საკითხი, რომელსაც დღეს მინდა შევეხო, მოკლედ რომ ვთქვა, არის მდგომარეობა, რომელშიც ახალი ზელანდია აღმოჩნდა 1984 წლისთვის. ამასთანავე, შევეხები იმას, თუ როგორ მოვახერხეთ გამოვსულიყავით იმ ქაოსიდან. დავახასიათებ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ მთელი ამ პრობლემების გადასაჭრელად. უფრო დეტალურად კი იმ შედეგებზე შევჩერდები, რომლებიც ამ პოლიტიკის განხორციელებამ მოიტანა. ბოლოს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაკვეთილებს გაგაცნობთ, რომლის სწავლაც შეიძლება ახალი ზელანდიის გამოცდილებიდან.
მოკლედ ახალი ზელანდიის წარსული ეკონომიკური პრობლემების შესახებ
1984 წლამდე განვლილ ათწლეულში ახალი ზელანდიის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ იყო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მონაცემის ნახევრის ტოლი, ხოლო ინფლაცია – ამავე მონაცემების საშუალოზე 1,5-ჯერ მაღალი. სამთავრობო ხარჯები შიდა ეროვნული პროდუქციის 29 პროცენტიდან 39 პროცენტამდე გაიზარდა, რომლის დიდი ნაწილიც სხვადასხვა სამთავრობო ბიზნესსააგენტოებში იყო დაფარული. სუფთა სახელმწიფო დავალიანება 6ჯერ გაიზარდა და ამ ვალების მომსახურების ფასმა 6,5 პროცენტიდან დაახლოებით 20 პროცენტამდე აიწია. უმუშევრობა გაიზარდა 5 000-დან 132 000-მდე და არ არსებობდა მისი შეჩერების არავითარი ნიშანი. თუკი უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ მოვლენებს 1984 წლამდე განვლილი 25 წლის მანძილზე, ახალი ზელანდიის პროდუქტიულობის საშუალო ყოველწლიური ზრდა ყველაზე დაბალი იყო განვითარებულ ქვეყნებს შორის. ახალი ზელანდიის ცხოვრების შედარებითი სტანდარტი მსოფლიოში მესამე ადგილიდან, რომელიც მას ეჭირა 1950-იან წლებში, სადღაც 20-მდე ჩამოვიდა. სხვაგვარად რომ შევხედოთ, 1960 წლიდან 1990 წლამდე ახალ ზელანდიას რომ მოეხერხებინა მიეღწია განვითარებული მსოფლიოს ზრდის მაჩვენებლისთვის, ჩვენი ცხოვრების სტანდარტი 1990 წელს იქნებოდა ორჯერ უფრო მეტი ვიდრე ის იყო რეალურად. ეს მიუთითებს თუ რამდენად მძიმე იყო ქვეყნის მდგომარეობა იმ პერიოდში. ამის კიდევ ერთი მაჩვენებელია ის, რომ 1967 წელს 1 ახალზელანდიური დოლარი უდრიდა 1,43 აშშ დოლარს. 1984 წლისთვის ის 43 აშშ ცენტის ტოლფასი იყო.
რა იყო ეკონომიკური რეჟიმის კონტროლის ძირითადი ელემენტები როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 1984 წელს? დადგენილებებით გაყინული იყო ყველა ხელფასი, ფასები, დივიდენდები, რენტა და საპროცენტო განაკვეთები. ასევე გაყინული იყო ყველა სამთავრობო მომსახურების ფასი და გადასახადები. ჩვენ კონტროლი გვქონდა დაწესებული ვალუტის გადაცვლაზე, რომელიც სარეზერვო ბანკის მიერ დადგენილი წესებით ზღუდავდა ყველა გადარიცხვას უცხოურ ვალუტაში. ასევე გვქონდა დაწესებული რაოდენობრივი ლიცენზირება იმპორტზე, რათა დაგვეცვა ეროვნული ბაზარი და დაგვეთმო იგი ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი სუბსიდირება ყველა დიდი საექსპორტო სექტორისთვის. გვქონდა ძალიან მაღალი ტარიფები იმ პროდუქციაზე, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იწარმოებოდა და – დაბალი ან ნულოვანი ტარიფები ჩვენი ინდუსტრიისთვის. გვქონდა მოთხოვნები ფინანსური ორგანიზაციების მიმართ, შეენარჩუნებინათ სამთავრობო ობლიგაციები ბაზარზე არსებულზე დაბალი საპროცენტო განაკვეთებით.
არსებობდა აკრძალვა, რომ საზოგადოებრივი სექტორის საპენსიო ფონდები არსად არ დაბანდებულიყო სამთავრობო აქციების გარდა. ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო დაცვა და სახელმწიფო მფლობელობაში იყო არასაბაზრო სექტორები: ტრანსპორტი, ენერგია, კომუნიკაციები, ფინანსები, მშენებლობა და სხვ.
