1990 წელს, ერთი დიდი ეროვნული ყრილობის მონაწილეებს ქართველმა ლიდერებმა გამოგვიცხადეს, რომ ესტონელები და სხვა ბალტიისპირელი ძმები (თანამებრძოლები) ჩვენთვის არასასურველ გზას დაადგნენ და ჩვენ ჩვენი გზა უნდა აგვერჩია (უფრო კონკრეტულად - 1921 წლის რესპუბლიკის აღდგენა).
მას მერე ბევრმა მოვლენამ მოგვცა საშუალება დაგვენახა, რომ ბალტიისპირელებმა ბევრი სწორი და პრაგმატული ნაბიჯი გადადგეს და წარმატებასაც მიაღწიეს. სამივე ეს მცირე, მაგრამ ძალიან პროგრესული ერი, დღეს ნატოს წევრიცაა, ევროკავშირისაც და ეკონომიკურადაც და კულტურულადაც მოწინავე პოზიციებზე არიან. ანუ, მათი გზა სწორი იყო.
აუცილებელია ითქვას, რომ ბალტიისპირელებს თავიდანვე არავინ აღიქვამდა სსრკ-ს ნაწილად ხოლო ჩვენ სისხლით და წვალებით დავამტკიცეთ, რომ დამოუკიდებლობის ღირსნი ვართ. ბევრ სფეროში მოვახერხეთ, რომ თვით ევროკავშირის ქვეყნებსაც გავასწარით. კარგი იქნება თუ ამას შევინარჩუნებთ და განვავითარებთ. სწორედ ამის ერთი მნიშვნელოვანი გზა მინდა მკითხველს ვუჩვენო. ეს შეეხება ლარს.
ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია დიდი ხანია ცხადია - თუ ქართული ლარის დატოვება გვინდა, უმჯობესია იგი ევროს ან დოლარს მყარად მივაბათ. ამ თემაზე არაერთი წიგნი გამოვეცით, საჯარო ლექციები და სემინარები ჩავატარეთ, მოვიწვიეთ ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მონეტარული სფეროს ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტიც.
საქართველოს 2010 წელს ნობელის პრიზის ლაურეატი, "ევროს მამად" ცნობილი რობერთ მანდელი თბილისში ვიზიტის დროს დაეთანხმა, ისევე როგორც სხვა ლაურეატებიც (ფრიდმენი, ჰაიეკი) და ეკონომისტები (მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), რომ პატარა ქვეყნებს საკუთარი მონეტარული სისტემა არ ჭირდებათ. თუ რატომ ამაზე მოგვიანებით.
მოდელი, რომელსაც მთავრობას ვთავაზობთ არის ლარის დატოვება მიმოქცევაში, თუმცა ისე, რომ სინამდვილეში იგი ევროსთან (ან დოლართან) იქნება მყარად მიბმული. წარმოიდგინეთ, ამის გამო იგი გადაცვლადი გახდება არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ლარის მყარად მიბმა მტკიცე პოლიტიკურ დისციპლინას მოითხოვს - უნდა დავემშვიდობოთ დეფიციტს და სახელმწიფო ვალებს, ასევე ზედმეტი ფულის ბეჭდვას. თუ 1 ევრო 3 ლარია, ეს კურსი არასდროს იცვლება. ლარი გვაქვს ევროში არსებული რეზერვის 3-ჯერადი მოცულობა, ნებისმიერ ადამიანს კი შეუზღუდავად ექნება საშუალება გადაცვალოს მისი ლარები ევროში, ნებისმიერ დროს.
ამ მოდელის მოწინააღმდეგეების თეორიული არგუმენტი მარტივია, მთავრობას გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება სასწრაფოდ დაჭირდეს ფული და ასეთი მოდელი მას არ აძლევს საშუალებას და უფლებას იგი სწრაფად მიიღოს - ანუ ცირკულაციაში გამოუშვას (დაბეჭდოს) ზედმეტი ფული ან ვალები აიღოს.
მკითხველმა კარგად რომ გაიაზროს რას ნიშნავს ეს, შევეცდები ავხსნა - წარმოიდგინე მკითხველო ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ 10 მილიონი ლარი და არსებობს მისი შესაბამისი 10 მილიონი ლარის საქონელი. მთავრობას დაჭირდა ფული და ჩვენ მზად არ ვართ ეს ფული ვაჩუქოთ - გადასახადები უკვე გადახდილი გვაქვს. ამიტომ მთავრობა მიმოქცევაში გამოუშვებს დამატებით 10 მილიონ ლარს, რის შედეგადაც მიმოქცევაში იქნება უკვე 20 მილიონი ლარი, ხოლო საქონელი ისევ 10 მილიონის გვრჩება. ანუ თუ ადრე 10 მილიონი ლარი ყიდულობდა ამ საქონელს, ახლა უკვე - 20 მილიონი. ანუ, 20 მილიონის ფასი ახლა, ზედმეტი ფულის დაბეჭდვის შემდეგ არის იგივე რაც მანამდე 10 მილიონს ჰქონდა. ანუ, ადამიანების ჯიბეებში არსებული 10 მილიონის ნამდვილი ფასი უკვე 5 მილიონამდე შემცირდა, ხოლო დანარჩენი 5 მილიონის ღირებულება მთავრობამ მიითვისა. ადრე თუ რაიმე 1 ლარი ღირდა, ახლა უკვე 2 ლარი ღირს, ჩვეულებრივი ადამიანები 2-ჯერ ნაკლებ საქონელს შეიძენენ, დანარჩენი ფული მთავრობას დარჩა, მთავრობამ ფულის ბეჭდვით გადაგვახდევინა დამატებითი, ფარული გადასახადი. რადგან ასეთი გადასახადი არ არსებობს, ეს შეგვიძლია ადვილად ჩავთვალოთ მოპარულად, თუმცა მთავრობა ამისთვის არ ისჯება, ყველაფერი კანონის ფარგლებშია. ასეთია ცენტრალური ბანკის მთავარი ფუნქცია.
დიდი ალბათობით, მთავრობა ამ მოპარულ 5 მილიონსაც ცუდად გამოიყენებს და მოსახლეობას აქედან არავითარი შეღავათი არ ექნება. უფრო მეტიც - ინვესტორები, ქართველებიც და უცხოელებიც - ამ მოვლენაში დიდ რისკს დაინახავენ და შეეცდებიან საკუთარი რესურსები უფრო მყარ რესურსებში გადაცვალონ, საერთოდაც თავი აარიდონ საქართველოში ინვესტირებას და უცხოეთში წაიღონ რესურსები, სადაც ასეთი რისკი არ არის. უფრო მარტივი საკითხია, რომ ლარის გაუფასურების და გაურკვეველი მომავლის პირობებში შეუძლებელი გახდება ბიზნესის გეგმის შექმნა, ხარჯების და მოგების კალკულაცია შეუძლებელი გახდება. ფულის ღირებულების ვარდნა სტაბილურიც რომ იყოს, ახალ ვითარებას მხოლოდ ეკონომიკის ერთი ნაწილი მოერგება, ვინც ინფლაციისა და დევალვაციის ხარჯზე შოულობს ფულს. ასეთი სცენარი მით უფრო მოსალოდნელია პატარა ზომის ეკონომიკის პირობებში. არავითარი ფანტაზია, მხოლოდ ლოგიკა.
არაერთხელ დამიწერია, რომ საქართველოს ეკონომიკა რისკიანი რეგიონის ფარგლებში მოქმედებს: ჩვენი ოკუპირებული რეგიონები, კონფლიქტი ჩვენს მეგობარ მეზობლებს შორის (სხვათა შორის, ეს განასხვავებს ჩვენს რეგიონს ბალტიისპირელებისგან - მათაც ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ პრაგმატულად მიემხრნენ თანამშრომლობას), რეგიონის დიდი ქვეყნების პოლიტიკური სიტუაცია. ამის გარდა, ჩვენი ადამიანური რესურსების კვალიფიკაცია საჭიროებს მკვეთრ და სასწრაფო გაუმჯობესებას, რომ ფინანსური რესურსები სწორედ ჩვენსკენ წამოვიდეს და არა სხვაგან.
