მე შავი გრაფიტის ფანქარი ვარ - ჩვეულებრივი ხის ფანქარი. მე ყველა მიცნობს - ბიჭებიც და გოგონებიც, ყველა, ვინც კი წერა-კითხვა იცის. წერა ჩემთვის შრომაც არის და გართობაც. მოკლედ, ყველაფერია. გაინტერესებთ, რატომ ვწერ ჩემს გენეალოგიას? - გიპასუხებთ. უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა და იმიტომ. მეორეც, მე იდუმალი ვარ - გაცილებით იდუმალი, ვიდრე რომელიმე ხე, მზის ჩასვლა ან ელვის ნათება.
მაგრამ დასანანია, რომ მათ, ვინც მე მიყენებს, ერთი უბრალო და უშინაარსო ვინმე ვგონივარ. ამ ქედმაღლურმა დამოკიდებულებამ არარაობად მაქცია. ეს მძიმე ცოდვაა. დიდი დრო არ გავა და კაცობრიობას მოეკითხება. ერთხელ ბრძენმა გ.კ.ჩესტერტონმა ბრძანა, „საოცრებანი არ გვაკლია, მაგრამ საოცრების წყურვილით ვკვდებით“. მე უბრალო ფანქარი ვარ, მაგრამ, გპირდებით, შევეცდები გაგაოცოთ და ჩემს მიმართ მოწიწების გრძნობა აღგიძრათ. სინამდვილეში, თუ ჩემი გესმით - არა, ამის მოთხოვნა მეტისმეტია - თუ იმ საოცრებას აცნობიერებთ, რის სიმბოლოსაც მე წარმოვადგენ, შეგიძლიათ იხსნათ თავისუფლება, რასაც, სამწუხაროდ, კარგავს კაცობრიობა. სერიოზული გაკვეთილის ჩატარება მომიხდება, მაგრამ არ გამიჭირდება, უფრო უკეთ შევძლებ ჭკუის სწავლებას, ვიდრე ავტომობილი ან თვითმფრინავი, ან მექანიკური ჭურჭლის სარეცხი, იმიტომ - ჰო, იმიტომ, რომ გარეგნულად ასე უბრალო ვარ. რატომ უბრალო? დედამიწის ზურგზე ხომ არავინ იცის როგორ ხდება ჩემი დამზადება. უცნაურად ჟღერს, არა? განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ, რომ ამერიკაში ყოველ წელიწადს მილიარდნახევარ ფანქარს ამზადებენ. აბა, ხელი მომკიდეთ და დამათვალიერეთ. რა მოგხვდებათ თვალში? ბევრი არაფერი - ხე, ლაკი, მარკა, გრაფიტის გული, ცოტა ლითონი და საშლელი.
წინამორბედნი
როგორც თქვენ ვერ შეძლებთ თქვენს საგვარეულო ხეს ძირამდე ჩასწვდეთ, მეც ყველა ჩემს წინამორბედს ვერ დავასახელებ და ვერ დავახასიათებ, მაგრამ მსურს მათზე საკმაოდ ბევრი რამ გიამბოთ, რომ დაგარწმუნოთ რა მდიდარი და საინტერესო ბიოგრაფია მაქვს. ჩემი საგვარეულო ხე მართლაც ხისგან იწყება, ფოთლოვანი ჭადრის ხისგან, რომელიც კალიფორნიასა და ორეგონში ხარობს. აბა, წარმოიდგინეთ ჭადრის ხის მორების დამზადებისა და გადაზიდვისთვის საჭირო ხერხები, სატვირთო მანქანები, ბაგირები და სხვა ათასი მექანიზმები. წარმოიდგინეთ მათ დამზადებას რამდენი ადამიანის რამდენი პროფესია სჭირდება: სამთამადნო საქმე, ფოლადის ჩამოსხმა და მისგან ხერხების, ნაჯახების, ძრავების გამოყვანა; კანაფის მოყვანა და სხვადასხვა ოპერაციის მეშვეობით მისგან მძიმე და ძლიერი ბაგირის დამზადება; ხის მორების დამამზადებელთა კარვები, საწოლები და სასადილოები; სამზარეულოები და საკვები პროდუქტები. ათასობით ადამიანის ხელი ურევია ყოველი ფინჯანი ყავის მომზადებაში, რომელსაც ტყისმჭრელები სვამენ! ხის მორებს კალიფორნიაში, ლეანდროს ქარხანაში ეზიდებიან. ამასთან ერთად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ისინი, ვინც ვაგონ-პლატფორმას და რკინიგზის ლოკომოტივებს ამზადებენ, და ისინი, ვინც საკომუნიკაციო სისტემებს აგებენ და ამონტაჟებენ? ყველა, ერთად აღებული, ჩემი წინამორბედია.
