ავტორი: მარკ მენსონი

თარგმანი

1978 წლის 19 დეკემბერს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, მალკოლმ კოლდუელი, ისტორიული მიზნით კამბოჯაში მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდა. ეს იმდენად იშვიათი და გამორჩეული შესაძლებლობა იყო, რომ კოლდუელს გულწრფელად სჯეროდა, ამ მოგზაურობით მსოფლიოს შეცვლას შეძლებდა.
სამი დღის შემდეგ კოლდუელი წარმოუდგენლად სულელურ ვითარებაში დაიღუპა.
მალკოლმ კოლდუელი ტიპური, სრულყოფილი ინტელექტუალი გახლდათ. მან მთელი ცხოვრება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ისტორიისა და ეკონომიკური განვითარების შესწავლას მიუძღვნა. ამ თემაზე ასობით სტატია და ათზე მეტი წიგნი ჰქონდა დაწერილი. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი იყო, რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ და მის შეხედულებებს იზიარებდნენ.
მისი ნაშრომების დიდი ნაწილი აზიაში ინგლისურ კოლონიალიზმს და მის მძიმე პოლიტიკურ შედეგებს ეხებოდა. შესაბამისად, კოლდუელი ურყევ მარქსისტად ჩამოყალიბდა - იმაზე მეტად მემარცხენედ, ვიდრე ოდესმე ვინმე ყოფილა.
წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, რამდენად რადიკალურ მემარცხენესთან გვაქვს საქმე: 1960-იან წლებში კოლდუელი ჩრდილოეთ კორეას ესტუმრა და იქიდან დაბრუნებულმა ქვეყანაზე მხოლოდ დადებით კონტექსტში ისაუბრა. როდესაც ვიეტნამის ომი დაიწყო, მან სცადა ლონდონში ფონდების მოძიების ღონისძიება ჩაეტარებინა... ვიეტკონგელთა დასახმარებლად.
ამიტომ, როდესაც კამბოჯაზე კონტროლი კომუნისტმა რევოლუციონერებმა დაამყარეს, კოლდუელმა მათ მიმართ უდიდესი ენთუზიაზმი და მხარდაჭერა გამოხატა. კამბოჯის ახალ კომუნისტ ლიდერს პოლ პოტი ერქვა და მას კომუნისტური უტოპიის მისაღწევად რადიკალურად ახალი იდეები ჰქონდა — იდეები, რომლებიც მარქსისტულ თეორიაში კი არსებობდა, მაგრამ პრაქტიკაში არცერთ კომუნისტურ ქვეყანას არ გამოეცადა. კოლდუელი ათწლეულების განმავლობაში ელოდა კომუნისტ რევოლუციონერს, რომელიც მის მარქსისტულ ოცნებებს რეალობად აქცევდა. მან ირწმუნა, რომ პოლ პოტი სწორედ ეს ადამიანი იყო.
თუმცა, სიმართლე ის გახლდათ, რომ პოლ პოტი ერთდროულად სასტიკიც იყო და შეშლილიც. და ეს საკმაოდ აშკარა იყო ყველასთვის, ვინც მოვლენებს თვალს ადევნებდა. ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე პოლ პოტმა მთელი მიწების ნაციონალიზაცია მოახდინა, უცხოელები ქვეყნიდან გააძევა ან დახოცა და განათლებული კლასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გენოციდი დაიწყო. ვარაუდობენ, რომ მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში ის ქვეყნის მოსახლეობის 20%-ზე მეტის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.
(კამბოჯის „სიკვდილის მინდვრებიდან“ ამოღებული ძვლები. პოლ პოტის რეჟიმმა 2 მილიონამდე ადამიანი შეიწირა ხუთ წელზე ნაკლებ დროში.)
როდესაც კამბოჯიდან გენოციდისა და სისასტიკის შესახებ ცნობებმა გამოჟონა, კოლდუელმა ამის დაჯერებაზე უარი თქვა. ის პოლ პოტის რეჟიმს იცავდა და ამ სისასტიკეს უბრალოდ „დასავლურ კაპიტალისტურ პროპაგანდად“ მიიჩნევდა. მისმა ურყევმა მხარდაჭერამ საბოლოოდ ის შედეგი მოიტანა, რომ პოლ პოტის მთავრობისგან კამბოჯაში ჩასასვლელად ექსკლუზიური მიწვევა მიიღო. კოლდუელი დათანხმდა და 1978 წლის დეკემბერში, აზიისკენ მიმავალ იმ საბედისწერო რეისზე აღმოჩნდა.
