ბოლო ხანების ფასების ზრდამ და ინფლაციამ, ეროვნული ბანკზე და მონეტარულ პოლიტიკაზე მსჯელობის გააქტიურება გამოიწვია. როგორც წესი აქტიურად განიხილება ეროვნული ბანკის როლი ამ საკითხში, მისი საჭიროება და აუცილებლობა, მონეტარული ბერკეტების გამოყენების მიზანშეწონილობა. სხვადასხვა უწყების მრავალფეროვანი ინტერესი და თავად სავალუტო რეჟიმის გამართლებულობის კითხვები ისეთ ვითარებას ქმნის, რომ შეუძლებელს ხდის ამ საკითხზე რამე შეთანხმების მიღწევას.

 

თუმცა მე არ მეჩვენება, რომ აქ საქმე ძალიან რთულად არის და არ შეიძლება იმის მიხვედრა, თუ სად არის სიმართლე და სად დემაგოგია. სიმართლე ხომ სიმართლეა და დემაგოგიის უკან რაღაც ინტერესები დგას. ოღონდ უნდა დავინახოთ რა არის მთავარი არგუმენტი. მთავარი არგუმენტი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ის კი არ არის, რაზეც მიდის კამათი. არამედ სხვა რამ, რაზეც ამ წერილის ბოლოს მიწერია, კონკრეტული ფაქტების შემდეგ. მაინტერესებს მონეტარისტები (თუ ნეო კეინსიანისტები 🙂 ) როგორ მოახერხებენ ამ ფაქტების უარყოფას! 😉

მანამდე კი შევეცდები მარტივი მაგალითებით ავხსნა ერთი რამ, რაც აჩვენებს რამდენად არადამაჯერებლად გამოიყურება ზოგიერთი არგუმენტი, რაც მოყავთ ხოლმე ამა თუ იმ უწყების ქმედებათა გასამართლებლად:

მაგალითი1. ჭინკა ოთახში
ჩემს ოთახში ჭინკა ცხოვრობს, ის უხილავია, უჩუმრად მოძრაობს, არც სუნი აქვს და საერთოდ არანაირად არ დაიკვირვება, ეგეთია ჭინკის ბუნება. თუმცა რაღაცა რომ გაფუჭდება, ჭინკის ბრალია: ჭიქა დავარდა და გატყდა? - ჭინკამ გადმოაგდო - იმის ბრალია!

ახლა თუ მაგრები ხართ, მოდით და დამიმტკიცეთ რომ ჭინკა არ არსებობს. ვერ დაამტკიცებთ, იმიტომ რომ ჭინკის არ არსებობას ვერ დაამტკიცებ, ანუ ეს ამბავი არ არის გაყალბებადი, მეცნიერული ენით რომ ვთქვათ. და რადგან გაყალბებადი არ არის, მეცნიერულიც არ არის, საერთოდ არასერიოზულია ასეთი რამის განხილვა სერიოზულად.

მაგალითი2. ეგზოგენური ფაქტორი
სომხეთ-აზერბაიჯანის ომი ნამდვილად არის ეგზოგენური ფაქტორი, მაგრამ ამან გამოიწვია მაღალი ინფლაციაო, რომ აცხადებს უწყების ხელმძღვანელი, რა გამოდის? რანაირად გამოვიდა რომ უფრო მაღალი ინფლაცია გვაქვს, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანს? რა უნდა თქვას კაცმა ამაზე? ამის სერიოზულად განხილვა მგონი უფრო არასერიოზულია, ვიდრე მაგალითი1-ია!

საერთოდ, ნამდვილად არსებობს ეგზოგენური ფაქტორები, ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. ეროვნული ბანკის არსებობის გამართლება სწორედ ეგ არის: გაატაროს ისეთი მონეტარული პოლიტიკა, რომ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს არ გაცდეს. თუკი ის ამას ვერ ახერხებს და ეგზოგენური მოვლენების ტალღები თავის ჭკუაზე ათამაშებს, რა ჯანდაბად არის საჭირო საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ)? დოლარი რომ გვქონდეს საგადამხდელო საშუალებად ან ევრო, ხომ ბევრად ნაკლები იქნება ამ ეგზოგენური ფაქტორების გავლენა?

აა, ბოდიში, დიადი მიზნები დამავიწყდა, ეროვნულ ბანკს ხომ დიადი მიზნები აქვს კიდე, ეკონომიკა უნდა განავითაროს (მაპატიეთ ირონია).

მოკლედ, სებ-ისავე პოზიციიდან ძალიან საეჭვოა მისი აუცილებლობა!