როგორ აღმოჩნდა ახალი ზელანდია ამ ტიპის სტრუქტურულ დისბალანსში? პირველ რიგში, რაც სამთავრობო პოლიტიკამ დაამახინჯა, იყო მსოფლიო ეკონომიკური პროცესებიდან მომდინარე ფასების სიგნალები რესურსების საუკეთესოდ გამოყენების შესახებ, განსაკუთრებით ეს შეეხებოდა ტარიფებისა და იმპორტის კონტროლს. რესურსების ეფექტიანად გამოყენებით ეკონომიკური ზრდის მიღწევის მაგივრად მაკროეკონომიკური პოლიტიკა კონცენტრირებული იყო სტაბილურობის შენარჩუნებაზე. მარეგულირებელი პოლიტიკა, რომელშიც მე ვგულისხმობ შრომის, ვაჭრობის და კომერციული საქმიანობის შესახებ კანონებს, მიმართული იყო ეფექტიანობისა და ინოვაციის საწინააღმდეგოდ. ისინი გამოყენებული იყო პროტექციისა და სტაბილიზაციისთვის. ინფლაციამ და საგადასახადო პოლიტიკამ რესურსები რისკიანი ანდა არაპროდუქტიული საქმიანობისკენ მიმართა. ფინანსურმა კონტროლმა გამოიწვია კაპიტალის არაეფექტიანი ბაზრის ჩამოყალიბება. სოციალურმა პოლიტიკამ შედეგად მოიტანა მაღალი ზღვრული საგადასახადო განაკვეთები და ძვირადღირებული ყოველმხრივი პრივილეგიები. სამთავრობო სააგენტოების მმართველობა იყო ძალიან დაბალკვალიფიციური, ექვემდებარებოდა პროტექციას, ხორციელდებოდა სუბსიდიები და გავლენას ახდენდა ქვეყნის რესურსების დიდი ნაწილის გამოყენებაზე. მთავრობის ადმინისტრაციული საქმიანობა ვერ პასუხობდა ცვალებად პრიორიტეტებს და არაადეკვატური იყო ეფექტიანობის მიღწევის თვალსაზრისით.
რა პოლიტიკა გავატარეთ ახალ ზელანდიაში რომ მიგვეღწია სტრუქტურული ცვლილებისთვის 1984 წლის შემდეგ?
ვისთვისაც სრულიად უცნობია რა ცვლილებები მოხდა ახალ ზელანდიაში, ჯობს არ სცადონ მომხდარი ცვლილებების ყველა დეტალში გარკვევა. სანაცვლოდ მე გთავაზობთ ყურადღება მიაქციოთ ცვლილების მასშტაბურ ხასიათს და ლოგიკურობას, რომელიც ახასიათებდა ცვლილებებს.
პოლიტიკის რეფორმები: შიდა სავაჭრო საზღვრის დაცვის მოხსნა, შიდა სავაჭრო საზღვრის დაცვა, საბაჟო ტარიფები და იმპორტის ლიცენზირება მიზნად ისახავდა საშინაო პროდუქციის ზრდას. ამის მაგივრად, მათი ძირითადი ეფექტი იყო პროდუქციის შესაძლო სპექტრის შემცირება და ფასების გაზრდა. ამას შედეგად მოჰყვა ახალი ზელანდიის კონკურენტუნარიანობის შემცირება და მსოფლიო ვაჭრობის პროცესში ჩვენი მონაწილეობის შემცირება.
რა პოლიტიკა გავატარეთ ჩვენ სიტუაციის გამოსასწორებლად?
პირველი ნაბიჯი იყო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის, რაც გულისხმობდა თავისუფალ ვაჭრობას ერთმანეთის ბაზარზე. ჩვენ გავაუქმეთ იმპორტის ლიცენზირება 1980-იანი წლების შუაში. შევამცირეთ ტარიფები და დაგეგმილია მათი სრული გაუქმება 2003 წლისთვის.
ცვლილებების შემდეგი სფერო იყო მრეწველობისადმი დახმარების ლიკვიდაცია. გაზრდილი საშინაო ხარჯების კომპენსაციისა და შიდა სავაჭრო საზღვრის დაცვის შედეგად ჩვენ განვითარებული გვქონდა სუბსიდიების მზარდი სპექტრი და ექსპორტის დახმარების გარანტიები. ეს სუბსიდიები ვრცელდებოდა ფერმერულ სფეროშიც კი, ისევე, როგორც შემოსავლების მხარდაჭერასა და შემოწირულობების სუბსიდირებაზე. რა ზომები მივიღეთ ამ სფეროში? გავაუქმეთ ფასებისა და შემოსავლების მარეგულირებელი კანონები. 5-6 წლის განმავლობაში გავაუქმეთ ფერმერული სუბსიდიები. გავაუქმეთ საგადასახადო შეღავათები ექსპორტიორებისთვის. გავაუქმეთ ყველა საექსპორტო გარანტია და დაბალპროცენტიანი სასესხო ვალდებულებები. ამჟამად ახალი ზელადიის როგორც ფერმერული, ისე ინდუსტრიული სფეროები მსოფლიო საბაზრო ფასებზე დაყრდნობით იზრდება და ფართოვდება.
რეფორმების მესამე სფერო იყო საგადასახადო რეფორმა. ჩვენ გავაუქმეთ სავაჭრო გადასახადები ისე, რომ ყველა პროდუქცია თანაბრად დაბეგრილიყო. ახალ ზელანდიაში არსებული საბითუმო სავაჭრო გადასახადი ძალიან არასრულყოფილი იყო. ჩვენ შემოვიტანეთ პროდუქციისა და მომსახურების გადასახადი, ანუ, თუ გნებავთ დღგ ყველა პროდუქტზე თანაბარი განაკვეთით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფინანსური სერვისების გარდა. ჩვენ შევამცირეთ საშემოსავლო გადასახადების ზღვარი ერთ დოლარზე 66 ცენტიდან 33 ცენტამდე, ხოლო ახალი ზელანდიის მოსახლეობის უმეტესობა იბეგრება 19,5 ცენტით. ამჟამად კომპანიისა და კერძო პირის გადასახადები გათანაბრებულია. ძველი ყავლგასული რეჟიმი, რომელიც ზოგიერთი ინდუსტრიის მიმართ ფავორიტიზმით გამოირჩეოდა, საბოლოოდ ჩაბარდა ისტორიას.
ინფრასტრუქტურის რეფორმები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო
მთელი რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში. რკინიგზის მიმართ ყველა პროტექციონისტული მექანიზმი მოიხსნა. მანამდე ახალ ზელანდიაში რკინიგზა სრული პროტექციის ქვეშ იმყოფებოდა. ჩვენ შევწყვიტეთ პორტების რეგულირება და მოვახდინეთ მათი პრივატიზაცია. ტვირთის ფასები და საპორტო ხარჯები რეალურად 50 პროცენტით შემცირდა.
