრი და ძვირი სტანდარტების წინააღმდეგ საყოველთაო უკმაყოფილების ჩაცხრომის მიზნით, EPA-მ ისეთ დიდ მეტროპოლიებში, როგორიც სამხრეთ კალიფორნიაა, ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრის ახალი სისტემების დანერგვა დაიწყო. ეს პროექტები სამთავრობო უწყებების მიერ ჰაერის განსაზღვრულ დონზე ზემოთ დაბინძურების უფლებებით ვაჭრობას გულისხმობდა. მოცემულ სივრცეში “დაბინძურების უფლება“ საწარმოებს გარკვეული ანაზღაურების საფასურად ეძლეოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კვაზისაბაზრო უფლებების დაშვება წინ გადადგმული ნაბიჯია, ახალი სისტემაც პოლიტიკურ ქარტეხილებსა და ბიუროკრატების ნებასურვილებს ემოჩილება, ხოლო საგანგებო ინტერესების ჯგუფების მიერ ბუნებათსარგებლობის წესების დარღვევის შესაძლებლობა კვლავ დიდია.
რესურსების არაეფექტური გადანაწილების კიდევ ერთი მაგალითია კანონი ჰაერის სისუფთავის შესახებ (Clean Air Amendments) რომლებიც 1977 წელს მიიღეს. ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ქვანახშირზე მომუშავე ყველა ახალ ქარხანას, სპეციალური გაზის მილი უნდა ჰქონოდა, გოგირდის ნახშიროJანგის გაწოვის მიზნით. ეს კანონი ყველა ქარხნისთვის სავალდებულო იყო, მათ შორის იქაც კი, სადაც გოგირდის ნახშიროJანგის დაბალი შემცველობის მქონე ქვანახშირს იყენებდნენ. რასაკვირველია, ეს მოთხოვნაც ძირითადად პოლიტიკური ზეწოლით იყო მიღებული. ამერიკის დასავლეთში მოპოვებული ქვანახშირი გოგირდის ნახშიროჟანგის დაბალი შემცველობით, ხოლო შუადასავლეთში და აპალაჩებში კი, გოგირდის ნახშიროჟანგის მაღალი შემცველობით ხასიათდება. თუ იმ ქარხნებს, რომლებიც გოგირდის ნახშიროჟანგის დაბალი შემცველობის ქვანახშირს იყენებდნენ არ მოსთხოვდნენ ამ გამწოვი მილების დამონტაჟებას, დასავლეთში მოპოვებული ქვანახშირი, შუადასავლეთში და აპალაჩებში მოპოვებული ქვანახშირზე უფრო მიმზიდველი გახდებოდა.
ალბათ არ არის შემთხვევითი, რომ როდესაც ეს კანონი იქნა მიღებული, კონგრესის ორივე შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე და სენატის უმრავლესობის ლიდერი დასავლეთ ვირჯინიის შტატიდან იყვნენ. თეთრ სახლს და კონგრესსაც შესანიშნავად ესმოდა, რომ მხოლოდ დასავლეთ ვირჯინიელი მაღაროელები შედიოდნენ United Mines Worker-ის გაერთიანებაში, რომელიც გარკვეული ინტერესების მქონე ადამიანთა უაღრესად ორგანიზებულ ჯგუფს წარმოადგენდა და მათი ხმები საარჩევნო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
დასავლეთის მიწები
ფედერალური მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიის დაახლოებით ერთი მესამედის მესაკუთრეა. ამ მიწების უმეტესობა დასავლეთში მდებარეობს. მიწის ფედერალური პოლიტიკის შედეგად დასავლეთის ტერიტორიები უაღრესად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1970-იანი წლების მიწურულს მომხდარი ამბოხება, რომელსაც “საგებრაშის ამბოხების” სახელით იცნობენ, სამწუხაროდ მხოლოდ კარტერის ადმინისტრაციის ქმედებებისადმი საპასუხო პოლიტიკური ნაბიჯი იყო და მეტი არაფერი. მის მიზანს ფედერალური მიწების შტატებზე გადაქვემდებარება წარმოადგენდა. თუმცა, შტატების მთავრობების მიერ ამ მიწების მართვას, „საზოგადო“ ხასიათის შენარჩუნების გამო, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიული ზედამხედველობა უფრო უშუალო გახდა.