მით უმეტეს ამ პირობებში, ასეთი მაღალ-რისკიანი ფაქტორის შემოტანა, როგორიცაა მონეტარული სისტემა პატარა ქვეყანას არაფერში გამოადგება, თუ არ ჩავთვლით, რომ მთავრობას აქვს საკუთარი პოლიტიკური ამოცანები, რომლის დასაფინანსებლად იყენებს მონეტარული სისტემით ჩვენგან ამოღებულ (მოპარულ) "გადასახადს". მთავრობის მიერ (სხვადასხვა "თეორეტიკოსების" მხარდაჭერით) ამ მეთოდით ეკონომიკის გაჯანსაღების გზები, ისეთივე რისკიანია, როგორც თვით მონეტარული სისტემის არსებობა, შესაძლებელია ამის დასასაბუთებლად ზოგადად სხვადასხვა თეორიული მოდელების გამოყენება შეიძლება (მაგალითად, მოწინააღმდეგეებმა არგუმენტებით უნდა დაგვანახონ უკვე არაკომპეტენტური მთავრობა, რომელმაც გამოიწვია კრიზისი, როგორ მოახერხებს დამატებითი ფულის არსებობის შემთხვევაში მისი კრიზისიდან ამ ფულით გამოყვანას). მაგრამ თუ უფრო ქართულ სინამდვილეს დავუბრუნდებით, აუცილებლად უნდა გვითხრან, თუ არა ჩვენს მიერ წარმოდგენილი გზით, როგორ გადავწყვეტთ ორ კონკრეტულ პრაქტიკულ საკითხს:
1. მონეტარული სისტემის და საკითხის დეპოლიტიზება, და
2. მონეტარული სისტემის ხარისხოვანი გაუმჯობესება.
მონეტარული სისტემის დეპოლიტიზება, ეროვნული (ცენტრალური) ბანკის დამოუკიდებლობა უფრო მეტად წარმოსახვითი საკითხია - თეორიულადაც კი ვერავინ შეძლებს, ყველა მოსალოდნელი ძალის გაკონტროლების შესაძლებლობის დამტკიცებას. არ არსებობს ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც არ მოიცავს გარანტიებს მონეტარული სისტემის ჩავარდნის შემთხვევებში; ხოლო თუ ასეთი ჩავარდნა მოხდა, პოლიტიკური სისტემა ავტომატურად მოითხოვს პასუხს. უფრო მარტივად, წარმოუდგენელია, რომ რომელიმე მთავრობა თანახმა იყოს, რომ მონეტარული სისტემის მიერ შექმნილი პრობლემები დაიბრალოს და არ უთხრას ხალხს, რომ პასუხისმგებლობას იღებს და ახლავე ჩაერევა რათა ეს პრობლემები არ გაგრძელდეს.
ეს კიდევ უფრო ცხადია, თუ ამ საკითხს ასე შევხედავთ: თუ მონეტარულ ხელისუფლებას მთავრობა დანიშნავს, ოპოზიცია იტყვის საკუთარ ინტერესებზე მოირგოო, ხოლო თუ დანიშვნებში ოპოზიციის კანდიდატებიც მოხვდებიან, მაშინ მისი პოლიტიზება უფრო გაიზრდება და არანაირად არ შემცირდება. ამ პირობებში შეიძლება წარმოვიდგინოთ ასევე, რომ მონეტარული ხელისუფლების პოლიტიკური დანიშვნები რომ სწორად ხდებოდეს სწორი კანონებიც გვინდა და ჯანსაღი დემოკრატია, რისგანაც ჩვენ ალბათ შორს ვართ - გამოცდილება გვაკლია. მაგრამ, ეს არგუმენტი კიდევ უფრო მძაფრდება, თუ აღმოვაჩენთ, რომ 200 და მეტი წლის დემოკრატიებიც დიდად არ გამოირჩევიან ჩვენგან და თუ მათი მონეტარული სისტემები პრობლემებს ქმნიან, იქაც მოითხოვენ პოლიტიკურ ანგარიშს. ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებს მცირე გამოცდილებით არ მგონია ჩვენმა დემოკრატიამ მონეტარული პოლიტიკის დეპოლიტიზაცია მალე უარყოს. პირიქით, აქამდე რაც მონეტარულ პოლიტიკას იცავდა უმეტეს შემთხვევაში ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები იყო.