საშინაო ბაზარზე ავიაკომპანია Air New Zealand-ის მონოპოლია შეიცვალა ავსტრალიის ავიაკომპანია ZI-სთან კონკურენციით. მოგვიანებით მოხდა Air New Zealand-ის პრივატიზაცია.
კონკურენტულ და ტენდერულ საფუძველზე გადავიდა საავტობუსო მიმოსვლაც. ჩვენ დავუშვით თავისუფლება ტაქსების მომსახურებაში. აქ აღარ არის არც გადასახადი და არც ლიცენზია.
ასევე გაიყიდა სატელეკომუნიკაციო კომპანია Telecom New Zealand-იც. ყოველივე ამის შედეგი კი ის იყო, რომ ფასებმა დაბლა დაიწია. შიდა კომუნიკაციები გახდა უფრო სწრაფი, ზოგიერთ შემთხევაში იმას, რასაც მანამდე სჭირდებოდა 1 თვე, დღეს 1 დღე სჭირდება. შრომის სამინისტრო, რომელსაც მონოპოლია ჰქონდა – აეშენებინა ყველა შენობა ახალ ზელანდიაში და ა.შ., ჯერ კორპორაციად გადაკეთდა და შემდეგ პრივატიზდა. ტელერადიო სპექტრი აუქციონზე გაიყიდა მათზე, ვინც ყველაზე ძვირი გადაიხადა. ჩვენ ალბათ ყველაზე მეტი რადიოსადგური გვაქვს ვიდრე სადმე მთელ მსოფლიოში.
კონკურენტული პოლიტიკა
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობენ ექსპერტები, რომლებიც დეტალურად სწავლობენ სხვადასხვა მონოპოლიების ან სერვისების დომინანტური მიმწოდებლების მოღვაწეობას. მათ საქმიანობაში იგულიხმება მონოპოლიების ოპერაციების შესწავლა და მანიპულირებისაგან ბაზრის დაცვა. მაგრამ ახალ ზელანდიაში არ გვყავს ასეთი ექსპერტები. სამაგიეროდ ჩვენ ვეყრდნობით კონკურენციას, რომელსაც იცავს ბაზარზე შესვლის ყველასთვის ხელმისაწვდომი წესები, რომელიც არ უშვებს, რომ ბაზარზე მონოპოლისტური კონტროლი დაწესდეს. მთავრობა არც ერთი საწარმოს პრივატიზაციას არ ახდენდა ვიდრე არ დარწმუნდებოდა, რომ ამ სფეროში რეალური კონკურენცია იქნებოდა. ზუსტად კონკურენციას ეყრდნობა მთავრობა, როგორც ძირითად წყაროს ფასების მკვეთრი ზრდის პროფილაქტიკისთვის. ჯერჯერობით ეს ნდობა ამართლებს. ამის ძირითადი დადასტურებაა ფასების შემცირება წარსულში მთავრობის მიერ კონტროლირებადი საწარმოების პროდუქციაზე და კონკურენციის გაუმჯობესება ახალი ზელანდიის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში.
ფინანსური ბაზრების ცვლილებები
ფინანსურ ბაზრებზე შესვლის კონტროლი გაუქმდა. ახლა მსოფლიოს ნებისმიერ ბანკს, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს თავისი ფინანსური სიმყარე, შეუძლია აიღოს ლიცენზია ახალ ზელანდიაში. ჩვენ გავაუქმეთ ფორმალური კონტროლი ბანკებსა და ფინანსურ შუამავლებზე, როგორიცაა მაგალითად, პროცენტის სპეციალური ნორმები ან ინვესტიციების შეზღუდვა განსაზღვრულ სექტორებში. ინფლაციის კონტროლის ამოცანაა მისი შენარჩუნება 0-დან 3 პროცენტამდე და ამ მიზნის მისაღწევად არსებობს საჯარო კონტრაქტი ფინანსთა სამინისტროსა და სარეზერვო ბანკის მმართველს შორის.
სარეზერვო ბანკს აქვს მოქმედების დამოუკიდებლობა. სხვადასხვა სახის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ შრომის ბაზარზე გავატარეთ, იყო: უფრო სწორხაზოვანი საგადასახადო სკალის შემოღება; სოციალური დაცვის გადახდების შემცირება და მათი მიმართვა იმათზე, ვისაც ეს მართლა სჭირდებოდათ. ადრესატები განისაზღვრება უფრო მკაცრი კრიტერიუმებით; საწვრთნელი კურსები და სწავლება უმუშევრებისთვის.
საწარმოო ურთიერთობის კანონი
ადრე ჩვენ გვქონდა საწარმოო ურთიერთობის მკაცრად რეგულირებული და ცენტრალიზებული სისტემა. კანონი ინარჩუნებდა სავალდებულო წევრობას პროფესიულ კავშირებში, ეროვნულ სახელფასო ნორმებს სხვადასხვა პროფესიებისთვის, რასაც ჩვენ პრემიებს ვეძახდით და სავალდებულო არბიტრაჟს საკამათო შემთხვევებში. დასაქმების სფეროში ძალიან შეზღუდული იყო მოქნილობა და სამუშაოების შეფარდებები ძალიან ხისტი იყო. ამდენად, ხელფასები ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული. 1990-იან წლებში მთელი რიგი ცვლილებები გატარდა, მაგრამ 1991 წელს მიღებული დასაქმების კონტრაქტების კანონი მათ შორის ალბათ უმნიშვნელოვანესი იყო.