BLM-ის, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა (USDA) და სხვა ფედერალური სააგენტოს მხრიდან არასწორი მართვით განპირობებული ყველა სავალალო შედეგის გამოსწორება პრივატიზაციის შემთხვევაში შეიძლება. კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებსა და რესურსებს შორის ხარისხობრივი განსხავავება ძალიან დიდია. ფედერალური და შტატების მიწებისგან განსხვავებით, კერძო მიწების მართვის ხარისხი ბევრად მაღალია. „ბოისე კასკეიდსა” და სხვა კერძო ტყეებში რესურსების განადგურება, გამოფიტვა და ნიადაგის ეროზია არ შეიმჩნევა და არც ტყეები იკაფება პირწმინდად. ინტენსიური ძოვებით გაპარტახებულ მიწებს კერძო რანჩოებზეც ვერ ნახავთ.
დასავლეთის მიწების პრივატიზაცია კიდევ ერთი წინააღმდეგობის დასაძლევად გამოდგებოდა, რომელზეც არც თუ ისე ხშირად საუბრობენ, ესაა ამერიკის დამოკიდებულება ისეთი მინერალების იმპორტზე, როგორიცაა კოლუმბიტი, სტრონციუმი, ტიტანი, მანგანუმი, ქრომი და კობალტი. ამ მინერალებით უაღრესად მდიდარი მიწები სახელმწიფო საკუთრებაშია, რის გამოც მათი მოპოვება და წარმოება კერძო კომპანიებისთვის მიუწვდომელია. ეს მიწები კერძო მფლობელობაში რომ იყოს, ბაზარზე არსებული მოთხოვნაც მეტნაკლებად დაკმაყოფილებული იქნებოდა და ამ უაღრესად მნიშვნელოვანი მინერალების ფასებსაც ბაზარი განსაზღვრავდა.
ტყეები
ამერიკის ტყეებით დაფარული ტერიტორიების დაახლოებით ასი მილიონი აკრი მთავრობის საკუთრებაშია, რის გამოც ხე-ტყის გადამამუშავებლებსა და გარემოსდამცველებს შორის დაპირისპირება გარდაუვალია. ამ ორივე ჟგუფის წარმომადგენლებს სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ეს “საზოგადო“ რესურსი. გამომდინარე იქედან, რომ საბაზრო კანონზომიერებები ამ ვითარებაში ვერ მოქმედებენ, ხე-ტყის სხვადასხვა მოხმარებას შორის რეალური ღირებულებისა და შესაბამისად, მოსალოდნელი სარგებლის დადგენა, ისევე როგორც სწორი გადაწყვეტილებების მიღება, შეუძლებელი ხდება. ამის ნაცვლად გადაწყვეტილებები მხოლოდ იმ პირების კარნახითა და გავლენით მიიღება, რომლებიც მიწის რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების მოთაფვლას ყველაზე უფრო დიდი წარმატებით მოახერხებენ. გამომდინარე იქედან, რომ რესურსის გადანაწილების მიზნით ბიუროკრატიული წესების მიხედვით პოლიტიკური თამაშში ჩართვა ყველას ერთნაირად არ ძალუძს, რესურსის განაწილებაც თავისუფალ ბაზართან შედარებით გაცილებით არასამართლიანი წესით ხდება და ძირითადად განსაზღვრულ პირთა (დაწყებული კერძო კომპანიებიდან, დამთავრებული მდიდარი გარემოსდაცვითი ორგანიზაციებით) მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება. ეს პირები და ორგანიზაციები წარმატებით ახერხებენ სამთავრობო წრეების დარწმუნებას, რომ მათი პატივმოყვარე გეგმები საზოგადოების ხარჯზე უნდა დაფინანსდეს.
წინააღმდეგობების მოგვარება ამ შემთხვევაშიც პრივატიზაციას შეუძლია. ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანიებისა (ისევე როგორც მათი მომხმარებლების) და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ვარაუდები რესურსების ღირებულების შესახებ, მხოლოდ თავისუფალ ბაზარზე შეფასებული და გადახდილი ფასის საფუძველზე შეჯერდება. გარდა ამისა, თუ ფედერალური მთავრობის საკუთრებაში მყოფი ტყეები ტენდერის იმ მონაწილეს გადაეცემა, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის, მიღებული მილიარდობით დოლარის სახელმწიფო ვალის ან სოციალური დაცვის სისტემის დავალიანების დასაფარად დაიხარჯება.