სულ არ მინდა ვინმეს კვალიფიკაციის შემფასებლად ჩამთვალონ, მაგრამ მონეტარული სისტემის მუშაობას ჭირდება მაღალი ექსპერტული კვალიფიკაცია. ეს ნიშნავს, რომ ამ სისტემაში მომუშავე ადამიანები მსოფლიო ფინანსურ და სხვა ბაზრებზე არსებულ სიტუაციას ისე კარგად აკონტროლებენ და ისეთ კვალიფიცირებულ გადაწყვეტილებებს უპირისპირებენ, რომ ამით ჩვენს ეკონომიკას ეხმარებიან და არ აზიანებენ. ამას მე დავაქმევდი კონკურენტუნარიან პოლიტიკას - ანუ ისეთს, რომელიც ჩვენს კონკურენტუნარიანობას ზრდის და არ ამცირებს.
არ არსებობს ისეთი რამ, როგორც კარგი მონეტარული პოლიტიკა - ის ან კონკურენტუნარიანი, ან არა. ან წარმატება მოაქვს ან არა. ფეხბურთიშიც კონკურენტუნარიანობა ასევე მნიშვნელოვანია - ანუ, რამდენაც ზრდის ჩვენი ეროვნული და საკლუბო გუნდების კონკურენტუნარიანობას ფედერაციის გადაწყვეტილებები? მონეტარულ საქმეში, რომელშიც გაცილებით დიდი პრაქტიკა გვაქვს დიდი წარმატება არ გვაქვს სწორედ ამავე მიზეზებით. ზუსტად შემიძლია ვივარაუდო, რომ არავის აქვს პრეტენზია, რომ მეტი გვეკუთვნის, შედეგები სახეზეა. მიუხედავად იმისა (!), რომ ფეხბურთის თამაში და ბიზნესი გაცილებით უფრო მარტივია. როგორც არ უნდა შორს წავიდეთ, როდესაც ეს ფექბურთს შეეხება, ადვილად ვხვდებით, რომ ამ სფეროში კონკურენტუნარიანობის გაზრდას ადვიად ვერ შევძლებთ. მაგრამ, ფეხბურთის წარუმატებლობა იქვე რჩება და ჩვენ მხოლოდ წყალში გადაყრილი სუბსიდიებით გვეხება, რომელსაც ჩვენივე გადასახადებით ვაფინანსებთ. მონეტარული სისტემა ყველას ეხება და ყველას ცხოვრებას აზიანებს უკლებლივ, ჩვენს ქვეყანაში.
რამდენადაა მოსალოდნელი, რომ უახლოეს ვადებში მოვახერხებთ მონეტარული პოლიტიკა კონკურენტუნარიანი გავხადოთ? რამდენად მალე დაუბრუნდება ლარს ნდობა? ჩემი აზრით, ეს უახლოეს ვადებში შეუძლებელია, მით უმეტეს ახლა, ამ ზომის გაუფასურების შემდეგ. იმ ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, კონკურენტუნარიანი მონეტარული სისტემა ძალიან ძვირი დაჯდებოდა - საჭირო გახდებოდა 50-მდე უმაღლესი დონის უცხოელი ფინანსისტის ჩამოყვანა, რომელთა ხელფასების მოცულობა მრავალჯერ გადააჭარბებდა ამ მონეტარული სისტემის შესაძლო შემოსავლებს. ასეთი რესურსების გაღების შესაძლებლობა საქართველოს არ აქვს.
ისევ შედარება რომ გავაკეთოთ ფეხბურთთან - შეიძლება უმაღლესი კლასის ვარსკვლავების გარეშე საერთაშორისო ტურნირების მოგება? ვიცით, რომ არა. რატომღაც მონეტარულ სისტემაში გვგონია, რომ კონკურენტუნარიანი მოქმედება ვარსკვლავების გარეშეც შეიძლება. ამ სისტემის მიერ ეკონომიკის მიმართ მიყენებული ზარალი ადვილი გასააზრებელია, თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენ მონეტარულ სფეროში იმავე დონეზე ვმოქმედებთ, როგორც ფეხბურთია.