აბა, წარმოიდგინეთ რა ხდება სან ლეანდროს ქარხანაში. ფიჭვის მორებს პატარა, მეოთხედზე ნაკლები დუიმის სისქის, ფანქრის სიგრძის ფიცრებად ჭრიან. მერე საშრობში აშრობენ და ღებავენ იმავე მიზნით, რა მიზნითაც ქალები ფერ-უმარილს ისვამენ სახეზე. ხალხს ურჩევნია ლამაზი ვიყო, ვიდრე უფერული. პატარა ფიცრებს გასანთლავენ და ისევ აშრობენ. რამდენი ცოდნა სჭირდება საღებავისა და საშრობის დამზადებას, სითბოს, სინათლის და ენერგიის მიწოდებას, აგრეთვე, ღვედებს, ძრავებს და ყველა სხვა რამეს, რაც ქარხნებს სჭირდება? ჯაგრისებიც ჩემი წინაპრებია? დიახ, რასაკვირველია. აგრეთვე ისინიც, ვინც „ამერიკის გაზისა და ენერგოკომპანიის” ჰიდროელექტროსადგურის კაშხლისთვის ბეტონი ჩაასხა, საიდანაც ქარხანა ენერგიას იღებს. აღარაფერს ვიტყვი იმ ახლობელ თუ შორეულ წინაპრებზე, ვისი ხელითაც ქვეყანაში სამოცამდე ვაგონი ფიცარი აქეთ-იქით მიედინება.
ფანქრების ქარხანა, რაც 4 000 000 დოლარის ღირებულების მანქანებსა და შენობას წარმოადგენს, ჩემი მშობლების მომჭირნეობითა და დანაზოგებით დაგროვილი კაპიტალია. იქ ერთი რთული მანქანა ყოველ ფიცარზე რვა წიბოს ტვიფრავს, შემდეგ მეორე მანქანა ყოველ ფიცარში გრაფიტს დებს, წებოს უსვამს და ზედ მეორე ფიცარს აფარებს - ასე ვთქვათ, გრაფიტის სენდვიჩს ამზადებს. მე და ჩემ შვიდ ძმას მექანიკურად გვჭრიან ამ „ხის” სენდვიჩიდან. მართალია, ჩემი „გული“ ტყვიას ჰგავს, მაგრამ ტყვია სულ არ ურევია, ის გრაფიტისგან მზადდება. გრაფიტს ცეილონში მოიპოვებენ. წარმოიდგინეთ მადნის მთხრელები და ისინი, ვინც მათთვის სხვადასხვა იარაღს ამზადებს; წარმოიდგინეთ ქაღალდის ტომრები, რითაც გრაფიტს ეზიდებიან; წარმოიდგინეთ ისინი, ვინც იმ ზონრებს ამზადებს, რითაც ტომრებს კრავენ; ისინი, ვინც მათ გემზე უდებს და ისინიც, ვინც გემებს აგებს. დაბადებაში შუქურას გუშაგებიც და ნავსადგურის ლოცმანებიც მეხმარებიან. გრაფიტს მისისიპის თიხას ურევენ, მისი დამუშავების პროცესში კი ამონიუმის მჟავას იყენებენ. შემდეგ მას დასარბილებლად გოგირდირებულ საცხს უმატებენ - გოგირდის მჟავათი დამუშავებულ ცხოველის ცხიმს. ნარევი უსასრულო მასა გამოდის, როგორც სოსისი, ზომებად იჭრება, შრება და რამდენიმე საათით ფარენგეიტის 1850 გრადუსზე ცხვება. ამის შემდეგ გულებს სიმაგრისა და სირბილისათვის ცხელი ნაყენით ამუშავებენ, რის შემცველობაშიც მექსიკის კანდელიური ცვილი, პარაფინი და ჰიდროგენიზებული ექვსი ფენით იფარება. ლაკის შემადგენლობას იცნობთ? ვინ იფიქრებდა, რომ ისინი, ვისაც