The first lesson of economics is scarcity: there is never enough of anything to fully satisfy all those who want it. The first lesson of politics is to disregard the first lesson of economics. Thomas Sowell
ქართველ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს პარლამენტში ალბათ არავინ უთხრა აქამდე, რომ კონსტიტუცია საბჭოთა საქართველოსაც ჰქონდა და მათი მოგონილი არ არის. კომუნისტებსაც ეგონათ, რომ „მთავარ კანონში“ რასაც ჩაწერდნენ,
შემდეგ აუცილებელი არ იყო იმის შესრულება, მით უმეტეს, რომ ძირითადად ცუდ რაღაცებს წერდნენ, ხოლო კარგი თუ რამე ეწერა - არასდროს ახსოვდათ.
კომუნისტების მთავარი შეცდომა, იყვნენ ესენი იდეოლოგიური თუ პარაზიტული კომუნისტები, ის იყო, რომ მათ ეგონათ მთავარია ძალაუფლება (კონსტიტუციური უმრავლესობა) და არა მაგალითად, ეკონომიკის პრინციპები. ეს ისეა, ადამიანს რომ ეგონოს გრავიტაციის კანონებს დაარღვევს, თუ პარლამენტში უმრავლესობა ყავს. ეკონომიკას აქვს თავისი კანონები, რომლის შეცვლა შეუძლებელია, წინააღმდეგობასაც აზრი არ აქვს. სწორედ ეს არის საბჭოთა-კომუნისტური, კორუმპირებული, უგერგილო, ამორალური იდეების და სისხლიანი ექსპერიმენტის მთავარი გაკვეთილი.
დღევანდელი მთავრობა, როგორ კომუნისტების, ხშირად ცდილობს ეკონომიკური კანონების წინააღმდეგ იაროს. მაგალითად გამოდგება ჯანდაცვის (ანტი-) რეფორმა. მთავრობამ სისტემა ისე აურია, რომ თვითონაც ვერ გაუგია ახლა - რა ქნას. მთავრობის მიდრეკილება ეს ურთულესი სისტემა ერთი ცენტრიდან მართოს სრულიად ემთხვევა კომუნისტების მცდელობებს, - მათაც ეგონათ, რომ მთავარია გარანტირებული ფულადი ნაკადი და ყველაფერი გაკონტროლებული იქნება. კომუნისტებმაც და ახლანდელმა მთავრობამ ვერ გაიგეს, რომ არ არსებობს ასეთი, ლამაზად და გამართულად მოქმედი სისტემა მსოფლიოში, რომელიც ერთი ცენტრიდან გააკონტროლებს ხარჯებს. კომუნისტებს უმძლავრესი მაკონტროლებელი სისტემაც ჰქონდა, თუმცა ჩავარდნის ყველა ეტაპზე იფიცებოდნენ, რომ ახლა უკვე მალე დაამყარებდნენ წესრიგს. მაგრამ სისტემა, ყველა ახალი გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო ღრმად ეფლობოდა ჭაობში. დიდი გადაჭარბება იქნება იმის თქმაც, რომ იმ (წყეულ) ქვეყანაში ინტელექტის დეფიციტი იყო - უბრალოდ არასწორად ეგონათ თითქოს ცენტრალიზებული მართვით, კონტროლით და ხარისხიანი გადაწყვეტილებებით პრობლემას მოხსნიდნენ. ეს რომ ახალგაზრდა თაობას არ ახსოვს მათი ბრალი არც არის, მამებმა დროულად არ მოუყვნენ.
დღევანდელ ქართულ ჯანდაცვაში უდაოდ არის ერთი დადებითი მხარე - კლინიკების უმრავლესობა კერძოა, რაც საკმაო კონკურენციას განაპირობებს. თუმცა სულ ესაა. საყოველთაო ჯანდაცვის მახინჯი სისტემის დანერგვამ მთავრობას დიდი და შეუძლებელი ფუნქცია დააკისრა, მიუხედავად იმისა, რომ მას ასეთ არც ვალდებულებას და არც პასუხისმგებლობას კონსტიტუცია არ სთხოვდა. საყოველთაო ჯანდაცვა არსად მუშაობს ნორმალურად და ჩვენზე გაცილებით მდიდარი და მოწესრიგებული ეკონომიკის ქვეყნებში, დგას რიგები და ფასებიც გაუმართლებლად მაღალია. ევროპელები და ამერიკელები ხშირად სხვა ქვეყნებში მიდიან სამკურნალოდ (მაგალითად სინგაპურში, ტაივანში, თურქეთში - ამ ქვეყნებში იაფიცაა მკურნალობა, ხარისხიანიც და ურიგოც). ამ პრობლემების ერთადერთი მიზეზი იქაც სახელმწიფო ჩარევა და რეგულირებაა.