ბუნებრივი რესურსების პრივატიზაცია
გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებისა და გარეულ ცხოველთა სამყაროს შენარჩუნების მხარდამჭერებს პრივატიზაციის არ უნდა ეშინოდეთ. კერძო მესაკუთრეები თავიანთი მიწის ყოველ აკრს უაღრესი მზრუნველობით ეკიდებიან და ეს რესურსი მათთვის უაღრესად ღირებულია. ბუნებრივია, ზოგიერთ მიწაზე პირველქმნილი ბუნების შენარჩუნება უფრო სასარგებლოა, ვიდრე მისი ხე-ტყის საწარმოებლად გამოყენება. ზოგიერთ ფართობზე კურორტის მოწყობა უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე წიაღისეულის მოპოვება. მაგრამ იმის შეაფასება, თუ რომელი მიწის ფართის რა დანიშნულებით გამოყენება იქნება უფრო სარფიანი, მხოლოდ თავისუფალ ბაზარზე შემოთავაზებული და გადახდილი ფასის მიხედვით შეიძლება. თანაც ამ პროცესში ყველას შეეძლება მონაწილეობა და არა მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც ასე მოხერხებულად შეუძლიათ პოლიტიკოსების მოთაფვლა.
კერძო მიწების მართვა ყოველთვის ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე სახელმწიფო მიწების მართვა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში შედეგიანი მართვისთვის საჭირო ცოდნას უშუალოდ მფლობელს ფლობს. გარდა ამისა, კერძო მესაკუთრეებს მიწის ყაირათიანი მართვის უფრო მეტი სტიმული გააჩნიათ, ვიდრე პოლიტიკურ-ბიუროკრატიული გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს.
პრივატიზაციის შედეგად მიწის მართვის ხარისხის გაუმჯობესება სავსებით მოსალოდნელი, რომ არის, ამას კერძო საკუთრებაში არსებული ასობით ნაკრძალის მდგომარეობა ცხადყოფს. ამის მაგალითია Audubon Sosiety,s Eainey Wildlife Sanctuary (ოდუბონის საზოგადოების „რეინის ველური ბუნების ნაკრძალი”, რედ. შენიშ.) ვერმილიონ პერიშში, ლუიზიანის შტატი, სადაც წარმატებით უთავსებენ ველური ბუნების მოვლასა და ნავთობის მოპოვებას. ნაკრძალის ღირებულების გაზრდის მიზნით, ოდუბონის საზოგადოებამ გულდასმით შეისწავლა და შეაფასა მის საკუთრებაში მყოფი მიწების მდგომარეობა და აღმოაჩინა, რომ გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს არ უპირისპირდება. The Nature Concervancy („ბუნების შენარჩუნება”, რედ. შენიშვ.) კიდევ ერთი ბუნებისდამცავი ჯგუფია, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად, ერთობ წარმატებულად იყენებს პრივატიზაციას. ეს ჯგუფი ეკოლოგიურად ფაქიზ ფართოებებს ყიდულობს და მართავს. ასე მაგალითად, არიზონას შტატში არსებულ Mile Hi-Ramsey Canyon Preservation-ს („მაილ ჰაირამსეის კანიონს”, რედ. შენიშვ.) სწორედ ,,ბუნების შენარჩუნება” ინახავს, იმის ხარჯზე რომ დამთვალიერებლებს იზიდავს და გარკვეულ საფასურად მათთვის საცხოვრებელ პირობებს, საკვებს და ლაშქრობებს უზრუნველყოფს.
მიწების პრივატიზაციის მაგალითების შესწავლამ უაღრესად დადებითი შედეგები წარმოაჩინა. კერძო მესაკუთრეებს (მათ შორის ბუნებისდაცვით ჟგუფებს) ყველა საჭირო მიზეზი გააჩნდათ იმისთვის, რომ კუთვნილი მიწები ყაირათიანად მართონ და გარემოს დაზიანება თავიდან აიცილონ, რაც პოლიტიკურ-ბიუროკრატიული მართვის შემთხვევაში გარდაუვალია.
