ავტორი: Craig Biddle

თარგმანი: ირაკლი იაგორაშვილი, აინ რენდის ცენტრი - საქართველო

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა The Objective Standard-ის გვერდზე და შემოკლებული ვარიანტი ხელახლა გამოქვეყნდა აქ მათი ნებართვით. 

 

დავიწყოთ სამი ერთი შეხედვით უდავო ფაქტით:

პირველი - პოლიტიკა არის ფილოსოფიის დარგი, რომელიც განსაზღვრავს სათანადო სოციალური სისტემის პრინციპებს, მათ შორის მთავრობის შესაფერის ფუნქციებს. პოლიტიკა პასუხობს შემდგომ შეკითხვებს: ”რისი გაკეთების უფლება უნდა ჰქონდეს ადამიანს? რა უნდა აიძულონ? რა უნდა აეკრძალოს? როგორ უნდა ჩამოაყალიბოს და აღასრულოს მთავრობამ შესაბამისი ქცევის წესები?” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლიტიკა არსებითად ეხება თავისუფლებასა და იძულებას.

 მეორე - პოლიტიკური სისტემა არის იდეების, ინსტიტუტების, კანონებისა და სხვადასხვა პრაქტიკის სისტემა (მაგ., სოციალიზმის, ფაშიზმის, თეოკრატიის ან კაპიტალიზმის), რომელიც ზემოთ მოცემულ შეკითხვებზე პასუხებს ერთგვარად აკანონებს და შესაბამის პოლიტიკას ახორციელებს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.

მესამე - პოლიტიკური კომპასი უნდა აჩვენებდეს სხვადასხვა პოლიტიკური სისტემის (ან იდეოლოგიის) ბუნებას ძირითადი პოლიტიკური ალტერნატივის: თავისუფლებისა და იძულების მითითებით.

არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ უნდა იყოს სადავო, სულ მცირე იმ ადამიანებისთვის მაინც, რომლებიც სიცხადეს ეძებენ. თუმცა, მესამე ფაქტი შესაძლებელია იყოს დავის საგანი.

ზოგიერთ ადამიანს არ მოსწონს ის პოლიტიკური კომპასი, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ სისტემას თავისუფლებისა და იძულების სპექტრში განიხილავს. მათთვის მიუღებელია ასეთი მკაფიოობა. ეს მოსალოდნელია სოციალისტებისგან, ნაციონალისტებისგან, თეოკრატებისგან და ზოგადად ეტატისტებისგან. მათ სურთ, რომ აიძულონ ხალხი, იმოქმედონ საკუთარი განსჯის წინააღმდეგ, რათა დაკმაყოფილებული იყოს სავარაუდო “უფრო დიდი სიკეთე”, როგორიცაა „საზოგადოება“, „ერი“ ან „ღმერთი“ - მაგრამ ცოტა მათგანს თუ სურს იმის აღიარება, რომ მათი სისტემის საფუძველი იძულებაა, ხოლო კაპიტალიზმის კი - თავისუფლება. რატომ?

რამდენადაც რაციონალური, თავისუფლებისმოყვარე ადამიანები აცნობიერებენ ეტატიზმის ჭეშმარიტ ბუნებას - განსაკუთრებით კაპიტალიზმთან შედარებით, რომელიც ყველას აძლევს თავისუფლად აზროვნების, მოქმედების, წარმოების, ვაჭრობის და წარმატების მიღწევის საშუალებას საკუთარი განსჯის შესაბამისად - ისინი არ ემხრობიან ეტატიზმს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეტატისტები უარყოფენ თავისუფლებისა და იძულების მიხედვით ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ კომპასს. ასეთი კომპასი მათ საზიანოდ მუშაობს .

გასაკვირია მაინც ის, რომ კაპიტალიზმის ზოგიერთი მომხრეც უარყოფს ასეთ პოლიტიკურ კომპასს. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალიზმის მრავალი მომხრე აღიარებს, რომ თავისუფლება და იძულება არის ძირითადი ალტერნატივა პოლიტიკაში, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ კომპასს, ბევრი მათგანი ვეღარ ფიქრობს და საუბრობს ამ ალტერნატივის შესახებ.

შენ მოსმენილი გექნება აღნიშნული პრეტენზიები:

  • “მთლიანი პოლიტიკური კომპასი არის ეტატისტური.”
  • “ერთი ბოლო კომუნიზმია, მეორე ფაშიზმი”
  • “ერთი ბოლო სოციალიზმია, მეორე ნაციონალიზმი”
  • “ერთი ბოლო პროგრესივიზმია, მეორე კონსერვატიზმი.”
  • “პოლიტიკური კომპასი კოლექტივიზმის სხვადასხვა ვარიაციაა”

და ა. შ.