იქ ჩასულმა კოლდუელმა ქვეყანაში იმოგზაურა. შეხვდა მთავრობის წევრებს და პირადად გაეცნო მათ პოლიტიკას. თუმცა მისი მოგზაურობის კულმინაცია ბოლო საღამო გახლდათ — პირადი შეხვედრა თავად პოლ პოტთან. გავრცელებული ინფორმაციით, მოლოდინითა და აღელვებით კოლდუელი „ეიფორიაში“ იყო. პირისპირ დარჩენისას, მათ ხანგრძლივი ინტელექტუალური საუბარი გააბეს. ენთუზიაზმით გატაცებულმა კოლდუელმა კამბოჯის რეჟიმთან დაკავშირებული თავისი იდეების გაზიარება დაიწყო. მან რჩევების მიცემა და, გავბედავ ვთქვა, ოდნავი კრიტიკაც კი წამოიწყო. პოლ პოტმა, რომელიც პროფესორებისგან ჭკუის სწავლებას არ იყო მიჩვეული, კოლდუელი იმავე ღამით მოაკვლევინა.
მალკოლმ კოლდუელი სწორედ ისაა, ვისაც მე „ინტელექტუალურ იდიოტს“ ვუწოდებ. ადამიანი ენციკლოპედიური ცოდნით, მსოფლიო დონის გონებითა და მასშტაბური იდეებით, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი წარმოდგენა არ აქვს, როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი პრაქტიკაში.
როგორც ჩანს, სამყარო სავსეა ინტელექტუალური იდიოტებით. ამის მაგალითები უსასრულოა.
ერთ-ერთ ახალ კვლევაში 30 ქცევით მეცნიერს სთხოვეს ეწინასწარმეტყველათ, რა ტიპის ჩარევა მისცემდა ადამიანებს მეტ მოტივაციას, რომ სპორტდარბაზში უფრო ხშირად ევლოთ. გაითვალისწინეთ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადამიანის ქცევას პროფესიონალურად შეისწავლიან და მათ უბრალოდ სთხოვეს ევარაუდათ, რა შეცვლიდა ამ ქცევას. მათი პროგნოზები არა მხოლოდ საშინლად მცდარი აღმოჩნდა, არამედ იმაზე უარესიც კი იყო, ვიდრე ქუჩაში შემთხვევით შერჩეული ადამიანის ვარაუდი... ან მონეტის აგდება.
თუმცა, მსგავსი შედეგი უპრეცედენტო არ არის. ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, კლინიკურ ფსიქოლოგიაში მიმდინარეობდა დებატები იმის შესახებ, თუ რომელი თერაპიული მეთოდი იყო ყველაზე ეფექტური. მკვლევრებმა წლები დახარჯეს ათასობით პაციენტისა და ათობით მეთოდის მონაცემების შესაგროვებლად. მიზანი იყო ერთხელ და სამუდამოდ გაერკვიათ, თერაპიის რომელი ფორმა იქნებოდა საუკეთესო.
კვლევამ აჩვენა, რომ თერაპიის ყველა ფორმა თითქმის უშედეგოა. ფაქტობრივად, დადგინდა, რომ კვალიფიციური კლინიკური თერაპევტები საშუალოდ უკეთეს შედეგებს ვერ დებენ, ვიდრე თქვენს პრობლემებზე შემთხვევით ადამიანთან საუბარი. კიდევ უფრო გასაკვირი ისაა, რომ თერაპევტებისთვის დამატებითი ტრენინგების ჩატარება პაციენტების შედეგებს საერთოდ არ აუმჯობესებს. შეიძლება ითქვას, რომ კლინიკური ფსიქოლოგიის მთელი სფერო, საუკეთესო შემთხვევაში, მეგობართან ლუდის სმასა და გულწრფელ საუბარზე ოდნავ უკეთესი ალტერნატივა იყო და მეტი არაფერი.