თავისუფალი ბაზრის გარემოსდაცვითი ასპექტები
გავრცელებულია აზრი, რომ საბაზრო პროცესები აუცილებლად დაკავშირებულია პირად დაპირისპირებებთან და შესაბამისად, ბუნებრივი გარემოს გაუარესებასთან. ასევე ვარაუდობენ, რომ მთავრობის მოვალეობა ისედაც მწირი რესურსების გონივრული მართვა უნდა იყოს. მაგრამ ეს ასე არ არის, რადგანაც ბუნებათსარგებლობის იმ წინააღმდეგობების მოგვარება, რომლებიც ისტორიულად არსებობდა და დღესაც მოუგვარებელი რჩება, მხოლოდ კერძო საკუთრებისა და ნებაყოფლობითი გაცვლითი ურთიერთობების შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ თითოეულ ადამიანს რესურსის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობის ურთიერთშეფასების საშუალებას მივცემთ, რესურსი უფრო ეფექტურად იქნება გამოყენებული, ვიდრე მანამდე. მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ექნება ადამიანებს რესურსების ყაირათიანი მართვის შესაძლებლობა, საკუთარი და მემკვიდრეების სიმდიდრის გაზრდის მიზნით. ეს კი მხოლოდ კერძო საკუთრების პირობებში და თავისუფალი საბაზრო ინსტიტუტების მეშვეობით არის შესაძლებელი.
პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების მიერ რესურსების მართვის შემთხვევაში კი, სრულიად საწინააღმდეგო ვითარება იქნება, რადგანაც მათი გადაწყვეტილებების შეფასება შეუძლებელია. ისინი, როგორც წესი მხოლოდ მოკლევადიან გეგმებს ადგენენ და მათი მიზნები მომდევნო საარჩევნო ან საბიუჯეტო ციკლზე ფიქრით შემოიფარგლება. ცხადია, რომ ასეთი მიდგომას, რაც „საზიაროობის ტრაგედიის” სახელითაა ცნობილი, გარემოსთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს. გარკვეული ინტერესების მქონე ჯგუფები, რომლებსაც სხვა ადამიანების საკუთრების თავისი შეხედულებებისამებრ გამოყენება სურთ, ერთმანეთს ეპაექრებიან, რომ არა საზოგადოების, არამედ პოლიტიკოსების ნდობა მოიპოვონ. პოლიტიკური ძალაუფლების მიწათმფლობელებისა და მეწარმებისგან იმ ბუნებისდამცავებისა და მათი მხარდამჭერების ხელში გადასვლის შემთხვევებმა, რომლებიც პოლიტიკურ-ბიუროკრატიული მანქანის უფლებამოსილების გაზრდას უჭერენ მხარს, დროულად უნდა მიგვანიშნოს, რომ პოლიტიკურ-ბიუროკრატიულ მართვაზე უარი უნდა ვთქვათ და უპირატესობა კერძო ქონებრივ უფლებებს მივანიჭოთ.
რესურსების გადანაწილების პოლიტიკურ-ბიუროკრატიული გზა ყოველთვის გულისხმობს, რომ ერთი ადამიანი წააგებს, ხოლო მეორე კი მოიგებს. საბაზრო ურთიერთობების პირობებში, სადაც თანამშრომლობა აუცილებლად ნებაყოფლობითი გაცვლას ეფუძნება, ყველა მონაწილე მოგებული, ხოლო თავად გარემო კი, სათანადოდ დაცული რჩება.
---------------------------------------
დევიდ თერო
,,თავისუფალი ინსტიტუტის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი, აგრეთვე ,,თავისუფალი მიმომხილველის“ გამომცემელია. თერო ისეთი ცნობილი შრომების ავტორია, როგორებიცაა: ,,ენეგეტიკული კრიზისი, კერძო უფლებები და საჯარო მიწები“, ,,პოლიტიკა და ტირანია“. თავისუფალი ბაზრისა და ეკოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილი მისი სტატიები ხშირად წამყვან ამერიკულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდება და ამ თემებზე სასაუბროდ მას სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო სატელივიზიო არხებზეც რეგულარულად იწვევენ. თერო ,,ამერიკული პოლიტიკის ენციკლოპედიის“ ერთ-ერთი თანაავტორი და მთელი რიგი სახელმწიფო კომისიების წევრია, გარდა ამისა თავისუფალი საზოგადოების განათლების ტემპლეტონის სახელობის კოლეგიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.
გამოქვეყნდა 1994 წელს