ეს პრეტენზიები ფართოდ გავრცელებულია, მაგრამ მათში არანაირი აზრი არ დევს. იმისი გაგება, თუ რატომ არის ისინი უაზრო უმნიშვნელოვანესია, თუ გვსურს, რომ დავიცვათ ინდივიდუალური უფლებები, თავისუფლება და კაპიტალიზმი.

აქ მინდა ყურადღება გავამახვილო ოთხ შეცდომაზე, რომელიც აფერხებს პოლიტიკური კომპასის გააზრებას: ცრუ ალტერნატივა, გაყინული აბსტრაქცია, კონცეფციის მოპარვა და კონტექსტის მოშორება. ჩვენ მათ რიგრიგობით გავეცნობით.

ცრუ ალტერნატივა

ბევრი ადამიანი (მათ შორის კაპიტალიზმის ზოგიერთი დამცველი) ირწმუნება, რომ პოლიტიკური კომპასის ერთი ბოლო კომუნიზმია, მეორე კი - ფაშიზმი. როგორც აინ რენდმა აღნიშნა, ამგვარი მტკიცება ”თაღლითობაა”, მისი წარმოშობა ”სამარცხვინო”, ხოლო მისი შედეგები სავალალო:

მუსოლინი ხელისუფლებაში მოვიდა იმის მტკიცებით, რომ ფაშიზმი იყო ერთადერთი არჩევანი, რომელიც იტალიას გააჩნდა. ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა იმის მტკიცებით, რომ ნაციონალიზმი იყო ერთადერთი ალტერნატივა გერმანელებისთვის. საეჭვოა, რომ 1933 წლის გერმანიის არჩევნებში კომუნისტური პარტიის წევრებს და მომხრეებს მისმა ლიდერებმა უბრძანეს, რომ ხმა ნაცისტებისთვის მიეცათ. კომუნისტების აზრით, მათ მოგვიანებით შეეძლოთ ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლებისთვის, მაგრამ თავიდან ისინი უნდა გაერთიანებულიყვნენ საერთო მტრის, კაპიტალიზმისა და მისი საპარლამენტო მმართველობის ფორმის, წინააღდმეგ.

აშკარაა, თუ რა მიზანი აქვს ფაშიზმისა და კომუნიზმის, როგორც ორი საპირისპირო ალტერნატივის გამოსახვას: ასეთი მიდგომა ერთი და იგივე პოლიტიკური სისტემის ორ ვარიანტს საპირისპიროდ წარმოგვიჩენს და შედეგად გამორიცხავს კაპიტალიზმის განხილვის შესაძლებლობას; არჩევანი თავისუფლებისა და დიქტატორიას შორის გარდაიქმნება იმ არჩევანში, თუ დიქტატორიის რომელი ფორმა უფრო გვსურს. პოლიტიკური კომპასის ასე გამოსახვა აყალიბებს აზრს, რომ დიქტატორია გარდაუვალი ფაქტია. არჩევანი - ამ სიყალბის მომხრეთა აზრით, არის შემდეგი: მდიდართა დიქტატურა (ფაშიზმი) ან ღარიბთა დიქტატურა (კომუნიზმი).

ეს სიცრუე ჩამოიშალა 1940-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აშკარაა და მარტივად საჩვენებელი, რომ ფაშიზმი და კომუნიზმი არ არის საპირისპირო იდეოლოგიები, არამედ ისინი მხოლოდ მეტოქეებს წარმოადგენენ - ორივე არის ეტატიზმის ვარიანტი, რომელიც ემყარება კოლექტივისტურ პრინციპს, რომ ადამიანი სახელმწიფოს უუფლებო მონაა. ორივე სოციალისტურია, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც და ეს მათი ლიდერების განცხადებებში აშკარად ჩანს. ორივე ამბობს, რომ ღარიბი მონაა, მდიდრები კი მათ ექსპროპრიაციას ახდენენ მმართველი ჯგუფის სასარგებლოდ. ფაშიზმი არ არის პოლიტიკური ”მემარჯვენეობა”. ის პოლიტიკურად “მემარცხენე” იდეოლოგიაა. 

ეს სიყალბე შეიძლება 1940-იან წლებში ჩამოიშალა, მაგრამ იგი უკანასკნელ წლებში კვლავ აღდგა.

