ინფორმაცია ყოველთვის იყო ადამიანის ერთ-ერთი დიდი პრობლემა. თუმცა, თუ წარსულში იგი მას აკლდა, დღეს პირიქით, პრობლემად იქცა მისი სიჭარბე.
როგორ გავერკვეთ იმ ზღვა ინფორმაციაში, რომელსაც გვაწვდიან ჩვენ ინფორმაციის საშუალებები, მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, ოჯახის წევრები? როგორ გავარკვიოთ, რა არის მასში მართალი და რა ჭორი, მითი ან ცილისწამება? ამ ინფორმაციული ზვავის დაძლევის ერთ-ერთი საშუალებაა წმინდა ფაქტების გადარჩევა და მომხმარებლისთვის მიწოდება. ხოლო ფაქტების დაგროვების და გავრცელების ერთ-ერთი საშუალებაა სტატისტიკა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი მოხმარება, ვისწავლოთ ფაქტებით საუბარი, კამათი. თუმცა არც სტატისტიკის იდეალიზაცია გვმართებს. აქაც საჭიროა სიფრთხილე. გარდა იმისა, რომ ინფორმაციის შეგროვების და სტატისტიკური დამუშავების მეთოდები ჯერაც შორს არიან სრულყოფილებისგან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოველი სტატისტიკური ფაქტი საჭიროებს ინტერპრეტაციას. ეს კი თავის მხრივ მოითხოვს გარკვეულ ცოდნას. ყოველ შემთხვევაში, ამ მექანიზმის გარეშე შეუძლებელია დღევანდელი საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირება.
ეს ბროშურა წარმოადგენს სწორედ ინფორმაციის ასეთი შერჩევის და ინტერპრეტაციის ერთ-ერთ მცდელობას. მასში მოყვანილი ყველა მონაცემი წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურების მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ონფორმაციას. მითითებულია შესაბამისი წყაროები. გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ოპერატიულად მოწოდებული ინფორმაციისთვის.