აბუსალათინის მარცვლები მოჰყავს და აბუსალათინის ზეთს ამუშავებს - ამ პროცესის მონაწილენი იქნებოდნენ? დიახ, ასეა. ის პროცესიც ხომ ბევრი პროფესიის ადამიანს მოითხოვს, რის შემდეგაც ლაკი ლამაზ ყვითელ ფერს ღებულობს! აბა, მარკას გაცხელებით წარმოქმნილი ერთი აპკია. როგორ მზადდება, ძვირფასებო, ფისი და ჭვარტლი? ლითონის ნაწილი - ჩემი ლითონის თავი - თითბერი მოიპოვებს და ვინც ამ ბუნებრივი დოვლათისგან ბრჭყვიალა ლატუნის დამზადების ხელოვნებას ფლობს. ის შავი რკალები ჩემი ლითონის თავზე შავი ნიკელია! რა არის შავი ნიკელი და რაში გამოიყენება? მთელი ამბავი რომ მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ ჩემი ლითონის თავს შავი ნიკელის რკალი რატომ არ აქვს, ქაღალდი არ მეყოფა. ჩემი დამაგვირგვინებელი სიამაყე, რომელსაც ვაჭრობაში უხეშად „ქუდს“ უწოდებენ, ის ნაწილია, რასაც ადამიანები ჩემთან ერთად დაშვებული შეცდომების წასაშლელად იყენებენ. იმ შემადგენელს, რასაც წაშლა შეუძლია, „ფაქტისი“ ჰქვია. რეზინისებრი მასალაა, რაც „ჰოლანდიური ისტ-ინდია კომპანიის“ მიერ წარმოებული მწიფე ზეთისხილის თესლების გოგირდის ქლორით დამუშავებით მიიღება. რეზინი, მართალია, სხვა რამ ჰგონიათ, მაგრამ მხოლოდ შემკვრელის ფუნქციას ასრულებს, სხვა უამრავ მწებავ ნივთიერებასა და აქსელერატორთან ერთად. პემზა იტალიიდან მოდის, პიგმენტი კი, რაც “ქუდს”ერს აძლევს, კადმიუმის სულფიდია.
არავინ იცის
კიდევ ეპარება ვინმეს ეჭვი ჩემს ნათქვამში, რომ დედამიწის ზურგზე არავინ იცის როგორ ხდება ჩემი დამზადება? ფაქტობრივად, მილიონობით ადამიანის ხელი ურევია ჩემს შექმნაში და არც ერთმა მათგანმა სხვებზე ოდნავ მეტიც კი არ იცის. შეგიძლიათ თქვათ, რომ ძალიან შორს მივდივარ, როცა ბრაზილიელი ყავის მარცვლების მკრეფავებსა და სხვა ქვეყნების საკვები პროდუქტების მომყვანთ ჩემს შექმნას ვუკავშირებ, და რომ ეს თვალსაზრისი ძალიან შორს მიდის. მე ჩემს აზრზე ვდგავარ. ამ მილიონიან არმიაში არ არსებობს ადამიანი, თვით ფანქრის მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტიც კი, ვისაც წარმოების საიდუმლოში პაწაწინა, სულ უმნიშვნელო წვლილი მაინც შეჰქონდეს. ამ თვალსაზრისით, ცეილონელ გრაფიტის მომპოვებელსა და ორეგონელ ხის მჭრელს შორის ერთადერთ განსხვავებას წარმოების ტექნოლოგია წარმოადგენს. ვერც გრაფიტის მომპოვებელი და ვერც ხის მჭრელი, ისევე, როგორც ქარხნის ქიმიკოსი ან მუშა, ნავთობის საბადოს გარეშე ვერაფერს გახდება - რის ნარჩენ პროდუტსაც პარაფინი წარმოადგენს.