ლოგიკური შეცდომების თვალსაზრისით, მოსაზრება, რომ ორი უკიდურესობა პოლიტიკურ კომპასზე ეტატიზმის სხვადასხვა ვარიანტია, სხვათა შორის, ცრუ ალტერნატივაა. ის ავტომატურად თამაშგარე მდგომარებაში ტოვებს იმ სისტემას, რომელიც ცნობს და იცავს ინდივიდუალურ უფლებებს. თამაშგარე მდგომარეობაში რჩება თავისუფლება და კაპიტალიზმი. 

რა პრაქტიკულია შედეგი აქვს ამ ცრუ ალტერნატივას? რა ხდება მაშინ, როცა ადამიან იღებს ამ მოსაზრებას, რომ პოლიტიკური კომპასის ორი უკიდურესობა ეტატიზმის ორ სხვადასხვა ვარიანტს წარმოადგენს? როგორც რენდმა აღნიშნა, როდესაც ადამიანები ასეთი ალტერნატივების წინაშე დგანან, ისინი ირჩევენ "შუა გზას":

შერეული ეკონომიკა ”ზომიერი” საშუალო კლასით - ”ზომიერი” სახელმწიფო მოწყალებები მდიდრებისთვის და მთავრობის ”ზომიერი” დახმარება ღარიბებისთვის - უფლებების ”ზომიერი” პატივისცემა და იძულების "ზომიერი" ხარისხით გამოყენება - "ზომიერი" თავისუფლება და "ზომიერი" მონობა - "ზომიერი" სამართლიანობა და "ზომიერი" უსამართლობა - "ზომიერი" უსაფრთხოება და "ზომიერი" ტერორი - ზომიერი ტოლერანტობა ყველას, იმ "ექსტრემისტების" გარდა, რომლებიც იცავენ საკუთარ პრინციპებს, თანმიმდევრულობას, ობიექტურობას, ზნეობას და უარს ამბობენ კომპრომისზე. 

ეს ყალბი ალტერნატივა ორი მიმართულებით მუშაობს ცუდად. პირველი, ის კარგ ადამიანებს უბიძგებს აირჩიონ ზემოთ ნაჩვენები უპრინციპო შუა გზა. ამასთანავე, ასეთი მიდგომა ეტატისტებს აძლევს იმის წარმოჩენის საშუალებას, რომ თითქოს მათ აქვთ მონოპოლია პრინციპებზე, თანმიმდევრულობაზე, ობიექტურობასა და ზნეობაზე. 

ასეთი კომპასი არ გამოგვადგება სიმართლის, სამართლიანობისა და ამერიკული გზის დაცვაში.

გაყინული აბსტრაქცია

იგივე ფენომენი შესაძლებელია გაყინული აბსტრაქციის შემთხვევაშიც ვიხილოთ, როცა მთელი აბსტრაქტული ჯგუფის ჩანაცვლება ხდება მისი შემადგენელი ერთი კონცეფციით.  

მცდელობა რომ კომუნიზმი და ფაშიზმი, სოციალიზმი და ნაციონალიზმი, პროგრესივიზმისა და კონსერვატიზმის პოლიტიკური კომპასის ორ უკიდურეს პოლუსად წარმოადგინო, ნიშნავს, რომ შენ ყინავ პოლიტიკური სპექტრის გონებაში შექმნილ აბსტრაქციას ამ კონკრეტული პოლიტიკური სისტემების დონეზე. ეს ქმედება ყველა სხვა პოლიტიკურ სისტემას (თეოკრატია, მონარქია, კაპიტალიზმი) გონებისა და თვალსაწიერის მიღმა ტოვებს და ხალხს ყალბ ალტერნატივას უტოვებს.

პოლიტიკური კომპასი, რომელიც არ მოიცავს სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემებს, არ არის ვალიდური. რამდენადაც ადამიანები აღიარებენ ასეთ კომპასს, მათი აზროვნება პოლიტიკის, უფლებების, თავისუფლებისა და იძულების შესახებ დამახინჯდება.

ჩვენ, ვისაც გვსურს გონებისა და კაპიტალიზმის წინსვლა, უარი უნდა ვთქვათ ყველა ასეთ უაზრო კომპასზე. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა მივიღოთ უფრო ფართო პოლიტიკური კომპასი, რომელიც დაეფუძნება უფრო ფართო და სწორ პოლიტიკურ ალტერნატივას: თავისუფლებასა და იძულებას. ასეთი კომპასი მოიცავს ყველა პოლიტიკურ სისტემასა და იდეოლოგიას: ის იდეოლოგიები, რომლებიც ფიზიკურ იძულებას ემხრობიან  და არღვევენ ინდივიდუალურ უფლებებს უკიდურესად ერთ ბოლოში ექცევიან, ისინი, რომლებიც იცავენ ინდივიდუალურ უფლებებს და იცავენ პოლიტიკურ თავისუფლებას უკიდურესად მეორე მხარეს ხვდებიან. შერეული სისტემები შუა ნაწილში განლაგდებიან იმის მიხედვით, თუ რამდენად არის მათთვის დამახასითებელი იძულება და უფლებების დარღვევა.