დღეს უკვე გვაქვს თავისუფალი პროფკავშირი. ახალმა კანონმა გააუქმა სავალდებულო პროფკავშირები. სანაცვლოდ კანონი გულისხმობს, რომ მოსამსახურე ინდივიდუალურად აწარმოებს მოლაპარაკებას დამქირავებელთან. ის ნებას აძლევს მოსამსახურეს დაიქირაოს აგენტი ხელფასის პირობების შესათანხმებლად. ეს აგენტი შეიძლება იყოს, და ძირითადად არის კიდეც, პროფკავშირი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი შესაძლო აგენტი.
ჩვენ გვაქვს საწარმოო შეთანხმებებიც. ასევე გავაუქმეთ ეროვნული საპრემიო სისტემა. სანაცვლოდ, ხელფასების შეთანხმება ხდება სამუშაო კონტრაქტების მიხედვით. დამქირავებლებს და მათ პერსონალს პირველად მიეცათ საშუალება საკონტრაქტო მოლაპარაკება აწარმოონ მათი კონკრეტული სამსახურის პირობების გათვალისწინებით. უკვე აღარ არის სავალდებულო ერთი და იმავე პროფესიის ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთნაირი ხელფასები მიეცეთ. ასეთმა მოქნილმა სისტემამ მნიშვნელოვნად გაზარდა სამუშაო ადგილები ახალ ზელანდიაში. ახლა უკვე გვაქვს მყარი საკონტრაქტო პირობები. ყველა კონტრაქტში გათვალისწინებულია გარკვეული ვადა, რომელსაც განსაზღვრავენ კონტრაქტორი მხარეები. კონტრაქტის მოქმედების ვადაში გაფიცვა ან საწარმოს დახურვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების საწინააღმდეგოდ, არაკანონიერ ქმედებად ითვლება. ამან განაპირობა სამეწარმეო ურთიერთობების სიმყარე.
მთლიანობაში ყველა ეს ცვლილება ხელს უწყობს ახალი სტიმულების და შესაძლებლობების გაჩენას პროდუქტიულობის გაზრდისა და დასაქმების საშუალებით.
სამთავრობო რეფორმა – ცვლილების მეოთხე მიმართულება
ბევრისთვის სამთავრობო ადმინისტრირება არის რაღაც ეზოთერული საგანი, რომელსაც არ თვლიან ეკონომიკური მენეჯმენტის ცენტრალურ ნაწილად. ახალ ზელანდიაში ჩვენ საწინააღმდეგო შეხედულება გვაქვს. ვთვლით, რომ შეუძლებელია ეკონომიკური პროცესის ეფექტიანობის მიღწევა, თუკი ეკონომიკური ურთიერთობების უდიდესი მონაწილე, მთავრობა, არაეფექტიანია. სამთავრობო დანახარჯები ახალი ზელანდიის ბიუჯეტში შეადგენს 30 პროცენტზე მეტს. ამდენად ექსპორტიორებისთვის შეუძლებელია საერთაშორისო კონკურენციის შენარჩუნება, თუ ამისთვის საჭირო სამთავრობო მომსახურება არაეფექტიანია. ახალი ზელანდიის მთავარი რეფორმები მთავრობასთან მიმართებაში სამ სფეროში განხორციელდა: პირველ რიგში ჩვენ გავაკეთეთ სამთავრობო დეპარტამენტების კორპორატიზაცია და შემდეგ პრივატიზაცია. მაგალითად, რკინიგზის სიტემაში ტვირთგადაზიდვის ხარჯები შემცირდა 50 პროცენტით. 1984 წელს ამ სისტემაში მუშაობდა 22 000 ადამიანი. დღეს კი მათი რიცხვი 4 500-ია და ტვირთგადაზიდვაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. იგივე ეხება პორტებსაც და მთელ რიგ ყოფილ სამთავრობო სტრუქტურებს. მოგვიანებით ამ საკითხს ისევ დავუბრუნდები.
მეორე სფერო არის დასაქმება საზოგადოებრივ სექტორში. სამთავრობო მენეჯმენტის ცვლილებები განხორციელდა ინსტიტუციურ სტრუქტურებსა და დასაქმების სისტემაში. მანამდე ჩვენ გვქონდა სისტემა, რომელშიც მთელი სიცოცხლის ვადით დანიშნული მომსახურეები მუშაობდნენ ადმინისტრატორებად და ატარებდნენ სამთავრობო პოლიტიკას. ისინი იყვნენ მთელი სიცოცხლის ვადით იმდენად, რამდენადაც მათი გათავისუფლება ვერ ხერხდებოდა. ჩვენ გადავედით სისტემაზე, სადაც მთავარი შტატი მუშაობს არაუმეტეს 5 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და ხელფასი განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. მაღალი რანგის მომსახურეებისთვის ჩვენ ვაკანსიებს ვაცხადებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, ჩვენ მიერ გამოცხადებული ხაზინის თავმჯდომარისა და ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაკანსიებზე ყველა მსურველის განცხადება განიხილებოდა. ეს იყო უდიდესი ცვლილება. საჯარო მომსახურეებს ენიშნება პრემიები და არ მგონია, რომ რომელიმე დეპარტამენტს დღეს გადაჭარბებული ხარჯები ჰქონდეს. დეპარტამენტის ხელმძღვანელს არ უნდა მისი პრემიის დაკარგვა.
ცვლილების კიდევ ერთი სფერო, რომელზეც მე შევჩერდები, არის სამთავრობო ფინანსური მენეჯმენტი. ჩვენ გადავედით ანგარიშების სისტემიდან, რომელიც იწყებოდა მარტში და ეყრდნობოდა ნაღდი ფულის საბუღალტრო მეთოდს და ფოკუსირდებოდა შენატანების სისტემაზე, რომელიც იწყებოდა ივნისში და ეყრდნობოდა დარიცხვის მეთოდს და ორიენტირებული იყო შედეგებზე. ეს იყო დრამატული ცვლილება საბუღალტრო საქმეებში და მთავრობის ანგარიშვალდებულების საკითხის ყველა ასპექტში. ამის სიმბოლური გამოხატვა არის მთავრობის ბალანსი და მოგებაწაგების ანგარიში. მე ვერ შევძლებ ისე დეტალურად ვისაუბრო ამ საკითხზე, როგორც ეს მსურს, მაგრამ, ნება მომეცით შევეხო ერთ ან ორ ასპექტს. საჯარო დაწესებულებების საბუღალტრო სისტემის რეფორმის სიღრმისეული მიზეზი არის ქონების გამოყენებისა და მენეჯმენტის და პროდუქციის წარმოებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღების სრულყოფილი საშუალების შექმნა.