ამ მოვლენის მასშტაბურობა უფრო კარგად გამოჩნდება, თუ მას ასე შევხედავთ: ზოგიერთი თეორეტიკოსები ამბობენ, რომ (პატარა ეკონომიკის) ქვეყანას(აც) ჭირდება მონეტარული სისტემა და პოლიტიკა, რათა გარკვეულ შემთხვევებში, გლობალური კრიზისის დროს წინააღმდეგობა გაუწიოს დოლარის ან ევროს ზონიდან წამოსულ პრობლემებს. უდაოა, რომ ამ ვალუტებთან მიბმის შემთხვევაში მათი პრობლემების იმპორტი მოხდება. თუმცა, ეს არგუმენტი არასწორად მიმაჩნია (და ამას რობერთ მანდელიც დაეთანხმა), რადგან 1) იმის მცდელობაში, რომ ასეთ კრიზისს საკუთარი მონეტარული გადაწყვეტილებებით შეებრძოლო, ძალიან ადვილად შესაძლებელია დიდი შეცდომა დაუშვა და ქვეყანა ორმაგი პრობლემის წინაშე დატოვო და საერთოდ გააკოტრო. 2) საქართველოს ეკონომიკა დოლარი და ევროზონის ეკონომიკასთან შედარებით დაახლოებით 1000-ჯერ მცირეა, იქ წარმოშობილი დიდი პრობლემა (პატარის შემთხვევაში აბა რისი იმპორტი გვაშინებს) არ იქნება უბრალოდ ტალღა - როგორც ეს მოხდა 1990-ნი წლების ბოლოს აზიაში, არამედ ცუნამი, რომლის წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება, თუ იაპონია ხარ (რომლის ეკონომიკაც ჩვენსაზე დაახლოებით 300-ჯერ დიდია), მაგრამ წარმოუდგენელია, თუ საქართველო ხარ.
საქართველომ, ამ შემთხვევაში, საერთაშორისო რესურსების გამოყენებით უნდა დაიცვას თავი - ანუ თავი მიანდოს ისევ ან დოლარის ან ევროს ზონების ეკონომიკას. სწორედ ასეთია ჩვენი მიდგომაც - მივაბათ ჩვენი ვალუტა ამ ერთ-ერთ მონეტარულ ერთეულს და ვენდოთ, რომ ეს დიდი და ჩვენზე გაცილებით კომპეტენტური სისტემები არ დაინგრევიან და ჩვენც მათთან ერთად ვიქნებით.
რაც მთავარია - რას მიიღებს ჩვენი ქვეყანა და ხალხი ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეფორმით. ეს ძალიან მარტივია:
1) მოხდება ფულის და ეკონომიკის მყისიერი დეპოლიტიზება.
2) აღარ დაგვჭირდება აღარც იაფი და აღარც ძვირი მონეტარული სისტემა.
3) ქვეყნის საერთაშორისო და საინვესტიციო სანდოობა და იმიჯი მყისიერად(!) გაუმჯობესდება.
4) ქვეყნის ეკონომიკა დიდი ხნით დასტაბილურდება და გააგრძელებს ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესის დაგეგმვა ადვილი გახდება, ადამიანები შვებას იგრძნობენ მათი რესურსების ღირებულების დასტაბილურებით.
5) ქართული ლარი მყარი და გაცვლადი გახდება, სხვა ვალუტების გამოყენება ავტომატურად შემცირდება.
6) მრავალჯერ შემცირდება მოსახლეობის, ბიზნესის და ტურისტების ხარჯები ფულის გადაცვლასა და საქონლის და მომსახურების ყიდვა-გაყიდვის დროს.
7) მრავალჯერ გაიაფდება მონეტარული სისტემის საქმიანობაც, - მას არც ექსპერტები დაჭირდება, არც დიდი აპარატი და არც დიდი შენობა.