რაც მთავრობას არ ესმის (ზოგადად ეს ბევრს არ ესმის) შეუძლებელია ამდენი საკითხის ერთი ცენტრიდან, მოტივაციას მოკლებული ადამიანების ხელით კონტროლი. მთელს ქვეყანაში წლიური მიმართვების რაოდენობა ასეულ ათასებში იზომება, ხოლო დანიშნულებების და ღონისძიებების - მილიონებში. ამას როგორც კი წაიკითხავ, წარმოიდგენ რამდენად რთულია ამის კონტროლი. ამიტომაც არის, რომ ბევრი ფინანსურ შუამავლებს - სადაზღვევო კომპანიებს ანიჭებს უპირატესობას. კონკურენციაში მყოფი კომპანიები ერთდროულად მოგების მიღებაზე ზრუნავენ - ამიტომაც აკონტროლებენ ხარჯებს, და ამავდროულად ცდილობენ კლიენტებს/დაზღვეულებს ხარისხიანად უმკურნალონ. რაც მეტია ასეთი კომპანია, მით მეტი კონკურენციაა და მეტი კონტროლი ხარჯებზე და ჯანდაცვის ღონისძიების ხარისხზე. ამის ჩანაცვლება სახელმწიფო კონტროლით კომუნისტური უტოპიაა. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში დანაშაულებრივად უპასუხისმგებლო პოლიტიკაა, რომლის უკან დაბრუნება უკვე ძალიან გართულდა. ეს „რეფორმა“ წარმატება არაა, - სრული კრახია. პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ბიზნესის მართვა გაუმართლებელია.
თუმცა ამ სტატიას უფრო სხვა დანიშნულება აქვს, - (კიდევ ერთხელ) ავხსნა თუ რატომ არის სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სისტემა სახიფათო და რატომ არის საჭირო მისი დროულად გაუქმება.
წინა წერილებში (1, 2) ვსაუბრობდი იმაზე, რომ ფინანსური ბაზრები ყველაზე მკაცრია, გაკოტრებულებზე (მათ შორის ადვილად სავარაუდოდ საქართველოს სახელმწიფო დაგროვებით საპენსიო ფონდზე) ცრემლი არავის ჩამოუვარდება. ასევე, ვწერდი, რომ სხვა ბიზნესებისგან განსხვავებით ფინანსურ ბაზრებზე ყველაზე საუკეთესო მენეჯერები სრულიად არაგამჭვირვალედ მოქმედებენ. მით უმეტეს, მონოპოლურ მდგომარეობაში მყოფნი და სახელმწიფო გარანტიებით, - მოსალოდნელია ისინი, ძალიან მშვიდად, გაცილებით მეტ შეცდომას დაუშვებენ. ამის შედეგად მოხდება გაკოტრება - ვალდებულებების მეტობა ფინანსურ შემოსავლებზე, რის გამოც მთავრობას მოუწევს მთლიანად სახელმწიფო ვალში აიღოს ეს დაგროვილი საპენსიო ვალდებულებები.
ასევე, ვწერდი იმაზეც, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფინანსური რისკები გაზრდილია და შემოსავლების სტაბილურობის და უზრუნველყოფისათვის ერთდროულად მაღალ-რისკიან თუმცა მაღალ-შემოსავლიან აქტივებში უნდა მოახდინო ინვესტირება და დაბალ-რისკიან, თუმცა დაბალ-შემოსავლიანში. ეს ძალიან ამცირებს ქართული საპენსიო ბიზნესის რესურსებს და შესაბამისად, თუ, თუნდაც, ქართული კერძო საპენსიო სქემა იარსებებს, მას მოუწევს საერთაშორისო ფინანსურ აგენტებთან თანამშრომლობა, რის შემთხვევაშიც რისკები დაიკლებს, თუმცა ასევე - შემოსავლებიც.