მთლიანობაში, ფინანსური რეგლამენტაცია თავიდან შეიქმნა, რათა პასუხი გასცემოდა მთელ რიგ შეკითხვებს მენეჯმენტის საფუძვლების სფეროდან. რას ვყიდულობთ? ძველი სისტემის პირობებში ჩვენ ვიღებდით ხარჯებს, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა თუ რისთვის ვიღებდით ამ ხარჯებს. ჩვენ ასევე ვიკითხეთ რა ღირდა ეს? ძველი სისტემის პირობებში ჩვენ ვიცოდით რამდენი გადავიხადეთ ყველა მოცემული წლისთვის, მაგრამ არ გაგვაჩნდა რაიმე საზომი მიმდინარე ფასებისთვის. რისთვის გამოიყენება კაპიტალი? ვინ არის პასუხისმგებელი? ეს იყო ის კითხვები, რომელიც ჩვენ დავსვით და პასუხიც გავეცით.
რა ცვლილებები გავატარეთ ჩვენ? ახლა გვაქვს კონტრაქტები შედეგისთვის. გვაქვს კონტრაქტების სისტემა მინისტრთან. პოლიტიკოსები უკავშირდებიან დეპარტამენტს შედეგის მიღების მიზნით. ის, თუ რა სოციალური მიზნის მიღწევაა დასახული, არის მინისტრის გადასაწყვეტი. მასვე ევალება შეარჩიოს თუ რა შედეგის მიღება სურს დეპარტამენტისაგან. ხაზინის შემთხვევაში, რომლის მინისტრიც მე ვიყავი, ყველა სფეროში, იქნებოდა ეს წარმოება, სოციალური პოლიტიკა თუ საგადასახადო, ჩვენ გავაკეთეთ ჩამონათვალი თუ რა ესაჭიროებოდა სხვა ან ჩვენს დეპარტამენტს. მომდევნო სვეტში ჩამოვწერეთ რა მიდგომა იქნებოდა საჭირო თითოეული საკითხისადმი, რათა ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესებში ყოფილიყო. შემდეგ სვეტში მივუთითეთ რა დრო დაჭირდებოდა ხაზინას ყველა ამ პოლიტიკის გატარებისთვის, რათა შეგვერჩია მათი ვადები. ამის შემდეგ კი გამოვთვალეთ რა დაუჯდებოდა ქვეყანას ამ პოლიტიკის განხორციელება. შემდეგ დავსვით კითხვა, რა დაუჯდებოდა ეს ქვეყანას ან არის თუ არა შესაძლებელი ეს და როგორ უნდა გაიყიდოს? მაგალითად, პორტების რეფორმა იმ დროისთვის. ჩვენ ვფიქრობდით, რომ პორტები ღირდა ახალი ზელანდიის მთლიანი შიდა პროდუქტის სულ ცოტა 1 პროცენტი, ასე რომ, ის მოვათავსეთ სიის დასაწყისში. მე ვფიქრობ ჩვენ მივიღეთ იმის 90 პროცენტი, რასაც ველოდით. ასეთი მიდგომა კონცენტრირებული იყო უფრო იმაზე, თუ რისი მიღწევა გვინდოდა და არა რისი მიღწევა შეგვეძლო. ჩვენ გვაქვს მთავრობის ბალანსი და მოგებაწაგება. ალბათ ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელიც ყოველ 6 თვეში აქვეყნებს მოგებაწაგების ანგარიშს და ბალანსს დარიცხვის მეთოდით. ამდენად, ანგარიშგება და პასუხისმგებლობა ახლა მკვეთრად არის განსაზღვრული.
რა იყო ამ პოლიტიკის შედეგები? რა მივიღეთ?
სამთავრობო ხარჯვის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში პიკს მიაღწია 1991 წელს და დაახლოებით შეადგინა 43 ან 44 პროცენტი. დღგ შემცირდა 33 პროცენტამდე და მთავრობას დაგეგმილი აქვს მისი შემცირება 30 პროცენტის ქვემოთ. მთავრობამ 17 წლის განმავლობაში პირველად ფისკალურ გადაჭარბებას მიაღწია 1995 წელს. როდესაც ვლაპარაკობ ფისკალურ გადაჭარბებაზე მხედველობაში არ მაქვს ქონების გაყიდვიდან შემოსული მოგება. თუკი ამას გავითვალისწინებდით, მაშინ ფისკალური გადაჭარბება 1985 წლიდან გვქონდა.
წმინდა სახელმწიფო დავალიანება ამჟამად შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 25 პროცენტს, რომლის პიკიც – 50 პროცენტზე მეტი – 1991 წელს დაფიქსირდა. ვალების მომსახურების წილი სამთავრობო შემოსავლებთან მიმართებაში 20 პროცენტიდან 10 პროცენტამდე შემცირდა. როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია აცხადებს, ჩვენი საგადასახადო სისტემა ყველაზე ნაკლებ მანკიერია მთელ მსოფლიოში.