ან გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ჰეჯ-ფონდების მენეჯერების 91%-ზე მეტი ბაზარს ვერ ამარცხებს, მიუხედავად იმისა, რომ ჰეჯ-ფონდების მთავარი დანიშნულება სწორედ ბაზარზე უკეთესი უკუგების შექმნაა. ან ის ფაქტი, რომ Harvard Business Review-ს კვლევამ აჩვენა, რომ კორპორატიული ტრენინგების 75%-ზე მეტი თანამშრომლებს რეალურად ნაკლებად პროდუქტიულს ხდის. ან უახლესი კვლევები, რომელთა მიხედვითაც ტრენინგები მრავალფეროვნებისა და რასიზმის შესახებ ადამიანებს რეალურად უფრო რასისტს ხდის.
რა ჯანდაბა ხდება? სინამდვილეში რას აკეთებენ ეს „ჭკვიანი“ ადამიანები?
ყველა მოდელი მცდარია, თუმცა ზოგიერთი მათგანი – სასარგებლო
1961 წელს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ თავდაცვის მდივნად კომპანია Ford Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი, რობერტ მაკნამარა დანიშნა. მაკნამარა არასტანდარტული არჩევანი იყო. მას სამხედრო წარსული არ ჰქონდა და წარმოების ბიზნესის ექსპერტი გახლდათ.
მაკნამარა ნოვატორი იყო. იმ პერიოდში მიიჩნევდნენ, რომ აშშ-ის არმია მოძველდა და ეფექტიანობა დაკარგა. მაკნამარა უნდა მისულიყო და ყველაფერი ძირფესვიანად შეეცვალა. მისი მთავარი ინოვაცია ის იყო, რომ მან წარმოების რაოდენობრივი ანალიზი რეალურ ბრძოლის ველზე გადაიტანა. როდესაც აშშ ვიეტნამის ომში ჩაერთო, ეს ნაწილობრივ მაკნამარას თავდაჯერებულობის დამსახურებაც გახლდათ - მას სჯეროდა, რომ ადგილზე პროგრესის გაკონტროლებას ისე შეძლებდა, როგორც მსოფლიო ისტორიაში არცერთ სხვა არმიას შეეძლო. მას ომის ყველა საკვანძო ფაქტორის (შეიარაღება, ჯარების რაოდენობა, მსხვერპლი, მიწოდების ჯაჭვები და ა.შ.) საზომი, თანამედროვე მონაცემთა პანელების ეკვივალენტი ჰქონდა.
თავად ომის პროცესში კი, მისი მონაცემების ანალიზი მუდმივად ერთსა და იმავე შედეგს აჩვენებდა: აშშ იგებდა. მარტივად და დამაჯერებლად, წლიდან წლამდე.
ისინი ხარჯავდნენ ნაკლებ რესურსს, ნაკლებ ჯარს, განიცდიდნენ ნაკლებ დანაკარგს და აკონტროლებდნენ მეტ ტერიტორიას, ვიდრე მტერი. მაკნამარა ირწმუნებოდა, რომ სამხედრო გამარჯვება სულ ახლოს იყო.
წლები გადიოდა, მაგრამ ეს გამარჯვება არასოდეს დამდგარა.
იმიტომ, რომ მაკნამარას მონაცემები ყველაზე მთავარს არ ზომავდა: ჩრდილოეთ ვიეტნამელების მზაობას ტანჯვისა და სიკვდილისთვის. ამერიკული ჯარების დაბალ მორალურ სულისკვეთებას. სამხრეთ ვიეტნამის მთავრობის კორუფციას. ცვალებად პოლიტიკურ კლიმატს სამშობლოში.
სიმართლე ისაა, რომ აშშ აგებდა და აგებდა თითქმის მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ იქ ჯარები იდგნენ. თუმცა, მაკნამარას ცნობილ მონაცემებში ეს არსად ჩანდა.
ინტელექტუალები ქმნიან სამყაროს მოდელებს. თეორიულად, ეს მოდელები ასახავს და ზომავს რეალობას ისე, რომ გვაძლევს პროგრესის შეფასებისა და მომავლის პროგნოზირების საშუალებას. პრობლემა ისაა, რომ ყველაფრის გაზომვა შეუძლებელია. და თუ აღმოჩნდება, რომ გაზომვისთვის მიუწვდომელი ფაქტორები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რისი გაზომვაც შეგვიძლია - მაშინ, როგორც მაკნამარას შემთხვევაში, შენი საქმე წასულია.
მეორე საკითხია ზუსტი მონაცემების მოპოვება. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ მარტივი რამ ჩანს: უბრალოდ მიდიხარ და ზომავ იმას, რისი გაზომვაც გჭირდება. მაგრამ ირკვევა, რომ რაიმეზე სანდო მონაცემების მოძიება წარმოუდგენლად რთულია.