ასეთი კომპასი ლოგიკურია. ის არევის ნაცვლად, ამარტივებს და აწესრიგებს აზროვნების პროცესს. ასეთი კომპასი თავისუფლების წინსვლას უზრუნველყოფს.

კონცეფციის მოპარვა

კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც პოლიტიკურ კომპასთან დაკავშირებით კონცეპტუალურ ქაოსს იწვევს, კონცეფციის მოპარვაა. ამ დროს უფრო მაღალი დონის კონცეფციის (იდეის) გამოყენება უფრო დაბალი დონის კონცეფციების უარყოფის ფონზე ხდება მაშინ, როცა ეს მაღალი დონის კონცეფცია იმ დაბალ კონცეფციებზე ლოგიკურად დამოკიდებულია. 

იმის გასაგებად, თუ როგორ აქვეითებს ეს შეცდომა ფიქრის პროცესს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონცეპტუალური ცოდნა იერარქიულია: უმაღლესი დონის ცნებები გულისხმობს და დამოკიდებულია ქვედა დონის ცნებებზე. ასეთი სტრუქტურა უფრო მაღალი დონის კონცეფციას აკავშირებს რეალობასთან და მათ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, თუ ვინმე იყენებს უფრო მაღალი დონის კონცეფციას, ხოლო იგნორირებას უკეთებს ან უარყოფს დაბალი დონის კონცეფციას, რომელზეც ის დამოკიდებულია, ის ამით უმაღლესი დონის კონცეფციის იმ ბაზას ანადგურებს, რომლისგანაც წარმოიშვება. ამ პროცესს კონცეპტუალური ქურდობა ეწოდება. 

რომელი ცნებები უდევს საფუძვლად პოლიტიკურის კონცეფციას პოლიტიკურ კომპასში? “პოლიტიკური” პოლიტიკის ზედსართავი ფორმაა. ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია "თავისუფლება" და "იძულება". ეს კონცეფციები ფუნდამენტურია პოლიტიკის, პოლიტიკური სისტემის, პოლიტიკური კომპასის და ყველა სხვა იდეის მნიშვნელობისთვის, რომლებიც მოიცავს ”პოლიტიკის” კონცეფციას. თავისუფლება და იძულება პოლიტიკის ყველაზე მთავარი ალტერნატივაა, რომელიც წარმოშობს კონცეფციის არსებობის საჭიროებას და მისი შინაარსის მნიშვნელობას. ამრიგად, საუბარი პოლიტიკურ კომპასზე, თავისუფლებისა და იძულების გარეშე, ნიშნავს, რომ ცნება ”პოლიტიკური” მოაშორო მის კონცეპტუალურ ბაზას, რომლის საშუალებითაც რეალობას უკავშირდება და მნიშვნელობა ენიჭება.

თავისუფლებისა და იძულების ძირითადი ალტერნატივისა და პოლიტიკური იდეების გაწყვეტით, ეს დანაშაული ჩვენი თვალსაწიერისა და გონების მიღმა გადადის და შესაძლებელი ხდება, რომ სისტემები რომლებიც იძულებას იყენებენ, მშვიდობიანად და კარგადაც კი მოგვეჩვენოს. 

კონცეფციის მოპარვა მარტო ეტატისტებს არ უკავშირდება. ვინც გადაწყვეტს, რომ პოლიტიკური საკითხები თავისუფლებისა და იძულების ალტერნატივას მოაშოროს, იმავე დანაშაულს ჩაიდენს. ამით ის ეხმარება ეტატისტებს მოაზროვნეებისა და მწარმოებლების დამონებაში.

თუკი ჩვენ განვსაზღვრავთ პოლიტიკურ სისტემებს და პოლიტიკურ კომპასს თავისუფლებისა და იძულების თვალსაზრისით, თვალსაჩინო გახდება ის ფაქტი, რომ გარკვეული სისტემები არღვევენ ინდივიდუალურ უფლებებს ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გზით.