ახლა მინდა კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. ეს საკითხი სრულიად ნათელია იმათთვის, ვინც ყოველდღიურად ასეთ რისკებზე მუშაობს კონკურენციის პირობებში, თუმცა მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სისტემის მენეჯერებს არ ადარდებდეთ რა მოხდება მომავალში, ამიტომაც არ აქცევენ ყურადღებას ეკონომიკურ მოსაზრებებს. მოსალოდნელია ასევე, რომ მათი ეკონომიკური ცოდნა არ ცდება ტექნოლოგიურს და ეჩვენებათ, რომ ეს საკმარისია.
კერძო ბიზნესებისგან განსხვავებით, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტებისგანაც, სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩავარდნა (ჩავარდნაში იგულისხმება მდგომარეობა, როდესაც აკუმულირებული სახსრების მოცულობა მცირდება იმ ფასიანი ქაღალდების გაუფასურების გამო, რომელშიც არის ეს სახსრები ინვესტირებული) გაცილებით დიდ, სწრაფ და ფართო ფინანსურ პრობლემას იწვევს, ვიდრე კერძო სექტორში. ჩვეულებრივ, კერძო სექტორის შემთხვევაში. ბაზრის მონაწილე ჩავარდნილი საინვესტიციო (ან საპენსიო) კომპანია:
- ან, შეეცდება გაჯანსაღდეს და დაბრუნდეს, ახალ პროექტებში გადართვით ინვესტორების (მომავალი პენსიონერების) მობრუნების მცდელობით,
- ან, გაკოტრდება, საკუთარი ინვესტორების პარალელური მცდელობით დროულად გაერიდონ ამ წარუმატებლობას.
სახელმწიფო დაგროვებით სისტემაში ასეთი ჩავარდნა რეზონანსულ პოლიტიკურ რყევას იწვევს, ალტერნატივები არ არსებობს, ჩავარდნა საბოლოოა და გამოსავალი მხოლოდ მთლიანი ვალდებულების ნაციონალიზაციაა. მცდელობა, მოხდეს ბაზარზე მიბრუნება და ახალი ინვესტიციების კეთება, შეუძლებელია, რადგან: 1. ინვესტორები მხოლოდ მომავალი პენსიონერებია და გარედან ვერავის მოიწვევ, მათი ფული კი უკვე დაიკარგა, და 2. მომავალ პენსიონერებს ფულს ხელახლა ვერ დაადებინებ. ის ილუზორული უპირატესობაც, რომ მას ყავს გარანტირებული ინვესტორები - მომავალი პენსიონერები, რომელთაც გასაქცევი არ აქვთ, ამ შექმნილ რეზონანსს პოლიტიკურად აძლიერებს - არც ოპოზიცია და არც მედია არ გაუშვებს შანსს ეს ჩავარდნა მთავრობის საკრიტიკოდ გამოიყენოს სწორედ იმიტომ (და მით უმეტეს), რომ ეს სავალდებულო და უალტერნატივო სისტემაა.
კერძო სექტორში ასეთი ჩავარდნა ჩვეულებრივი მოვლენაა creative destruction (იოზეფ შუმფეთერის მიხედვით) სტილში, დღეში/საათში ათასჯერ ხდება, დეცენტრალიზებული და დეპოლიტიზებული სისტემა თვითაღდგენებს აკეთებს მრავალი კერძო გადაწყვეტილების შედეგად, რომლებიც ერთმანეთისგან შედეგობრივად დამოუკიდებელია. ბაზარი ასეთი თვითაღდგენის პროცესშია მუდმივად. ამის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაში ყველა გადაწყვეტილება ცენტრალიზებულია და თვითაღდგენა პრაქტიკულად ვაბანკზე წასვლაა - ან ყველაფერი, ან არაფერი. მცირე შეცდომაც-კი მთლიანად სისტემაზე სწრაფად და ყველა მონაწილის შენატანზე აისახება.
კიდევ ერთი ნიუანსია - მომავალი პენსიონერების ფული კი აქვს სახელმწიფო სავალდებულო დაგროვებით სისტემას პირობითად გარანტირებული, მაგრამ, რაც არ უნდა საუკეთესო საინვესტიციო იდეას მიაგნო, მომავალ ფულს წინასწარ ვერავის დაადებინებ, ახალ, ყველაზე საუკეთესო პროექტებში ჩასადები ფული ვერსაიდან გაჩნდება, დაბრუნება და გადარჩენა შეუძლებელია, გაკოტრებული ხარ.