მაგალითად, ჯანმრთელობის სფეროში არსებობს პოპულარული კონცეფცია, რომელიც ცნობილია როგორც „ცისფერი ზონები“ (Blue Zones). ალბათ გსმენიათ მათ შესახებ. ცისფერი ზონები არის თემები მთელ მსოფლიოში, სადაც, სავარაუდოდ, 100 წელს გადაცილებული ადამიანების არაპროპორციულად დიდი რაოდენობა ცხოვრობს. გაჩნდა მოსაზრება, რომ უნდა შევისწავლოთ ეს ზონები, რათა გავარკვიოთ, როგორ ვიცხოვროთ უფრო დიდხანს. შედეგად, ბოლო 20 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის „ცისფერი ზონის“ მოდელი წარმოუდგენლად პოპულარული გახდა, რამაც დასაბამი მისცა ბესტსელერებს, მრავალმილიონიან ბიზნესს, Netflix-ის დოკუმენტურ ფილმს და ასობით პოპულარულ YouTube ვიდეოს.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ უფრო ახლოდან დაკვირვებისას, ცისფერი ზონების მიღმა არსებული მონაცემების დიდი ნაწილი... რბილად რომ ვთქვათ, ცუდია.
მაგალითად, თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ თითოეული ცისფერი ზონა მდებარეობს ისეთ ადგილას, სადაც დაბადების მოწმობები ან საეჭვოდ გვიან შემოიღეს, ან ომის დროს დიდწილად განადგურდა. ყველა ცისფერი ზონა მოიცავს ქვეყნებს, რომლებიც მე-20 საუკუნის შუა წლებში ომში იყვნენ ჩართულნი და ჰქონდათ გაწვევის ზედა ასაკობრივი ზღვარი, რაც ახალგაზრდებს უბიძგებდა თავიანთი ასაკი დაემალათ. ხუთი ცისფერი ზონიდან ორში 1960-იან წლებში საპენსიო კანონმდებლობაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, რამაც ხანდაზმულებს მეტი ფული მისცა — ესეც ასაკის გაყალბების კიდევ ერთი მოტივაციაა. ერთი მათგანი რელიგიური თემია, რომელიც ამტკიცებს, რომ ზებუნებრივი ძალები აქვთ. და რაც ყველაზე საინტერესოა: მიუხედავად იმისა, რომ ცისფერ ზონებში 100 წელს გადაცილებულთა დიდი რაოდენობაა, იქ 90 წელს გადაცილებულთა რიცხვი საეჭვოდ დაბალია.
ჰმ...
აქ მთავარი აზრი ისაა, რომ ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის „ცისფერი ზონების“ მოდელი აუცილებლად ცუდი არ არის, პრობლემა ისაა, რომ იგი მცდარ მონაცემებზეა აგებული. შესაბამისად, ის რეალობას ზუსტად ვერ ასახავს. თუმცა, ცხადია, ამაზე არავინ ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, Netflix ნამდვილად არა.
მაგრამ აი, პრობლემა... ინტელექტუალებს ავიწყდებათ, რომ მოდელები მხოლოდ მოდელებია. ისინი იწყებენ რწმენას, რომ მათი მოდელები თავად რეალობაა. ამის შედეგები კი ხშირად კატასტროფულია.
მალკოლმ კოლდუელმა 20 წელი დახარჯა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ისტორიისა და განვითარების შესწავლაზე. მან შექმნა სამყაროს იმ ნაწილის აღქმის მოდელი, რომელიც ძირითადად მარქსისტული გახლდათ. შემდეგ, როდესაც ის რეალურად ჩავიდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, შეხვდა მარქსისტს და სცადა მისთვის თავისი მოდელის შესახებ მოეყოლა — ანუ, როდესაც მის მოდელს საბოლოოდ მოუწია რეალობასთან დაპირისპირება — რეალობამ გაიმარჯვა.
რეალობა ყოველთვის იმარჯვებს.
მაგრამ ინტელექტუალებს თავიანთი მოდელებისთვის აჯილდოებენ და არა რეალობისთვის. მონაცემები და ანალიზი, რომელიც ფურცელზე ელეგანტურად გამოიყურება, პრაქტიკაში ხშირად დამღუპველია. მიუხედავად ამისა, როდესაც მათ მოდელებს რეალობა უპირისპირდება, ინტელექტუალთა უმეტესობას არ ჰყოფნის გამბედაობა მიიღოს ეს რეალობა. ნაცვლად ამისა, ისინი გაორმაგებული ძალით ებღაუჭებიან თავიანთ მოდელებს...