კონტექსტის მოშორება

დაბოლოს, მინდა ვისაუბრო კონტექსტის მოშორების შეცდომაზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც ვინმეს ნააზრევიდან იმ ინფორმაციის ამოღება ხდება, რაც არსებითია ანალიზისთვის, ინტეგრაციისთვის და შეფასებისთვის.

ეს შეცდომა შესაძლებელია მაშინ დავუშვათ, თუ მოვინდომებთ, რომ უარი ვთქვათ მემარცხენე-მემარჯვენე პოლიტიკურ კომპასზე და ჩავანაცვლოთ ის ეტატიზმი-კაპიტალიზმის ან კოლექტივიზმი-ინდივიდუალიზმის პოლიტიკური კომპასით, ამავე დროს კი არ შევასწოროთ ის გაუგებრობები, რომელიც მემარცხენე-მემარჯვენე კომპასს გააჩნდა. შეიძლება შესანიშნავად ჟღერდეს ეს ყველაფერი, თუმცა მნიშვნელოვანია მეტი ვიფიქროთ ამ საკითხზე უფრო ფართოდ და გავაცნობიეროთ, რომ ორ პოლუსიან კომპასს თავისი ხასიათით აქვს მარცხენა და მარჯვენა მხარე. არ ექნება მნიშვნელობა, თუ რა ტერმინებს დავაწერთ კომპასს ბოლოებში, ხაზს მაინც ექნება მარჯვენა და მარცხენა მხარე და ხალხი ყოველთვის მემარცხენე-მემარჯვენე მიმართულებით იფიქრებს, როცა კომპასს დაინახავს.

იმის გამო, რომ ტერმინები ”მემარცხენე” და ”მემარჯვენე” ძალიან ღრმად არის დამკვიდრებული პოლიტიკურ აზროვნებასა და დისკურსში და რადგან ნებისმიერ ორპოლუსიან სპექტრს აქვს მარცხენა და მარჯვენა მხარე, მცდელობა, რომ უარი ვთქვათ მემარცხენე-მემარჯვენე კომპასზე და შევქმნათ ”განსხვავებული”, უშედეგო იქნება. უფრო მნიშვნელოვანია,  ტერმინებს "მემარცხენე" და "მემარჯვენე" თვალი გავუსწოროთ, ობიექტურად განვსაზღვროთ (იძულებისა და თავისუფლების თვალსაზრისით) და დავეხმაროთ ხალხს იმის გაგება, თუ რატომ არის ასეთი განმარტებები აუცილებელი აზროვნების განსავითარებლად.

იქამდე სანამ ხალხის წარმოდგენები “მემარცხენეობასა” და “მემარჯვენეობაზე” დამოკიდებულია დაუდგენელ სიტყვებზე, “შეთანხმების პაკეტებზე”, ყალბ ალტერნატივებზე, მოპარულ კონცეფციებზე, გაყინულ აბსტრაქციებზე, მათი აზროვნება პოლიტიკურ კომპასზე დამახინჯებული იქნება. პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ობიექტური დეფინიციების პოპულარიზაციაა.

მემარჯვენე არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ინდივიდუალურ უფლებებს, თავისუფლებას და კაპიტალიზმს. მემარცხენე არის ის ვინც მხარს უჭერს სახელმწიფო კონტროლს, იძულებასა და ეტატიზმს. ცენტრისტები კი დაბნეული ან უპრინციპო ხალხია და მათ აუცილებლად უნდა იფიქრონ მეტი და აირჩიონ შესაბამისი მხარე. 

ჩვენ სამი ალტერნატივა გვაქვს: განვსაზღვროთ ეს ტერმინები რაციონალურად (რაც გამოიწვევს სიცხადეს და კაპიტალიზმის წინსვლას), თავი შევიკავოთ ამ ტერმინების გამოყენებისგან (რაც ფაქტობრივად შეუძლებელია და გამოიწვევს კონცეპტუალურ ქაოსს) ან გამოვიყენოთ ეს ტერმინები განმარტებების გარეშე (ეს კი არაობიექტური და უპასუხისმგებლო ქმედებაა).

რა თქმა უნდა, თუ ვინმეს არ სურს გამოიყენოს ტერმინები "მემარცხენე" და "მემარჯვენე", ეს მისი პრეროგატივაა. შესაძლებელია პოლიტიკაზე საუბარი (თუმცა რთულია) ამ ტერმინების გამოყენების გარეშე. მაგრამ იმის მტკიცება, რომ მთელი პოლიტიკური კომპასი არის ეტატისტური (ან კოლექტივისტური) უამრავი ლოგიკური შეცდომის ჩადენის ტოლფასია.