ეს არის ზოგადად სახელმწიფო სექტორისთვის დამახასიათებელი პრობლემა. ის დიდი დოზით კერძო სექტორზეც მოქმედებს, იმ პროპორციით, თუ რამდენად ერევა მთავრობა, რამდენად ღრმად არეგულირებს. ბევრს შესაძლებელია ეს ბაზრის ჩავარდნადაც კი მოეჩვენოს, სინამდვილეში კი სწორედ სახელმწიფოს არასწორი ჩარევის შედეგია. ზოგადად, ეს მიმზიდველად ჩანს და ბევრი ადამიანი თვლის, რომ მთავრობის საქმეა პასუხისმგებლობა აიღოს და დაარეგულიროს სფეროები, რომელიც მათ ცხოვრებას ეხება. ზემოთ ვსაუბრობდი, რომ ეკონომიკას თავისი კანონები აქვს და მათი შეცვლა და ჩანაცვლება შეუძლებელია. თუმცა ადამიანის ემოციებსაც ვერ დაუწყებ ბრძოლას, როდესაც მას ყოველდღიურად აგონებენ, რომ მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ეს არის მისი სხვა ინსტინქტის გავლენაც - უარი არ თქვას უფასო შემოთავაზებაზე. მას უბრალოდ არავინ ეუბნება, რომ მთავრობის მიერ პასუხისმგებლობის აღება ისევ მისი და მისი შვილების ხარჯზე უნდა მოხდეს. ჩვენი, ეკონომისტების მისიაა ასევე ვაჩვენოთ, რომ უფასო არაფერია და ყველაფერში ფულის გადახდა გვიწევს (მილთონ ფრიდმანი), ჩვენ თუ არა სხვას. ფრიდრიხ ჰაიეკმა ასეთ აზროვნებას „დამღუპველი თავდაჯერებულობა“ დაარქვა.
სახელმწიფოს/მთავრობის ჩარევის შედეგად ბევრი კარგი ეკონომიკური წამოწყებაც შესაძლებელია დიდ პრობლემად იქცეს. ბევრმა არ იცის, რომ ინვესტიციების მოცულობის მხრივ საბჭოთა კავშირი წლების განმავლობაში მსოფლიო ლიდერი იყო. თუმცა, თუ ინვესტიციები უგერგილო ხელში ხვდება მისი გაუფასურება სწრაფად ხდება. ბევრ ქართველს დღესაც ჯერავს, რომ საქართველოს დიდი ინდუსტრია ჰქონდა საბჭოთა დროს. თუმცა პრივატიზების დროს (მ.შ. ვაუჩერული) ცხოვრებამ ამ ინდუსტრიების ნამდვილი/საბაზრო ღირებულება 5-ჯერ ნაკლები აჩვენა - რაც სინამდვილეში, ქარხნების მიერ დაკავებული მიწის ფასიც არ იყო.
პენსიებს მივუბრუნდეთ და, ჩილე იყო ყველაზე პირველი ქვეყანა, ვინც დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადავიდა. თუმცა, იქ 17 კერძო საპენსიო ფონდი მოქმედებს და ადამიანს უფლება აქვს შეცვალოს კომპანია, როდესაც მოესურვება და გადაიტანოს თავისი თანხები, იმის მიხედვით თუ სად უფრო სახარბიელო პირობები დაიგულა. სისტემას პირველი წლები ხუნტა უჭერდა მხარს (იცავდა პოლიტიკური თავდასხმებისაგან), ხოლო ახლა, როდესაც მასში აკუმულირებული აქტივები 200 მილიარდს აღწევს, იგი დიდი (ძირითადად მემარცხენე) კრიტიკის ქვეშაა. ყველაზე რთულ მდგომარეობაში ის პენსიონერები აღმოჩნდნენ (და მათი საარჩევნო პოლიტიკური გავლენა საკმაოდ დიდი აღმოჩნდა!), ვისაც არ ჰქონდა მუდმივი და მაღალი ანაზღაურება (ალბათ გეცნოთ სიტუაცია!).