...და სწორედ ეს აქცევთ მათ იდიოტებად.
რატომ ანიჭებენ ინტელექტუალები უპირატესობას საკუთარ მოდელებს რეალობაზე
1968 წელს ბიოლოგმა პოლ ერლიხმა თავისი წიგნი „მოსახლეობის ბომბი“ შემდეგი წინადადებით დაიწყო: "მთელი კაცობრიობის გამოკვებისათვის ბრძოლა დასრულებულია. 1970-იან წლებში ასობით მილიონი ადამიანი შიმშილით დაიღუპება... ამ ეტაპზე აღარაფერს შეუძლია თავიდან აგვაცილოს სიკვდილიანობის მაჩვენებლის არსებითი ზრდა მსოფლიოში."
წიგნში ერლიხი ამტკიცებდა, რომ მსოფლიო ზედმეტად დასახლებული იყო და მალე კატასტროფულ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ კოლაფსს განვიცდიდით. მან იწინასწარმეტყველა, რომ ზღვის ფლორა და ფაუნა 1980 წლისთვის სრულად განადგურდებოდა, მილიარდზე მეტი ადამიანი შიმშილით მოკვდებოდა 1990 წლისთვის და ინგლისი აღარ იარსებებდა 2000 წლისთვის.
წიგნი უდიდესი ჰიტი გახდა და საფუძველი ჩაუყარა პოლიტიკურ და სოციალურ მოძრაობებს მთელ მსოფლიოში. ერლიხი საერთაშორისოდ აღიარებულ აზრის ლიდერად და გამოჩენილ ფიგურად იქცა. მასზე წერდნენ გაზეთებში და იწვევდნენ ტელევიზიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მაგრამ ის სრულად და ძირფესვიანად ცდებოდა... აბსოლუტურად ყველაფერში.
სათითაოდ, ერლიხის არცერთი პროგნოზი არ გამართლდა. ბევრ შემთხვევაში კი, პირიქითაც მოხდა. მაგრამ მას არ მიუცია უფლება რეალობისთვის (რომელიც ასეთი არასასურველი იყო), მისთვის ხელი შეეშალა. მან მხოლოდ პოზიციები გაიმყარა.
1990 წელს მან კიდევ ერთი წიგნი დაწერა. 2004 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთადერთი შეცდომა მის პირველ წიგნში ის იყო, რომ მისი პროგნოზები "ზედმეტად ოპტიმისტური" გახლდათ. 2008 წელს მან მოითხოვა, რომ მთავრობებს კანონით აეკრძალათ ხალხისთვის ორზე მეტი შვილის ყოლა. სულ ახლახან, 2024 წელსაც კი, აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საინფორმაციო გადაცემაში „60 წუთი“, მასთან ინტერვიუ ჩაწერეს მისი სავარაუდო „გარემოსდაცვითი ექსპერტიზის“ გამო.
ერლიხი ინტელექტუალური იდიოტის კლასიკური მაგალითია. აი, გვყავს ადამიანი. სუპერ განათლებული. სტენფორდის პროფესორი. ათი წელი ფიქრობს მდგრადობაზე. ქმნის მოდელს. მოდელი აკეთებს კატასტროფულ პროგნოზებს. შემდეგ ის ამ მოდელისთვის ჯილდოვდება. ეუბნებიან, რომ გენიოსია, „მხედვარია“. რომ ის იცავს პლანეტას. და კაცობრიობას. და პატარა სელაპებს. ის იღებს ფულს თავისი მოდელისთვის. იღებს ჯილდოებს. ხდება მსოფლიოში ცნობილი.
მაგრამ რეალობა საბოლოოდ ყველა მოდელს მასხრად იგდებს. ყველა მოდელი ადრე თუ გვიან მცდარი აღმოჩნდება. თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც სასარგებლოა. და ის ინტელექტუალები, რომლებიც რეალობის პირისპირ მაინც თავიანთ გამოუსადეგარ მოდელებს ებღაუჭებიან, ყველაზე დიდ იდიოტებად იქცევიან ხოლმე.