კიდევ რა შედეგები იყო? პირველი და უმთავრესი იყო ინფლაციის შემცირება. მეორე – ეკონომიკური ზრდა იქ, სადაც მანამდე ეს არ გვქონდა. რეფორმების დაწყების მომენტიდან მან მიაღწია 23 პროცენტს თავდაპირველად, შემდეგ ავიდა 46 პროცენტამდე გარკვეული პერიოდის მანძილზე და ახლა კვლავ დაუბრუნდა 23 პროცენტს. ექსპორტის ზრდა აღინიშნებოდა წარმოების პროდუქტების სფეროში, რომელიც ყოველწლიურად რეალურად იზრდებოდა დაახლოებით 15 პროცენტით. ერთერთი საინტერესო რამ, რაზე ლაპარაკის დროც არ მაქვს სამწუხაროდ, არის გაძლიერებული და ტრანსფორმირებული ეკონომიკის რეგიონული სურათი ახალ ზელანდიაში. 70-80იანი წლების სტაგნაციის პერიოდში ახალ ზელანდიაში იყო რამდენიმე რეგიონი, რომელიც განსაკუთრებით მწვავე კრიზისს განიცდიდა. ამჟამად კი ისინი ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონების რიგებში არიან. მათი აღმავლობა შედეგია სამუშაო ბაზარზე არსებული მოქნილი პოლიტიკის, შემცირებული სატრანსპორტო ხარჯების, საწარმოო საშულებების დაბალი ფასების და გაუმჯობესებული კონკურენციის. ამ ფაქტორებმა საშუალება მისცა მოვაჭრეებს საექსპორტოდ ეწარმოებინათ პროდუქცია და გაეყიდათ მსოფლიო ბაზრებზე, რაც შეუძლებელი იყო 70-80-იან წლებში. ფაქტობრივად ეკონომიკური აღმავლობა განაპირობა ზუსტად ამ რეგიონებმა და არა დიდმა ქალაქებმა ოკლენდმა და ვილინგტონმა.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას. რეფორმის შედეგად ფასები შემცირდა ძირითადი ინფრასტრუქტურების მომსახურებაზე. ეს ზემოთაც ვახსენე. პორტის ექსპლუატაციის ფასები შემცირდა 60 პროცენტით. სარკინიგზო ფრახტი რეალური ზომებით შემცირდა 50 პროცენტით. სამთავრობო ადმინისტრაცია, ისეთ სამთავრობო დეპარტამენტებში, როგორიც არის ჯანდაცვა, ხაზინა, თავდაცვა, შემცირდა. საშტატო ერთეულების რიცხვი 88 000-დან 34 000-მდე შემცირდა და ისინი ბევრად ეფექტიანია.
რა პოლიტიკური და ეკონომიკური გაკვეთილების სწავლა შეიძლება ახალი ზელანდიის გამოცდილებიდან სტრუქტურული ცვლილებების სფეროში?
პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, არის სხვადასხვა პოლიტიკის ინტერაქტიულობა, რასაც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ცალკეულ პოლიტიკას. არ არსებობს რაიმე ჯადოსნური პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის აღმავლობას. ჩვენ შემთხვევაში ცხადი იყო, რომ პოლიტიკა, რომელიც გავატარეთ პროდუქციის ბაზარზე, შეთანხმებულად მუშაობდა შრომის ბაზარზე გატარებულ პოლიტიკასთან, ისევე, როგორც ფინანსური ბაზრის და სამთავრობო სექტორის რეფორმებთან. ჩვენ რომ გაგვეტარებინა რეფორმა სასაქონლო ბაზარზე, ცალკე აღებული ეს პოლიტიკა ნამდვილად არ იქნებოდა წარმატებული. მეორე, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ თუ თქვენ აპირებთ რეფორმის დაწყებას, ის უნდა იყოს მასშტაბური. აზრი არ აქვს ზოგიერთი სფეროს გაუმჯობესებას მაშინ, როდესაც სხვა სფეროები ხელუხლებელი რჩება. ასეთ შემთხვევაში გაურკვევლობა, რომელსაც შექმნით, უფრო საზიანო იქნება, ვიდრე ის სარგებლობა, რომელიც მცირეოდენ ცვლილებებს მოჰყვება შედეგად.
კიდევ ორი რამ, რასაც მინდა შევეხო. პოლიტიკოსებმა არასწორად არ უნდა შეაფასონ მოქალაქეების ადაპტაციის უნარი. 1984 წელს ახალ ზელანდიაში ფერმერების შემოსავლის 3-დან 1 დოლარი მოდიოდა მთავრობისგან. დღეს ეს ციფრი 0-ს უდრის. მაშინ, როდესაც ისინი კარგავდნენ მთავრობის მხარდაჭერას, ჩვენი ვალუტის კურსი მაღლა იწევდა. მახსოვს გაერთიანებული ფერმერების პრეზიდენტი მოვიდა ჩემთან შეხვედრაზე 1985 წლის 1 მარტის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ჩვენმა დოლარმა 43 აშშ ცენტიდან 48-მდე აიწია, და მითხრა: „43 ცენტზე ფერმერებს ძლივს გაჰქონდათ თავი, 48 ცენტი კი საერთოდ ნონსენსია”. ჩვენ წყნარად ვისაუბრეთ და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების შემდეგ მან დატოვა ჩემი კაბინეტი. დაახლოებით 6 თვის შემდეგ ის კვლავ მოვიდა. მაშინ უკვე ჩვენი დოლარი 55 ცენტის ტოლი იყო და მან მითხრა: „48 ცენტს არა უშავდა, 55 სასაცილოა”. სამი თვის შემდეგ ის 60 ცენტი გახდა და მან მითხრა რომ 55 კიდევ, მაგრამ 60 შეუძლებელი იყო. როდესაც ის 70 ცენტი გახდა და მე ოფლს ვღვრიდი, მან მითხრა რომ 60 ცენტს არა უშავდა. ასე რომ, გეთაყვა, ნუ შეაფასებთ არასწორად ხალხის უნარს – ადაპტირება მოახდინოს ცვლილებებთან, თუ ისინი რეალურია.