საოცარი ფაქტია: უჩემოდ ვერც ნავთობის საბადოს მუშა, ვერც ქიმიკოსი, ვერც გრაფიტის ან თიხის მომპოვებელი, ან ვინმე, ვინც ხალხს ასაქმებს ან გემებს, მატარებლებს და სატვირთო მანქანებს ამზადებს და ვერც ის, ვინც იმ მანქანებს მართავს, რითაც ჩემი ლოთონის ნაწილს ტვიფრავენ, ვერც კომპანიის პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის ერთადერთ ამოცანას. ყველას მე ვჭირდები, შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე პირველკლასელ ბავშვს. თუმცა, ამ ფართო მასაში ისეთებიც არიან, ვისაც ფანქარი არც კი უნახავს და არც მისი ხმარება იცის. შეიძლება, მათ მე სულ არ ვაინტერესებ. მათ სხვა მოტივი ამოძრავებთ, შეიძლება რამე ამდაგვარი: თითოეულმა მათგანმა იცის, რომ თავის პაწაწინა საიდუმლოს იმ საქონელსა და მომსახურებაზე გადაცვლის, რაც მას სჭირდება ან რაც მას აკლია. მათ შორის შეიძლება მეც ვიყო ან არც ვიყო.
არავითარი მმართველი ძალა
უფრო საოცარი ფაქტია, რომ: არ არსებობს მმართველი ძალა, ვინმეს რამეს რომ კარნახობდეს ან იძულებით წარმართავდეს იმ უსასრულო ოპერაციებს, ჩემს წარმოშობას რომ სჭირდება. ასეთი კაცის კვალიც კი არ ჩანს. სამაგიეროდ, უხილავ ხელს ვგრძნობთ. სწორედ ეს არის ის საიდუმლო, რაზედაც ზემოთ გეუბნებოდით. ნათქვამია, „ერთმა ღმერთმა იცის, როგორ შექმნას ხე“. რატომ ვეთანხმებით? იმიტომ ხომ არა, რომ ვხვდებით - ჩვენ არ ვიცით? მართლა, აღწერა მაინც თუ შეგვიძლია? არა, მხოლოდ ზედაპირულად. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მოლეკულათა გარკვეული კონფიგურაცია ხეს ქმნის. ადამიანებს შორის ვინ არის ისეთი, რომ ხეში მთელი სიცოცხლის მანძილზე მიმდინარე მოლეკულების უწყვეტი ცვლილების აღნუსხვა შეეძლოს, მათ მართვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ? ასეთი რამ ყოვლად წარმოუდგენელია!
მე ფანქარი ვარ, საოცრებათა რთული ნაერთი: ხე, თუთია, სპილენძი, გრაფიტი და ა.შ. მაგრამ ბუნებრივ საოცრებებს კიდევ უფრო უჩვეულო საოცრება ემატება: ადამიანის შემოქმედებითი ენერგიების კონფიგურაცია - მილიონობით პაწაწინა საიდუმლო ბუნებრივად, თავისით ქმნის კონფიგურაციას ადამიანების საჭიროებისა და მოთხოვნილების საპასუხოდ, თანაც იმ დროს, როდესაც ადამიანის მმართველი ძალა არ არსებობს! რადგან ერთმა ღმერთმა იცის, როგორ შექმნას ხე, დაბეჯითებით ვამბობ, ერთმა ღმერთმა იცის, როგორ შემქმნას მე. ადამიანს როგორც მოლეკულების შეერთება არ ძალუძს ხის შესაქმნელად, ისევე არ ძალუძს მილიონობით საიდუმლოს გამოყენება ჩემს შესაქმნელად. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვწერდი: „თუ იმ საოცრებას აცნობიერებთ, რის სიმბოლოსაც მე წარმოვადგენ, შეგიძლიათ იხსნათ თავისუფლება, რასაც, სამწუხაროდ, კარგავს კაცობრიობა“. თუკი აცნობიერებთ რომ ეს საიდუმლოებები ბუნებრივად, დიახ, ავტომატურად თავისით (ანუ ხელისუფლების ან რომელიმე ძალადობრივი მმართველობის არარსებობისას) შექმნიან შემოქმედებით და ნაყოფიერ კონფიგურაციებს ადამიანის საჭიროებისა და მოთხოვნილებისათვის, მაშინ თქვენ თავისუფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ფლობთ: თავისუფალი ადამიანის რწმენა გაგაჩნიათ. თავისუფლება ამ შემოქმედებითი აქტივობის მონოპოლიას ჩაიგდებს ხელში, მაგალითად, ავიღოთ ფოსტა, ადამიანთა უმრავლესობა დაიჯერებს, რომ ფოსტას დამოუკიდებლად მოქმედი ადამიანები ეფექტურად ვერ დაარიგებენ. საქმეც ამაშია: ყოველი ადამიანი აცნობიერებს, რომ მან თვითონ ფოსტის დატარებასთან დაკავშირებული ყველა საიდუმლო არ იცის. ამასთანავე, ის იმასაც ხვდება, რომ არც სხვა ვინმემ იცის. ეს ვარაუდები სწორია. არც ერთი ადამიანი ისევე არ ფლობს მთელი ქვეყნის ფოსტის დატარებისთვის საჭირო ტექნოლოგიას, როგორც ფანქრის წარმოების ტექნოლოგიას. თუ თავისუფალი ადამიანისადმი რწმენა არ გვექნება - თუ ვერ გავაცნობიერებთ, რომ მილიონობით პაწაწინა საიდუმლო ბუნებრივად და სასწაულებრივად წარმოქმნის და ხელს შეუწყობს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას - თავიდან ვერ ავიცილებთ იმ მცდარ დასკვნას, რომ ფოსტის ტარება მხოლოდ სახელმწიფოს „მმართველ ძალას“ შეუძლია.
უამრავი მტკიცებულება
მე, გრაფიტის ფანქარი, ერთადერთი ნივთი რომ ვიყო, რაც ამტკიცებს, რომ ადამიანები ყველაფერს შეძლებენ, თუ დამოუკიდებლად იმოქმედებენ, მაშინ ის, ვისაც ამის ნაკლებად სჯერა, მართალი იქნება. მაგრამ, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ ყველაფერი ჩვენზე, თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული. მაგალითად, ავტომობილის, გამომთვლელი მანქანის, კომბაინის, წისქვილის ან ათიათასობით სხვა რამის გამოშვებასთან შედარებით, ფოსტის ტარება ძალიან ადვილია. ფოსტის დატარება? ამქვეყნად, სადაც ხალხს თავისუფლად მოქმედება შეუძლია, ნახევარი წამიც არ სჭირდება, რომ მთელ მსოფლიოს ხმა მიაწვდინონ; ნებისმიერ ინფორმაციას ვიზუალურად აწვდიან, თანაც მოძრავად, ნებისმიერი ადამიანის სახლში შეტანით მაშინვე, როგორც კი სადმე რამე მოხდება. სიეტლიდან ბალტიმორამდე 150 მგზავრის გაგზავნას ოთხი საათიც კი არ სჭირდება; გაზის გაშვება ტეხასიდან ნიუ-იორკში პირდაპირ გაზქურამდე ან ღუმელთან წარმოუდგენლად მცირე ფასად შეიძლება, თანაც სუბსიდიების გარეშე; სპარსეთის ყურიდან აღმოსავლეთის სანაპირომდე - ნახევარი გზა მსოფლიოს გარშემო - ოთხ გირვანქა ნავთობს უფრო ნაკლებ ფასად ეზიდებიან, ვიდრე მთავრობა ერთი უნცია წერილის ქუჩის გადასწვრივ გადაგზავნაში იღებს! სწორედ ის გაკვეთილი უნდა გასწავლოთ, რომ: თავი დაანებოთ შემოქმედებითი ენერგიის დათრგუნვას. საზოგადოება მოაწყვეთ ისე, რომ ამ გაკვეთილის შესაბამისად იმოქმედოს. დაე, საზოგადოების სამართალდამცავმა აპარატმა რაც შეიძლება უკეთ მოგაცილოთ ყველა დაბრკოლება. მიეცით თავისუფლად დინების საშუალება შემოქმედებით საიდუმლოებებს. გჯეროდეთ, თავისუფალ ადამიანებს „უხილავი ხელი” უხელმძღვანელებს. ეს რწმენა გაამართლებს. მართალია, მე უბრალო ფანქარი ვარ, მაგრამ ჩემი წარმოშობის საოცარი ისტორია იმის დასადასტურებლად გიამბეთ, რომ ეს ჭეშმარიტი რწმენაა, ისევე ჭეშმარიტი, როგორც მზე, წვიმა, ჭადრის ხე და კეთილი დედამიწა.