იდიოტები ახალი ინფორმაციის მიღებისას სამყაროზე თავიანთ შეხედულებებს არ აახლებენ. იდიოტები ცდილობენ ჩაახშონ დისკუსია, ნაცვლად იმისა, რომ მასში ჩაერთონ. იდიოტები დაიწყებენ კამათს ისეთი სიტყვების განმარტებებზე, როგორიცაა "ეს" ან "ის". იდიოტები შეხედავენ მარტივ და აშკარა მოვლენას და განაცხადებენ, რომ ეს სინამდვილეში რთულია, რადგან თუ გავითვალისწინებთ სოციალური კონსტრუქტის კვანტური მაჩვენებლის ბინომიალს და გავყოფთ ნულზე, აღმოვაჩენთ, როგორც ნიცშემ თქვა ერთხელ, რომ ის, რაც სწორია, სწორია მხოლოდ მაშინ, თუ ის რაც მარცხნივაა დარჩენილი ამსუბუქებს პროლეტარიატის ტვირთს ყველა ხალხის განთავისუფლებისთვის, ღვთის წინაშე, რაღაც ამდაგვარი და ა.შ., ამინ.
დაფიქრდით, სამყარო საშიში და არაპროგნოზირებადი ადგილია. ადამიანის ბუნებაა, ესწრაფვოდეს რაიმე მოდელს, რომელიც მას პროგნოზირებადობის განცდას მისცემს. მაგრამ ნამდვილი პრობლემა ის არის, რომ რეალობის ჩვენი მოდელები გვაძლევს იდენტობას და მიკუთვნებულობის განცდას, და მათთვის ბრძოლა ჩვენს ცარიელ ცხოვრებას აზრს სძენს.
უბრალოდ, შეხედეთ ამ იდიოტებს. გგონიათ ეს მართლა კლიმატის ცვლილებას ეხება? არა, ესენი არიან ცარიელი ადამიანები, რომლებიც სასოწარკვეთილად ცდილობენ თავიანთ ცხოვრებას რაღაც აზრი მიანიჭონ. და კლიმატის ცვლილების აპოკალიფსურმა მოდელმა ეს გააკეთა მათთვის. ამას მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს. ისინი ალბათ ვერც ხვდებიან, რომ ენერგიის ღირებულების ზღვრული მაჩვენებელი სწრაფად უახლოვდება ნულს. რომ ტექნოლოგიური ინოვაცია ექსპონენციალურია და ნახშირბადის დაჭერა, სავარაუდოდ, მალე ეკონომიურად მომგებიანიც გახდება. ეშმაკმა დალახოს, ისინი ალბათ ბირთვული ენერგიის მომხრეებიც კი არ არიან. ისინი, ალბათ, უბრალოდ ძალიან გაბრაზებულები არიან დედასა და მამაზე და არ აქვთ ემოციური უნარები, რათა მოაგვარონ თავიანთი მიჯაჭვულობის პრობლემები ან ბავშვობის ტრავმები. ასე რომ, ისინი ჯავრს ჩვენზე იყრიან საჯარო სანახაობებით და მესიანური ილუზიებით, თითქოს სან-ფრანცისკოში, ხიდზე ჯდომა ანტარქტიდაზე პინგვინებს გადაარჩენს ან რაღაც მსგავსი.
მაგრამ ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ის ფაქტი, რომ ჩვენი მოდელები ჩვენს ცხოვრებას აზრს სძენს, ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენგანი დგას იდიოტად გადაქცევის საფრთხის წინაშე, თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ. და სწორედ ასე მინდა დავასრულო ეს სტატია... ჩვენზე საუბრით.
როგორ არ ვიყოთ იდიოტები
დიდი შანსია, ინფორმაციის უდიდეს ნაწილს ინტერნეტიდან იღებდეთ. ეს შესანიშნავია, რადგან შეგიძლიათ გაცნობიერებულად აკონტროლოთ რას მოიხმართ და თავად აირჩიოთ, ისწავლოთ მეტი რომელიმე თემაზე თუ არა. მაგრამ ის ფაქტი, რომ თქვენ თავად ირჩევთ, რომელი მოდელები მიიღოთ და რისი გწამდეთ - ნიშნავს, რომ თქვენ, რომ მე, რომ ყველა - გვინდა ეს თუ არა, ახლა უკვე ინტელექტუალები ვართ. და როგორც ინტელექტუალები, არასდროს ვართ შორს იმისგან, რომ იდიოტებად ვიქცეთ.
მთელ ამ „ახალი მედიის“ სამყაროს, როგორიცაა თუნდაც Substack, ერთგვარი პარადოქსი ახლავს. ერთი მხრივ, ის შესანიშნავად ავლენს უფსკრულს ინტელექტუალურ ელიტასა და მილიონობით ადამიანის რეალურ, მიწიერ ცხოვრებას შორის. მალკოლმ კოლდუელის მსგავსი იდიოტების შემჩნევა ახლა X-ზე (ყოფილი Twitter) კილომეტრებიდან შეიძლება, სანამ მათ კომუნისტი დიქტატორი მოკლავდეს.
მაგრამ აქ რაღაც უფრო დახვეწილიც ხდება და ეს მაშფოთებს.
ონლაინ სივრცეში ყველაზე შორს მიმავალი მოდელები არა ყველაზე ზუსტი, არამედ ყველაზე მეტად ყურადღების მიმქცევი მოდელებია. ეს ის მოდელებია, რომლებიც ყველაზე მეტად აპელირებს ჩვენს საბაზისო ინსტინქტებზე, წინასწარ განწყობებსა და ემოციურ საჭიროებებზე. და ძირითადად, სამყაროს ეს უაღრესად „მემური“ (meme-able) მოდელები საუკეთესო შემთხვევაში არაზუსტია, უარეს შემთხვევაში კი - პირდაპირ დესტრუქციული.
და რადგან მეტ დროს ვატარებთ ჩვენს მოწყობილობებში, რეალურ სამყაროს მოწყვეტილნი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის შედეგები ვიწვნიოთ, რასაც რეალობა გვიმზადებს არაზუსტი მოდელების საპასუხოდ.
არ უნდა დაგვავიწყდეს: სამყაროს ჩვენი აღქმები მხოლოდ და მხოლოდ მოდელებია. ისინი ეფუძნება არასრულ მონაცემებს და მცდარ დაშვებებს. ისინი ექვემდებარებიან განახლებებს და ცვლილებებს, რომელთა წინასწარ განჭვრეტაც შეუძლებელია. და როდესაც ამ განახლებებსა და ცვლილებებს ვაწყდებით, ჩვენ ინსტინქტურად შევეწინააღმდეგებით და ვებრძვით მათ, რადგან ჩვენს მოდელებს ისე დავიცავთ, თითქოს ისინი ჩვენივე ნაწილი იყოს.
ინფორმაციის თავისუფლება, რომელიც ინტერნეტს მოაქვს, გვეხმარება იდიოტი ინტელექტუალები უფრო სწრაფად და ზუსტად გამოვავლინოთ, ვიდრე ოდესმე. მაგრამ ინტერნეტი ასევე საშუალებას აძლევს იდიოტ ინტელექტუალებს, უფრო სწრაფად და მარტივად აქციონ ხალხი თავიანთ იდიოტ მიმდევრებად, ვიდრე ოდესმე.
შედეგი კი... არის ცხოვრება 2026 წელს.
მაქსიმალურად დაუახლოვდით რეალობას. ეს ნიშნავს ნაკლებ დროს ამ საიტზე და მეტ დროს რეალურ სამყაროში. ნაკლებ დროს ადამიანების სახეების ყურებაში ეკრანზე და მეტ დროს მათ დანახვაში პირისპირ.
რაც უფრო მეტ დროს ატარებთ რეალურ ადამიანებთან გარეთ, რეალურ სამყაროში, მით ნაკლებად იქნებით ემოციურად დამოკიდებული აბსტრაქტულ ინტელექტუალურ მოდელებზე, რათა თქვენი ცხოვრება კავშირისა და მიზნის განცდით აივსოს.
ყველა თქვენს მოსაზრებას მოეპყარით მსუბუქად. იამაყეთ თქვენი უნარით - შეიცვალოთ აზრი. აქტიურად ეძიეთ საკუთარი უმეცრებისა და შეცდომების მტკიცებულებები.
რადგან თუ მათ თავად არ იპოვით, რეალობა საბოლოოდ თავად იპოვის მათ თქვენთვის. და გარანტიას გაძლევთ, არ მოგეწონებათ ის, თუ როგორ იზამს ამას რეალობა.

წყარო: Intellectuals are F*cking Idiots (Why the Smartest People Get Trapped by Their Own Minds)