ახლა ისევ მივუბრუნდეთ 1990-იან წლებში ჩვენს მიერ უარყოფილ ბალტიისპირულ გზას. მათ (ესტონეთმა და ლიტვამ სრულად, ლატვიამ ნაწილობრივ) სწორედ ჩვენს მიერ წარმოდგენილი მონეტარული გეგმა აირჩიეს დამოუკიდებლობის აღიარებიდან მალევე. საინტერესოა, რომ მათაც იგივე ექსპერტები უმაგრებდნენ ზურგს თავისი გამოცდილებით. ხოლო, როდესაც ამ სამი ქვეყნის ევროზონაში მიღება დადგა დღის წესრიგში, ისინი მზად აღმოჩდნენ არამხოლოდ იმით, რომ მათი ფულის ერთეული ისედაც მყარად იყო მიბმული ეცროსთან არამედ მათი ფინანსური სტაბილურობის, სახელმწიფო ვალების მცირე ზომის და ფისკალური დისციპლინის გამოც, რამაც მათი ევროზონის პრინციპებისათვის მზაობა მკაფიოდ აჩვენა. ეს ხდებოდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ევროზონაში დრამატული ვითარება შეიქმნა საბერძნეთის ფაქტიური გაკოტრებით, უზარმაზარი სახელმწიფო ვალებით პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, არნახული უმუშევრობით ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, უნგრეთში და სხვ. ამ დროს ჩვენს ბალტიისპირელ მეგობრებს აღმოჩნდა გაცილებით ნაკლები ან არავითარი პრობლემები არ ჰქონდათ. მეტიც, კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც ასევე სტაბილური ფისკალური სისტემა ჰქონდა მაგ მომენტისთვის იყო ბულგარეთი, რომელსაც ასევე ევროსთან მიბმული ფული - ლევი აქვს.
ბოლო 12-13 წლის განმავლობაში საქართველომ აქტიურად ითანამშრომლა ბალტიელებთან და მათაც არ დაგვაკლეს ყურადღება. ესტონეთი აქტიურად მუშაობდა ჩვენს სამინისტროებში, რჩევებს გვაძლევდა ქვეყნის ეკონომიკის, შიგა მოწყობის, რუსეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში, და სხვ; ლატვია და განსაკუთრებით ლიტ
ვა აქტიურად ლობირებდნენ საქართველოს ყველა საერთაშორისო ასპარეზზე და ხშირად ჩვენს მაგივრად აკეთებდნენ საქმეს, ანეიტრალებდნენ ნეგატიურ განწყობებს და თავის თავზე იღებდნენ ჩვენსკენ მომართულ ნებისმიერ აგრესიულ შეტევას.
ამ თანამშრომლობამ საუკეთესო შედეგები მოგვცა ბევრ სფეროში, გადასახადების სისტემიდან დაწყებული თავდაცვის ორგანიზებით დამთავრებული. ქართული საიდენტიფიკაციო ბარათები და სისტემა, ფაქტობრივად, ესტონურ მოდელს დაეყრდნო, ბევრად გაასწრო ევროკავშირის მრავალ ქვეყანას და მომავალში ბევრ უპირატესობას მოგვცემს.
თუ ეკონომიკურ შედეგებზე ვზრუნავთ, მაქსიმალური პრაგმატულობა უნდა გამოვიჩინოთ -მრავალმა ევროპელმა ერმა აირჩია ეს გზა და ამით ასევე აარიდეს თავი ფულის პოლიტიზებას და საერთო ვალუტა შემოიღეს. ევროზონის ქვეყნების დიდ უმრავლესობას საქართველოზე გრძელი ისტორია და გამოცდილება აქვს მონეტარული სისტემის და საკუთარი ფულის ერთეულის გამოყენების, თუმცა, პრაქტიკული ეკონომიკური მოსაზრებებით ევროზე გადავიდნენ.
ამიტომაც, ერთხელაც ვიტყვი, საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ და გავყვეთ ჩვენი ნამდვილი მეგობრების და თანამებრძოლების - ბალტიის ერების გზას.
შენიშვნა: ამ რეფორმას და მის შედეგად მიღებულ სისტემას არ ჭირდება დიდი თეორიული ცოდნა. მას მხოლოდ კონსტიტუციის დაცვა დაჭირდება, რომელშიც იქნება გამოცხადებული პირობები. რეფორმის პრაქტიკული უზრუნველყოფა ადვილი შესაძლებელია, მათ შორის ესტონეთის დახმარებით და იმ ექსპერტების მოწვევით, ვინც ესტონეთში განახორციელა იგივე რეფორმა.