ურთულესი მდგომარეობაა განვითარებული ქვეყნების უკლებლივ ყველა ქვეყნის საპენსიო სისტემაშიც. ევროპაში (ევროზონაში) სხვადასხვა პრობლემებს დაემატა ისიც, რომ ბოლო წლებში განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად საპენსიო ფონდების ინვესტიციებს შემოსავალი შეუმცირდათ. იაპონური სახელმწიფო საპენსიო ფონდმა ახლახან გაკოტრებასთან ახლოს იყო, მიუხედავად ჩინურ აქტივებში გადასროლილი ტრილიონობით იენისა. ბევრმა ქვეყანამ უკვე მოახდინა დაგროვებითი საპენსიო ვალდებულებების ნაციონალიზაცია და სახელმწიფო ვალში გადატანა. ჩვენ ასეთი პრობლემა არ გვაწუხებდა, საბაზისო პენსიები მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაზე იყო მიბმული, რაც თავის მხრივ კარგი სტიმული იყო მთავრობისთვის ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკა ჰქონოდა და არა პოპულისტური. განვითარებად ქვეყნებში ეს პრობლემა უფრო მცირეა, რადგან იქ სიცოცხლის ხანგრძლივობაც ნაკლებია - თუმცა ეს ფაქტორი დაგროვებითი საპენსიო ფონდისთვის ამ ქვეყნებში არ შეიძლება უგულვებელყოფილი იყოს, რადგან იქაც სახეზეა სიცოცხლის ხანგრძლივობის საკმაოდ სწრაფი ზრდა (არ მგონია ვინმეს ეს ზრდა არ მოსწონდეს საქართველოშიც).
ეკონომისტმა მილთონ ფრიდმენმა თავის წიგნში „არჩევანის თავისუფლება“ მიუთითა, რომ ადამიანის მიერ ფულის ხარჯვის 4 გზიდან, ყველაზე ეფექტიანი არის როდესაც (A.) იგი საკუთარ ფულს თვითონ ხარჯავს, საკუთარი თავისთვის. ნებისმიერი სხვა ვერსია: B. იგი საკუთარ ფულს სხვისთვის ხარჯავს, C. იგი სხვის ფულს საკუთარი თავისთვის ხარჯავს, ან D. იგი ხარჯავს სხვის ფულს კიდევ სხვისთვის, გაცილებით უფრო ძნელი გასაკონტროლებელია და დაბალეფექტიანი. სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სისტემა არის C. სხვა (საპენსიო მენეჯერი) ხარჯავს (იყენებს) სხვის/ჩემს ფულს, რისი კარგად გაკეთების მოტივაცია მცირე აქვს, გაკონტროლებაც პრაქტიკულად შეუძლებელია - მეტიც, მუდმივი კონტროლი უზომოდ გაართულებს კიდეც მენეჯმენტის ამოცანას. სახელმწიფო კონტროლის ერთ-ერთი სახე საინვესტიციო გადაწყვეტილებების რისკის რეგულირებაა. სასურველია, რომ კაპიტალი სრულიად ურისკოდ განათავსოს, თუმცა სარფიანად. თუმცა ასეთი რამე თეორიულადაც გამორიცხულია - საბაზრო ეკონომიკა და მეწარმეობა, მათ შორის ფინანსური ბაზრები, ურისკოდ ვერ იარსებებს, მით უმეტეს მუდმივად.
ევროპაში არსებული საპენსიო ასოციაციების გაერთიანების Pensions Europe ბოლო კვლევამ მოუწოდა წევრი ქვეყნების ფინანსურ მარეგულირებლებს დააზუსტონ რას ნიშნავს ურისკო აქტივები, იმ ფონზე, რომ არსებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში ევროპაში უარყოფითი ინტერესის (ე.წ. საპროცენტო) განაკვეთი დომინირებს. ჩვენი საპენსიო უფროსობაც გვპირდება ურისკო განთავსებას, თუმცა, როგორც ჩანს საკუთარი თავისთვის ურისკოს გულისხმობს,
ამიტომ, ქართველ პოლიტიკოსებს (როგორც ჰაიეკი იტყოდა - სოციალისტებს ყველა პარტიიდან) ამ წერილით ვახსენებ - ეკონომიკას თავისი კანონები აქვს, მნიშვნელობა არ აქვს იცით და ითვალისწინებთ თუ არა, ისინი მაინც მოქმედებს.