შემდეგი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ რეფორმას ღუპავს არა სიჩქარე, არამედ გაურკვევლობა. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. თუ მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ თქვენი გადარწმუნება, მაშინ მთელი მათი მცდელობა მიმართული იქნება თქვენთვის აზრის შეცვლასა და ძველი წესრიგის აღდგენაზე. რეფორმა მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, თუ ხალხს სჯერა, რომ თქვენ მას ბოლომდე მიიყვანთ. მაშინ ისინი ნამდვილად ადაპტირდებიან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ნებისმიერი რეფორმისთვის არის ეფექტიანობა.
პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს ეფექტიანობა. ამაში მე ვგულისხმობ: პროდუქცია და საქონლის და სერვისის მოხმარება მაქსიმიზებული უნდა იყოს რესურსების მინიმიზაციასთან ერთად. ეს მიზანი აკმაყოფილებს ყველას, ბუნების დამცველების ჩათვლით. მაგალითად, ჩემ პირველ ბიუჯეტში გავზარდე ელექტროენერგიის ფასი 28 პროცენტით, გზის მოხმარების ხარჯი 48 პროცენტით. ყოველივე ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ ეფექტიანად დაწყებულიყო რესურსების მოხმარება. როდესაც ელექტროენერგიაზე დავაწესეთ საბაზროზე დაბალი ფასი, ინვესტორებმა ფული დააბანდეს საწარმოებში, რომლებიც ელექტროენერგიის დიდი მომხმარებლები იყვნენ, მაგრამ, რომელთაც გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, არ მოეტანათ შედარებითი სარგებელი.
გზის მოხმარების ხარჯის გაზრდა 48 პროცენტით სრულიად სხვა – ნეიტრალურობის პრინციპზე იყო დაფუძნებული. გზის მომხმარებლები იხდიდნენ სრულ ფასს ყველა საგზაო დაზიანებისთვის. ამავე დროს ჩვენ გავაუქმეთ პრივილეგიები, ან, თუ გნებავთ პროტექცია, რომელიც რკინიგზას გააჩნდა და შემოვიტანეთ ღია კონკურენცია. გავაუქმეთ გზებზე მოძრაობის სიჩქარის 40-მილიანი ლიმიტი. ამის შედეგი იყო ის, რომ ტვირთგადაზიდვის ხარჯები 50 პროცენტით შემცირდა. შტატები 22 000-დან 4 500-მდე შემცირდა. მეორე მხრივ, ბევრმა მეწარმემ, რომლებსაც ადრე დიდი ხარჯების გამო არ შეეძლოთ საზღვარგარეთ გაეყიდათ პროდუქცია, უცბად აღმოაჩინეს, რომ ეს შესაძლებელი გახდა. ამის შედეგად გაიზარდა არა მხოლოდ რეგიონული აღმავლობა, არამედ სამუშაო ადგილების რაოდენობაც.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ახალი ზელანდიის გამოცდილებიდან, არის გამჭვირვალობა.
ეს ცვლის როგორც პოლიტიკოსების, ასევე სამოქალაქო მომსახურეების ხედვას. მოვიყვან ერთ მაგალითს. როდესაც საჯარო საწარმოები გადავაქციეთ კორპორაციებად, რომელთა რიცხვი 10 იყო, ჩვენ მათ ვუთხარით „მომავალში, როგორც კორპორაციებს, თქვენ გევალებათ ერთი რამ, თქვენ იმოქმედებთ კერძო სექტორში და დაექვემდებარებით იმავე წესებს და კანონებს, რასაც კერძო სექტორის სუბიექტები ექვემდებარებიან. დღეიდან გაქვთ მხოლოდ ერთი მიზანი: მიიღოთ მოგება. მთავრობა თქვენგან მოელის იმავე მოგების მოტანას თქვენში ჩვენ მიერ ინვესტირებული კაპიტალის ხარჯზე, რამდენსაც კერძო სექტორი. თუ თქვენ გაატარებთ სოციალურ პოლიტიკას, და მათ ყველას ჰქონდა ამის პრეტენზია, რაც, როგორც ისინი აცხადებდნენ, იყო იმის მიზეზი, რომ ისინი მოგებას ვერ ქმნიდნენ, მაშინ უნდა მოხვიდეთ ჩვენთან და შეგვითანხმდეთ გვინდა თუ არა, რომ გააგრძელოთ ეს საქმიანობა. თუ გვინდა, მაშინ გადაგიხდით, თუ არა უნდა შეწყვიტოთ”.
და იცით რა მოხდა?
თავდაპირველად 10-დან მხოლოდ ერთი კორპორაცია მოვიდა და მოითხოვა სუბსიდირება. მიზეზი, რის გამოც დანარჩენები არ მოვიდნენ, ის იყო, რომ მათ აღმოაჩინეს – ღია კონკურენციის პირობებში ის, რასაც ისინი სოციალურ მომსახურებას ეძახდნენ, ფაქტობრივად იყო კარგი ბიზნესი. ის ერთი კი, რომელიც მოვიდა, იყო ფოსტა. მათ თქვეს, „ჩვენ გვაქვს 467 საფოსტო ოფისი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ბიზნესის 8 პროცენტს იძლევა. ისინი არ არის მომგებიანი. ჩვენ ხვალვე დავხურავთ მათ კომერციული მოსაზრებებიდან გამომდინარე. გინდათ რომ ასე მოხდეს, თუ გინდათ სუბსიდირება?”. ვკითხეთ რამდენი იყო საჭირო, გვიპასუხეს – 80 მლნ. დოლარი, ჩვენ შევთავაზეთ 20 მლნ. საბოლოოდ შევთანხმდით 40 მლნზე. 5 თვის შემდეგ, როდესაც ბიუჯეტს ვადგენდით, გადავწყვიტეთ, რომ ამ 40 მლნის დახარჯვა აჯობებდა განათლებასა და ჯანდაცვაზე. დავხურეთ 467 საფოსტო ოფისი ერთ დღეში. ეს შესაძლებელი გახდა გამჭვირვალობის საშუალებით. ეს არ იყო პოპულარული სვლა, მაგრამ ამის გაკეთება ჯობდა ერთ დღეში, ვიდრე 467 დღეში. ძალზე საინტერესო ფაქტია – 10 წლის გადასახედიდან ჩანს, რომ საფოსტო ოფისები ამჟამად უფრო მეტია – 500, იმ 467-ის ნაცვლად, რომელიც ჩვენ დავხურეთ. ახლა ისინი კერძო სექტორში მომუშავე სააგენტოებია და დასაქმებული ჰყავთ ხალხი.