ახლა რამდენიმე ფაქტი. ეს ფაქტები მართლა ფაქტებია და არა ყურით მოთრეული ‘ეგზოგენური ფაქტორები’. მოყვანილ რიცხვებში შეიძლება პატარა ცდომილება იყოს, მაგრამ ძირითადში ასეა და იმ ცდომილებას მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი მსჯელობისათვის. (იმედია აღნიშვნებში გარკვევა არ გაგიჭირდებათ, მარტივია).

ფაქტი1: 100USD1813 = 51.13USD1913

ანუ, მე თუ 100 დოლარი ვიშოვე 1813 წელს, 1913 წლისთვის ის 100 დოლარი უფრო მეტს ყიდულობს (თითქმის ორჯერ მეტს). ეს ჩემთვის მისაღებია, რადგან ადრე გაწეული ჩემი შრომა დღეს უფრო მეტად ფასდება, რატომაც არა?

ფაქტი2: 100USD1913 = 2322.25USD2013 ⇔ 100USD2013 = 4.27USD1913

ანუ, მე თუ 100 დოლარი ვიშოვე 1913 წელს, 2013 წლისთვის ის 100 დოლარი ყიდულობს მაშინდელზე 23-ჯერ ნაკლებს! ანუ, ჩემი მაშინდელი ნაშრომი აორთქლდა, 96% აორთქლდა (უფრო ზუსტად 95,73%, ბოდიში, ცოტა მეტი დავწერე).

ფაქტი3: 100GEL1995 = 420.08GEL2020 ⇔ 100GEL2020 = 23,80GEL1995

ანუ, მე თუ 100ლარი ვიშოვე 1995 წელს (როცა პირველად გაიცა ხელფასი ლარებში, დაახლოებით ამდენი ავიღე), რომელიც დავუშვათ შევინახე, ის 100 ლარიანი ახლა მაშინდელ 23,80 ლარს უდრის მხოლოდ, მეოთხედ საუკუნეში ჩემი გამომუშავებული ფულის სამ მეოთხედზე მეტი ამომაცალეს ჯიბიდან, სამ მეოთხედზე მეტი!

ჩვენ შეიძლება ბევრ რამეს სხვადასხვანაირად ვუყურებდეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ადამიანია, ყველაფერი ადამიანისთვის არსებობს. თუ ასე არაა, მაშინ რა არის ის დიადი მიზანი? რა მიზანია ასეთი, რომელიც თითოეულ ადამიანს აზარალებს (რაღაც პრივილიგირებული ჯგუფების გარდა), მაგრამ მიუხედავად ამისა ყველამ უნდა აიტანოს ეს ზარალი და მორჩილად გააგრძელოს შრომა იმისთვის, რომ მერე ვიღაცეებმა ჯიბიდან ამოაცალონ მისი ნაშრომი? გამიმხილეთ ეს ‘დიადი მიზანი’! ჩემს ბავშვობაში დიადი მიზანი იყო ჯერ განვითარებული სოციალიზმის და მერე კომუნიზმის აშენება. არ მინდა ბატონო, არ მაწყობს მე!

მთავარი ადამიანია, პიროვნება და არა რაღაც დიადი მიზნები!

დღეს ფაქტიურად გვაქვს მონობის მოდერნიზებული სისტემა; ადამიანის დაბმა მისგან სარგებლის მიღების მიზნით ადრე ჯაჭვით ხდებოდა, ახლა მონეტარული ბერკეტებით. აბა სცადე და გაექეცი, ჯაჭვისგან თავის დაღწევა უფრო იოლი იყო მაშინ, ვიდრე დღეს აქედან.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც არსებულ მონეტარულ სისტემას იცავს, ის ცუდი ადამიანია, არავითარ შემთხვევაში. უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობდნენ ისეთი მონათმფლობელები, რომლებიც მონებს ადამიანურად ექცეოდნენ, თუმცა იმ დროში ასეთ მონათმფლობელებსა და მათ მონებსაც ვერ წარმოედგინათ (ალბათ), როგორ შეიძლებოდა საზოგადოების მოწყობა სხვანაირად. მონათმფლობელსა და მონას შორის, ბატონსა და ყმას შორის ნორმალური ურთიერთობა ჩვეულებრივი ამბავი იყო იმ დროში (ვეფხისტყაოსანი გავიხსენოთ, შერმადინი სულ არ თვლის თავს ავთანდილისგან ჩაგრულად). მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ასეთი ურთიერთობა რამენაირად მისაღებია დღევანდელი გადასახედიდან. დღეს უმეტესობა ფიქრობს, რომ ბიუროკრატთა გარკვეულ ჯგუფს აქვს თითქოს უფლება მიითვისოს ჩვენი ნაშრომი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სწორია.

ახლა სცადეთ, შემაცვლევინეთ აზრი და გამხადეთ ე. წ. მეინსტრიმ ეკონომიკის მიმდევარი (რა უბედურებაა ეს მეინსტრიმ ეკონომიკა ნეტა? ) 😉