შემდეგი საკითხი არის სახელმწიფო დაკვეთების კერძო სექტორში გადატანა
ეს არის პრივატიზაციის კარგი ფორმა. მაგალითად, ჩვენ გვქონდა სამთავრობო სტამბა, რომელსაც მონოპოლია ჰქონდა სამთავრობო დეპარტამენტების ყველა საბეჭდ სამუშაოზე, რაც ჩვენ გავაუქმეთ. შემდეგ გავყიდეთ ეს სტამბა და ამჟამად სამუშაოები სრულდება კერძო სექტორში. შედეგი იყო უფრო დაბალი ფასები, მაღალი ხარისხი და მრავალფეროვნება.
ბევრი მეუბნება „თქვენ ლეიბორისტი პოლიტიკოსი ხართ. თქვენ პარტიას მხარი დაუჭირა პროფკავშირებმა, როგორ შეგეძლოთ ამ ყველაფრის გაკეთება?”. მე მათ ვპასუხობდი, რომ თუ მოინდომებთ შეაჯამოთ ყველა ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ 1984-87 წლებში, მე შემიძლია ეს გადმოვცე სამი სიტყვით: ჩვენ გავაუქმეთ პრივილეგიები. მთავრობა არ არის არჩეული კერძო ჯგუფების ინტერესების დასაცავად. მთავრობა გახდა უფრო ეფექტური. გარიგება ასეთი იყო: თქვენ დაკარგეთ პრივილეგიები, მაგრამ მოგებული ხართ, რადგანაც ყველას პრივილეგიები გაუქმდა.
დასასრულ, მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ხარისხიან გადაწყვეტილებას მოაქვს სასურველი შედეგი.
ყოველი ცვლილების წინ ჩვენ თავს ვეკითხებოდით, იყო თუ არა ეს ახალი ზელანდიის ინტერესებში? პოლიტიკური პრობლემა, რომელსაც თქვენ შეხვდებით ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს, არის ის, რომ დანახარჯები ყოველთვის წინ წამოწეულია და ადვილად დასანახია. შედეგების დანახვას კი დრო სჭირდება და ყოველთვის ისეთი ნათელი არ არის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დავკარგეთ 18 000 სამუშაო ადგილი რკინიგზაში, მაგრამ ვერ გეტყვით საიდან მოვიდა ახალი 100 000 სამუშაო.
სადაც კი ხარისხიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, პოლიტიკური პრობლემები საბოლოოდ წყდებოდა. მაგრამ სადაც კომპრომისები დავუშვით, სადაც შუა გზაზე შევჩერდით და უხარისხო გადაწყვეტილება მივიღეთ, იქ პრობლემები კვლავ რჩება. განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვას, განათლებას და სოციალურ უზრუნველყოფას.
ვფიქრობ, აქ შემიძლია შევჩერდე. მგონი ბოლო შენიშვნებში მივუთითე, რომ ახალ ზელანდიაში ყველა პრობლემა ჯერ არ გადაგვიწყვეტია. ნათელია, რომ ჯერ კიდევ ბევრი დაუმთავრებელი საქმეა. ძირითადად ისინი სოციალური პოლიტიკის სფეროდანაა, ანუ ჯანდაცვა, განათლება და სოციალური უზრუნველყოფა. აქ მე ვგულისხმობ პენსიებს, ჯანმრთელობის საკითხებს პენსიაზე გასვლის შემდეგ, უმუშევრობის დახმარებას, ავადმყოფობის და უბედური შემთხვევების ხარჯებს და ა.შ.
ეს ის სფეროა, რომელიც ჩვენ არ მოგვიგვარებია. ეს ის სფეროა, სადაც მთავრობას სურს შეინარჩუნოს მონოპოლისტი მიმწოდებლის პოზიცია. ვიდრე არ დავიწყებთ ამ სფეროების მართვას ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ რკინიგზისა და ფოსტის შემთხვევაში, ჩვენ პრობლემებს ვერ გადავჭრით.
ჩემთვის პასუხი შედარებით ნათელია. ჩვენ კვლავ უნდა მივმართოთ თითოეულ ახალ ზელანდიელს. ფული, რომელსაც მთავრობა ახლა ხარჯავს მათი სახელით ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, უნდა დარჩეს ხალხს, რათა უზრუნველყონ თავიანთი თავი.
ფაქტობრივად მე ვთვლი, რომ დაზღვევის ბიზნესი ამ სფეროების უმრავლესობაში საკმაოდ კარგად იმუშავებდა.
დიდი მადლობა.
...................................................................................................................
როჯერ დუგლასი
გამოქვეყნდა 1998 წელს
როჯერ დუგლასი 1984-1988 წლებში ახალი ზელანდიის ლეიბორისტული მთავრობის ფინანსთა მინისტრი იყო და თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში ერთერთ ყველაზე რადიკალურ საბაზრო ურთიერთობებზე ორიენტირებულ ეკონომიკურ რეფორმაზე აგებდა პასუხს. წარმატებებისა და დამსახურებითვის მიენიჭა „სერ”-ის ტიტული